რა ანგრევს რუსეთის საბანკო სისტემას

ილუსტრაცია

რუსეთის საბანკო სისტემა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ ომმა, ინფლაციამ, საწვავის კრიზისმა, პრობლემური სესხების ზრდამ, მოქალაქეთა მზარდმა დავალიანებამ და ევროკავშირის ახალი სანქციების შესაძლო გამკაცრებამ რუსეთი მძიმე ფინანსური კრიზისში ჩააგდოს.

ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსეთის საბანკო სექტორში „ფეთქებადსაშიში ვითარება“ შეიქმნა. ანალიტიკოსების აზრით, კრიზისის მაპროვოცირებელ ფაქტორად შესაძლოა იქცეს რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა „დინამიკური ეკონომიკის“ შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში მას საბანკო კრიზისი უახლოვდება, - პროგნოზირებს ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურების ანგარიში, რომლის შინაარსიც 6 ივლისს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ბანკებზე ზეწოლას ზრდის, რათა მათ სამხედრო მრეწველობის საწარმოებსა და უძრავი ქონების კომპანიებზე სუბსიდირებული სესხები გასცენ. ექსპერტთა შეფასებით, რუსეთში კორპორაციული სესხების დაახლოებით 10% დეფოლტის საფრთხის წინაშეა.

რამდენიმე მსხვილმა რუსულმა ბანკმა განაცხადა, რომ 2025 წელს უიმედო სამომხმარებლო სესხების წილმა 15%-ს მიაღწია. ამავე დროს გაკოტრების შესახებ განცხადება დაწერა რუსეთის 500 000-ზე მეტმა მოქალაქემ, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ერთი მესამედით მეტია.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამებმა 13 მილიონზე მეტი მოქალაქე წაახალისა, ერთდროულად აეღო მინიმუმ სამი სესხი. ანგარიშის ავტორების შეფასებით, ყველა ეს ფაქტორი ერთად კრიზისის საფრთხეს ქმნის.

ასევე ნახეთ

კაია კალასი კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მოსკოვისთვის სანქციების გამკაცრებას მოითხოვს

„ფული ისესხეს, გამოიყენეს, მაგრამ დაბრუნების სურვილი ნაკლებად აქვთ. რუსეთის საბანკო სისტემაში ასეთი პრობლემური სესხების წილმა უკვე 10%-ს გადააჭარბა. ეს უკვე საკმაოდ შემაშფოთებელია, რადგან სწორედ ასეთი მაჩვენებელი ითვლება საბანკო სისტემის კრიზისის ნიშნად. უფრო მეტიც, რუსეთის საბანკო სისტემაში კვლავ გამოჩნდა მოვლენა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აღარ არსებობდა - ადამიანები ისევ ნაღდ ფულზე გადადიან”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი იგორ ლიპსიცი და ამატებს, რომ ასეთ ვითარებაში 1990-იან წლებში დაბრუნებაზე საუბარი საფუძველს მოკლებული სულაც არ არის:

“იმ პერიოდის ბევრი ნიშანი მეორდება: ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები, კანისტრებში ჩასხმული ბენზინი, რომელსაც ახლა აივნებზე ინახავენ. მალე სხვა პრობლემებიც გაჩნდება - სამსახურიდან გათავისუფლებები, ხელფასების დაგვიანება, სესხების დაფარვის სირთულეები, გადაუხდელობები. ეს ყველაფერი უკვე დაიწყო. ჯერჯერობით პროცესი ძალიან სწრაფი არ არის, მაგრამ მოვლენები შეუქცევადად ვითარდება. ბანკებში მდგომარეობა არასახარბიელოა: იზრდება დაუბრუნებელი სესხების რაოდენობა, მოსახლეობა კი ნაღდ ფულზე გადადის. ადამიანები ბანკებში მიდიან, აქტიურად ხსნიან თანხებს საკუთარი ანგარიშებიდან და ნაღდი ფული გააქვთ. გერმან გრეფი სიტუაციას შიგნიდან ხედავს და კარგად ესმის, რომ რუსეთის საბანკო სისტემა მძიმე მდგომარეობაშია. შესაძლოა, ბანკები იმ მდგომარეობამდე მივიდნენ, რომ მეანაბრეების წინაშე ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლონ. გრეფისთვის ეს ძალიან შემაშფოთებელი საკითხია, ამიტომაც ის ძალიან ფრთხილად მიანიშნებს, რომ ომის დასრულება აუცილებელია“.

