ექსპერტები და იმპორტიორი კომპანიები კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ; თუმცა იმედოვნებენ, რომ ფასების კლება საქართველოს ბაზარსაც მალე დაეტყობა.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო დაწყებული კრიზისის გასაღები სრუტის გახსნასა და სტაბილური ნაოსნობის აღდგენაშია, რაც, თავის მხრივ - მოპოვების მასშტაბების გაზრდას წაახალისებს.
ბოლო მონაცემებით, ჰორმუზის სრუტეში გემების რიცხვი იზრდება, თუმცა ნაოსნობის გრაფიკი დიდი სიფრთხილით იკრებს ძალას.
მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოიკვეთა. თუმცა ამ შუალედში იყო ზრდის ეპიზოდებიც.
- 19 ივნისს Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობდა - რაც თითქმის 24%-იან კლებაზე მიანიშნებს.
- მარტსა და მაისში Brent-ის ფასი 112-114 დოლარსაც აჭარბებდა.
მსოფლიო ბაზარზე ფასები სწრაფად ცვალებადია - ხშირად დღის განმავლობაშიც, რადგან ბირჟა რეაგირებს ესკალაციაზე, მსოფლიო ლიდერების განცხადებებზე, პროგნოზებზე.
მყისიერი ზეგავლენა აქვს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს - თუკი დონალდ ტრამპი ირანს ემუქრებოდა, ფასები ნახტომისებურად იზრდებოდა, ხოლო თუკი სამშვიდობო პროცესისა და სრუტის გახსნის მიმართ ოპტიმიზმს გამოხატავდა, ფასები - ასევე სწრაფად იკლებდა.
როდის გაიაფდება საწვავი საქართველოში?
მარტის დასაწყისიდან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასები საკმაოდ სწრაფად და მკვეთრად იზრდებოდა. მარტი-ივნისის პერიოდში ბენზინის ფასმა საშუალოდ - 60-70 თეთრით, ხოლო დიზელის ფასმა 1.15-1.20 ლარით იმატა. დიზელის განსაკუთრებულ გაძვირებას სპეციალისტები ახლო აღმოსავლეთის ომში სამხედრო ტექნიკისთვის მისი საჭიროებით ხსნიდნენ.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი იმედოვნებს, რომ - ჰორმუზის სრუტეში ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, საწვავზე ფასი საქართველოშიც დაიკლებს - თუმცა ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება, ახალი კონტრაქტების გაფორმებამდე და მარაგების განახლებამდე.
“ასე ჩანს, რომ ფასები შემცირდება - რადგან ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნის მეტი არჩევანი აღარ დაუტოვა აშშ-მა. გვაქვს იმედი; თუმცა გააჩნია - ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების მოქმედებებსაც. რაც უფრო შეზღუდულია მოპოვების მასშტაბი, მით მაღალია ფასი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ იობაშვილი.
პარალელურად, 1 აპრილიდან რუსეთმა ბენზინის ექსპორტი ხელახლა აკრძალა, მათ შორის - საქართველოს მიმართულებითაც. თავდაპირველი ინფორმაციით, ეს გეგმა ერთ თვეზე იყო გათვლილი, თუმცა პროცესი დღემდე არ განახლებულა; რაც ბოლო პერიოდში აღარავის უკვირს - უკრაინული დრონების წარმატებული შეტევებისა და რუსეთში საწვავის მზარდი დეფიციტის ფონზე.
რუსული Urals-ის მარკის ნავთობის ფასი - 18 ივნისს, 61.19 დოლარამდე შემცირდა, რაც ერთ თვეში 39.61%-იან კლებას ნიშნავს. მაქსიმალურ ფასს Urals-მა - თითქმის 125 დოლარს - აპრილის დასაწყისში მიაღწია.
სულ უფრო იზრდება რუსეთის რეგიონების რიცხვი, სადაც ახლა საწვავის დეფიციტი შეინიშნება - ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელ რიგებში დგანან.
ასევე ნახეთ
უკრაინული დრონები რუსეთის საწვავის სისტემას ანგრევენ - დეფიციტი უკვე 53 რეგიონშიასაქართველოში ბენზინსა და დიზელზე ფასების თანდათანობით შემცირებას საწვავის იმპორტიორი კომპანიებიც პროგნოზირებენ; თუმცა - ზუსტად არავინ იცის, როდის მოხდება ეს.
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა, BMG-ისთან აცხადებს, რომ გაიაფება უფრო სწრაფად დაეტყობა დიზელის საწვავს.
“რაც ეს კონფლიქტი დაიწყო ანუ პირველი მარტიდან საერთო ჯამში ფასი დაახლოებით 60-65 თეთრით არის გაზრდილი. ბენზინი ისე არ გაძვირებულა, როგორც დიზელი. დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით 1.20 ლარით, ხოლო ბენზინის დაახლოებით 60 თეთრით… ბენზინის ფასი, მოდი ასე ვთქვათ, შემცირებისკენ ისე არ დაკორექტირებულა როგორც დიზელის”, - აცხადებს ხორავა.
ნავთობკომპანია Connect-ის დირექტორი ჯემალ ონიანი, ასევე BMG-ისთან საუბრისას ვარაუდობს, რომ, ახალი კონტრაქტებით, ფასების კლება სამომხმარებლო ბაზარზე “ალბათ 3-4 კვირის მანძილზე ეტაპობრივად აისახება”.
