ოღონდ არა ზოგადი ხატები, არამედ 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის კონკრეტული მედესანტეებისა, რომლებიც 2023 წელს დაიღუპნენ უკრაინაში. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ საკრალიზაციის მცდელობები რამდენჯერმე განხორციელდა, მაგრამ აგრესორი არმიის ჯარისკაცების ასეთი მიზანმიმართული განდიდება აქამდე არასდროს მომხდარა. მათი აზრით, ეს არა იმდენად ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევის, რამდენადაც რუსულ მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული „ახალი რელიგიის“ დაბადების დასტურია.
„ყველას შეუძლია თაყვანი სცეს ამ უნიკალურ ხატებს და ილოცოს ჩვენი ქვეყნის დამცველი ყველა ჩვენი ჯარისკაცისთვის“, წერს მიხაილ ვედერნიკოვი. პოსტს თან ახლავს ვიდეო ორი ხატის შესახებ, რომლებიც კლასიკურ სტილშია შესრულებული. ერთზე გამოსახულია წმინდა ნიკოლოზ მოჟაისკელი (მთავარი, დიდი ფიგურა), ხოლო მის ფერხთით (პატარა გამოსახულება) უფროსი პრაპორშჩიკი ნიკოლოზ სავჩენკოა. მეორეზე გამოსახულია პარიზის წმინდა მოწამე რუსტიკუსი და უფროსი ლეიტენანტი რუსლან შეიკა. ორივე რუსი სამხედრო პირი 2023 წელს დაიღუპა უკრაინაში ომში.
მე ისინი საგანგებოდ არ ამირჩევია
ხატები განთავსებულია წმინდა უვერცხლოთა, კოზმასა და დამიანეს ტაძარში. ეს არის ფსკოვის ერთ-ერთი ძველი ეკლესია კრემლის პირდაპირ (დაარსდა 1462 წელს), ფედერალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და „ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიების“ ანსამბლის ნაწილი, რომელიც 2019 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 2008 წლიდან წინამძღვარია 60 წლის მღვდელი მიხაილ ფიოდოროვი. ფსკოვის ეპარქიაში ის ხელმძღვანელობს ციხეში მღვდელმსახურების განყოფილებას, სტუმრობს მორწმუნეებს წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულების კოლონიებში. ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ფსკოვის სამმართველოში მამა მიხაილი მორწმუნეებთან მუშაობის ორგანიზების ხელმძღვანელის თანაშემწეა.
კოზმასა და დამიანეს ტაძარი, ფსკოვი
მართალია, ახალი ხატები მხოლოდ გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ გახდა ცნობილი, მაგრამ ისინი ეკლესიაში გასული წლიდან არის. ხატები დაუკვეთა დენის ივანოვმა, მეწარმემ და ფსკოვის საქალაქო დუმის წევრმა. მანვე გადაიხადა როგორც სამუშაოს საფასური, ასევე თავადაა იდეის ავტორიც, დაუდასტურა დეპუტატმა Sever.Realii-ს კორესპონდენტს. კითხვას, თუ რატომ შეირჩნენ მაინც და მაინც შეიკა და სავჩენკო „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს დაღუპული 1000-ზე მეტი ფსკოველიდან, ივანოვმა უპასუხა: „ასე მოხდა. ისინი საგანგებოდ არ შემირჩევია“. მან თქვა, რომ თავდაპირველად ოთხი ასეთი ხატი იყო ჩაფიქრებული, მაგრამ კიდევ ორმა ოჯახმა არ წარადგინა დაღუპულთა სურათები.
ასევე ნახეთ გენერალი მარკ კიმიტი: „დიდი ალბათობით, ომის მეხუთე წლისთავსაც ვიხილავთ“ივანოვმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. რედაქციამ ვერ შეძლო თავად ხატმწერთან დაკავშირება.
ხატებზე გამოსახული ორივე მედესანტე პროფესიონალი ჯარისკაცი იყო. ორივე მსახურობდა ფსკოვში განლაგებულ 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში და პირველივე დღიდან მონაწილეობდა უკრაინასთან ომში. მათი „გმირული სიკვდილის“ დეტალები ოფიციალურ ანგარიშებში არ არის ნახსენები.