ეკონომისტი იგორ ლიპსიცი

იგორ ლიპსიცის მიერ ნახსენები გერმან გრეფი უმსხვილესი რუსული ბანკის “სბერბანკის” მმართველი და პუტინის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გამოცემა РБК-ს ღიად გაუზიარა თავისი შეშფოთება რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობის გამო.

„არა მგონია, ქვეყანაში ვინმეს აწუხებდეს რაიმე, გარდა სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულებისა“, - ამ სიტყვებით გამოქვეყნებული პოსტი თავდაპირველად გამოცემის Telegram არხზე გამოჩნდა, შემდეგ გაქრა, მაგრამ მოგვიანებით ისევ გამოჩნდა.

გახდება თუ არა დასავლეთის სანქციები რუსეთში კრიზისის ტრიგერი? Reuters-ის მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი კრიზისის გამომწვევი შესაძლოა გახდეს გარე ფაქტორი - რუსეთის საბანკო სექტორის წინააღმდეგ დასავლეთის მასშტაბური სანქციების პაკეტი. ეს შეფასება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს ამზადებს. წინასწარი ინფორმაციით, განიხილება რუსეთის საბანკო სექტორისა და კრიპტოვალუტების პლატფორმების წინააღმდეგ მიმართული ზომების მიღება.

ომი და ეკონომიკა

რუსეთის ეკონომიკა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სტრუქტურული გამოფიტვის აშკარა ნიშნებს ავლენს. გერმანული DW-ს ცნობით, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტისა (IfW) და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევრები.

11 ივნისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით:

  • რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის (ФНБ) ლიკვიდური აქტივები, რომლებიც ომის დაწყებამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6,5%-ს შეადგენდა, ამჟამად 1,8%-მდეა შემცირებული
  • 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა გადააჭარბა იმ მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც მთავრობამ მთელი წლისთვის განსაზღვრა
  • 2026 წლის პირველი კვარტალში ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით შემცირდა.


„ომის პირველ წლებში რუსეთის ეკონომიკა იმაზე გამძლე აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი ელოდა. თუმცა ახლა რეზერვები ამოწურულია“, - განაცხადა კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW) პრეზიდენტმა მორიც შულარიკმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვნად დასუსტდა ეკონომიკური ბაზა - რუსეთის საბიუჯეტო რეზერვები პრაქტიკულად ამოწურულია, ხოლო ეკონომიკური ზრდა შეჩერებული.

  • ინფლაციის ზრდის რისკი

კვლევის თანახმად, ფინანსური სირთულეები რუსეთის ერთადერთი პრობლემა არ არის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხედრო ხარჯების დასაფარად კრემლი სულ უფრო მეტად ეყრდნობა არასაბიუჯეტო დაფინანსებას (საბიუჯეტო სისტემის გარეთ არსებულ წყაროებს), სესხების, საკრედიტო მოცულობის სწრაფ ზრდასა და საბანკო სისტემის მეშვეობით არაპირდაპირ მხარდაჭერას სამხედრო დანახარჯები შენარჩუნებისთვის. ამასთან, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული კომპანიების დავალიანება მკვეთრად გაიზარდა, რადგან ბანკებმა თავიანთი რესურსები მიმართეს ომთან დაკავშირებული ეკონომიკური სექტორებისკენ.

