საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებულ ტაივანს ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
ჩინეთის არმიის აღმოსავლეთის ზონის სარდლობის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუამ" დღეს, 29 დეკემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ სწავლებაში, სახელწოდებით „სამართლიანობის მისია 2025“ მონაწილეობენ სახმელეთო, სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო და სარაკეტო ძალები და სხვა ფორმირებები.
ოფიციალურ ინფორმაციით, წვრთნები მოიცავს ტაივანიდან ჩრდილოეთში, სამხრეთ-დასავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთში მდებარე რაიონებს და კონცენტრირებულია ზღვასა და ჰაერში პატრულირებაზე, ძირითადი პორტებისა და ზონების ბლოკირებაზე და ყოვლისმომცველ შეკავებაზე.
ჩინეთის არმიის აღმოსავლეთის ზონის სარდლობის განცხადებით, კუნძულ ტაივანთან რამდენიმე მიმართულებიდან გემებისა და თვითმფრინავების მიახლოება და გაერთიანებული დარტყმები სხვადასხვა სახეობის ჯარების მონაწილეობით, მიზნად ისახავს მათი ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების შესაძლებლობების შემოწმებას და სერიოზული გაფრთხილებაა ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ძალებისა და იმ გარეშე ძალებისთვის, რომლებიც ჩინეთის შიდა საქმეებში ერევიან.
ტაივანის მთავრობამ ჩინეთის სამხედრო წვრთნები დაგმო და პეკინს მოუწოდა, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო პროვოკაციები.
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კუნძულის გარშემო მოქმედებდნენ ჩინეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი და 11 გემი, ტაივანის სამხედრო ძალები კი მზადყოფნაში მოიყვანეს სწრაფი რეაგირების სწავლებების ჩასატარებლად.
2025 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ტაივანისთვის 11,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაარღვევს აშშ-ჩინეთის დიპლომატიურ შეთანხმებას, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ სტაბილურობას.
ტაივანს, სადაც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ნაწილობრივ აღიარებული დემოკრატიული სახელმწიფოა, ჩინეთი თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს.
პეკინს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, კუნძულზე კონტროლის დასამყარებლად ძალა გამოიყენოს. ტაივანელების უმრავლესობა მხარს უჭერს ტაივანის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ სტატუსს.
ფორუმი