მოკლედ
- „საბოტაჟის საქმეზე“ სასამართლო სხდომები ახლა კვირაში ორჯერ გაიმართება
- ოპოზიცის ბრალდებული პოლიტიკოსები მიიჩნებენ, რომ ამას ორი მიზეზი აქვს - „ოცნების“ ვაჭრობა დასავლეთთან და ოპონენტების დაშინება
- საბოტაჟი, მტრულ საქმიანობაში დახმარება, მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ და მატერიალური მხარდაჭერა - ეს არის ძირიტადი ბრალდებები
- პარალელურად, პარლამენტში დარეგისტრირებულია კანონპროექტი უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებაზე, რაც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის საქმეს უკავშირდებოდეს
აქამდე “საბოტაჟის საქმის” სხდომები თვეში ერთხელ ტარდებოდა.
11 ივნისის პროცესზე ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ კიდევ ერთხელ დააყენა მოსამართლე თამარ მახარობლიძის აცილების საკითხი - რაც ამჯერად სწორედ შეთანხმებული გრაფიკის შეცვლას უკავშირდებოდა.
“ეს გადაწყვეტილება არის პროგნოზი მისაღებ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე, რომ ის [მოსამართლე მახარობლიძე] უსიტყვოდ აპირებს გაიზიაროს და დაემორჩილოს ბრალდების მხარის ყველა მოთხოვნას და მითითებას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა [სხდომების გრაფიკის შეცვლა] და მასზე მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დასაბუთებადი არ არის”, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ, სხდომის დასრულების შემდეგ. მისი შეფასებით, მოსამართლე მახარობლიძე ვერ უზრუნველყოფს საქმის მიუკერძოებელ განხილვას.
თამარ მახარობლიძის აცილების შუამდგომლობა, ასევე უშედეგოდ, ადვოკატებმა 2026 წლის თებერვალშიც დააყენეს - მათ შორის, ბრალდებული პოლიტიკოსების შესახებ წარსულში გაკეთებული “ნეგატიური, დაუსაბუთებელი და მიკერძოებული მოსაზრებების” გამო. ის ცნობილია “ქართული ოცნების” პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებითაც. მოსამართლე მახარობლიძე სასამართლო სისტემაში 2024 წელს მივიდა.
ასევე ნახეთ
პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ"საბოტაჟის საქმეში" ბრალდებულია 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი:
- ელენე ხოშტარია
- ნიკა გვარამია
- მიხეილ სააკაშვილი
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
- გიორგი ვაშაძე
- ნიკა მელია
- მამუკა ხაზარაძე
- ბადრი ჯაფარიძე
11 ივნისის სხდომას არ ესწრებოდნენ: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე.
“საბოტაჟის საქმეში” ბრალდებულთაგან სამი პოლიტიკოსი [სააკაშვილი, ხოშტარია, მელია] სხვადასხვა საქმეზე არიან გასამართლებული და ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან; საპატიმროში ისხდნენ დანარჩენებიც - სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისიის”] სხდომაზე არგამოცხადების გამო.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი პროცესების გახშირებას ბრალდების მხარის ზოგადი ვალდებულებით ხსნის - “ეფექტურად განახორციელოს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა”. სხდომის დასრულების შემდეგ, პროკურორმა განმარტა, რომ “თითოეული მტკიცებულების გამოკვლევას სჭირდება იმაზე მეტი დრო, ვიდრე გონივრულიც შეიძლება იყოს” და “ამის ნათელ მაგალითად” დაასახელა 11 ივნისის პროცესი - როდესაც ბრალდების მხარემ დასაკითხად წარადგინა სამი მოწმე, თუმცა მხოლოდ ერთის დაკითხვა მოესწრო.
პროკურატურისდასახელებული მიზანი არადამაჯერებელია თავად ბრალდებულებისთვის.
“ჩქარობენ და უნდათ, რომ სწრაფად დაამთავრონ. რასაც ამბობენ და ეს ტელეფონზეც გვითხრეს, რომ “სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულებისთვის” არის აუცილებელიო - რაც ბოდვაა. სამი კვირის წინ არ იყო აუცილებელი და უცებ აუცილებელი გახდა?! ალბათ ამით სიგნალს უგზავნიან ამერიკელებს, რომ - ან დავლაგდეთ სწრაფად, თუ არა და აგერ ამათ ყველას შევყრით ციხეში… პირობები, რომლებიც თავად უნდათ ალბათ. არ მჯერა, რომ ეს 11 ივნისი [სხდომის გადმოტანა] შემთხვევითი ამბავია. დღეს არის შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, როდესაც საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი განიხილება”, - განაცხადა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, სხდომის დასრულების შემდეგ.
ზურა ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ისევ დაიჭირონ და რომ პროცესების დაჩქარების მიზანი დაშინება იყოს - თუმცა, როგორც ამბობს - დაჭერის შიში დიდი ხნის წინ გადალახა.
ასევე ნახეთ
"რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ მოგვიანებით" - კობახიძე რუბიოს განცხადების პასუხად“საბოტაჟის საქმის” კიდევ ერთმა ბრალდებულმა - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ 11 ივნისს განაცხადა, რომ - “ქართული ოცნება” – “აგროვებს პოლიტიკურ პატიმრებს”, რათა შემდეგ ამით ივაჭროს დასავლეთთან, მაგრამ “პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოიპოვებს ამ ქვეყნის სათავეში მუდმივად ყოფნის უფლებას”.