„მთავარი შეზღუდვა, რომლის წინაშეც დღეს რუსეთი დგას, ფულის ნაკლებობა კი არა, არამედ სამუშაო ძალის, ტექნოლოგიებისა და საწარმოო სიმძლავრეების დეფიციტია“, - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი მეთიუ კლაინი, - "მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება. თუმცა სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტისა და მოქმედი სანქციების პირობებში გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკა უფრო მეტად ინფლაციის დაჩქარების რისკს ქმნის, ვიდრე ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ზრდას“.

  • რუსეთის მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ რუსეთი ჩინეთზე სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული. ჩინეთზე მოდის რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35%. სწორედ ჩინეთი აწვდის რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვან სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების საქონელს, ასევე იმ სათადარიგო ნაწილების უმეტესობას, რომლებიც სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება. შედეგად, ჩინეთში იწარმოება 2022 წლიდან რუსეთის მიერ სამხედრო წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, თუმცა დასავლეთის სანქციების ქვეშ მოქცეული კომპონენტების შესყიდვების ნამატის დაახლოებით 75%.

რუსეთის ეკონომიკის კრიზისი რიცხვებში

2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 0,2%-ით შემცირდა - ვარდნა ძირითადად გადამამუშავებელი მრეწველობისა და სამშენებლო სექტორის შემცირებამ განაპირობა. ამავე პერიოდში 14%-ით დაეცა ინვესტიციები. როგორც ეკონომისტები ამბობენ, მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპებზე ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა არაპირდაპირი მაჩვენებლების მიხედვით, მდგომარეობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა - ეკონომიკა ან მცირედით იკლებს, ან ძალიან სუსტ ზრდას აჩვენებს.

2026 წლის იანვარ-მაისში სამრეწველო წარმოება წლიურ ჭრილში მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა, თუმცა მაისში დინამიკა უკვე უარყოფითი იყო. აპრილიდან შემცირება დაიწყო სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობამაც. 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც საცალო ვაჭრობა 5%-ით გაიზარდა.


ასევე ნახეთ

რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა

„ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი შინამეურნეობების მოხმარებაა, მაშინ როდესაც დანარჩენი სექტორები ან კლებას განიცდიან, ან არ იზრდებიან. თუ სამომხმარებლო სექტორს არ ჩავთვლით, სამოქალაქო ეკონომიკაში სიცოცხლე ძლივს ფეთქავს, ზოგიერთ სფეროში კი მკაფიოდ ჩანს ვარდნა“, - უთხრა BBC-ის რუსულ რედაქციას ეკონომისტმა ევგენი ნადორშინმა.

შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია ცალკე აღებული გადამამუშავებელი მრეწველობის თავდაცვით კომპლექსთან დაკავშირებული დარგები - ლითონის ნაწარმისა და სატრანსპორტო საშუალებების წარმოება. შემცირებას განიცდის სამოქალაქო სექტორები, მაგალითად ტანსაცმლის, ქაღალდისა და თამბაქოს წარმოება. ეს ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად იხრება სამხედრო სექტორისკენ.

როგორც BBC წერს, ეკონომიკური შოკები ბიზნესის განწყობაზეც აისახება: PMI-ის ინდექსი, რომელიც კომპანიების მოლოდინების ყოველთვიურ გამოკითხვას ეფუძნება, მაისში რუსეთის მრეწველობისთვის 48,8 პუნქტი იყო, რაც კლებაზე მიუთითებს. მართალია ეს ინდექსი ივნისში 1,5 პუნქტით გაიზარდა, მაგრამ საერთო განწყობა მაინც პესიმისტური დარჩა: ბიზნესი გაურბის წასული თანამშრომლების ნაცვლად ახლების აყვანას და ხარჯების ზრდაზე ჩივის. მომსახურების სექტორის PMI-ის ინდექსმა ივნისში 48,2 პუნქტი შეადგინა, რაც ამ სექტორში წარმოების შემცირებაზე მიუთითებს. კომპანიები სუსტ მოთხოვნასა და გაყიდვების კლებას უჩივიან. ბევრ მათგანს თანამშრომლების შემცირებაც უწევს.

