პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს შეაჩერა აშშ-ის ფინანსური შენატანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO), სანამ არ შეისწავლიან „კორონავირუსთან არაადეკვატურ ბრძოლას და მისი გავრცელების დამალვას“. ჟურნალისტები წერენ, რომ ორგანიზაციის კრიტიკა დიდწილად მართებულია, თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ.
ტრამპი სწორიაო, წერს ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Daily Telegraph-ი 15 აპრილს: „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ფუნქცია და ვერ შეძლო აღეკვეთა ლოკალური ეპიდემიების პანდემიად გადაქცევა. ტაივანის ჯანდაცვის მესვეურები ამბობენ, რომ WHO-მ არ გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც მათგან ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო - რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადიოდა. ... და მაინც, დონალდ ტრამპი მსოფლიოს ერთადერთი ლიდერია, რომელიც არ მოერიდა თითის გაშვერას WHO-ის ჩავარდნებისკენ. ... ის, რომ ახლა ამერიკის პრეზიდენტი გახდა კრიტიკის ობიექტი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ სად არის რეალური ბრალეულობა - იმ ფონზეც კი, როცა ათასობით ადამიანი იხოცება და ეკონომიკები კოლაფსს განიცდის - ძალიან ბევრს ამბობს ანტიტრამპიზმით ატანილობაზე“.
WHO-ის ნაკლოვანებებზე გადაჭარბებული რეაქციით აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს საკუთარი ჩავარდნები გადაფაროსო, წერს ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის El Mundo 16 აპრილის ნომერში: „როგორც ყველა ინსტიტუტი, რომელიც მოქალაქეებს ემსახურება, WHO-ც უნდა დაექვემდებაროს დაკვირვებას და კრიტიკას. და კრიტიკის საგანი ნათელია: პანდემიის პირველ ეტაპზე, ჩინეთის შესახებ ანგარიშებში ნეიტრალობის ნაკლებობიდან დაწყებული, ჯანდაცვის პროტოკოლებსა და რეკომენდაციებში ურთიერთგამომრიცხავი გარემოებებით დამთავრებული. ამ ორგანიზაციის მხრიდან კრიზისის მენეჯმენტი ნამდვილად არ იყო სასურველი და თავის დროზე უნდა დადგეს ყველა იმ პირის ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. მაგრამ ეს ყველაფერი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ტრამპის გადაჭარბებული რეაქცია, უბრალოდ, ყურადღების გადასატანი, პოპულისტური მანევრია - განტევების ვაცის პოვნა, რათა გადაეფარა კრიზისის თავისი დაგვიანებული და იმპროვიზებული მენეჯმენტი“.
შექმნილ ვითარებაში სხვა ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა იმოქმედონო, ასკვნის დანიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული Berlingske 15 აპრილს: „ტრამპს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა აშშ-ში ვირუსის გავრცელებაზე. ხელმისაწვდომი იყო საკმარისი ინფორმაცია, მათ შორის, WHO-ს მხრიდან, საიმისოდ, რომ აშშ კორონავირუსისთვის მომზადებულიყო. ახლა სხვა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და შეავსონ აშშ-ის შენატანი WHO-ში. ცხადია, ჩინეთთან მიმართებით WHO-ის პოზიციები კრიტიკულად უნდა შევაფასოთ, მაგრამ ეს ორგანიზაცია რომ არ არსებობდეს, ჩვენ მისი გამოგონება დაგვჭირდებოდა. ახლა ჯანდაცვის კრიზისის შუაგულ ფაზაში ვართ, რომელმაც დაგვანახვა, რამდენად ვართ დამოკიდებული ერთმანეთზე“.
პოლონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Polityka 15 აპრილის ნომერში ასკვნის, რომ ტრამპი ამ ნაბიჯით პეკინის გავლენას ზრდის: „ამჟამად ჩინეთი აკონტროლებს გაეროს თხუთმეტი სპეციალიზებული ორგანიზაციიდან ოთხს. აგვისტოში ჩინელი პირი გახდა საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) დირექტორი. მისი თანამოქალაქეები ხელმძღვანელობენ ტელეკომუნიკაციების, ინდუსტრიული განვითარებისა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს. რაც უფრო მეტად გადგება განზე აშშ გაეროს სისტემიდან, მით უფრო მეტად გაიზრდება ჩინეთის გავლენა. და, როგორც ვიცით, ვინც ფულს იხდის, მუსიკის დაკვეთასაც ის იძლევა. ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, აშშ-ის გასვლა WHO-დან მთელი დასავლეთის დასუსტებას ნიშნავს“.
ტრამპის გადაწყვეტილება არ აკვირვებს ჩეხეთში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის გამოცემა Hospodářské noviny-ს, რომელიც 16 აპრილის ნომერში წერს: „ეს მიდგომა ჰგავს იმ პოზიციას, რომელიც მან დაიკავა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO), ანუ გლობალური თანამშრომლობის კიდევ ერთ ეფექტიან ინსტრუმენტთან მიმართებით. მტკიცე რწმენის გამო, რომ აშშ-ს შეუძლია ორმხრივად უკეთესი ხელშეკრულებები გააფორმოს, ვაშინგტონმა WTO-ს პოზიციები ჯერ დაასუსტა, შემდეგ კი პეკინთან სავაჭრო ომი განვითარდა. ... ტრამპის ლიდერობის პირობებში აშშ არ არის დაინტერესებული აქტიურ გლობალურ მოთამაშედ ყოფნით. მას მხოლოდ საკუთარი ციხესიმაგრის დაცვა უნდა, ლოზუნგით ‘პირველ რიგში ამერიკა’. ჩვენ ვართ მსოფლიო ასპარეზიდან ამერიკის გასვლის მომსწრენი - პროცესის, რომელიც ამ პანდემიამდე დაიწყო. პანდემიამ ეს მხოლოდ ააჩქარა“.
პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.