როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო გორგასლის ძეგლი

თბილისი, განსაკუთრებით მისი ძველი ნაწილი, წარმოუდგენელია მეტეხის კლდეზე აღმართული ვახტანგ გორგასლის ძეგლის გარეშე. „ორიოდე წელიც არ არის, რაც ბრინჯაოს ეს მონუმენტი მტკვრის სანაპიროს ქვიან მაღლობზე, მეტეხის უმაღლესი ტაძრის მახლობლად აღიმართა და ახლა ფიქრშიაც კი შეუძლებელია მისი თბილისისგან განცალკევება. საქართველოს დედაქალაქი ამ ქანდაკებისგან განუყოფელია ისევე, როგორც შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მცხეთა უძველესი ხუროთმოძღვრული შედევრების, ჯვრისა და სვეტიცხოვლის გარეშე“, - წერდა ქართული პრესა შორეულ 1968 წელს.

​60 წლის შემდეგ კიდევ უფრო წარმოუდგენლად გვეჩვენება თბილისის ეს უბანი ელგუჯა ამაშუკელის ქანდაკების გარეშე, არადა, სავსებით შესაძლებელი იყო, აქ - მეტეხის კონცხზე, ტაძრის წინ, დასავლეთ მხარეს მდებარე ბაქანზე სულ სხვა მოქანდაკის და, შესაბამისად, სულ სხვანაირი ვახტანგ გორგასალი მდგარიყო. თბილისის დამაარსებლის ძეგლის პროექტზე გამართულ კონკურსში, რომელიც 1959 წელს დასრულდა, 19 პროექტი მონაწილეობდა.

„მე ჟიურის მდივანი ვიყავი და კარგად მახსოვს დიდი “დაძგერებები" ჟიურის სხდომებზეც და საჯარო განხილვების დროსაც”, - წლების შემდეგ ჩაწერს „მოგონებების წიგნში“ აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე.

კონკურსში მონაწილეობდა ახალი თაობის ლამის ყველა მოქანდაკე, მათ შორის ისინი, ვინც, სულ მალე, „ქართული ქანდაკების“ ახალ ეპოქას შექმნიან: ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, გოგი ოჩიაური, ირაკლი ოჩიაური, გურამ კორძახია, გ. გიგაური, ჯუნა მიქატაძე და სხვ.

მოგვიანებით ელგუჯა ამაშუკელიც გაიხსენებდა („მეექვსე გრძნობა“) და დაწერს, ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტის განხილვა ორჯერ გადაიდო, რადგან რუსთაველის თეატრის დარბაზმა ვერ დაიტია განხილვით დაინტერესებული საზოგადოებაო.

​„გადაწყდა განხილვა ფილარმონიის საზაფხულო დარბაზში მოწყობილიყო“, - ვკითხულობთ მოქანდაკის წიგნში, - „დარბაზში მრავლად იყვნენ: მწერლები, მეცნიერები, მხატვრები, დედაქალაქის ინტელიგენცია. დიდი იყო აჟიოტაჟი. მრავლად იყვნენ „კლაკერებიც“ (კლაკერი - ტაშის დასაკრავად ან შესაქებად დაქირავებული ხალხი), რომლებიც საზოგადოებამ დროულად გააძევა დარბაზიდან. განხილვა საინტერესოდ ჩატარდა. გამოიკვეთა საზოგადოებრივი აზრი. ამან ჟიურის მუშაობა გაუადვილა. თუ როგორ დამთავრდა კონკურსი, დღეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი“.

გორგასლის ძეგლის კონკურსში წარდგენილი პროექტების ემოციურ განხილვებში აქტიურად ყოფილა ჩართული გურამ რჩეულიშვილიც, რომელსაც, მისივე თქმით, პირველივე ნახვისთანავე გაუკეთებია არჩევანი ელგუჯა ამაშუკელის პროექტის სასარგებლოდ.

