რუსეთში საწვავის კრიზისი სოფლის მეურნეობასაც ურტყამს - ეკონომისტები სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ილუსტრაცია. იგორ ლიპსიცი, ეკონომიკის დოქტორი

რუსეთში საწვავის კრიზისი უფრო სახიფათო ეტაპზე გადავიდა. უკრაინული დარტყმებით დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვეღარ აღდგება, ბენზინის დეფიციტი კი უკვე სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებას უქმნის საფრთხეს. ეკონომისტ იგორ ლიპსიცის თქმით, კრიზისის ყველაზე მძიმე შედეგები ჯერ კიდევ წინაა.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, 2026 წლის ივლისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. რუსეთის ქარხნები დღე-ღამეში საშუალოდ 4 მილიონ ბარელზე ნაკლებ ნავთობს ამუშავებენ - უფრო დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2005 წლის მარტში დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 1,5 მილიონი ბარელით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

გადამუშავების შემცირების გამო რუსეთმა ივლისის ბოლომდე აკრძალა დიზელის საწვავის უმეტესი ნაწილის ექსპორტი. უფრო ადრე აიკრძალა ბენზინისა და საავიაციო ნავთის ექსპორტი. Bloomberg-ის მიერ მოსკოვისა და კიევის საჯარო განცხადებების საფუძველზე ჩატარებული ანალიზის თანახმად, ბოლო 100 დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დაახლოებით 50 იერიში განახორციელეს და არსებული 34 მსხვილი ქარხნიდან 24 დააზიანეს. უკრაინის არმია აცხადებს, რომ ასეთი იერიშების მიზანი კრემლის სამხედრო პოტენციალის შესუსტებაა.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა და ოკუპირებულ ყირიმში ბენზინგასამართ სადგურებთან წარმოქმნილი გრძელი რიგების ვიდეოგადაღება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება უკვე ცალკე ჟანრად იქცა. რუსეთის ბევრმა რეგიონმა საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები დააწესა. რა შედეგები ექნება ნავთობის კრიზისს რუსეთის ბიუჯეტისა და ეკონომიკის სხვა დარგებისთვის, კერძოდ, სოფლის მეურნეობისთვის? ბენზინის დეფიციტის გარდა, კიდევ რა ცვლილებებს იგრძნობენ რუსეთის მოქალაქეები ყოველდღიურ ცხოვრებაში? ამ საკითხებზე რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-ს ესაუბრა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი იგორ ლიპსიცი.

- რამდენს კარგავს ახლა რუსეთის ბიუჯეტი ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვის გამო?

იგორ ლიპსიცი: ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება მსოფლიო ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით. აქ ორი ფაქტორია: ერთი მხრივ, ბიუჯეტი კარგავს აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ნაწილს, რომელსაც შიდა ბაზარზე ბენზინის გაყიდვიდან იღებდა, ხოლო, მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზარზე ფასების მერყეობის ფონზე საექსპორტო შემოსავლები იზრდება. ამიტომ ზუსტი შეფასება ძალიან რთულია. დანაკარგების ნაწილი კომპენსირდება იმითაც, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო ვითარება კვლავ დაიძაბა, რის გამოც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა და, შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზრდება.

საინტერესოა, რომ რუსეთი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც ნავთობიდან შემოსავლების მიღების პროცესს სრულად ვეღარ აკონტროლებს. იმას, რაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ხდება, აკონტროლებს და მართავს უკრაინა, ხოლო რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება, იმას მსოფლიო ბაზარი და, ძირითადად, ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები წყვეტენ. ანუ დღეს რუსეთის ფინანსებისა და შემოსავლების მდგომარეობას თავად რუსეთი კი არა, მთლიანად გარე ფაქტორები განსაზღვრავენ. რუსეთს მხოლოდ პასიურად უწევს ან შემოსავლების ზრდის, ან შემცირების მიღება - თავად ამ პროცესს ვეღარ მართავს. შეიძლება ითქვას, რომ ომის შედეგად ამ სფეროში რუსეთის სუვერენიტეტი მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

