საქართველო, რუსეთი, ბელარუსი - ვინ და როგორ აკონტროლებს ჟურნალისტების ენას?

ილუსტრირებული ფოტო - გამოსახულების რედაქტირებისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი

კომუნიკაციების კომისიამ 25 ივნისს ტელეკომპანია პირველი სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა ეთერში ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ცრუ მოწმე პოლიციელები“, „ოცნების გამოძიება“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“ და სხვ.

იქამდე, 21 მაისს, იმავე კომისიამ ეთერში გამოყენებული ტერმინების - „ოცნების“ შსს, „ივანიშვილის რეჟიმი“ „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი“, „პროსამთავრობო „რუსთავი 2“ და სხვა - გამო 2500 ლარით დაჯარიმდა ტელეკომპანია „ფორმულაც“.

ორივე მაუწყებელი კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილებას ცენზურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს.

„ოლიგარქი“, „სინდისის პატიმარი“, „ომი“, „ოკუპაცია“, „ანექსია“, „პოლიტიკური პატიმარი“, „დიქტატორი“, „არალეგიტიმური პრეზიდენტი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ - ამ და სხვა ტერმინებს ჟურნალისტები საქართველოში, რუსეთსა და ბელარუსში ხშირად სხვადასხვა პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობის აღწერისთვის იყენებენ. თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ - სამივე ქვეყანაში ამ ტერმინებმა შეიძლება ჟურნალისტური ტექსტი აქციოს სამართლებრივ დავად.

რადიო თავისუფლება სამი ქვეყნის - საქართველოს, რუსეთსა და ბელარუსის მაგალითზე განიხილავს, სად და რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ჟურნალისტს ან მედიაორგანიზაციას ჟურნალისტურ ტექსტში გამოყენებული „სარისკო“ ტერმინების გამო.

საქართველო - „ოცნება“ კომისიის ხელით ცდილობს დაგიდგინოს, რა და როგორ ისაუბრო“

2025 წლის 1-ელ აპრილს საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლითაც მაუწყებლის ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით ეთიკური და პროფესიული დილემების განხილვა თვითრეგულირების ნაცვლად, დაევალა კომუნიკაციების კომისიას.

ComCom-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტების თანახმად, კომუნიკაციების კომისია არის ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც არეგულირებს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის სფეროებს, იცავს მომხმარებლების უფლებებს, უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენციას და ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას.

ამ ცვლილებამ მედიის ნაწილში თავიდანვე გააჩინა შიში, რომ თვითრეგულირების მექანიზმის შესუსტება და საკითხის სხვა რეგულატორის ხელში გადასვლა, კრიტიკული და ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლების მიმართ ზეწოლის ინსტრუმენტად შეიძლება ქცეულიყო - გაზრდილიყო სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და ჟურნალისტური ენის კონტროლის რისკები.

რით ხსნის კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანიების დაჯარიმებას?

კომუნიკაციების კომისია მედიასაშუალებებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლების დარღვევისთვის აჯარიმებს. ბოლო გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური შინაარსის ტერმინებს კომისია „ფაქტისა“ და „შეფასების“ გამიჯვნის, მიუკერძოებლობის პრინციპის ან ბალანსის სტანდარტის დარღვევად აფასებს. სანქცია ამ ეტაპზე ადმინისტრაციულია - პირველ ჯერზე გაფრთხილება, შემდეგ კი - ჯარიმა.

„ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა“, - ასე ახსნა კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველის“ დაჯარიმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილება და განმარტა, რომ მაუწყებელს არ აქვს უფლება, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები საკუთარი მოსაზრების ან პირადი დამოკიდებულების მიხედვით გააშუქოს.

მიუკერძოებლობის პრინციპი, რომელზეც კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, ნიშნავს, რომ ახალი ამბების ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროს მაუწყებელმა მოვლენები ნეიტრალურად უნდა გააშუქოს.