გურამ რჩეულიშვილი

„მარინე [მწერლის და] და მე ლაპარაკით წავედით გორგასლის გამოფენაზე. პირველადვე თვალში მოგვხვდა მხედარი, ოთხივე ფეხით დასობილ ცხენზე მჯდარი, გამართული, დოინჯით, ცალი ხელი ოთხკუთხად მაღლა აწეული - ნამდვილი მპყრობელი, დამაარსებელი, კეთილშობილი. უცებ აგვიყვანა მეც და მარინეც. მარინემ უცებ მოუძებნა მის ქებას სწორი შესატყვისები - სავსეა, მთლიანობის შეგრძნებაა, ვერ იტყვი, რომ ასეთი ხასიათი აქვს, ან ისეთი, უბრალოდ მთლიანად არის მეფე! მე სწრაფად გავერკვიე ფრაზებში და ორ-სამ კაცს მაღალ ტონში მოვუყევი ჩემი აზრი“. (გ. რჩეულიშვილი. ჩანაწერები. 1956-1960 წწ. გამომცემლობა „ინტელექტი“, 2012წ)

​ცხადია, გურამ რჩეულიშვილი გამონაკლისი არ ყოფილა. ელგუჯა ამაშუკელის პროექტის უპირატესობა აღიარეს როგორც დამთვალიერებლებმა, ისე ჟიურის წევრებმა. შესაბამისად, პირველი პრემია (50 ათასი მანეთის ოდენობით) მიენიჭა ელგუჯა ამაშუკელის პროექტს (არქ. თეიმურაზ კანდელაკი, დავით მორბედაძე).

პირველი პრემია, ფულადი ჯილდოს გარდა, ასევე ნიშნავდა იმას, რომ ამ პროექტის მიხედვით ძეგლი დაიდგმებოდა მეტეხის პლატოზე, რაც გაკეთდა კიდეც - ძეგლი გაიხსნა კონკურსის დასრულებიდან რვა წლის შემდეგ, 1967 წელს.

როგორია პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნეების თვალით დანახაული „ამაშუკელის გორგასალი“?

„ეს არის უპირველეს ყოვლისა ქალაქის დამაარსებელი მეფე, რომელსაც ეს-ეს არის მიუღია გადაწყვეტილება: ამიერიდან აქ იყოს დედაქალაქი! ცხენოსანი ფიგურა გადაწყვეტილია მკაცრად და მკაფიოდ. ლაკონური ხაზებით შექმნილი სილუეტი კონტრასტულად ეხამება კლდის რელიეფს. ფიგურა თავისუფლად და ამაყად ზის ცხენზე. ზეაწეული ხელი - მტკიცე ჟესტი, ნიშანი შეურყეველი გადაწყვეტილებისა ძლიერებას მატებს ქანდაკებას, ხოლო მისი ექსპრესიული გადაწყვეტა შინაგან დინამიკურობას ანიჭებს, ერთი შეხედვით, თითქოს სტატიურ კომპოზიციას. ხაზგასმულად დიდი მარჯვენა ხელი, იდაყვში სწორხაზოვნად მოხრილი და ზეაღმართული მეტად მეტყველი კომპონენტია ქანდაკებისა“. (ნ. ჯანბერიძე, ჟურნალი „საბჭოთა ხელვონება“)

ამაშუკელის გორგასალი და დანარჩენი 18

კონკურსზე ვრცელი მასალა დაიბეჭდა ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“, რომლის 1959 წლის მე-2 ნომერში (ავტ. ნოდარ ჯანბერიძე) დეტალურადაა განხილული ყველა პრემირებული (და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი) პროექტი და მოცემულია როგორც პროექტების კოდური სახელწოდებები („ოქროს გვირგვინი“, „შავი არწივი“, „წრე და კვადრატი“ და ა.შ.), ისე ძეგლების პარამეტრები (კვარცხლბეკის სიმაღლეს პლუს ქანდაკების სიმაღლე).