2026 წლის დასაწყისში რუსეთში 209 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესი დაიხურა, რაც კონტრაგენტების შემოწმების სერვისის, „Контур.Фокус“-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს. როგორც Forbes წერს, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია. ყველაზე მეტად დაზარალდნენ მოდური ტანსაცმლის ბრენდები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და ე.წ. Beauty-მომსახურების სფერო. პრობლემები შეექმნათ საცალო ქსელებსაც, რომლებიც სავაჭრო ობიექტების დახურვას იწყებენ. თავად კომპანიები ამას ხსნიან იმით, რომ ვეღარ უმკლავდებიან გაზრდილ გადასახადებს, ხელისუფლების მიერ დაწესებულ მრავალრიცხოვან სავალდებულო გადასახდელებს და ძალიან ძვირ (მაღალ პროცენტიან) საბანკო კრედიტებს.

ასევე ნახეთ

რა ელის პუტინის ომის ეკონომიკას 2026 წელს?

ეკონომიკის ექსპერტთა თქმით, კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას ბენზინის კრიზისი. საწარმოთა ხარჯები იზრდება როგორც ლოგისტიკის, ისე წარმოების გაძვირების გამო. მათი თქმით, ამ ეტაპზე ბენზინის დეფიციტი ინფლაციაზე სერიოზულ გავლენას ჯერ არ ახდენს, თუმცა რუსეთის ცენტრალურ ბანკში უკვე შეშფოთებულნი არიან არსებული რისკებით. ამის შესახებ ბანკის მმართველმა ელვირა ნაბიულინამ, განაცხადა ჯერ კიდევ კრიზისის საწყის ეტაპზე. ნაბიულინამ ივარაუდა, რომ საწვავის გაძვირება ივლისის ინფლაციაზე აისახებოდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტკინმა, РБК-ის ეთერში განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი საწვავის კრიზისს „მიწოდების შოკად“ განიხილავს.

რუსეთის ცენტრალური ბანკი გასული წლის მაისიდან ეტაპობრივად ამცირებს ძირითად საპროცენტო განაკვეთს - 21%-დან ჩამოვიდა 14,25%-მდე. თავის დროზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი მკვეთრად გაზარდა მაღალი ინფლაციის გამო, რომელიც თავის მხრივ ეკონომიკის გადახურებამ და სამხედრო ხარჯების ზრდამ გამოიწვია. მას შემდეგ განაკვეთი თანდათან მცირდება, თუმცა პროცესი იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ ბიზნესის მხრიდან მწვავე კრიტიკას იწვევს.

თუ ბენზინის დეფიციტის გამო ფასების ზრდა კიდევ უფრო დაჩქარდება, ცენტრალური ბანკი იძულებული გახდება საპროცენტო განაკვეთის შემცირების ტემპი კიდევ უფრო შეანელოს ან საერთოდ შეაჩეროს, რაც ბიზნესის უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ამგვარად, „ბენზინის კრიზისი“ რუსეთის ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ასევე ნახეთ

Reuters: საწვავის დეფიციტის გამო რუსეთი ინდოეთისგან ყიდულობს ბენზინს

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსკოვის მზარდი ეკონომიკური მოწყვლადობა დასავლეთს შესაძლებლობას აძლევს, ეფექტიანი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას, მათ შორის, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. დოკუმენტში რეკომენდებულია რუსეთისთვის ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება, განსაკუთრებით ჩინელი მომწოდებლების მიმართ, ასევე ისეთი ზომების მიღება, რომლებიც რუსეთის საექსპორტო შემოსავლების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ეკონომიკის ვარდნა და საზოგადოების დემორალიზაცია

2026 წლის 30 ივნისს „გელაპის ინსტიტუტის” (Gallup, Inc.) სოციოლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა რუსეთში ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის (2006 წლიდან ტარდება) შედეგები. წელს რესპონდენტების გამოკითხვა მარტ-მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ პერიოდში სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი უკვე პიკს აღწევდა და, შესაბამისად, გავლენას ახდენდა ნავთობის ფასებსა და რუსეთის ნახშირწყალბადების ექსპორტზე, ხოლო ქვეყნის შიგნით საწვავის კრიზისი ჯერ სრულმასშტაბიანად არ იყო დაწყებული.