რუსლან შეიკა
რუსლან შეიკა (1995 წლის 31 ოქტომბერი - 2023 წლის 9 აგვისტო) - მედესანტე ოფიცრის ვაჟი - დაიბადა ფსკოვში. მას შემდეგ, რაც რიაზანის საჰაერო-სადესანტო სკოლა გვარდიის უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაამთავრა, იგი საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ოცეულის მეთაურად მსახურობდა. ის „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას“ დაიღუპა ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე. მან სიცოცხლეში დაიმსახურა სუვოროვის მედალი, უკვე სიკვდილის შემდეგ კი - „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მე-4 კლასის ორდენი ხმლებით. 2024 წლის ნოემბერში მის პატივსაცემად მემორიალური დაფა დამონტაჟდა მე-8 ლიცეუმის კედელზე, სადაც შეიკამ ბოლო ორი წელი, მეათე და მეთერთმეტე კლასები გაატარა. მანამდე მან ფსკოვის მართლმადიდებელი გიმნაზია (ყოფილი ფსკოვის მგალობელთა სკოლა) დაამთავრა. რუსლანის დედამ, ლიუბოვ შეიკამ, Sever.Realii-ს კორესპონდენტთან საუბარზე უარი თქვა: „ჩემს ვაჟზე ლაპარაკი არ შემიძლია“.
ნიკოლაი სავჩენკო
ერთი თვის შემდეგ მემორიალური დაფა დაამონტაჟეს ნიკოლაი სავჩენკოს (1981 წლის 17 მარტი - 2023 წლის 18 სექტემბერი) პატივსაცემადაც შესტაკის ქუჩაზე მდებარე სახლის კედელზე, სადაც ის ცხოვრობდა. ის დაიბადა კრასნოდარის მხარის სოფელ ჩელბასიში. ის ჯარში გაიწვიეს და სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა 76-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე დივიზიასთან. მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა „სპეცოპერაციებში“. ის ფსკოვში დაქორწინდა და დარჩა ქვრივი, ნატალია, სკოლის ასაკის ქალიშვილი და ზრდასრული ვაჟი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა, ისიც მედესანტე გახდა. დანიილ სავჩენკო, მამის მსგავსად, „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ აღმოჩნდა მატერიალური უზრუნველყოფის იმავე ასეულში. ზაპოროჟიეს ოლქში „საბრძოლო მისიის შესრულებისას“ ნიკოლაის დაღუპვის შემდეგ მისი ვაჟი ასეულის ზემდეგის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გახდა.
ასევე ნახეთ "თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის..." - რა აშინებს მოსკოვს, ირანში აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საბრძოლო ოპერაციის დაწყების შემდეგ„ფორმალური კანონიკურობა ჯერ არ არის მთელი თეოლოგია“
ნიკოლოზ მოჟაისკელი და რუსტიკუს პარიზელი მედესანტეებთან ერთად არის ეკლესიისთვის შეწირული ხატები. შეიკა და სავჩენკო ხაზგასმით მცირე მასშტაბით არიან გამოსახული იმ ადგილას, რომელიც ხატებზე ტრადიციულად გამოყოფილია შემომწირველისთვის, ან მათთვის, ვისთვისაც შესთხოვენ ისინი ლოცვებს.
ხატმწერი ალექსანდრი (სახელი შეცვლილია მისივე თხოვნით) ამბობს, რომ ტრადიციული პერსპექტივიდან არ არის ფორმალური დარღვევები: ჯარისკაცების ზემოთ არ არის ნიმბები და ისინი არ არიან ხატზე ერთადერთი ან მთავარი პერსონაჟები. ანუ ხატმწერი არ სცილდება საზღვრებს:
„ვინმე რომ შეეცადოს ნიმბით ადამიანის გამოსახვას, ეს უკვე უკანონო იქნებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ნიმბებით იყვნენ გამოსახულნი კანონიზაციამდე - ეს არასწორია. მაგრამ აქ რატომ არ შეგვიძლია, მაგალითად, საყვარელი დიდი დეიდის გამოსახვა: როგორ აღავლენს ლოცვას ღვთისმშობლისადმი? შეგვიძლია. ასეთი გამოსახულების მიზანია ადამიანის ღმერთთან კავშირის ხაზგასმა ან საკუთარი თავისა და სხვებისთვის იმის შეხსენება, რომ [ადამიანისთვის] განსაკუთრებული საშუალებით ლოცვაა საჭირო“.
