ავტორი: მარიამ ქალებაშვილი

რა იმედია ცეცხლის გარდამოსვლა? რა საჭიროა ცეცხლი, როცა შეიძლება, ამის სანაცვლოდ, ვინმე განიკურნოს, ვინმე გაცოცხლდეს? მაგალითად, შრი ლანკას ეკლესიებში ტერაქტის შედეგად დაღუპულები.. ან, გამოვიდნენ დილით პარიზელები და ღვთისმშობლის ტაძარი დახვდეთ განახლებული.. ან აღმოგვეჩინა, რომ ოკუპანტებს თავისი ხელით მოუხსნიათ მავთულხლართები და უკან დაბრუნებულან, სამხედროობა სამოქალაქო პირობაზე გაუცვლიათ. ან თუ ადამიანების იმედი თავად ღმერთს გადაუწურავს და ჩაუქნევია ხელი, მაშ, ცეცხლის გამოგზავნის ნაცვლად, რატომ ყინულად არ გაეფინება ანტარქტიკის ერთგულ პინგვინებს? ათას ამბავში შეიძლებოდა მკვდრეთით აღდგომა. თუ სასწაულია, მადლიანი მაინც იყოს. ამ ცეცხლს რა ხეირი აქვს? გულებს რატომ არ ეკიდება? სიყვარულს რატომ არ ავრცელებს? მხოლოდ სანთლიდან სანთელზე გადადის, ქვეყნიდან ქვეყანაში დამოგზაურობს და ფულზე იყიდება. რატომ უნდა იყიდებოდეს სიწმინდე? ვაი თუ, უწმინდურმა იყიდოს გულის მოსაფხანად? ტელევიზორში რომ ვუყურებდი ცეცხლის გადმოსვლას, აღდგომის ტაძრის განათებას, ჟრუანტელი მივლიდა, მიხაროდა. ახლაც ალბათ ასე მოხდება, გული მაინც ამიჩუყდება, ტელევიზორს თუ ჩავრთავ (აი და, არ ყოფილიყო ტელევიზორი?). სინამდვილეში ცეცხლი კი არა, ამდენი ხალხის ჟრიამული და მათი მოლოდინი, მათი იმედი მიჩუყებს გულს. დგანან ტაძარში დაღლილები, არც ახსოვთ თავიანთი სამსახურები, მოძრავი თუ უძრავი ქონება... დგანან და ელიან, რომ ღმერთი კიდევ მოიღებს ცეცხლის სახით დასტურს იმისა, რომ არ მიუტოვებია სამყარო. ხომ უცნაურია ცეცხლი? ხან ჰბუგავს, ხან აიმედებს. თუ რობერტ ფროსტის ერთ პატარა ლექსს დავუჯერებთ და დავუშვებთ, რომ სამყარო ორჯერ დაიღუპება, მაშინ მოგვიწევს, ყინულის ძალაც გამოვცადოთ. მაგრამ განა ეს ის ყინულია, რომელზეც პინგვინები ბინადრობენ? არა, ეს ჩვენი გულის უცნაური ყინულია, ახლო-მახლო რომ კედლებს ანუ სასახლეებს აშენებს, უფრო შორს კი აისბერგებს ადნობს. ასეთია გულის ძალა. ღვთაებრივ ცეცხლს დავუბრუნდეთ. თუ დასაწყისში ჩამოთვლილ სასწაულებს არ მოჰგვრის ქვეყანას, იქნებ ახალი აბიბოს ნეკრესელი მაინც მოუვლინოს ცეცხლთაყვანისმცემლობაზე წყლის დასასხმელად? უკვე ბევრი რიტორიკული კითხვა დავსვი. შესაძლოა არის მათში ზოგი რამ გადაკვრით თქმული, მაგრამ მერწმუნეთ, სულაც არ მინდა, ცეცხლის გაწვევით იმედი გადაუწუროს ვინმეს. თუნდაც, ნუ დაუშრეტს სააღდგომო ცეცხლს, მაგრამ იქნებ იმედი გაზრდილ სულიერ მოთხოვნილებებსაც გამოუგზავნოს!

მარიამ ქალებაშვილი