ამ პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს ასევე არ აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ან გააშუქოს მოვლენები საკუთარი შეხედულების მიხედვით, მიკერძოებულად.

„ოცნების სუსი“ „ივანიშვილის რეჟიმი“; „ოლიგარქის გარემოცვა“; „რეჟიმის პროკურატურა“; „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“; „ოცნების პრემიერი“; „ოცნების პრეზიდენტი“; „ივანიშვილის ხელისუფლება“ - ეს იმ ტერმინების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, წარმოადგენს, „მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების საფუძველზე ინფორმაციის გაშუქების მაგალითს“ და რომელთა გამოც „ფორმულა“ 2500 ლარით დაჯარიმდა.

კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში ასევე მიიჩნია, რომ გადაცემებში დაცული არ იყო ბალანსი და მიუკერძოებლობის პრინციპი - რაც ნიშნავს იმას, რომ მაუწყებელმა მნიშვნელოვანი საკითხები ნეიტრალურად უნდა გააშუქოს და ყველა მხარის პოზიცია სამართლიანად და თანაბრად წარმოაჩინოს.

პირველ ეტაპზე, 8 აპრილს, ფორმულა გააფრთხილეს, 21 მაისს კი უკვე დააჯარიმეს.

ასევე ნახეთ

„ოცნების შსს-ს“ თქმა კომისიამ კანონდარღვევად მიიჩნია და „ფორმულა“ დააჯარიმა

რას ამბობენ დაჯარიმებული მაუწყებლები?

„მათ უნდათ, რომ სამაუწყებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი „სინდისის პატიმარი“. თუ ეს პრობლემა ასე ადარდებს „ქართულ ოცნებას“, გაათავისუფლონ ეს ადამიანები და, შესაბამისად, ეს საკითხი აღარ იქნება აქტუალური. ცენზურის დაწესებით ეს საკითხი ვერ გაქრება“, - უთხრა ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რადიო თავისუფლებას.

ნოდარ მელაძე

კომუნიკაციების კომისიის შეფასებასა და გადაწყვეტილებას არ იზიარებენ „ფორმულაშიც“. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, მიშა მშვილდაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „ეს არის ცალსახად უხეში ჩარევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.“

„იმ სიტყვაზე, რის გამოყენებაზეც ჩვენ გვაჯარიმებენ - „ოლიგარქზე“ - საყოველთაოდ ცნობილი განსაზღვრება არსებობს, წაიკითხონ ეს განსაზღვრება, რას ეწოდება ოლიგარქი… ჟურნალისტის ბრალი ხომ არ არის, რომ ეს ადამიანი აკმაყოფილებს ამ სიტყვის განმარტებას.“

მიშა მშვილდაძე

მშვილდაძის შეფასებით, ამ ყველაფერს არანაირი საერთო არ აქვს ეთიკურ საკითხებთან, „სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი ცენზურა, აკრძალვა…მედია ტრადიციული სამიზნეა არაჯანსაღი ხელისუფლებების.“

ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აპირებენ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, დააჯარიმოს ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებები მედიის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ უფლებადამცველები და ექსპერტებიც.

მამუკა ანდღულაძე

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება „კრიტიკულ მდგომარეობაშია“. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს - „ფიზიკური ძალადობიდან დაწყებული, მიზანმიმართული დეზინფორმაცია თუ სამართლებრივი რეპრესიები. ზუსტად კომუნიკაციების კომისია გახდა ერთ-ერთი მოწინავე დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში - „ქართული ოცნება“ კომისიის ხელით ცდილობს დაგიდგინოს, რა და როგორ ისაუბრო“. მამუკა ანდღულაძე ამბობს იმასაც, რომ ეს ტერმინები არის პოლიტიკურ თემებზე საუბრის ნაწილი და საქართველოს კონტექსტში მათ აქტიურად იყენებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე პოლიტიკური პარტიები თუ სხვა ქვეყნები.