ხატის ავტორი აშკარად უჭერს მხარს ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ იდეებს.
„ვინაიდან ამ გამოსახულებაში მხოლოდ ერთ მხარეს წარმოვადგენთ, აშკარად ვაჩვენებთ, რომ ვემხრობით მას. ამ შემთხვევაში, წმინდანების წინაშე მდგომად მხოლოდ ერთ-ერთ მეომარ მხარეს ვაჩვენებთ, ხოლო მეორე მხარის შესახებ არაფერი ითქმის, არ იგულისხმება. ასე რომ, დიახ, ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერაა“, განმარტავს ხატმწერი.
ფორდჰემის უნივერსიტეტის მართლმადიდებლობის კვლევების ცენტრის კომუნიკაციების დირექტორის, სერგეი ჩაპნინის თქმით, უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ამსახველი ხატების შესახებ ამბავი სკანდალურად გამოიყურება. ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ორი საკითხი, რამდენად დასაშვებია და რამდენად დროულია ასეთი გამოსახულებები. ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვანია თეოლოგიური თვალსაზრისით:
სერგეი ჩაპნინი
„მართლმადიდებელი ლიტურგიკული ხელოვნების პერსპექტივიდან, თავად გამოსახულების ფაქტში მოულოდნელი არაფერია. ფსკოვის ხატები ჯდება შეწირული ხატების მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში. საკმარისია გავიხსენოთ XII საუკუნის მოზაიკა პალერმოს მარტორანას ეკლესიაში მართლმადიდებელი სიცილიელი ადმირალი გიორგი ანტიოქიელი აქ გამოსახულია ღვთისმშობლის ფეხებთან დახრილი, ლოცვის პოზაში. მსგავსი პრაქტიკა ცნობილია რუსულ საეკლესიო ხელოვნებაშიც - უძველეს ფრესკებში, ნაქარგებში და ქტიტორულ (ქტიტორი არის ეკლესიისთვის შემწირველი ან მფარველი - რედ.) ხატებში. ეკლესიის მშენებელი, შემწირველი, დაღუპული და მოხსენიებული მეომარი - ყველა შეიძლება იყოს გამოსახული ღვთისმშობლის ან მისი მფარველი წმინდანის ფეხებთან.
წმინდანის წინაშე ლოცვის პოზაში მყოფი ადამიანის გამოსახვა არ არის კანონიზაცია ან წმინდანად გამოცხადება, ხაზს უსვამს ჩაპნინი.
ასევე ნახეთ „ვიცხოვრებთ ელიტასავით!!!“ რამდენს შოულობენ და როგორ მდიდრდებიან რუსი გენერლები ომით?„ეს არის ლოცვის, შუამდგომლობისა და შეწევნის გამოსახულება. ცოცხალი იქნება თუ გარდაცვლილი, ადამიანი ლოცვით მიმართავს წმინდანს - და აქ არ არის პრეტენზია, რომ ის თავად არის თაყვანისცემის ობიექტი. ხატი ადასტურებს არა მის სიმართლეს, არამედ წმინდანების ღმერთთან შუამავლობის გულწრფელ მოთხოვნილებას. თეოლოგიური თვალსაზრისით, ეს პოზიცია მოკრძალებულია და არა ამპარტავანი. ამრიგად, ფსკოვის ხატი კანონიკური ნორმის ფარგლებშია და არა მის მიღმა.