მიუხედავად ამისა, რუსეთში ეკონომიკურმა პესიმიზმმა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, ანუ დაკვირვებების მთელი ისტორიის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. წინა რეკორდული მაჩვენებელი - 50% დაფიქსირდა 2021 წლის გაზაფხულზე, პანდემიიდან ერთი წლის თავზე, როდესაც საკარანტინო შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაში იყო. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, განსაკუთრებით თვალში საცემია მოსახლეობის განწყობის მკვეთრი ცვლილება ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

2025 წელს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მხოლოდ 39% საუბრობდა, ხოლო 48% მიიჩნევდა, რომ ვითარება უმჯობესდებოდა, ანუ მოსახლეობა საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ერთ წელიწადში ოპტიმისტების წილი 27%-მდე შემცირდა - 21 პროცენტული პუნქტით, ხოლო ამავე რაოდენობის რუსმა საკუთარი შეფასება საპირისპიროთი შეცვალა.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი მაქვს ბლანტი წერს, მსგავს სურათს აჩვენებს საკუთარი ცხოვრების დონის შეფასებაც: დაკვირვებების ისტორიაში პირველად, იმ ადამიანების წილმა, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ცხოვრების დონე გაუარესდა, 50%-ს გადააჭარბა და 56% შეადგინა. ცხოვრების გაუმჯობესებაზე მხოლოდ 29% საუბრობს. ცვლილება აქაც მსგავსია: 2025 წელს ოპტიმისტები უფრო მეტნი იყვნენ (43%-ის კეთილდღეობა იზრდებოდა, ხოლო 38%-ის მცირდებოდა).

კვლევის თანახმად, 2016 წლიდან მოყოლებული ეკონომიკის მდგომარეობის ნეიტრალური შეფასებების წილი 41%-დან დღევანდელ 9%-მდე შემცირდა. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება პირადი კეთილდღეობის შეფასებაშიც: თუ 2016 წელს რუსების 45% საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას „სტაბილურად“ აფასებდა, 2026 წელს ასეთი მხოლოდ 14% დარჩა. საინტერესოა, რომ ოპტიმისტებისა და პესიმისტების თანაფარდობა თითქმის სრულად ემთხვევა იმ გამოკითხვების შედეგებს, რომლებიც რუსეთის ცენტრალური ბანკის დაკვეთით ტარდება.

“გელაპის” კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე ხარჯავენ (გარკვეულ დანაზოგსაც აკეთებენ) და, შესაბამისად, მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სარგებლობენ. დანარჩენი - დაახლოებით ორი მესამედი კი რეგულარულად აცხადებს, რომ ეკონომიის (ხარჯების დაზოგვის) რეჟიმში უწევს ცხოვრება.

მაქსიმ ბლანტი, რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ეკონომიკური მიმომხილველი

“ეკონომიკური ოპტიმიზმის დონე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან ის პირდაპირ ახდენს გავლენას მომხმარებელთა ქცევასა და მათ ფინანსურ სტრატეგიაზე, - ამბობს მაქსიმ ბლანტი, - ამის დასტურად შორს წასვლა არ არის საჭირო: „გელაპის” მონაცემებს ზურგს უმაგრებს ვადიანი დეპოზიტებიდან და ზოგადად საბანკო სისტემიდან თანხების სწრაფი გადინება”.