„დღევანდელი სხდომა შემთხვევითი არ არის, ეს ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ჩატარებული სხდომაა… იქნება შიდა ვაჭრობა, რომელიც „ქართული ოცნების" სურვილს უკავშირდება, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს - არა ახალი არჩევნებით - რადგან უკვე თავისი პირობებით ჩატარებული არჩევნებისაც ეშინია, არამედ ოპოზიციის პარლამენტში დაბრუნებით”, - თქვა გვარამიამ, რომელიც დარბაზიდან სხდომის დასრულებამდე, ყველაზე ადრე გამოვიდა. დასძინა ასევე, რომ ამ ქვეყანაში აღარ მოხდება “შარლ მიშელი 2”, რაც ნიშნავს, რომ - ოპოზიცია პარლამენტში არ დაბრუნდება.
ასევე ნახეთ
უცხოელ პატიმრებს გააძევებენ - რას ითვალისწინებს და ვის შეეხება ახალი კანონპროექტი?შესაძლებელია თუ არა, რომ პროცესის დაჩქარება უკავშირდებოდეს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო პაკეტს - უცხოელი მსჯავრდებულების ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რის საფუძველზეც გაჩნდა ეჭვი რომ შესაძლოა, ეს ინიციატივა მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არ იცნობენ დაგეგმილ ცვლილებებს.
“ნამდვილად არ ვიცი, “ოცნება” რა კანონპროექტს რატომ იღებს… ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია, რომ - მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, უნდა იყოს საქართველოში და უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი... უკრაინა მუშაობს ამ თემაზე და პატივს ვცემთ უკრაინის პოზიციას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი ფავლენიშვილმა.
დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოელ მსჯავრდებულებს შესაძლოა სასჯელის მოუხდელი ნაწილი ქვეყნიდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალოთ. პროექტში დადგენილია სასჯელის კონკრეტული ვადები, რომლის მოხდის შემდეგაც, თითოეული უცხოელის საქმეს, სავალდებულო წესით განიხილავენ. გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო. საბჭოს გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აღასრულებს. გასაჩივრება შესაძკებელია, მაგრამ გაძევების პროცესს არ აჩერებს.
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ოთხ საქმეზე. ჯერ ისევ განიხილება ე.წ. “7 ნოემბრის საქმე” და ე.წ. საბოტაჟის საქმე.
პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი
11 ივნისს პროკურორმა ხუბეჯაშვილმა დახურული სხდომიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომ მოწმედ დაკითხული იყო საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი - „რომელიც იმყოფებოდა პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის ადგილზე” და მისი ნაამბობი ელენე ხოშტარიას უკავშირდება.
“აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების დროს აღმოჩენილი იყო ისეთი ნივთები და ნივთიერებები, მათ შორის - ბენზინი, პიროტექნიკა და სხვა, რომელიც აქციის მსვლელობის დროს იყო გამოყენებული… საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის დროს, ელენე ხოშტარიამ საგამოძიებო მოქმედებების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც დავკითხეთ ჩვენ, უთხრა, რომ ოფისში არსებული პიროტექნიკა, ლაზერები და ბენზინი უნდა გამოეყენებინათ წინააღმდეგობისთვის - აღნიშნული პიროტექნიკა უნდა ესროლათ პოლიციელებისთვის და განკუთვნილი იყო მათ დასაზიანებლად, ხოლო სხვა ნივთებიც სწორედ მათი საქმიანობის ხელშესაშლელად", - ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში არსებობს შესაბამისი ჩანაწერი.
სხდომაზე ეს ჩანაწერი არ იყო წარმოდგენილი.
ასევე ნახეთ
ელენე ხოშტარია: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა"საბოტაჟის საქმის" მასალებს “სამაგალითო სისულელეს” უწოდებს “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ასევე ბრალდებული - ბადრი ჯაფარიძე და პარალელებს ავლებს გასული საუკუნის 30-იან წლებთან, როდესაც - “ადამიანებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრაში ადანაშაულებდნენ“.
"ადამიანმა, რომელმაც ეს პროცესი დაუკვეთა [გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს - რ.თ.], მან გადაწყვიტა, რომ ახლა უნდა დააჩქაროს ეს პროცესი... ასეთ გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანი იღებს, რომელიც, სათანადო ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით, დავალებებს შესაბამის უწყებებს გადასცემს. … დღეს ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს ყველა რისკს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ არ გადავუხვევთ იმ ხაზს, რომელიც გვაქვს”, - ბადრი ჯაფარიძის თქმით, “რეპრესიების მძიმე ტალღას” ოპოზიციამ სიმშვიდე და სიმტკიცე უნდა დაუპირისპიროს.
11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ დახურულ რეჟიმში გაიმართა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ გახსნან სხდომები - მედიისთვის, უფლებადამცველებისთვის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ „საბოტაჟის საქმეში“ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლია:
317-ე მუხლი - მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ - [ისჯება პატიმრობით 3 წლამდე]- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ;
318-ე მუხლის 1 ნაწილი - საბოტაჟი - “საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა” [ისჯება პატიმრობით 2-დან 4 წლამდე] - ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე;
319-ე მუხლი - უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება [საპატიმრო სასჯელი 7-დან 15 წლამდე] - ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე;
321-ე პრიმა მუხლი - საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერა - [საპატიმრო სასჯელი 6-დან 10 წლამდე] - ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ
"ნეიტრალური საქართველოს" ხორცშესხმული ინიციატივები - რა კავშირი აქვთ "ოცნებასთან"?ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლების პროცესი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მოკავშირე, მკაფიოდ ანტიდასავლური პოლიტიკური გაერთიანების - “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” საჩივრის საფუძველზე დაიწყო - რომელიც პროკურატურაში 2025 წლის 20 იანვარს შეიტანეს.
პროკურატურამ გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო; ხოლო 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა გადაწყვეტილება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლების ახალი ეტაპის შესახებ.
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე შემდეგი პროცესი 18 ივნისისთვის დაინიშნა, რის შემდეგაც პროცესები რეგულარულად - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება.