„ასეთი მცდელობა, რომ გადაიწეროს ისტორია, სხვა საფუძველი მოიძებნოს ამასთან დაკავშირებით ან გამართლება მიეცეთ მათ საქციელს, რომელთაც აწამეს ქეთევან დედოფალი, აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთ დიდ მოწამესთან დაკავშირებით მცდელობა, რომ ეს გაყალბდეს და რატომღაც სხვა კონტექსტში იყოს წარმოჩენილი, ეს რა თქმა უნდა, უპირველსად საქართველოს საპატრიარქოსთვის არის მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს ძალიან ღირსეული პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით...“ - უთხრა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“.
რამდენიმე დღის წინ, 25 სექტემბერს ირანის ელჩმა საქართველოში, ალი მოჯანიმ თავის ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ფოტოს თანხლებით. ფოტოზე ის დგას საელჩოს შენობასთან, რომლის ფასადზეც ქეთევან დედოფლის შესახებ მისი პოსტის სქრინია გამოსახული, ქეთევან დედოფლის ფრესკის თანხლებით.
„მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს...
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“, - დაწერა მან.
საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ქეთევან დედოფლის შესახებ ისტორია გადახედვას არ ექვემდებარება:
„ისტორიული ჭეშმარიტება ვერ შეიცვლება, ვერავითარ შემთხვევაში, ხომ? ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ქეთევან დედოფალი, დიდი ქართველი წმინდანი, რა თქმა უნდა, ეწამა რწმენისთვის, საქართველოსთვის, რითაც დაადასტურა თავისი უდიდესი ღვითსმოსაობა და ერთგულება ღვთისადმი და თავისი სამშობლოსადმი“.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს შეახსენა, რომ „თავის დროზე, საქართველოსა და სპარსეთს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, მძიმე ისტორია არსებობს და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია“.
მან ალი მოჯანის ურჩია, „დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ მას სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მაშინ მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს“.
ასევე ნახეთ
მსგავს გამოხდომებს თავი დაანებოს - ირანის ელჩს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უპასუხესქეთევან წამებული
წმინდა ქეთევან დედოფალს (მიახლოებით 1560–1624 წწ.) საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია, ის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი. ქეთევან დედოფალი კახეთის მეფის, დავით I-ის ცოლი და თეიმურაზ I-ის დედა იყო.
დედოფალი ქეთევანი 1614 წელს ირანის ლაშქრობების დროს მძევლად წაიყვანეს ირანში. ირანის შაჰის, აბას I-ის მოთხოვნის მიუხედავად, მან უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე, რის გამოც 1624 წელს შაჰის ბრძანებით სასტიკად აწამეს და მოკლეს. მისი მოწამებრივი ცხოვრებისა და წამებით სიკვდილის შესახებ აღწერილია ქართველი და ევროპელი მოგზაურების, ისტორიკოსების, სასულიერო პირების წყაროებში.
ქეთევან დედოფალი საქართველოში რწმენისა და სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნევა, მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღედ 26 სექტემბერს აღნიშნავს.