ანალიტიკოსის თქმით, მოსახლეობის განწყობების გარდა, ამ პროცესს სხვა მიზეზებიც აქვს, მაგალითად, ინტერნეტის ბლოკირების შემთხვევები, თუმცა ნეგატიური მოლოდინების მნიშვნელობის უგულებელყოფაც არ შეიძლება:

“რუსეთის მოქალაქეები შინაგანად უკვე მზად არიან, რომ ეკონომიკური კრიზისი მწვავე ფაზაში გადავა, და ეს მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ ასეთი ფაზა მალე დადგება - საკმარისია მხოლოდ ერთი ბიძგი, რათა პანიკურმა განწყობებმა მასობრივი ხასიათი მიიღოს. თუმცა, თუ გამოკითხვები მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურ განწყობებს რომ ასახავდეს, ეს, შესაძლოა, განსაკუთრებული განხილვის საგანიც არ გამხდარიყო. მაგრამ გასული წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მკვეთრად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების ნდობა ქვეყნის ძირითადი ინსტიტუტების მიმართ“.

თუ ერთი წლის წინ გამოკითხულთა 59% მიიჩნევდა, რომ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ახლა ასე მხოლოდ 34% ფიქრობს. მთავრობისადმი ნდობა 57%-დან 53%-მდე დაეცა. ჯარის მიმართ ნდობაც კი 79%-დან 66%-მდე შემცირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი მოხდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა ფაქტობრივად „მონაწილეობა მიიღეს“ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის როგორც გახსნაში, ისე დახურვაში, ასევე მოსკოვსა და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმებამდე. ამ მოვლენების შემდეგ დედაქალაქების მცხოვრებლებმაც გააკეთეს მათთვის არასასიამოვნო დასკვნა - სამხედროებს არ შეუძლიათ დაიცვან არა მხოლოდ უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები, არამედ მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგიც.

2026 წლის მარტ-მაისში, ანუ სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, არჩევნების სამართლიანობის სჯეროდა მხოლოდ 40%-ს, მაშინ როდესაც 2025 წლის გაზაფხულზე ასეთი 56% იყო.

ასევე ნახეთ

„ეს ომი ბევრად მეტია, ვიდრე თავად უკრაინა და კიდევ რამდენიმე წელს გასტანს“ - პროფესორი მაიკლ კლარკი

“განწყობების ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზი აშკარაა. ენთუზიაზმი, რომელმაც რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ (როდესაც ბევრს ეგონა, რომ ომი მალე დასრულდებოდა იმ პირობებით, რომლებზეც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო) წლის დასაწყისისთვის ღრმა იმედგაცრუებით შეიცვალა. ეს იმედგაცრუება შეეხო ყველას - ბიზნესელიტებსა და მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ისევე როგორც მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში. პირველთათვის ტრამპის მიერ ოდნავ გაღებული „შესაძლებლობების ფანჯარა“ საბოლოოდ დაიხურა - მათ ვეღარ ექნებათ იმედი, რომ სანქცირებულთა სიებიდან (მინიმუმ ამერიკულიდან) ამოიღებენ და ომამდელ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მათ აღარ იციან, რისთვის იბრძვიან და იღუპებიან. რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს არა მხოლოდ ის, რასაც გამარჯვება შეიძლებოდა დარქმეოდა, არამედ ძველ ცხოვრებაში დაბრუნების იმედიც. მეტიც, 2026 წელს უკვე ყველა რუსმა გამონაკლისის გარეშე საკუთარ თავზე იწვნია ომში მყოფ ქვეყანაში ცხოვრების ყველა „ხიბლი“ - მათაც კი, ვინც ფრონტის ხაზიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს”, - ამბობს მაქსიმ ბლანტი.