ასევე ნახეთ

პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

ამიტომ იმის თქმა, ზუსტად რამდენს კარგავს რუსეთი, რთულია. მაგრამ აშკარაა, რომ ზარალს განიცდის. და მთავარი ის არის, რომ ახლა რუსეთში ყველაზე მძიმე რეალობის გაცნობიერება იწყება: როგორც ჩანს, დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების საწარმოო სიმძლავრეების სრულად აღდგენა აღარ მოხდება. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი.

არადა როგორ აღიქმება ეს ვითარება თვითონ რუსეთში? დაახლოებით ასე ამბობენ, ამა და ამ ქარხანას დაარტყეს, ააფეთქეს და გაანადგურეს, მაგრამ მალევე შეაკეთებენ და ისევ ამუშავდება. ამას ამბობს როგორც პუტინი, ისე ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი - თითქოს საშიში არაფერია, ყველაფერს შეაკეთებენ, აღადგენენ და ყველაფერი ისევ ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. მაგრამ ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს ქარხნის შეკეთებას და აღდგენას, თუ მალევე კვლავ დრონი მიიტანს იერიშს და მისი მოგერიება ვერ მოხერხდება? ამიტომ არსებობს რეალური საფრთხე, რომ დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ აღარ აღდგება და რუსეთში საავტომობილო საწვავის წარმოების სიმძლავრეების ხანგრძლივი შემცირების პროცესი დაიწყება.

როგორც ჩანს, ამას თავად ნავთობკომპანიებიც აცნობიერებენ. ამიტომ ისინი ახლა სასწრაფოდ ზრდიან ნედლი ნავთობის ექსპორტს და შიდა ბაზრიდან ის ნავთობიც გააქვთ, რომელიც ადრე ბენზინისა და დიზელის წარმოებისთვის გადამუშავებაზე მიდიოდა. ამიტომ, რაც უნდა თქვას და ამტკიცოს პუტინმა, ეს კრიზისი რუსეთში ხანგრძლივი იქნება.

ასევე ნახეთ

რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა

- რუსეთის ზოგიერთ რეგიონში უკვე მიმდინარეობს მოსავლის აღება. თუ არის ცნობილი, როგორ აისახება საწვავის დეფიციტი ამ პროცესზე?

იგორ ლიპსიცი: მხოლოდ მოსავლის აღებაზე ნუ ვისაუბრებთ. როგორც კი მოსავლის აღება დასრულდება, მაშინვე დაიწყება ზამთრის კულტურების თესვისთვის მზადება და ახალი სათესი კამპანია. ამ მხრივ ვითარება ძალიან რთული ხდება, რადგან რუსეთის სოფლის მეურნეობაში ორი ტიპის მეურნეობაა - მსხვილი აგროჰოლდინგები და შედარებით მცირე ფერმერული მეურნეობები.

მსხვილ აგროჰოლდინგებს ჰქონდათ საწვავის გარკვეული მარაგი, რომელიც მოსავლის აღებისა და თესვის სეზონისთვის შეინახეს. თუმცა უკვე მათაც ეწურებათ საწვავი. მათი თქმით, ცისტერნებში დაგროვილი მარაგი მხოლოდ 10-15 დღეზე ეყოფათ, შემდეგ კი ახალი საწვავის მიღება ძალიან რთული იქნება. მცირე მეურნეობებს ასეთი მარაგი საერთოდ არ აქვთ. ისინი ახლა ცდილობენ საწვავის შევსებას, რაც თითქმის შეუძლებელია მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო: მაგალითად, ერთ კომბაინზე მხოლოდ 100 ლიტრი გაიცემა, რაც ძალიან ცოტაა, რადგან კომბაინი მუშაობის თითო საათში 30-50 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

