წითელი დროშები: რუსეთის ჯარში საბჭოთა სიმბოლოები დაბრუნდა

ბოლოდროინდელი ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთი საბჭოთა წარსულს იყენებს უკრაინაში განთავსებული ჯარების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, რადგან კრემლის ამოცანები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

„პიატნაშკას საერთაშორისო ბრიგადის“ მებრძოლები, ავდეევკა, 27 ოქტომბერი.

ეს ფოტო ერთ-ერთია ბოლოდროინდელ გამოსახულებებს შორის, სადაც ასახულია უკრაინის ბრძოლის ველზე გამოყენებული საბჭოთა სიმბოლოები. კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის და ვლადიმირ ლენინის პორტრეტები საბჭოთა პოლიტიკური სისტემის თანმდევი ნაწილი იყო.

რუსი ჯარისკაცი უკრაინის დონეცკის რეგიონში ატარებს საბჭოთა დროშას, რომელიც წითელმა არმიამ 1945 წლის მაისში აღმართა რაიხსტაგზე. ფოტო გადაღებულია 2023 წლის ივლისში.

უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის პირველ დღეებში სამოყვარულო ვიდეოებში რამდენიმე რუსულ ტანკზე აღმართული საბჭოთა დროშები ჩანდა. ბოლო დროს კი იმატა კრემლის მიერ დაფინანსებული მედიის მიერ გადაღებულმა პროფესიონალურმა ფოტოებმა, სადაც ასახულია საბჭოთა სიმბოლოები. ეს გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ჯარი უფრო ფართოდ ითვისებს ამ ესთეტიკას.

რუს ჯარისკაცს, რომელიც უკრაინის ლუგანსკის რეგიონში ჰაუბიცას ისვრის, საბჭოთა დროშის სამკლავური უკეთია. 4 ოქტომბერი.

იან გარნერი, ისტორიკოსი და რუსული სამხედრო პროპაგანდის ექსპერტი, ამბობს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება დიდწილად ინდივიდუალური ჯარისკაცების და რაზმების ინიციატივაა, თუმცა ამას ახალისებს კრემლის მიერ დაფინანსებული „პროპაგანდისტული ღონისძიებები - კონცერტები, სატელევიზიო გადაცემები და ა.შ.“

რუსი სამხედრო გამომძიებელი, დონეცკის გარეუბანი, 24 ოქტომბერი.

რუს ჯარისკაცს უნიფორმაზე მიკერებული აქვს სტალინის გამოსახულება წარწერით: „ჩემს დროს [ასეთი რამ] არ ხდებოდა“.

რუს მოხალისე მებრძოლს უკრაინის ლუგანსკის რეგიონში, კრემენაიას მახლობლად, ახურავს ქუდი, რომელზეც რუსული და საბჭოთა სიმბოლოებია შერწყმული. 2023 მაისი.

გარნერი მიიჩნევს, რომ საბჭოთა სიმბოლოებს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად იყენებენ, რადგან ომის ამოცანები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

რუსი ჯარისკაცი სტილიზებული საბჭოთა დროშით და წარწერით სსრკ. ივნისი, ავდეევკის მახლობლად.

„ინდივიდუალურ ჯარისკაცებს უჭირთ გაერკვნენ, თუ რა არის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ომის მიზნები, ან როგორია პუტინის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები“, - ამბობს გარნერი.

„თუმცა მათ აკავშირებთ მსგავსი ესთეტიკა, წარსულის ესთეტიკა, რომელიც მიანიშნებს უტოპიურ მომავალზე, სადაც რუსეთი კვლავ დიდ ძალად იქცევა“.

მოსკოვის კორპუსის კედელზე ივლისში გამოსახული ქალი საბჭოთა დროშით და წარწერით „ძლიერი რუსეთისთვის!“

ეს გამოსახულება შეეხება ინციდენტს, რომელიც 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის პირველ დღეებში მოხდა. ერთ სოფელში უკრაინელი ქალი საბჭოთა დროშით მიესალმა, მისი აზრით, რუს ჯარისკაცებს. ჯარისკაცები სინამდვილეში უკრაინელები იყვნენ, რომლებმაც ქალს საჭმელი მისცეს და დროშა ფეხით გათელეს.

ამ ქალს რუსული მედია აქტიურად იყენებს უკრაინელების მიერ რუსეთის თავდასხმის მხარდაჭერის დამადასტურებელ სიმბოლოდ.

მობილიზებულ ჯარისკაცებს და მოხალისეებს საბჭოთა დროშა უჭირავთ უკრაინაში გამგზავრების წინ. რუსეთი, ორენბურგი, 2022 ოქტომბერი.

გარნერი არ მიიჩნევს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება მიზნად კომუნისტური სისტემის გაცოცხლებას ისახავს. „ჩემი აზრით, რუსეთში ძალიან ცოტას თუ სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა“, - ამბობს ის.

უკრაინის ლუგანსკის რეგიონში მდებარე სევეროდონეცკში მანქანაზე აღმართულია რუსეთის, საბჭოთა და ცარის დროინდელი დროშები. 2023 მაისი.

ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა საბჭოთა კავშირთან უფრო ახდენს იდენტიფიკაციას, ვიდრე დამოუკიდებელ რუსეთთან. თუმცა, გარნერი აღნიშნავს, რომ უკრაინაში კომუნისტური და ცარისტული სიმბოლიკა ერთად გამოიყენება ხოლმე, რაც გვაფიქრებინებს, რომ საბჭოთა გამოსახულებები უფრო ძველი დიდების სიმბოლოდ მიიჩნევა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში ივლისში ლენინის ბიუსტი აღმართეს.

„აქედან აზრს ვერ გამოვიტანთ, თუ ვერ მივხვდით, რომ ეს პოლიტიკურად ბუნდოვანი გამოხატულებაა უკეთეს დროში დაბრუნების სურვილისა“, - ამბობს ისტორიკოსი. „თუმცა, ცხადია, ვლაპარაკობთ უკეთეს დროზე, რომელსაც არასოდეს უარსებია“.

ასევე ნახეთ „სამხედრო მრეწველობა რეჟიმის დამპალი აპენდიქსია“ - რუსეთის სამეცნიერო ცენტრ „ისკრის“ ყოფილი ინჟინერი