სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, გაავრცელა დღეს საღამოს, 6 მარტს, თუმცა ჩანაწერის ავტორის ვინაობა დაუსახელებია.
ფოტოზეც ჩანაწერის მხოლოდ ძირითადი ტექსტი ჩანს და არა ხელმოწერა.
„მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“
„თქვენო აღმატებულებავ“, - ასე მიმართავს ელჩი მოჯანი მას და წერს:
„როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ“.
„მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“, - წერს ელჩი.
რა წერია სამძიმრის წიგნში?
ქართველმა მაღალჩინოსანმა სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი დატოვა - ინგლისურ ენაზე:
„ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“.
- ეს ტექსტი თითქმის იდენტურია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2 მარტს გავრცელებული განცხადების იმ ნაწილისა, რომელიც ირანს ეხებოდა;
- სრული განცხადება ეხებოდა ირანსაც და ისრაელსაც და ორივე მხარეს უცხადებდა სამძიმარს;
- სრული განცხადებით, თბილისი ასევე სოლიდარობას უცხადებდა ყურის ქვეყნებს.
რას ამბობს ელჩი
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ირანის ელჩს საქართველოში, სეიედ ალი მოჯანის, თუმცა მან გაიმეორა, რომ ეს „სახელმწიფოსა და ერის მაღალი [რანგის] წარმომადგენელი“ იყო.
„ღვთის ნებით, ომის დასრულების შემდეგ [გაგიზიარებთ მის ვინაობას]“, - მოგვწერა მან.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ ყოფილა ეს ირაკლი კობახიძე, ირანის ელჩმა მოგვწერა, რომ „ომის დასრულებამდე“ მოვიცადოთ.
თბილისის სამძიმარი „ირანსაც და ისრაელსაც“
2 მარტს გავრცელებული განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, „მათ შორის უმაღლესი ლიდერის“ დაღუპვის გამო, ისე ებრაელ ხალხსა და ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
ამასთან, გამოხატა „სრული სოლიდარობა“ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მიმართ.
მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ყურადღებით“ და „ღრმა შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას.
ასევე ნახეთ ირანი ნავთობპროდუქტების გაძვირებას ცდილობს - რა მოხდება საქართველოში?- ახლო აღმოსავლეთში 2026 წლის 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები და ვითარება უკიდურესად დაძაბულია;
- 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს;
- ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი;
- ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.
- ამ მოვლენებს წინ უძღოდა ირანში საპროტესტო დემონსტრაციების სისხლში ჩახშობა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ათასობით დემონსტრანტი დახოცეს.
7 მარტს აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (DTX) განაცხადა, რომ ჩატარებული ოპერაციის შედეგად გამოავლინა ირანული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე (BTC) ტერორისტულ თავდასხმასა და დივერსიას გეგმავდა.
უწყების განცხადებით, თავდასხმა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მიერ იყო დაგეგმილი და სამიზნე, ნავთობსადენის გარდა, იყო აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, სინაგოგა და ასევე - ებრაული თემის ერთ-ერთი ლიდერი.
თბილისი ამ ამბავს ჯერ არ გამოხმაურებია.
ასევე ნახეთ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა - აზერბაიჯანის სუსი