როდის, სად და როგორ იყიდით სასკოლო ფორმებს?

სასკოლო ფორმები და მის შეძენასთან დაკავშირებული კითხვები - ფოტოილუსტრაცია

პირველკლასელების მშობლები სასკოლო ფორმების შეძენას უკვე 1 სექტემბრიდან შეძლებენ. ორგან - რეალიზაციის პუნქტებში და ელექტრონულ პლატფორმაზე. მშობლებს ისევ აინტერესებთ, რა მოხდება, თუკი შვილებს ფორმას არ ჩააცმევენ? 

სად გაიყიდება ფიზიკურად?

ფორმების შეძენა 1-დან 14 სექტემბრამდე სკოლებში გახსნილ სპეციალურ პუნქტებში იქნება შესაძლებელი.

თბილისში 15 ასეთი პუნქტი იმუშავებს (მისამართები ნახე აქ), საქართველოს მასშტაბით კი - 83.

14 სექტემბრიდან ფორმის შეძენას მხოლოდ ონლაინ შეძლებთ.

როგორ ვიყიდო ფორმა ონლაინ?

ჩინეთში შეკერილი სასკოლო ფორმები 1 სექტემბრიდან გაიყიდება საიტზე https://formebi.emis.ge/

ფორმას „საქართველოს ფოსტა“ მოგიტანთ სახლში. საიტზე მითითებულია, რომ ტანსაცმელს მაქსიმუმ 5-7 სამუშაო დღეში მოგიტანენ. განათლების სამინისტრო კიდევ უფრო მოკლე ვადებს ასახელებს - რეგიონებში ჩატანას 4-5 დღე დასჭირდება, თბილისში მიტანას - კიდევ უფრო ცოტა ხანი.

ეს სერვისი თბილისში 5 ლარი, ხოლო რეგიონებში 7 ლარი დაგიჯდებათ.

რა ხდება, თუ გზავნილი ვერ ჩავიბარე?

თუ გამოგზავნილი ფორმა ვერ ჩაიბარეთ, გზავნილი ფოსტის სერვისცენტრში დაბრუნდება და იქ შეინახება „არაუმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში“..

თუ გზავნილი ამ პერიოდში ვერ გაიტანეთ, ის დაბრუნდება განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებში“.

თუ ფორმა არ მოერგო და გადაცვლა მინდა?

„ზომის არმორგების შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა“, - ამბობს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, ონლაინ შეძენილი სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების მიზნით, მიმართოს სასურველ რეალიზაციის პუნქტს ან შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“.

ქარხნული წუნის აღმოჩენის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში, 14 დღის განმავლობაში შესაძლებელია შესყიდული ფორმის გადაცვლა/დაბრუნება.

ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე.

სასკოლო ფორმის გადაცვლის ან დაბრუნების შემთხვევაში, ტანსაცმელი უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და მას არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი.

ფასდაკლებები შეძენაზე

„საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ მომხმარებლებს სასკოლო ფორმებზე სხვადასხვა აქციას, მათ შორის "ქეშბექს" და თანხის განაწილებას სთავაზობენ.

ასევე ნახეთ

ვპასუხობთ მშობლების კითხვებს სასკოლო ფორმებზე

რამდენი ფორმის შეძენა შემეძლება?

პირველ ეტაპზე - ორი „კომპლექტის“. ბიჭისთვის - 2 პიჯაკი და 4 შარვალი, გოგოსთვის - 2 პიჯაკი, 2 შარვალი და 2 კაბა.

მეტის შეძენას ვერ შეძლებთ, ეს „მკაცრად აღირიცხება“, - ამბობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.

შემიძლია ფორმის შეკერვა?

დიახ, შეძლებთ, თუმცა „დიზაინი უნდა იყოს აბსოლუტურად თანხვედრაში იმ კრიტერიუმებთან, რაც ნორმატიული აქტით არის დადგენილი“.

სასკოლო პიჯაკი - შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებული ფოტო

როგორ დადგინდა ფასი?

ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა 95 ლარი ეღირება.

მინისტრ მიქანაძის თქმით, ფასი „მოგებაზე არ არის ორიენტირებული“. ეს ფასი ფარავს მასალას, ტრანსპორტირების ღირებულებას, განბაჟებას, გაყიდვის ხარჯებს, ონლაინ პლატფორმის შექმნას.