გელაპის გამოკითხვის (რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან მაისამდე ტარდებოდა) შედეგები აჩვენებს, რომ სპარსეთის ყურეში ომის პიკზეც კი რუსეთის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დემორალიზებული იყო. ბოლო კვირების მოვლენები კი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ ძლიერდება. საწვავის კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება. ამასთან, უკრაინულმა უპილოტო აპარატებმა შეუფერხებლად მიაღწიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ომსკის ქარხანას, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2 500 კილომეტრითაა დაშორებული. ნავთობის ფასები კვლავ დაუბრუნდა თებერვლის ნიშნულს, ხოლო რუსეთის საექსპორტო მარკის Urals-ის ნავთობის ერთი ბარელი 40 დოლარზე ოდნავ მეტი ღირს.

ანალიტიკოსთა თქმით, ომი, რომელიც თავდაპირველად ვლადიმირ პუტინს „მცირე გამარჯვების მომტან“ კამპანიად ჰქონდა ჩაფიქრებული, შეიძლება ითქვას, რომ პუტინის პირადი დამარცხებით დასრულდა, რადგან ხელისუფლების, არმიისა და სახელმწიფო პროპაგანდის მიმართ ნდობა იმაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა, ვიდრე ომის დაწყების პირველ თვეებში იყო. შესაბამისად, ამ შეფასებით ვლადიმირ პუტინის პირადი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები“ მიღწეული არ არის და, სავარაუდოდ, ვერც მომავალში იქნება მიღწეული.

პოლიტოლოგი რუსლან აისინი

პოლიტოლოგი რუსლან აისინი დარწმუნებულია, ომით გამოწვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა საბოლოოდ დაანგრია საზოგადოებრივი შეთანხმება, რომელიც აქამდე რუსეთის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის არსებობდა.

“როდესაც ვლადიმირ პუტინი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, მან ხალხთან ერთგვარი საზოგადოებრივი პაქტი დადო: თქვენ გვითმობთ სამოქალაქო უფლებებსა და პოლიტიკურ უფლებამოსილებებს, ჩვენ კი სანაცვლოდ გარკვეული კეთილდღეობის გარანტიას გაძლევთ, - უთხრა პოლიტოლოგმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს, - ასევე გაძლევთ უსაფრთხოების, ტერორიზმისგან დაცვისა და სტაბილურობის გარანტიას. შეიძლება მდიდრულად ვერ იცხოვროთ, მაგრამ სტაბილურად მაინც იცხოვრებთ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს მართლაც მუშაობდა და ჩამოყალიბდა ე.წ. „პუტინის კონსენსუსი“. ამ კონსენსუსს მხარს უჭერდნენ როგორც მემარჯვენეები, ისე მემარცხენეები და პოლიტიკური სპექტრის ცენტრისტული ნაწილიც. მაგრამ შემდეგ მან, ისევე როგორც „პუტინის მაგიამ“, მოქმედება შეწყვიტა”.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს, კრემლში ამ აშკარა სინამდვილის მიღება არ სურთ, არა და, რუსეთი დღეს ისეთი ვითარების წინაშეა, როცა გასული საუკუნის „თავქარიანი 90-იანი წლები“ შეიძლება ბევრს Bounty-ის რეკლამაში დახატულ სამოთხედ მოეჩვენოს.

“მაშინ ყველაფრის დეფიციტი იყო, მაგრამ არავინ გირტყამდა თავში ხელკეტს და შეგეძლო, რაც გინდოდა, ის გეთქვა. საჭირო ნივთების შოვნაც შეიძლებოდა - არაოფიციალური გზებით, ნაცნობების დახმარებით ან უფრო ძვირად გადახდის ფასად. ახლა კი არც ეს შესაძლებლობები არსებობს. უფრო მეტიც, 90-იანი წლები ადამიანებს მაინც გარკვეულ პერსპექტივას აძლევდა - არსებობდა მომავლის რაღაც ხედვა. დღეს კი აღარ არსებობს არც მომავლის ხედვა და არც განცდა, რომ რაიმეს შეცვლა შესაძლებელია. ამ თვალსაზრისით, ვლადიმირ პუტინი „სისხლიანი 2020-იანი წლების“ სიმბოლოდ იქცა", - ამბობს პოლიტოლოგი რუსლან აისინი.