იმედისმომცემი განვითარება
17 ივნისის საღამოს 18:00 საათიდან 18 ივნისის დღის 14:00 საათამდე [UTC] ჰორმუზის სრუტეში 18-მა გემმა გაიარა; ხოლო 18 ივნისის მონაცემებით - სრუტეში 25 კომერციული გემი დათვალეს.
ბევრისთვის იმედისმომცემი მაჩვენებლები, 19 ივნისს, “საზღვაო აქტივობის მნიშვნელოვან ზრდად“ შეაფასა Kpler-მა - საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანიამ, რომელიც გლობალურ ვაჭრობას, საზღვაო გადაზიდვებსა და ენერგეტიკულ ბაზრებს რეალურ დროში იკვლევს.
“საზღვაო მიმოსვლა ორივე მიმართულებით თანაბრად გადანაწილდა, უმეტესობა ირანის მიერ დადგენილ მარშრუტებზე. დაფიქსირდა ხუთი სანქცირებული გემი, ხოლო 10 მაისის შემდეგ ახალი ფიზიკური თავდასხმა არ დადასტურებულა. ბოლო მაჩვენებლები ემთხვევა დისკუსიებს აშშ-ირანის 60-დღიანი მემორანდუმის ჩარჩოს განხორციელების ფაზის შესახებ, რომლის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება, სრუტეში მოძრაობის მხარდაჭერა და უფრო ფართო მოლაპარაკებების ხელშეწყობა”, - წერს Kpler-ი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აქვე მითითებულია, რომ სრუტეში მოძრავი გემების მზარდი რიცხვის მატება “სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე მიუთითებს”, თუმცა - გემებს კვლავ უწევთ სალოკაციო სისტემების გამორთვაც (dark crossings) - რაც გემთმფლობელების ზედმიწევნით ფრთხილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
სპეციალისტების თქმით, ნავთობის გადამზიდავ კომპანიებს სჭირდებათათ მეტი გარანტია, მეტი რწმენა, რომ - თუ მათი გემები სრუტეში შევლენ და საომარი მოქმედებების ხელახლა დაწყების გამო იქ კვლავ არ ჩარჩებიან. ამას გადამწყვეტად მიიჩნევენ - ერაყის, ქუვეითისა და საუდის არაბეთის პორტებიდან ნავთობტანკერებში ჩატვირთვის დასაწყებად და კატარის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტრანსპორტირების გასააქტიურებლად.
გემების გადაადგილების ზრდას AXSMarine-იც ადასტურებს, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის აქტივობის მუდმივი მონიტორინგითა და შესწავლით არის დაკავებული. კომპანიის მიერ X-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით:
- 25 გემი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - 18 აპრილის შემდეგ, როდესაც სრუტე ცოტა ხნით იყო გახსნილი;
- კონფლიქტამდე სრუტეში კომერციული მიმოსვლის მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 110-ს უტოლდებოდა.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაჩენილ ოპტიმიზმში გაურკვევლობა გააჩინა მხარეებს შორის 19 ივნისს შვეიცარიაში დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლამ, რაც AXSMarine-ის თანახმად - “დამატებით გაურკვევლობას აჩენს სრუტის გახსნის ვადებთან დაკავშირებით”. თუმცა სხვადასხვა წყარო ამ ფაქტს არ მიიჩნევს საფრთხედ აშშ-სა და ირანს შორის უკვე მიღწეული შეთანხმებისთვის.
ამერიკულ მედიასაშუალებებს, 18 ივნისს, თეთრ სახლში განუცხადეს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, შვეიცარიაში აღარ მიემგზავრებოდა. ვიზიტის გადადება ლოგისტიკურ სირთულეებს დაუკავშირეს.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე, მათ შორის - ბენზინის ფასებზე მსოფლიოში - რადგან სწორედ ეს სრუტე ატარებდა მსოფლიოს მიერ წლიურად მოხმარებული ნავთობისა და თხევადი აირის 20-25%-ს.
ასევე ნახეთ
გადაიდო აშშ-ირანის მოლაპარაკება, რომელიც 19 ივნისს შვეიცარიაში უნდა დაწყებულიყოასევე ნახეთ
აშშ აცხადებს, რომ დაასრულა ირანის პორტებში მოძრავი ხომალდების ბლოკადავითარება ოპტიმისტურად გამოიყურება:
- 17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად.
- 18 ივნისს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია, რომ - პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, მოიხსნა ბლოკადა “ირანის პორტებსა და სანაპირო არეალებში შემავალ და გამომავალ მთელ საზღვაო მოძრაობაზე”.
სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონმა დროებით გააუქმა სანქციები ირანულ ნავთობზე, რაც დამატებით პოტენციურ ეკონომიკურ სტიმულს აჩენს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 18 ივნისს, რომ ბოლო დღე-ღამეში ჰორმუზის სრუტეზე 12.5 მილიონი ბარელის მოცულობის ნავთობმა გაიარა - ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია კონფლიქტის დაწყების შემდეგ. მისივე ინფორმაციით, ირანის ძალები აღარ ესხმიან თავს სრუტეში მოძრავ ხომალდებს.
ინფორმაცია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა [IRGC] 2026 წლის მარტის დასაწყისში გამოაცხადა. თეირანი აფეთქებით ემუქრებოდა ყველა გემს „არამეგობრული“ ქვეყნებიდან, რომლებიც სრუტეში გავლას გაბედავდა. შემდგომ პერიოდში - გახმაურდა თავდასხმის არაერთი ფაქტი.