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე პრემია (30 ათასი მანეთის ოდენობით) მიენიჭა პროექტს „ოქროს გვირგვინი“, რომლის ავტორი მერაბ ბერძენიშვილია (არქ. გივი მელქაძე, შოთა ყავლაშვილი).

​ნოდარ ჯანბერიძის შეფასებით, ბერძენიშვილის გორგასალში სიდიადე მიღწეულია პოეტური რომანტიკული სახის შექმნის საშუალებით:

„ჭაბუკი გორგასალი გამართულად, თავისუფლად ზის ცხენზე. ფიგურის შემობრუნება, დაშვებული ფეხები, გაშლილი მხრები, მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს მედიდური ჯდომა ცხენზე განსაკუთრებულ სიკოხტავეს ანიჭებს ქანდაკებას. ქანდაკება მოკლებულია ყოველგვარ წვრილმანს, მისი ხაზგასმული დეკორატიულობა თვით მხედრისა და ცხენის საერთო გადაწყვეტითაა მიღწეული, მათ ურთიერთკავშირშია გამოსახული. ... თავი ძლიერადაა აქცენტირებული და მკვეთრად დეკორატიულადაა გადაწყვეტილი. გადაშლილი წარბების რკალები, მომღიმარი სახე მეტად ემოციურად ხსნის ახალგაზრდა მეფის რომანტიკულ ბუნებას. ქანდაკებაში ფერადოვანი აქცენტით ხაზგასმულია მეფის გვირგვინი, რომელიც მოოქროვილია“, - ვკითხულობთ მერაბ ბერძენიშვილის პროექტის აღწერაში. სხვათაშორის, გურამ რჩეულიშვილიც თავის ჩანაწერებში შენიშნავს, ბერძენიშვილის გორგასალი პოეტიაო.

​გურამ რჩეულიშვილის გული ვერც მეგობრის, გოგი ოჩიაურის პროექტმა („წრე და კვადრატი) მოიგო.

„ხევსური, ამხედრებული ცხენზე“ - ასე შეაფასა თავის ჩანაწერებში „ალავერდობის“ ავტორმა გოგი ოჩიაურის ნამუშევარი, თუმცა იქვე ჩაწერა: „ქანდაკებაში გვერდიდან არაჩვეულებრივად ჩანს მოძრაობა. მარინემ დიდად შეაფასა და თქვა, რომ ის, უბრალოდ, უნდა დაიდგას, ოღონდ ესეც, დამოუკიდებლად, იმავე ფასის ქანდაკებაა. მე ჭკუაში დამიჯდა. ისევ მივვარდი გოგისთან. ვუთხარი, რომ მისი ქანდაკება არის პატარა კახი. „პატარა არ არის“, - თქვა გოგიმ. „ნუ, ერეკლე მეფე“. – „არც ერეკლეა, ის გორგასალია“. ...მარინემ თქვა, რომ ჰო, გორგასალიაო. მე ვთქვი, გორგასალია, ოღონდ ნამდვილი, ეს გორგასალი იალბუზის მთებს რეკვას ვერ დააწყებინებსო“.

ძეგლის იდეას ხოხბისა და მიმინოს ლეგენდა აქვს საფუძვლად. ვახტანგს, რომელსაც ცალი ხელით ცხენის სადავე მოუმართავს, მარჯვენა ზეაღმართული აქვს და ხელზე მიმინო უზის.

გოგი ოჩიაურის პროექტს მესამე პრემია (და 20 ათასი მანეთი) მიენიჭა. ასევე მესამე პრემია მიენიჭათ გურამ კორძახიასა („წითელი სამკუთხედი“) და ჯუნა მიქატაძის („მეტეხი“) პროექტებს.