სოფლის მეურნეობაში შექმნილი ვითარება იმის საფუძველს იძლევა, რომ სპეციალისტებმა სისტემური კრიზისის დაწყებაზე ილაპარაკონ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მუშაობა სულ უფრო ხშირად ფერხდება და ეს უკვე ქმნის იმის რეალურ საფრთხეს, რომ წელს მოსავლის 10-დან 20%-მდე (ზუსტი მაჩვენებელი ჯერ უცნობია) მინდორში დარჩება - უბრალოდ ვერ მოასწრებენ აღებას და მით უმეტეს, გამოტანას.

საქმე მხოლოდ მოსავლის აღებაში არ არის. მოსავალი ჯერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უნდა აიღონ, შემდეგ სატვირთო ავტომობილებით უნდა გადაიტანონ შესანახ ცენტრებში, იქიდან - კვების მრეწველობის საწარმოებში, შემდეგ კი - საწარმოებიდან მაღაზიებში. მთელი ეს ჯაჭვი საავტომობილო ტრანსპორტზეა დამოკიდებული.

ასევე ნახეთ

Gallup: რუსების 60%-ის აზრით, ეკონომიკური ვითარება უარესდება. ეს ბოლო 20 წლის რეკორდია

- რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი იყო. თუ მარცვლეულის ექსპორტიც შემცირდება, ეს რუსეთის ბიუჯეტზეც მძიმედ აისახება?

იგორ ლიპსიცი: დიახ, მაგრამ ამ სექტორის მნიშვნელობა არ უნდა გადავაჭარბოთ. ბევრს ჰგონია, რომ მარცვლეულის ექსპორტი უზარმაზარ სიმდიდრეს ნიშნავს. რუსეთის სახელმწიფოსთვის ეს პრესტიჟული თემაა, მაგრამ მარცვლეულის ექსპორტი სახელმწიფო შემოსავლების ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს. სოფლის მეურნეობა „ოქროს საბადო“ არ არის. კარგ წლებში შეიძლება საკმაოდ მომგებიანი იყოს, თუმცა ეს მიმართულება მთლიანობაში რუსეთის საექსპორტო შემოსავლების მხოლოდ დაახლოებით 1%-ს იძლევა. ეს რუსეთის ეკონომიკას ვერ გადაარჩენს და საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მაგრამ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის დღეს მიმდინარე მოვლენები დიდი უბედურებაა. მათ წარმოების შემცირება მოუწევთ, რის შემდეგაც რუსეთში სასურსათო კრიზისის თანდათანობით გაღრმავებაც დაიწყება.

ამ კრიზისის დასაძლევად რუსეთს ბენზინის იმპორტი დასჭირდება, თუმცა ესეც პრობლემურია. ყაზახეთი რუსეთისთვის ბენზინის მიწოდებას დიდად არ ცდილობს, ჩინეთმა კი ბენზინის ექსპორტი აკრძალა. ამიტომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ინდოეთი რჩება, თუმცა იქიდანაც საწვავის მიღება ადვილი არ იქნება.

შემდეგ თუ სასურსათო კრიზისიც გამწვავდება, რუსეთს საკვები პროდუქტების იმპორტიც მოუწევს, რათა შიმშილის თავიდან აცილება შეძლოს. სავარაუდოდ, ეს საკითხი უკვე მომავალი წლის გაზაფხულისთვის იჩენს თავს.

ასევე ნახეთ

რეკორდულად გაიზარდა რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტი

- რაც შეეხება ინფლაციას? რამდენად დიდია საწვავის წილი სურსათის ფასში? როდის აისახება ლიტრ ბენზინზე 140-რუბლიანი (ან ყირიმში უკვე 300-რუბლიანი - 100 RUB – 1,28$) ფასი მაღაზიებში სურსათის ფასებზე?