საქართველოში ახლახან დაწყებული დისკუსია - სად გადის ზღვარი ჟურნალისტურ შეფასებასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის ახალი არ არის რუსეთისა და ბელარუსისთვის. ამ კითხვაზე პასუხებს იქ წლებია, ეძებენ ჟურნალისტები, რომელთა ნაწილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ნაწილი კი დღესაც პატიმრობაშია.

„დიქტატორი“, „არალეგიტიმური პრეზიდენტი“, „პოლიტიკური პატიმრები“ - რა ტერმინებისთვის იდევნებიან ბელარუსელი ჟურნალისტები?

„ბელარუსში ჟურნალისტებისთვის არ არსებობს „აკრძალული სიტყვების“ ჩამონათვალი, მაგრამ აკრძალულია, რომ ლუკაშენკას დაუძახო დიქტატორი ან არალეგიტიმური პრეზიდენტი - გამოიყენო ნებისმიერი სიტყვა, რაც მის ლეგიტიმაციასა და ავტორიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა ბელარუსელმა ჟურნალისტმა ანონიმურად. ჟურნალისტებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ტერმინი „პოლიტიკური პატიმრები“, ასეთ პატიმრებზე შეიძლება თქვა მხოლოდ „კრიმინალები“, - გვიხსნის ჟურნალისტი.

„არ შეიძლება იძულებით ემიგრაციაში მყოფი მედიასაშუალებების „მედიად“ მოხსენიებაც, ასეთ ორგანიზაციებს უნდა უწოდო „ექსტრემისტული ორგანიზაციები.“

ქვეყანაში ნებისმიერი კრიტიკული სიტყვა და ფორმულირება შეიძლება შეფასდეს „ექსტრემისტული მასალის“ გავრცელებად, „სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციად“ ან „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად“, რასაც ჟურნალისტები ხშირად ციხის კარამდე მიჰყავს.

კაციარინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა

თუმცა, ბელარუსში მოვლენები დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ჟურნალისტური ენის კონტროლს. 2020 წლის 12 ნოემბერს ბელარუსში დააკავეს პოლონურ ტელეარხ „ბელსატის“ ჟურნალისტები, კაციარინა ანდრეევა და დარია ჩულცოვა. ისინი აშუქებდნენ მინსკში გამართულ აქციას. მათ ლუკაშენკას ხელისუფლებამ ბრალი დასდო „საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ისახავდა მიზნად“ და 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კაციარინა ანდრეევა ჯერ კიდევ ციხეში იმყოფებოდა, როცა 2022 წლის გაზაფხულზე მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს და სამშობლოს ღალატისთვის 8-წლიანი პატიმრობა დაუმატეს. ის 2026 წლის მარტში, ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ 250 პოლიტიკურ პატიმარს შორის მოხვდა.

„ომი“, „ოკუპაცია“, „ანექსია“ - ტერმინები, რომელთა გამოც რუსეთში ჟურნალისტებს ასამართლებენ

სიტყვებისა და კონტექსტის კონტროლი არის ის მექანიზმი, რომელსაც წლებია, რუსეთის ხელისუფლება იყენებს მედიისა და საჯარო დისკუსიების სამართავად. კრემლის მიერ მედიებისთვის დადგენილი წესებისგან გადახვევა ხდება საფუძველი, ჟურნალისტები გაასამართლონ „ექსტრემიზმის“, „სახელმწიფო ღალატის“, „უცხო ქვეყნის ან ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის“, „ექსტრემისტულ ჯგუფში მონაწილეობისა“ და რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და რუსეთის ჯარის „დისკრედიტაციისთვის“ - და ეს ბრალდებების მხოლოდ ნაწილია.

ქვეყანაში მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტური ენა კიდევ უფრო მკაცრი სამართლებრივი კონტროლის ქვეშ მოექცა.