სხვა ნამუშევრებს შორის გამორჩეულია გურამ კორძახიას „წითელი სამკუთხედი“ , სადაც გორგასლის ქანდაკების კვარცხლბეკი მტკვრის ნაპირიდან კლდის მთელ სიმაღლეს მიჰყვება.

​ვერც ერთი ხარისხის პრემია ვერ მიიღო, მაგრამ ჟიურიმ შესაძენად რეკომენდაცია გაუწია პროექტს „სამი ბიჭი“, რომლის ავტორი მოქანდაკე გ. გიგაურია. სწორედ გიგაურის ვახტანგ გორგასალმა გამოიწვია ყველაზე მეტი დავა და ხმაური.

„გაჭიმული მხედარი თავდახრილი ცხენის ზედ კისერთანაა შემდგარი. ნაწარმოებში უარყოფილია ფორმათა დაკონკრეტება და ყველაფერი ემორჩილება ერთიან ამოცანას: ძეგლმა მნახველს თავიდანვე აგრძნობინოს მისი მემორიალური დანიშნულება. ეს ამოცანა მიღწეულია კიდეც, მაგრამ ქანდაკება არ შეეფერება არც კონკურსით მოცემულ კონკრეტულ ადგილს და არც - მასალას. ასე გადაწყვეტილი ქანდაკება უკეთესი წარმოსადგენია ქვის დიდი მასივისგან გამოკვეთილი ერთი მთლიანი მონოლითის სახით, ვიდრე ბრინჯაოსგან ჩამოსხმული“, - წერს ნოდარ ჯანბერიძე 1959 წლის „საბჭოთა ხელოვნების“ მე-2 ნომერში.

სულ კონკურსში 19 პროექტი იქნა წარდგენილი: ელგუჯა ამაშუკელის გორგასალი და 18 დანარჩენი. ახლა წარმოუდგენელია მეტეხი ამაშუკელის ქანდაკების გარეშე, მაგრამ მაშინ, 60 წლის წინ, როგორც ჩანს, მართლაც დიდ „დაძგერებებს“ ჰქონდა ადგილი და არც კონკურსის სხვა შედეგით დასრულება იყო გამორიცხული. ალბათ, ამის გამო იყო, რომ ემოციებს აყოლილ გურამ რჩეულიშვილს ხმამაღლა უთქვამს გამოფენაზე, ეს ქანდაკება [ე. ამაშუკელის] თუ არ დადგეს, ავაფეთქებ ყველაფერსო (იხ. მწერლის ჩანაწერები), თუმცა, საბოლოო ჯამში, არაფრის აფეთქება არ გახდა საჭირო. სწორედ ის ქანდაკება დაიდგა, რომელიც მოსწონდა, მაგრამ, ბედის ირონიით, დაიდგა მწერლის გარდაცვალების შემდეგ.

როგორ დაბრუნდა ვახტანგ გორგასალი თბილისში

ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტზე კონკურსი გამოცხადდა 1958 წელს, როცა საქართველოს დედაქალაქი თავისი დაარსების 1500 წელს აღნიშნავდა. აკედემიკოს ვახტანგ ბერიძის გადმოცემით, გორგასლის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, დაანგრიეს გვიანდელი ხანის სახლები მეტეხის ეკლესიის ეზოს ჩრდილო-დასავლეთით, რათა ქალაქიდან გახსნილიყო ხედი ძეგლზე. ეზოს შემოავლეს ბაზალტის თლილი კვადრებით მოპირკეთებული კედელი, მოედანი გაასწორეს და მოკირწყლეს.

„სამწუხაროდ, აღნიშნული სამუშაოების წარმოების დროს დაინგრა კლდის ნაწილი, განსაკუთრებით მისი ჩრდილო-დასავლეთის კუთხე, რომელიც ადრე ხიდის თავს აღწევდა“, - სინანულით წერს თავის „მოგონებებში“ თბილისის ხურთმოძღვრების ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარი.