იგორ ლიპსიცი: ეს აუცილებლად დაარტყამს და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. თვითონ საწვავის გაძვირებაც, ბუნებრივია, საცალო ფასების ზრდას გამოიწვევს. ახლა ცდილობენ გამოთვალონ, რამდენად გაიზრდება ფასები. ისინი უბრალოდ ითვლიან, რამდენით გაძვირდა საწვავი, რამდენია ტრანსპორტირების ხარჯის წილი საბოლოო ფასში და ამის მიხედვით ვარაუდობენ, რამდენი პროცენტით მოიმატებს პროდუქტის ფასი. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქმე მრავალსაფეხურიან ლოგისტიკურ ჯაჭვთან გვაქვს. საქონელი ავტომობილით რამდენჯერმე გადააქვთ და ყოველ ეტაპზე ტრანსპორტირება ძვირდება. მართალია, საწვავის წილი თითოეულ ეტაპზე ძალიან დიდი არ არის, მაგრამ როდესაც ასეთი რგოლი ბევრია და თითოეულში ხარჯები იზრდება, საბოლოო ეფექტი საკმაოდ სერიოზულია. მოდით, ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ. დავუშვათ, ტრანსპორტირების ფასები გასულ წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა, ხოლო საწვავის ხარჯი პროდუქტის ფასში 5%-ია. თუ ტრანსპორტირება ოთხჯერ ხდება, საბოლოო ეტაპზე პროდუქტის ფასი დამატებით დაახლოებით 2-4%-ით იზრდება. სწორედ ამაზეა საუბარი.

თუ დღეს, მაგალითად, "როსსტატის" შეფასებით, რუსეთში ინფლაცია დაახლოებით 5%-ია, მაშინ ის 7-9%-მდე შეიძლება გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს ძირითადი საპროცენტო განაკვეთის 18-19%-მდე გაზრდა მოუწევს, რაც დღევანდელ დონეზე მნიშვნელოვნად მაღალი იქნება. ამის შემდეგ კვლავ დაიწყება ბიზნესის უკმაყოფილება, წუწუნი, რასაც მოჰყვება წარმოების ვარდნა, საწარმოების დახურვა და თანამშრომლების გათავისუფლება. ანუ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მწყობრიდან გამოსვლასა და ბენზინის პრობლემებს მოჰყვება მძიმე და ხანგრძლივი ჯაჭვური შედეგები, რომლებიც პრაქტიკულად ყველას შეეხება. დასაქმებულები სამსახურს დაკარგავენ, რადგან ქარხნები დაიხურება, ხოლო ვინც არ მუშაობს, მაგალითად, პენსიონერები, სურსათის გაძვირებით დაზარალდებიან, რადგან პენსიების ინდექსაცია არ მოხდება.

- შესაძლებელია იმის პროგნოზირება, რამდენად გაღარიბდება მოსახლეობა?

იგორ ლიპსიცი: არსებობს ასეთი ცნება - „აღქმადი ინფლაცია“. ეს არის მაჩვენებლები, რომლებსაც ცენტრალური ბანკის ექსპერტები ითვლიან. მათი შეფასებით, ის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. ანუ რუსეთში ადამიანები ამბობენ, რომ ფასების ზრდას სწორედ ამ დონეზე გრძნობენ. "როსსტატი" ოფიციალურად 5–5,5%-იან ინფლაციას ასახელებს, მაგრამ მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი ყოველდღიური სასურსათო კალათის მიხედვით, ფასები რეალურად დაახლოებით 15,5%-ით არის გაზრდილი. ახლა თავად გამოთვალეთ: იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში საშუალო სტატისტიკური ოჯახი თავისი ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს სურსათის შეძენაზე ხარჯავს, მხოლოდ ფასების ზრდის გამო საანგარიშო პერიოდში მისი კეთილდღეობა დაახლოებით 7,5%-ით მცირდება.

ასევე ნახეთ

რატომ წააგო პუტინმა "პერსონალური სპეციალური სამხედრო ოპერაცია"