თუმცა, ჩაპნინის თქმით, კონტექსტი და განზრახვა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„გიორგი ანტიოქიელმა პალერმოში ეკლესია საკუთარი ინიციატივით, პირადი ღვთისმოსაობით ააშენა. ფსკოვის ხატები სხვა კონტექსტში ჩნდება: ისინი ჩნდება როგორც ელემენტი სახელმწიფო მობილიზაციისა, რომელსაც ეკლესიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გულწრფელად დაუჭირა მხარი. და ეს რადიკალურად ცვლის მოვლენის თეოლოგიურ ხასიათს. ეს აღარ არის იმდენად ქტიტორებისადმი პატივისცემის ჟესტი, რამდენადაც პოლიტიკური გადაწყვეტილების პირდაპირი რელიგიური სანქცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებისადმი მიმართული პოლიტიკური ლოიალობის სიმბოლო უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე გამოსახულება ლოცვისა, რომელიც წმინდანებისადმია მიმართული.
კითხვა, რომელსაც ტრადიცია ყოველთვის გადამწყვეტად მიიჩნევდა, ასე ჟღერს: ეს ხატი მლოცველს ღვთის სასუფევლისკენ მიმართავს თუ ამ მიწიერი სამყაროსკენ? მონანიებისკენ თუ იდეოლოგიური მობილიზაციისკენ? აი, სად გადის გამოსახულებების აღქმის ნამდვილი საზღვარი. და ეს იკონოგრაფიული კანონის საზღვარი კი არ არის, არამედ ჩვენი რწმენის ესქატოლოგიური საზღვარია“, ამბობს სერგეი ჩაპნინი.
ასევე ნახეთ "ბოროტი ექიმი", რომელმაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები აწამა მორდოვეთის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ კოლონიაში (გამოძიება)„ფაქტობრივად ხდება მათი სიკვდილის საკრალიზაცია“
ხატმწერმა სცადა ფსკოვის მედესანტეები „წმინდა სივრცეში შეეყვანა, ისე, რომ დიდად არ დაფიქრებულა, როგორ დაესაბუთებინა ეს“, აღნიშნავს მართლმადიდებელი მღვდელი და თეოლოგი ანდრეი კორდოჩკინი. ეს დარღვევა კი არ არის, არამედ კანონის ახალი ინტერპრეტაცია უფროა:
მღვდელი ანდრეი კორდოჩკინი
„[მოსკოვის] შეიარაღებული ძალების ტაძრის შემდეგ ძნელია კანონზე საუბარი. კანონი ცოცხალი რამაა - ის იცვლება. მაგრამ ისევე, როგორც ომის დაწყების შემდეგ წაიშალა სიკეთისა და ბოროტების ცნებები, ამ ტაძრის შემდეგაც შეიძლება ითქვას, რომ არავითარი კანონი არ არსებობს: ყველაფერი შესაძლებელია. ხვალ რომ ხატზე ბუდიონი ან ჟუკოვი დავინახო, აღარ გამიკვირდება“, ამბობს კორდოჩკინი.
ის ფსკოვის ახალ ხატებში ხედავს იმ ტონის გაგრძელებას, რომლის მიმცემია ჯარისკაცთა მოზაიკები მოსკოვის შეიარაღებული ძალების ტაძარში, მაგრამ არსებობს პრინციპული განსხვავებებიც.
„იმ ტაძარში ჯარისკაცები ძირითადად ზოგადად არიან გამოსახულნი - როგორც დიდი სამამულო ომის „მონაწილეები“ ან „ინტერნაციონალისტი ჯარისკაცები“, სახელების გარეშე, კონკრეტული პირების მითითების გარეშე“, ამბობს თეოლოგი. „თუმცა, ვიცით, რომ იქ სცადეს პუტინის, შოიგუსა და სხვების გამოსახვა მოზაიკაში („ყირიმის ანექსიის“ შესახებ). და საჯარო სკანდალის შემდეგ გადაწყვიტეს, უკან დაეხიათ. მაგრამ აქ გვაქვს პრინციპული სიახლე: ამ ომის კონკრეტული მონაწილეების გამოსახვა ეკლესიის წმინდა სივრცეში. ფორმალურად, ეს მათ წმინდანებად არ აქცევს: დიახ, ტრადიცია იძლევა არაკანონიზებულ პირთა გამოსახვის საშუალებას - ნიმბების გარეშე. მაგრამ ხატზე მათი ყოფნა ჯდება ეკლესიის იერარქების მიერ უკვე ჩამოყალიბებულ ნარატივში, მათ შორის ფსკოვში: რომ ომში ჯარისკაცების სიკვდილი მოწამებრივი სიკვდილის ტოლფასია. და ამ გაგებით, ფაქტობრივად, ხდება მათი სიკვდილის საკრალიზაცია. საინტერესოა, რომ პროფესიონალ ჯარისკაცებსა და, მაგალითად, შეიარაღებულ სისხლის სამართლის დამნაშავეებს შორის განსხვავება აქ საერთოდ არ არის განსაზღვრული.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ესთეტიკა. სტილისტურად, შეიარაღებული ძალების ტაძრის მოზაიკა გაცილებით უფრო ახლოსაა მოსკოვის მეტროსთან, ვიდრე მართლმადიდებელ ეკლესიასთან. აქ კი ტრადიციული ძველი რუსული იკონოგრაფიული სტილი ძალიან კარგად არის შენარჩუნებული. და ამის გამო, ხატზე ამ ადამიანების ყოფნა რაღაც "თავისთავად ცხად რამედ" გამოიყურება“.