ვახტანგ გორგასლისთვის, როგორც გამორჩეული მეფის, მხედართმთავრისა და, რაც მთავარია, ქალაქის დამაარსებლისათვის, საგანგებოდ შეირჩა ძველი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი - მეტეხის კონცხზე, ტაძრის წინ მდებარე ბაქანი.

„ეს ადგილი ქალაქის უძველესი ტერიტორიის ერთ-ერთი მთავარი უბანია, რომელიც მტკვრის კლდოვანი ნაპირიდან გადმოჰყურებს ქალაქს და მეტად საინტერესო, ცხოველხატულ სურათს ქმნის. ქალაქის ეს უბანი გაშლილი სივრცით, აგრეთვე პლანებისა და რელიეფის სხვადასხვაობით, რთულ არქიტექტურულ ორგანიზმს წარმოადგენს, ხოლო მტკვრის ნაპირას კლდეზე აშენებული „მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძარი“ მკვეთრ აქცენტს ქმნის. კლდესთან შეზრდილი ეს ტაძარი შორი მანძილიდან ჩანს და დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარად განათებული მისი მოხაზულობა ცის ფონზე მეტად მომხიბვლელია. ქანდაკებისათვის შერჩეული ადგილი მომგებიანია, მაგრამ ამ ადგილზე მის აღმართვას თან ახლავს ერთი მეტად მნიშვნელოვანი სირთულე: ეს არის ხედვის მეტად ბევრი და დაშორებული წერტილები, რაც განსაკუთრებით მკვეთრად სვამს ქანდაკების ადგილისა და მასშტაბის საკითხს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აქ უკვე არსებობს მეტად ძლიერი არქიტექტურული აქცენტი - მეტეხის ტაძარი, და ქანდაკება ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორგანულად ჩაერთოს საერთო სივრცითს კომპოზიციაში, არ ედავოს წამყვანი მნიშვნელობისათვის მეტეხის ტაძარს, მაგრამ ამავე დროს ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური დანიშნულება“, - წერდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნოდარ ჯანბერიძე.

ელგუჯა ამაშუკელიც შენიშნავს („მეექვსე გრძნობა“), რომ მეტეხის ტაძრის ტექტონიკამ უკარნახა გამოკვეთილი გეომეტრიზმი კომპოზიციაში, რომელიც გამოიხატა ძირითადი სკულპტურული მასებისა და აქსესუარების მკაცრ ვერტიკალიზმში და მკაცრ ჰორიზონტალურ ხაზებში, რადგანაც ძველ არქიტექტურულ გარემოში ახალი მოცულობა უნდა იქცეს ძველის მონათესავე ელემენტად და შორეული წერტილებიდანაც კი უნდა იკითხებოდეს ეკლესიასთან ერთად, როგორც ერთი მთლიანი, მით უფრო, რომ ქალაქის სივრცეში მონუმენტი მხატვრულად ძირითადად შორი წერტილებიდან „მუშაობს“.

