Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა საქართველოს მთავრობაზე: „გარე ძალების მიუხედავად, არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან"


მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები.

თუმცა ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ შეინიშნება ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური ტენდენციები და განაცხადა, რომ მოსკოვი „საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს“:

„საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია“.

ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ „სამართლიანობამ იზეიმა“, ხოლო „ბოროტება“ და „შავ-ბნელი უწმინდურობა“ დამარცხდა „კეთილი ნებითა და კეთილი ზრახვებით“. ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთი და დსთ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და რომ ჯერჯერობით ეს არის არსებითად მისი გასაღების ერთადერთი, უალტერნატივო ბაზარი“, ხოლო „რაოდენობა რუსი ტურისტებისა, რომლებიც საქართველოს სტუმრობდნენ, შარშან 11%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონს მიაღწია“.

ზახაროვამ კიდევ ერთხელ შეაქო „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც „დასავლეთის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს“ და უარს ამბობს „უკრაინისა და მოლდოვის სცენარების განხორციელებისკენ მიმავალ გზაზე“:

„გარე ძალების მოთხოვნის მიუხედავად, მათ არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, რომლის წყალობითაც რესპუბლიკა აჩვენებს მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების რეკორდულ ზრდას“.

ზახაროვას თქმით, თბილისში „იწყებენ იმის გაცნობიერებას, თუ რამდენად უსაფუძვლოა ნატოში შესვლასთან დაკავშირებული იმედები და რამდენად ყალბია ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში „ოქროს მთების“ დაპირებები“.

მარია ზახაროვა ასევე ირწმუნება, რომ რუსეთი დაინტერესებულია „სუვერენული და დამოუკიდებელი“ საქართველოთი, რომელიც არ გახდება „სათამაშო“ სხვების ხელში.

მისივე თქმით, მოსკოვი „გაგებით აღიქვამს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას გარე ჩარევის შეზღუდვის შესახებ, მათ შორის თბილისის ნაბიჯებს ტრადიციული ღირებულებებისა და ქართული საზოგადოების საფუძვლების გარედან თავსმოხვეული ნეოლიბერალური მითითებისგან დასაცავად“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG