კრემლის ჩინელი მეგობრის დაცემა - რას უნდა ნიშნავდეს საკადრო წმენდა ჩინეთის ხელისუფლებაში?

გენერალი ჭან იუსია და ვლადიმირ პუტინი

ჩინეთში გამოძიება დაიწყო ჭან იუსიას - ქვეყნის სამხედრო ისტებლიშმენტის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენლის - წინააღმდეგ. გენერალი წლების განმავლობაში იკავებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლესი სამხედრო ორგანოს, ცენტრალური სამხედრო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

სწორედ ამ თანამდებობის წყალობით, ჭან იუსია წამყვან როლს ასრულებდა ჩინეთსა და რუსეთს შორის სამხედრო პარტნიორობის გაღრმავებაში.

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გადაწყვეტილებამ, მიეღო რადიკალური ზომები ასეთი მაღალი რანგის გენერლის წინააღმდეგ, სერიოზული კითხვები გაუჩინა ჩინეთის მეზობლებს. ეს კითხვები უკავშირდება პეკინის ამბიციებს ტაივანის მიმართ, აშშ-სთან გრძელვადიან კონკურენციას და ჩინეთის, როგორც სტაბილური სახელმწიფოს, იმიჯს.

24 იანვარს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების (რომლის მიხედვითაც ჭან იუსიას მიმართ გამოძიება დაიწყო) შედეგად სი ძინპინი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა ქვეყნის სამხედრო იერარქიის სათავეში. ანალიტიკოსები, რომლებსაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ ამან შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს რეჟიმის ფარგლებში ხელისუფლების მემკვიდრეობაზე, ხოლო პეკინის პარტნიორები და მეტოქეები ახლა განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის უმაღლეს ეშელონებში შესაძლო შემდგომ ცვლილებებს.

„ათწლეულების განმავლობაში ჩინეთი ქმნიდა ქვეყნის იმიჯს, რომელსაც აქვს გრძელვადიანი გეგმები გავლენის გაფართოებისა და შეერთებულ შტატებთან, როგორც ზესახელმწიფოსთან, კონკურენციისთვის, - ამბობს თემურ უმაროვი, ბერლინში მდებარე კარნეგის ცენტრის „რუსეთი–ევრაზიის“ თანამშრომელი. - "თუმცა არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რამდენად აკონტროლებს სი საკუთარ უახლოეს გარემოცვას“.

ასევე ნახეთ ზელენსკი: ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთს სატელიტური სურათებით ეხმარებოდეს

75 წლის ჭან იუსია, რომელიც ამჟამად კორუფციული ბრალდებით დაწყებული გამოძიების ქვეშ იმყოფება, ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სახით, ჩინეთის ყველაზე თვალსაჩინო სამხედრო თანამდებობის პირი იყო. საბჭოს, რომელიც პარტიული სტრუქტურაა და შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს, ქვეყნის ლიდერი, სი ძინპინი ხელმძღვანელობს. ცენტრალური სამხედრო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ჩვეულებრივ შვიდამდე ადამიანი შედის, ახლა ორ წევრამდეა შემცირებული. ესენი არიან თავად სი ძინპინი და გენერალი ჭან შენმინი, ყველა დანარჩენი წევრი თანამდებობიდან გათავისუფლდა წინა „ანტიკორუფციული“ კამპანიის ფარგლებში. ცენტრალური სამხედრო საბჭო პასუხისმგებელია მილიონობით სამხედრო მოსამსახურის კონტროლზე. საბჭოს ძალაუფლება იმდენად დიდია, რომ მისი თავმჯდომარის პოსტი ერთ დროს ერთადერთი თანამდებობა იყო, რომელსაც ჩინეთის ერთპიროვნული მმართველი დენ სიაოპინი იკავებდა.

„გენერალ ჭან იუსიას ცენტრალური როლი ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობებში,“ - ამბობს დენის უაილდერი, ჩინეთის შეიარაღებული ძალების ექსპერტი და CIA-ში ჩინეთის ანალიზის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი.

„ვერ გაამართლა ნდობა“

ჩინეთის გაუმჭვირვალე პოლიტიკური სისტემა ართულებს სი ძინპინის ზუსტი მოტივების დადგენას. თუმცა ცხადია, რომ გენერალი ჭანი დააკავეს სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის წინ, რომელიც 2026 წლის აპრილში პეკინშია მოსალოდნელი, და იმ პოლიტიკური მანევრების ფონზე, რომლებიც წინ უძღვის ჩინეთის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელ გადანაცვლებებს, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2027 წელს სი ძინპინი შეეცდება მეოთხე ვადით დარჩეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის პოსტზე.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ჭან იუსიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „სერიოზული დისციპლინური და სამართლებრივი დარღვევების“ ეჭვის საფუძველზე. ანალოგიური ბრალდებებით გამოძიების ობიექტი გახდა კიდევ ერთი მაღალი რანგის გენერალი - ლიუ ჭენლი, ცენტრალური სამხედრო კომისიის შტაბის უფროსი.

25 იანვარს ჩინეთის სახალხო არმიის გაზეთ „განმათავისუფლებელი არმიის ყოველდღიურში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ ჭანმა და ლიუმ „ვერ გაამართლეს კომუნისტური პარტიისა და ცენტრალური სამხედრო კომისიის ნდობა და მოლოდინები“ და „ხელი შეუწყვეს პოლიტიკური და კორუფციული პრობლემების შექმნას, რომლებმაც შეარყია პარტიის აბსოლუტური ლიდერობა შეიარაღებულ ძალებზე და საფრთხე შეუქმნა პარტიული მმართველობის საფუძვლებს“.

სამხედრო აღლუმი პეკინში 2025 წლის სექტემბერში

გაზეთმა Wall Street Journal-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჭანს ბრალი ედება აშშ-თვის ჩინეთის ბირთვული პროგრამის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში, ასევე ქვეშევრდომებისგან, უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე დაწინაურების სანაცვლოდ, ქრთამის მიღებაში. რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებამ (RFE/RL) ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო.

ზოგიერთი ექსპერტი სკეპტიკურად უყურებს სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვის შესახებ გავრცელებულ ცნობებს. აზიის პოლიტიკის ინსტიტუტთან არსებული ჩინეთის ანალიზის ცენტრის თანამშრომელმა ნილ ტომასმა ეს ბრალდებები ეჭვქვეშ დააყენა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ტომასი კითხულობს, „ბრძოლებში ისეთი გამოწრთობილი გენერალი, როგორიც ჭანია, რატომ დათმობდა ყოველივე იმას, რაც მის ცხოვრებას ათწლეულების განმავლობაში ანიჭებდა აზრს და გადასცემდა სამხედრო საიდუმლოებებს ჩინეთის მთავარ მეტოქეს".

ასევე ნახეთ სი ძინპინის თქმით, რუსეთი და ჩინეთი "ფოლადის მეგობრები უნდა იყვნენ"

სი ძინპინის მსგავსად, ჭანიც, ელიტური პოლიტბიუროს წევრი და ჩინეთის ერთ-ერთი „უფლისწულია“. ასე უწოდებენ რევოლუციონერთა უფროსი თაობისა და მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერების შთამომავლებს. ჭანის მამა მხარდამხარ იბრძოდა სი ძინპინის მამასთან ერთად ჩინეთის სამოქალაქო ომში, რომელიც 1949 წელს მაო ძედუნისა და კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა. მოგვიანებით ორივე მათგანმა მაღალი თანამდებობები დაიკავა.

ჭანი ასევე მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ჩინელ გენერალთა რიგებს, ვისაც რეალური საბრძოლო გამოცდილება აქვს. გასული საუკუნის 80-იან წლებში ის მონაწილეობდა ჩინეთ-ვიეტნამის კონფლიქტებში.

სპეციალისტების შეფასებით, მიმდინარე გამოძიება ჩინეთის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბოლო წლებში დაწყებული წმენდის ახალ ეტაპს ნიშნავს. 2023 წლიდან 2025 წლის შემოდგომამდე თანამდებობიდან გათავისუფლდა დაახლოებით 20 გენერალი, რომელთაგან ექვსი სტრატეგიულ, სარაკეტო ძალებში მსახურობდა.

ამ გათავისუფლებებისა და ჭან იუსიაის და ლიუ ჭენლის მიმართ გამოძიების დაწყების შემდეგ, ცენტრალური სამხედრო კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მოქმედი ოფიცერი და ორი მუდმივი წევრი დარჩა. მესამე წევრი თავად სი ძინპინია.

„არასტაბილურობის განცდა“

ჭან იუსია, ვიდრე მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრებოდა, იყო ყველაზე გავლენიანი ჩინელი გენერალი, პოლიტბიუროს წევრი და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფიგურათა შორის, რომელსაც შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია სი ძინპინისათვის, ძალაუფლებასთან დაკავშირებულ საკითხში. შესაბამისად, გენერლის შერისხვა აჩენს კითხვებს ჩინეთის ელიტის შიგნით არსებული შესაძლო უკმაყოფილების მასშტაბის შესახებ. ეს კი, უეჭველად, საფიქრალს მისცემს ცენტრალურ აზიაში პეკინის რეგიონულ პარტნიორებს, რომლებიც ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას სტაბილურობისა და მდგრადობის ნიმუშად აღიქვამენ.

„ეს საკადრო წმენდა და არასტაბილურობის განცდა, რომელსაც ის იწვევს, აუცილებლად მოექცევა ცენტრალური აზიის ლიდერთა ყურადღების ცენტრში“, - მიიჩნევს ტემურ უმაროვი.

ჭან იუსიაი რეგულარულად ხვდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მრავალი წლის განმავლობაში სტუმრობდა შეერთებულ შტატებს და ურთიერთობდა მრავალი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან. გენერალი ასევე იყო რუსეთ-ჩინეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე და არაერთხელ სტუმრობდა მოსკოვს რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მიწვევით. ბოლოს 2025 წლის ნოემბერში, მას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა უმასპინძლა.

ასევე ნახეთ ჩინეთის ჯაშუშური თანამგზავრები - კოსმოსიდან დაზვერვის “სამაშველო რგოლი” რუსეთისთვის?

უმაროვის შეფასებით, მიმდინარე მოვლენები, სავარაუდოდ, დიდ გავლენას არ მოახდენს ჩინეთის მეზობლებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მისი თქმით, წლების განმავლობაში „ინსტიტუციონალიზდა“ და ხორციელდება სხვადასხვა დონეზე - დაწყებული პოლიციური საქმიანობით, დამთავრებული იარაღის ვაჭრობით.

დენის უაილდერი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში ჩინეთის საკითხებში მთავარი მრჩეველი იყო, ამბობს, რომ „მთელ რეგიონში ადამიანები ახლებურად შეხედავენ ჩინეთში ძალაუფლების მემკვიდრეობის საკითხს. ეს ახალი განზომილებაა, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩინეთის მეზობლები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ და ვის მიერ შეივსება ცარიელი ადგილები [ცენტრალურ სამხედრო კომისიაში]“.

ყურადღებით აკვირდებიან ტაივანი და აშშ

ჩინელი გენერლების რიგებში მიმდინარე წმენდას შესაძლოა პოტენციური შედეგები ჰქონდეს წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე მეზობელი ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით კი ტაივანისთვის, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გენერალ ჭანის ჩამოშორებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩინეთის საბრძოლო მზადყოფნაზე და ტაივანთან დაკავშირებულ სამომავლო ამბიციებზე. სი ძინპინმა არაერთხელ უწოდა „გარდაუვალი“ კუნძულის გაერთიანება კონტინენტურ ჩინეთთან და პირობაც კი დადო, საჭიროების შემთხვევაში, მიზნის მისაღწევად ძალასაც გამოიყენებდა.

2025 წლის ბოლოს ჩინეთმა ტაივანის გარშემო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო მანევრები ჩაატარა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რეგულარულად აგზავნის თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს კუნძულის საჰაერო სივრცესა და მიმდებარე წყლებში, რათა შეამოწმოს ტაივანელებისა და მათი არმიის მზადყოფნა.

ასევე ნახეთ ჩინეთმა ტაივანის გარშემო მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

„ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას ჩინეთის პარტიული, სამთავრობო და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში მიმდინარე ანომალიურ ცვლილებებზე", - განაცხადა 26 იანვარს ტაივანის თავდაცვის მინისტრმა ველინგტონ კუმ, - "ერთი კონკრეტული პირის ჩამოშორება ვერ იქნება იმის მიზეზი, რომ შევამციროთ სიფრთხილე ან დავწიოთ საბრძოლო მზადყოფნის დონე“.

დრიუ ტომპსონი, აზიის საკითხებში პენტაგონის ყოფილი სტრატეგი, რომელიც ამჟამად სინგაპურში ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების სკოლაში მუშაობს, მიიჩნევს, რომ მიმდინარე საკადრო წმენდას შესაძლოა შედეგები ჰქონდეს შეერთებული შტატების პოლიტიკისთვისაც - ქვეყნისთვის, რომელიც ტაივანის მთავარი მხარდამჭერია და მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევს.

ასევე ნახეთ რატომ აკვირდება სი ძინპინი ყურადღებით ტრამპ-პუტინის სამიტს ალასკაში

„იმისთვის, რომ აშშ-ის მიერ გატარებული შეკავების სტრატეგია ეფექტიანი იყოს, საჭიროა, სი ძინპინი გარშემორტყმული იყოს კომპეტენტური გენერლებით, რომლებიც მას ობიექტურ რჩევებს მისცემენ,“ - აღნიშნავს დრიუ ტომპსონი.

მისი შეფასებით, ცენტრალური სამხედრო კომისიის მიმართ სი ძინპინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ასევე შეიცავს „ოპერაციულ რისკებს, რადგან სი იღებს რჩევებს და ცდილობს მილიონიან არმიას უხელმძღვანელოს ერთი ადამიანისგან შემდგარი კომიტეტის მეშვეობით”.

„ჭან იუსიას გარეშე ცენტრალურ სამხედრო კომისიაში, არასწორი გათვლის რისკი იზრდება,“ - ამბობს ექსპერტი.