საქართველოდან რუსეთში კარტოფილის ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში კარტოფილის ექსპორტი 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ გაიზარდა.

წლების განმავლობაში საქართველოდან კარტოფილის მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო. 2016 წელს იქ 11 ათასი ტონა პროდუქცია გავიდა, 2017 წელს – 32,6 ათასი ტონა, 2018 წელს – 24 ათასი ტონა. 2021 წელს სტატისტიკაში დაწინაურდა რუსეთი, სადაც 33 ათასი ტონა კარტოფილი გავიდა.

2024 წელს რუსეთში ექსპორტმა 8 440 ტონა შეადგინა, ღირებულებამ კი – 3,3 მლნ დოლარი. 2025 წელს კი ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 50 347 ტონა, ღირებულება – 20,5 მლნ დოლარი.

გასულ, 2025 წელს, საექსპორტო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი — 50 347 ტონა, 20,5 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი — 24 320 ტონა, 4,5 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი — 3 302 ტონა, 1,4 მლნ დოლარი;
  • სომხეთი — 3 766 ტონა, 801 ათასი დოლარი;
  • ყაზახეთი — 394 ტონა, 84 ათასი დოლარი.

რაც შეეხება კარტოფილის იმპორტს, 2025 წელს საქართველოში ყველაზე მეტი პროდუქცია თურქეთიდან შემოიტანეს (6 705 ტონა, ღირებულება – 1,8 მლნ დოლარი). იმპორტი ფიქსირდება ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან, პაკისტანიდან და უზბეკეთიდანაც.

ასევე ნახეთ ზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან"

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დაიბრუნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ეს პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა.

საქსტატის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი 2025 წელს მესამე ადგილზეა და მთლიანი ექსპორტის 10,3%-ს შეადგენს. პირველ და მეორე ადგილებს ყირგიზეთი და ყაზახეთი ინარჩუნებენ (ჯამურად 33%-ზე მეტი), სადაც, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან ძირითადად მსუბუქი ავტომობილები გადის. თუმცა ჟურნალისტური გამოძიებები და ანალიტიკური მასალები ადასტურებს, რომ ავტომობილების ძირითადი ნაწილი საბოლოოდ არა ცენტრალური აზიის, არამედ რუსეთის ბაზარზე ხვდება.

ასევე ნახეთ "ავტოსტატი" - საქართველოდან რუსეთში 34.6 ათასი ავტომობილი შეიტანეს. საქსტატის თანახმად - მხოლოდ რვა

რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში, საქსტატის მონაცემებით, დაახლოებით 10,5%-ს შეადგენს, რაც მეოთხე მაჩვენებელია თურქეთის, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.