ასევე ნახეთ 106 წელი რუსეთის ეკლესიის ტყვეობაში– მაგრამ ეს ხომ არ არის "თავისთავად ცხადი რამე"?
– რა თქმა უნდა, არა. ისინი აშკარად გამოსახული არიან არა როგორც ადამიანები, რომლებმაც ბოროტმოქმედებები ჩაიდინეს, არამედ წმინდანებთან ერთობაში. და მთავარი ის არის, რომ მათი გამოსახულებები ხატისა და ეკლესიის წმინდა სივრცეში შეიყვანეს. ეს მათი კანონიზაციის მცდელობაა - არა ფორმალურად, არა ოფიციალური აქტით, არამედ იმ გაგებით, რომ მათი გამოსახულება ეკლესიის კანონში შეიყვანეს. ეს მორალური შეფასებაა. მათი მასშტაბი, რა თქმა უნდა, წმინდანის მასშტაბზე ნაკლებია, მაგრამ ის მაინც მეტია, ვიდრე „საქმეების გამართლება“. ეს არის ეკლესიის სივრცეში გამოსახულების შემოტანა, როგორც ნორმატიულისა.
ხატის ფრაგმენტი - წმ. ნიკოლოზ მოჟაისკელი
რუსეთში დიდია „სამხედრო წმინდანებზე“ მოთხოვნა, ამბობს ანდრეი კორდოჩკინი. მხედართმთავარ ალექსანდრ სუვოროვის კანონიზაცია ფაქტობრივად უკვე დაწყებულია. ყველაზე მშვიდობისმოყვარე რუსი წმინდანებიც კი „ფრონტზე“ არიან მობილიზებული. მაგალითად, წმინდა სერაფიმე საროველი ბირთვული იარაღის მფარველად გამოცხადდა - მხოლოდ იმიტომ, რომ საროვში, მის დანგრეულ მონასტერში ომის შემდეგ მოაწყვეს დახურული ბირთვული ლაბორატორიები.
უცნობია, მიუძღვით თუ არა ნიკოლაი სავჩენკოს და რუსლან შეიკას რაიმე განსაკუთრებული წვლილი ეკლესიის წინაშე. თუმცა, თუ ისინი მონათლულები და მორწმუნეები იყვნენ, ეს მათ არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, პირიქით, ეს მას ხაზს უსვამს, ამბობს მამა ანდრეი:
– მაშინ ეს დანაშაულია არა მხოლოდ ადამიანის შესახებ ჰუმანისტური წარმოდგენების, არამედ მათი რწმენის წინააღმდეგაც. მათი მორალური არჩევანი კიდევ უფრო მძიმდება.