რუსი ჟურნალისტებისთვის უკრაინაში ომის „ომად“ მოხსენიება მიიჩნევა კრემლის ოფიციალური ხაზისგან გადახვევად და „რუსეთის არმიის დისკრედიტაციის“ ან „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნით შეიძლება დასრულდეს. ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „ოკუპაცია“, „ანექსია“ ან „დიქტატურა“, ხშირად განიხილავენ „ექსტრემიზმის“, „ცილისწამების“ ან „უცხოეთის აგენტის“ კანონმდებლობის ჭრილშიც.

რომან ანინი

2025 წლის მარტში მოსკოვის სასამართლომ დევნილ გამომძიებელ ჟურნალისტებს რომან ანინსა და ეკატერინა ფომინას დაუსწრებლად მიუსაჯა რვა-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა. ფომინას განაჩენი უკავშირდება მის 2022 წლის გამოძიებას, რომელიც ეხებოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ კვირებში უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს. რუსეთმა ეს გამოძიება შეაფასა „ყალბი ამბების გავრცელებად“.

ანინს კი ბრალი IStorie-ის YouTube-არხზე 2022 წლის ზაფხულში გამოქვეყნებული ორი სიუჟეტის გამო წაუყენეს.

რუსეთში 2025 წლის 5 დეკემბერს „ექსტრემისტულ ჯგუფში მონაწილეობის“ ბრალდებით გაასამართლეს კიდევ 4 ჟურნალისტი - ანტონინა კრავცოვა, კონსტანტინ გაბოვი, სერგეი კარელინი და არტემ კრიგერი. მათ ბრალი დასდეს მოკლული ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ჯგუფთან სავარაუდო კავშირში და ხუთ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთი და ბელარუსი, საერთაშორისო შეფასებების მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსებში ყველაზე ცუდ პოზიციებს იკავებენ. ამ ქვეყნებზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფონზე, ჟურნალისტების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ისევე, როგორც მათი ფიზიკური უსაფრთხოება, პრაქტიკულად, დაუცველია.

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2026 წლის პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების ანგარიშში 180 ქვეყანას შორის რუსეთს 172 ადგილი უჭირავს. „2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედია აიკრძალა, დაბლოკეს, „უცხოურ აგენტებად“ ან „არასასურველ ორგანიზაციებად“ გამოაცხადეს. დანარჩენი მედია კი სამხედრო ცენზურის ქვეშ მოექცა.“, - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

165-ე ადგილზეა ბელარუსი, რომელზეც ორგანიზაცია წერს, რომ „ბელარუსი ევროპაში ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც ითვლებოდა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მასშტაბური რეპრესიები იქ დღემდე გრძელდება.“

ბევრად გაუარესდა საქართველოს რეიტინგიც - ქვეყანა პრესის თავისუფლების ინდექსში მხოლოდ ერთ წელიწადში 21 ადგილით ჩამოქვეითდა და 135-ე ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოსთან დაკავშირებით „რეპორტიორები უსაზღვროდ“ წერს, რომ „სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა აფერხებს პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება, ხოლო ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა იზრდება“.

ასევე ნახეთ

საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 21 ადგილით ჩამოქვეითდა 

ექსპერტები შიშობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტური ენის კონტროლი ჯერ კიდევ რეგულატორის დონეზე რჩება, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითები აჩვენებს შესაძლო მომავალს საქართველოსთვისაც:

„ქართული ოცების ეს ნაბიჯები არის რეპრესიული და ჯდება რეპრესიული ქვეყნების მაგალითებში. რაღაცები ინოვაციური შეიძლება მათიც იყოს, მაგრამ საერთო ხედვა, რა თქმა უნდა, არის გამოხატვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის კრიმინალიზება... როგორც ავტორიტარულ რეჟიმებშია, უნდათ ისაუბრო მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც მათთვისაც მისაღებია ან გაიმეორო ის ნარატივები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა ანდღულაძემ.