ვისთვის არის ფორმა უფასო?

სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

  • რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;
  • არიან მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი) წევრები, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია;
  • ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  • განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  • ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  • განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  • უკრაინაში ომის შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღებას და სწავლობენ საქართველოს საჯარო სკოლებში.

უფასოდ გასცემენ ფორმის მხოლოდ ერთ „კომპლექტს“ და მხოლოდ რეალიზაციის პუნქტები.

სასკოლო ფორმის კერვის პროცესი ჩინურ საწარმოში. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებული ფოტო

რა მოხდება, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმაზე?

გივი მიქანაძე ამბობს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სკოლები შინაგანაწესებში ცვლილებას შეიტანენ და ფორმის ტარება პირველკლასელებისთვის, შემდეგ ეტაპზე კი სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, „იქნება სავალდებულო“.

მიქანაძის თქმით, ყველა ისეთ შემთხვევას, როდესაც მშობელი უარს იტყვის, მისმა შვილმა ფორმა ატაროს, განიხილავენ „ინდივიდუალურად“.

„უნდა დავადგინოთ, რა არის ამის მიზეზი. თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, პირველ რიგში ამოქმედდება აღმზრდელობითი კომპონენტი და მშობელთან იქნება არაერთგზის გასაუბრება“, - უთხრა მიქანაძემ ჟურნალისტებს.

გამონაკლისები შეეხება ისეთ მიზეზებს, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას უკავშირდება.

„თუ მშობელი დასაბუთებულად წარადგენს გარკვეულ ცნობას, რომ მისი შვილისთვის შეუძლებელია ფორმის ტარება, ინდივიდუალურად გავეცნობით ამას, გავითვალისწინებთ და მოსწავლეს გარკვეული დრესკოდი დაუდგინდება“.

შეკითხვაზე, ჩამოაშორებენ თუ არა ბავშვებს ფორმის ტარებაზე უარის გამო სასწავლო პროცესს, მიქანაძე ამბობს, რომ „შინაგანაწესის არაერთგზის დარღვევის შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სკოლის დისციპლინური კომისია, ამას თვითონ სკოლა განსაზღვრავს“.

თუკი მოსწავლე სკოლაში ალკოჰოლურ სასმელს მიიტანს, „რა უნდა ვქნათ, არ უნდა მოხდეს რეაგირება ამაზე?“ - ასეთი პარალელი გაავლო მინისტრმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებას სასკოლო ფორმების სავალდებულოდ შემოღებაზე, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ხალხის ნაწილი სკოლის ფორმების შემოღებას ემხრობა და სჯერა, რომ ამით „თანასწორობა“ აღდგება და მშობლებს ხარჯები შეუმცირდებათ, ნაწილმა კი ეს გადაწყვეტილება წარსულში დაბრუნებად, შეზღუდვის და ინდივიდუალიზმის მოსპობის მცდელობად აღიქვა.

ასევე ნახეთ

სასკოლო ფორმა "ეროვნული სიმბოლიკით" - ერთფეროვნება თუ თანასწორობა?

მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის რა წესები იმუშავებს და როდიდან?

წლის ბოლომდე ფორმები სავალდებულო გახდება II-VI კლასების მოსწავლეებისთვის - მათი მიღება ორ ეტაპად, 15 ოქტომბრამდე და 30 ნოემბრამდეა გათვალისწინებული.

მიქანაძე აცხადებს, რომ 2026 წლის 31 დეკემბრამდე ყველა მოსწავლეს, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ფორმა ექნება.

მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმები არა სკოლებში გახსნილ, არამედ სხვა პუნქტებში გაიყიდება.

გეგმის მიხედვით, რეფორმას „ყოველ წელს თითო კლასი დაემატება“ - „მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ“.

რამდენი დაჯდა ფორმების შეკვეთა?

განათლების სამინისტრომ ფორმის 1 801 000 ერთეული შეუკვეთა. ჯამში ეს 45 658 840 ლარი დაჯდა.

განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპანიას სამკერვალო საწარმო ჩინეთში აქვს.

ასევე ნახეთ

თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, მექანიზმები ამოქმედდება - მიქანაძე