– ფიქრობთ, რომ საერო ხელისუფლება უფრო მეტად არის ასეთი ხატების ინიციატორი, თუ ისინი შეიძლება ეკლესიის შიგნით წარმოიშვას?“
– ეს მტკივნეული თემაა. ხშირად ამბობენ, რომ „ეკლესია სახელმწიფოს ინსტრუმენტად იქცა“. ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, მას არ ესმის პროცესების სიღრმე. ახლა ასეთი რამეები ხშირად კეთდება არა ბრძანებით, არამედ გულწრფელად. მღვდლების მიერაც, ბერების მიერაც და ხატმწერების მიერაც. ამიტომ, გარკვეული თვალსაზრისით, გამიჯვნა „ეკლესია - სახელმწიფო“ აღარ არსებობს. არსებობს ზოგადი მილიტარისტული აჟიოტაჟი, რომლის დროსაც ადამიანები თავს სახელმწიფოს მოქალაქეებადაც აღიქვამენ და ეკლესიის წევრებადაც და არ იზიანებენ ამას. პარადოქსი ის არის, რომ ფაქტობრივად საქმე ეხება ახალ რელიგიას, რომელშიც სახელმწიფო იღებს ეკლესიის ფუნქციას: სახელმწიფო ხდება ის, რომლის მეშვეობითაც ღმერთი „მოქმედებს დედამიწაზე“, ეკლესია კი ლიტურგიკულ დანამატად იქცევა.
რუსული მაგალითი საინტერესოა იმით, რომ ეკლესია ფორმალურად გამოყოფილია სახელმწიფოსგან და რუსეთის საზოგადოება, მთლიანობაში, ძალიან სეკულარულია ევროპასთან შედარებით. მაგრამ ამ სეკულარიზმის ფონზე სახელმწიფო ხელს უწყობს ირანის მსგავს მოდელს: ეკლესია და სახელმწიფო ხელისუფლება განუყოფელი ხდება, თეოკრატიის ფორმაა. პუტინი უკვე მსჯელობს არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორც მქადაგებელი. ხოლო პატრიარქი, როდესაც ის საუბრობს „სამშობლოს მოღალატეებზე“, ჟღერს როგორც ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ეს არის სტილისტური ჩანაცვლება, რომლის უკანაც შინაარსობრივი ჩანაცვლება დგას.
ხატები ეკლესიის ინტერიერში
– ომის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ორაზროვანია. საზოგადოებაზე როგორ მოქმედებს ასეთი ხატების გამოჩენა, თუკი იქ არიან ადამიანები, რომლებიც ომს არ უჭერენ მხარს?
– ხალხი სხვადასხვანაირად იქცევა. არსებობს სამი მოდელი. პირველი არის ის, რომ ადამიანები მთლიანად ტოვებენ ეკლესიას ან წყვეტენ ღვთისმსახურებაში მონაწილეობას. მეორე არის ის, რომ ადამიანები ტოვებენ ტაძრებს, რომლებიც ღიად ქადაგებენ „წმინდა ომს“ და ეძებენ უფრო ნეიტრალურ ადგილებს (ომის ღიად მოწინააღმდეგე ტაძრები პრაქტიკულად აღარ არსებობს). მესამე არის ის, რომ ადამიანები რჩებიან, რადგან შეეჩვივნენ ტაძარს, მრევლს, მღვდელს. თუნდაც იმ ეკლესიის მაგალითი ავიღოთ, სადაც მამა ალექსი უმინსკი მოღვაწეობდა: მისი გარიცხვისა და მისი სულიერი ანტიპოდის დანიშვნის შემდეგ გარკვეული რაოდენობის ხალხი მაინც დარჩა - რადგან იქ იყვნენ სხვა, „ხანდაზმული“ მღვდლებიც, რომლებსაც იცნობდნენ. ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა.
ასევე ნახეთ ქალი პატრიარქ კირილეს ცხოვრებაში - ცოლი თუ გარე ბიძაშვილი?„ეს ხატები საკმაოდ სწრაფად გაქრება“
ნაკლებად სავარაუდოა, რომ არაერთგვაროვანი კონტექსტის მქონე ხატები წინამძღვრის ნების საწინააღმდეგოდ გამოჩენილიყო ეკლესიაში.