​ელგუჯა ამაშუკელმა ძეგლის მოდელის შექმნას 5 წელი მოანდომა, თუმცა, როგორც მოქანდაკე ისხენებს, საქმის დასრულებას მხოლოდ რთული შემოქმედებითი ან ტექნიკური ხასიათის პრობლემები როდი აძნელებდა. ერთხელ, მონუმენტის დასადგმელად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისას, ერთმა მოხელემ, ვისაც ხელეწიფებოდა ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება, ეჭვი შეიტანა ვახტანგ გორგასლის ცნობილი ჟესტის მიზანშეწონილობაში. „რა საჭიროა აღმართული ხელი?“ - იკითხა მან. „ეს ჟესტი გამოხატავს ძალაუფლებას, ურყევ ნებას და სხვა ადამიანურ თვისებებს“, - იყო პასუხი. „ხელი უნდა დავაშვებინოთ!“ - კატეგორიულად მოითხოვა ჩინოვნიკმა და ისე გაიშვირა ხელი თითქოს იური დოლგორუკის ძეგლს განასახიერებდა. მოქანდაკეს მოუწია მოკლე ლექციის წაკითხვა, რის შემდეგაც თავის პოზიციაში დაეჭვებულმა მოხელემ, გამოსავლის სახით, იკითხა: არქიტექტორებმა ნახეს? „ცხადია, ნახეს“. მაშინ, იყოსო, თქვა და პასუხისმგებლობა არქიტექტორებს გადააბარა, თუმცა მალევე ისევ იკითხა, თავზე რატომ არაფერი ახურავს? რამე უნდა დავახუროთ, თორემ როგორ მივხვდეთ, მეფეა თუ მწყემსიო. ისევ მოკლე ლექცია სკულპტურაში შინაგანი დამაჯერებლობის მნიშვნელობასა და უპირატესობაზე... თუმცა, ყოველივე ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მოგვიანებით დაემართა. ვიდრე სკულპტურის გასადიდებლად ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკში გადავიდოდა, სამუშაო მოდელი დროებით მეტეხის პლატოზე, ერთ-ერთ შენობაში გადაიტანა. ეს ის დროა, როცა მეტეხის პლატოს რეკონსტრუქცია დაწყებულია და ძველ სახლებს იღებენ. მოქანდაკეს რამდენიმე დღით მივლინებაში მოუწია წასვლა. რომ დაბრუნდა, არც შენობა დახვდა და არც მოდელი. რომ იკითხა, მშენებლობის ხელმძღვანელმა უხერხული ღიმილით მტკვრისკენ გაიშვირა ხელი. არ ხუმრობდა. მოდელი, რომელზეც მოქანდაკე ორი წელი მუშაობდა, წყალში გადაეგდოთ. ელდამ რომ გაუარა, მოუყვნენ, რომელიღაც ტრაქტორისტს თავი გამოუჩენია, ყველაზე ადრე მისულა სამსახურში და ერთი მიწოლით ადიდებულ მდინარეში ჩაუპირქვავებია შენობაც და სკულპტურაც. დამატებით ორი წლის შრომად დაუჯდა ტრაქტორისტის ეს უყურადღებობა თუ უპასუხისმგებლობა, თუმცა, როგორც მოგვიანებით შენიშნა, საბოლოო ჯამში, მოდელის დაკარგვამ უკეთესი შედეგი გამოიღო.

ელგუჯა ამაშუკელი

„როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. დამაჯერებლობის თვალსაზრისით, გორგასლის ახალ, მეორე სკულპტურაში ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანე. და ახლა, როცა ყველა სიძნელე უკან დარჩა, როცა ძეგლი აღმართულია, სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორ იმკვიდრებს თავს მეტეხის გარემოცვაში. პირადად მე ეს სკულპტურა მიმაჩნია, ჩემ უსაყვარლეს ნამუშევრად, რადგანაც ვხედავ და ვგრძნობ მასში ძალას, რომელიც მაძლევს მოქმედების, მოძრაობის და ბრძოლის სტიმულს“, - წერს ვახტანგ გორგასლის ძეგლის ავტორი 1981 წელს გამოცემულ წიგნში „მეექვსე გრძნობა“.

მეტეხის კლდეზე შემდგარი ვახტანგ გორგასალი მოსწონს ყველას, ვისაც აზრიანი სილამაზის აღქმა შეუძლია. აღარავინ კამათობს მის იდეურ რაობასა და მხატვრულ ღირებულებაზე. ხელოვნებათმცოდნეები, მოქანდაკეები, არქიტექტორები, ადგილობრივები თუ ტურისტები - ყველანი თანხმდებიან, რომ ვახტანგ გორგასალი დგას ისე, როგორც უნდა იდგეს და დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და სადაც, ასე გგონია, რომ თბილისის დაარსების დღიდან დგას ფეხმოუცვლელად!