როცა დიაგნოზთან მეგობრობა გიწევს

დიაგნოზი: გაფანტული სკლეროზი

სკლეროზი

სკლეროზი სამედიცინო ენაზე ნიშნავს ქსოვილის გადაგვარებას, როდესაც ის ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას

გაფანტული სკლეროზი ავტოიმუნური დაავადებაა. ამ დროს ჩვენივე იმუნური უჯრედები თავს ესხმიან თავის ტვინსა და ზურგის ტვინში მყოფი ნერვების გარსს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:

  • კიდურების დაბუჟება
  • მხედველობის პრობლემები
  • თავბრუსხვევა და კოორდინაციის დარღვევა
  • ჰემიპარეზი (ცალ მხარეს კიდურებში მოძრაობის შეზღუდვა),
  • ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურში მოძრაობის გაჩერება).
  • შარდის ბუშტისა და ნაწლავების პრობლემები

როგორც ნევროლოგები ამბობენ, დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში, ქალებს სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, თუმცა კაცებთან დაავადება უფრო რთული ფორმით მიმდინარეობს.

გაფანტული სკლეროზი დღეს არ იკურნება, თანამედროვე მედიცინას შეუძლია, მხოლოდ გაახანგრძლივოს რემისიების პერიოდი და შეამსუბუქოს სიმპტომების სიმძიმე.

დაავადების განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა მისი უშუალო მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველოში დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ნევროლოგების თქმით, დაახლოებით 1100 ადამიანია, მსოფლიოში კი 2.3 მილიონი, უმეტესად ჩრდილოეთის ქვეყნებში (რუსეთი, კანადა, ჩრდილოეთი ამერიკა, ა.შ.).

მარიკა ქაჯაია - 44 წლის

5 წელია გაფანტულ სკლეროზთან, როგორც თავად ამბობს, მეგობრობს.

როდესაც ბავშვის სკოლიდან გამოყვანას აპირებდა, პირველი შეტევა დაემართა და დაეცა, ნაცნობმა სახლამდე მიიყვანა, შემდეგ მარიკამ აღმოაჩინა, რომ ნახევრად პარალიზებული იყო და სულ უფრო ცუდად ხდებოდა. ახლა მეტყველების უნარიც აღდგენილი აქვს და აქტიური ცხოვრებითაც ცხოვრობს, მუშაობასთან ერთად ჩართულია დიაგნოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და ცდილობს დაეხმაროს მათაც, ვინც გაფანტული სკლეროზის შესახებ ახლა გაიგო.

Your browser doesn’t support HTML5

მარიკა ქაჯაია

ანა არველაძე - 17 წლის

ანას უკვე 6 წელია გაფანტული სკლეროზი აქვს. 12 წლიდან გაიგო დიაგნოზის შესახებ და დაიწყო მასთან ერთად ცხოვრება. ყოველი შაბათი წამლის მიღების დროა. უსიამოვნო, მაგრამ საჭირო პროცესი. თავს იმხნევებს და კვირის დანარჩენ დღეებს ჩვეულ რიტმში აგრძელებს. მეთორმეტე კლასშია და ფარმაცევტობას აპირებს.

Your browser doesn’t support HTML5

ანა არველაძე

ანას დედა - ლედი ადეიშვილი

ლედი ადეიშვილისთვის შვილის მდგომარეობის გარდა, წამლების შესაძენი თანხების მოძიებაც დიდი საფიქრალია. ყოველკვირა 300 ლარი, თვეში - 1200. დაფინანსებისთვის მერიას, საკრებულოს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს ხოლმე, მაგრამ, როგორც ამბობს, მხოლოდ იშვიათად და არასრულად ხდება ხოლმე თანხის გამოყოფა.

Your browser doesn’t support HTML5

ლედი ადეიშვილი

გიორგი ჩიქვანაია - 46 წლის

გიორგი 25 წელია, რაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით ცხოვრობს. 1990-იან წლებში სულ რამდენიმე წამალი იყო პრაქტიკაში, რომელსაც ასეთ დროს ექიმები ნიშნავდნენ. როგორც გიორგი ამბობს, არაეფექტიანი და, პლუს, თავისი გვერდითი მოვლენებით. 2009 წლიდან ორგანიზაცია დააარსა, იმისთვის, რომ დაავადების შესახებ მოსახლეობამ, თვითონ პაციენტებმა მეტი გაიგონ და საერთაშორისო პრაქტიკაც გაიზიარონ. მისი სურვილია, სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობისთვის ფინანსები მუდმივად ესაჭიროებათ.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ჩიქვანაია

გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მედიკამენტებისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს თითოეულ მათგანზე 25 ათასი ლარი გამოყო, ამ ეტაპისთვის პროგრამით 10 ბენეფიციარი სარგებლობს. თბილისში კი ჯერ არ არსებობს არც პროგრამა და არც უწყება, რომელიც ამ ქრონიკული დაავადებისთვის დაფინანსებას გამოყოფდა.