„რუსეთში ტაძრები ვერტიკალურად არის სტრუქტურირებული: თუკი დასავლეთში გადაწყვეტილების მიღების ცენტრია სამრევლო საბჭო, ჩვენთან უკანასკნელი სიტყვა, როგორც წესი, წინამძღვარს ეკუთვნის. მათ შორის იმიტომაც, რომ ის ხშირად იხდის ეკლესიის ხატების ფულს. რა თქმა უნდა, ხდება, რომ ხატებს სწირავენ. მაგრამ სწირავენ არა „ნებისმიერ ტაძარს“: დონორი ეკლესიას გარკვეული მიზეზის გამო ირჩევს - ხშირად წინამძღვართან კავშირის გამო. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ხატები წინამძღვრის ნების საპირისპიროდ გამოჩნდა“, ამბობს კორდოჩკინი.
ხატის დეტალი - წმ. ნიკოლოზ მოჟაისკელი ნიკოლაი სავჩენკოსთან ერთად
ხატმწერი ალექსანდრი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის მხარდაჭერა ეკლესიის იერარქიის უმაღლესი რგოლებიდან მომდინარეობს. ამიტომ ასეთი ინიციატივები ეკლესიის შიგნით არ იწვევს წინააღმდეგობას:
„თუ ვისაუბრებთ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე როგორც ინსტიტუტზე და იმაზე, რომ მას წარმოადგენს პატრიარქი კირილი, ის თავის პოზიციას საკმაოდ ნათლად გამოხატავს. და მე ასე მესმის, რომ ბევრი „სამხედრო სალმის პოზაში დგება“ და იღებს კონსენსუსს, რომელსაც მათ უხმოვანებენ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად ძირითადად მიჰყვებოდა ხელისუფლების მიერ დადგენილ ცხოვრების წესებს - როგორც საეკლესიოს, ასევე საეროს. ეს ასე იყო საბჭოთა პერიოდშიც: ის არსებობდა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ჩარჩოებში და შეეჩვია ამ რეჟიმს“.
ამავე დროს ხატმწერი აღნიშნავს, რომ ქრისტიანობაში არსებობდა ხატების ხელახლა გადაწერის უძველესი პრაქტიკა, როდესაც მათი შინაარსი აღარ შეესაბამება პოლიტიკურ მომენტს. ნათელი მაგალითია Pala d’Oro წმინდა მარკოზის ბაზილიკაში, სადაც დოჟის, ორდელაფო ფალიეროს მინანქრის გამოსახულებას მოგვიანებით თავი გამოუცვალეს და ნიმბი დაამატეს. კიდევ ერთი ტიპური მაგალითია რავენის წმინდა აპოლინარი ნუოვოს ბაზილიკის მოზაიკა: მას შემდეგ, რაც ქალაქი ბიზანტიის მმართველობის ქვეშ მოექცა, კომპოზიციიდან ამოიღეს თეოდორიხ დიდისა და მისი კარის ფიგურები და ნეიტრალური დეკორაციებით ჩაანაცვლეს. სვეტებზე დღემდე ჩანს ამოღებული ფიგურების „ხელები“.
„დროთა განმავლობაში ბევრი ხატი, ფრესკა და მოზაიკა გადაკეთდა, რადგან ისტორიული რეალობები შეიცვალა. შესაბამისად, აქაც შეგვიძლია ვილაპარაკოთ რეალობის პოტენციურ ცვლილებაზე და გამოსახულების პოტენციურ „კორექტირებაზე“. ასე ვთქვათ, გამოსახულებაზე, რომლის ვადის გასვლის თარიღი რეჟიმის სიცოცხლის (ან თითქმის) ხანგრძლივობის ტოლია“, მიიჩნევს ალექსანდრი.
ანდრეი კორდოჩკინიც ეთანხმება იმას, რომ ფსკოვის მედესანტეების ხატები მარადიული არ არის:
„პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება - ისტორიამ არ იცის უცვლელი პოლიტიკური სიტუაციები. მაგრამ საეკლესიო საზოგადოება ბუნებით საკმაოდ ინერტულია: იქ ცვლილებები ბოლოს მიდის. მეორე მხრივ, რუსეთის საეკლესიო საზოგადოება ტრადიციულად ახერხებდა საკმაოდ სწრაფად რეაგირებას საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებზე. ვფიქრობ, თუ სამხედრო დამნაშავეებს გაასამართლებენ, ეს ხატები საკმაოდ სწრაფად გაქრება“.
ასევე ნახეთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და КГБ: ფაქტები