რას ნიშნავს ეს რეიტინგი?
135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.
„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დემოკრატიული კრიზისისა და პროტესტების, ასევე მათი გაშუქების წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების ფონზე, საქართველო ინდექსში 21 პოზიციით დაქვეითდა“, - წერია საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2026 წლის პრესის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების ანგარიშში.
შეფასება ემყარება ხუთ კრიტერიუმს: პოლიტიკურ კონტექსტს, სამართლებრივ ჩარჩოს, ეკონომიკურ და სოციოკულტურულ კონტექსტსა და უსაფრთხოებას. დაგროვებული ქულების მიხედვით, ქვეყნები პრესის თავისუფლების მდგომარეობის მიხედვით ხუთ ჯგუფად იყოფა: კარგი, დამაკმაყოფილებელი, პრობლემური, რთული და ძალიან რთული.
„შემზღუდავი კანონების - განსაკუთრებით „უცხოური აგენტებისა“ და მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების მიღება და აღსრულება, ასევე საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ახალი ბარიერები, სამართლის უზენაესობის თვალსაჩინო ეროზიაზე მიუთითებს", - წერია ანგარიშში საქართველოზე.
პრესის თავისუფლების ინდექსი აფასებს მედიაგარემოს სხვადასხვა კომპონენტს 180 ქვეყანაში, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოებას, მედიის დამოუკიდებლობას ჩარევებისგან და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
ასევე ნახეთ
ამერიკული FARA-ს ქართული ვერსია - რა წერია კანონპროექტში, მარტივადასევე ნახეთ
რა ელის მაუწყებლებს? ყველაფერი ახალი შეზღუდვებისა და აკრძალვების შესახებ "ოცნების" კანონპროექტებშიეს რეიტინგი ერთ-ერთია იმ საერთაშორისო შეფასებებს შორის, რომლებიც ყოველწლიურად აღწერს მედიაგარემოს მსოფლიოში.
| „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უფლებებს მსოფლიოში. |
საქართველოს რეიტინგი წლიდან წლამდე უარესდება
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში წელს პირველად არ გაუარესებულა - ქვეყნის რეიტინგის ვარდნა გრძელდება ბოლო რამდენიმე წელია. 2023 წელს ქვეყანა 77-ე ადგილზე იყო, 2024-ში 103-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, 2025 წელს 114-ე ადგილზე აღმოჩნდა, 2026-ში კი - 135-ეზე.
ორგანიზაცია გასულ წელს საქართველოსთან დაკავშირებით წერდა, რომ „სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა აფერხებს პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო კვლავ მტრული რჩება, ხოლო ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რაოდენობა იზრდება“.
ასევე ნახეთ
„ჩავიკეცე, ვერ ამოვისუნთქე“ - როგორ უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს„რაც ანგარიშში არის ასახული, იმ სამწუხარო რეალობის დადასტურებაა, რა მდგომარეობაშიც უწევს დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა. გვყავს პოლიტპატიმარი მზია ამაღლობელი, გვაქვს ასეთი რეპრესიული კანონმდებლობა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს არაერთი ჟურნალისტი დააჯარიმეს და დააკავეს. „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიას როგორც ფიზიკური ძალადობით, ასევე საკანონმდებლო რეპრესიებით პრაქტიკულად შეუქმნა ისეთი გარემო, რომ მიიყვანა ეგზისტენციალურ საფრთხემდე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
საქართველოს გაუარესებული რეიტინგი ანგარიშში არც ჟურნალისტებისთვის არ ყოფილა გასაკვირი - ისინი ამ რეალობას მუდმივად აწყდებიან მუშაობისას. „არ ვიცი რა იქნება ხვალ - აღმოვჩნდები მორიგი ფიზიკური თავდასხმის სამიზნე თუ ვიქნები მორიგი ჟურნალისტი, რომელსაც ფინანსური კრიზისი შეექმნა. ამ მდგომარეობაშია ტელევიზიისა თუ ონლაინმედიების ჟურნალისტთა უდიდესი ნაწილი“, - ამბობს მინდია გაბაძე, „პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი.
საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებაზე მხოლოდ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ არ საუბრობს. იმავე სურათს აღწერს „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების“ კონსორციუმიც (MFRR), რომელმაც 2025 წლის ანგარიშში მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმები აღწერა. „2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელ მედიაზე გააგრძელა ინტენსიური ზეწოლა. MapMF-ის მონაცემებით, დაფიქსირდა მედიის თავისუფლების 143 დარღვევა, რომლებიც 263 მედიაწარმომადგენელსა და მედიასუბიექტს შეეხო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო სამართლებრივი თავდასხმების მკვეთრი ზრდა.“
ამავე ანგარიშში ნახსენებია მზია ამაღლობელის საქმეც, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ერთ-ერთი მაგალითი. „აგვისტოს დასაწყისში, 200 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უკანონო წინასწარი პატიმრობისა და მკვეთრად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ორწლიანი თავისუფლების აღკვეთით დაისაჯა…მზარდი ავტორიტარიზმისა და მედიის თავისუფლებაზე გამკაცრებული ზეწოლის ფონზე, ის წინააღმდეგობისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა.“
რეგიონული კონტექსტი
„პრესის თავისუფლების ხარისხის გაუარესებას რამდენიმე ერთმანეთთან გადაჯაჭვული ფაქტორი განაპირობებს. რეგიონი მეტად ჰგავს სივრცეს, სადაც დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებები თავდაყირა დგება და კანონმდებლობა ხშირად მმართველი ძალის ინტერესების სამსახურში ექცევა - საზოგადოების ინფორმირების უფლების ხარჯზე“, - ამბობს 2026 წლის ანგარიში.
მონაცემების მიხედვით, რეგიონში საუკეთესო პოზიციას სომხეთი (50-ე ადგილი) იკავებს - ის საქართველოს (135-ე ადგილი) 85 პოზიციით უსწრებს. ამის მიუხედავად, სომხეთში პრესის თავისუფლების მდგომარეობა მაინც „პრობლემურად“ არის შეფასებული.
„პრობლემურობას“ უკავშირებენ „ცილისწამების შესახებ ბოროტად გამოყენებული სასამართლო დავების ზრდას და ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც მედიასაშუალებებზე შემაკავებელი ეფექტი მოახდინა“.
მხოლოდ 11 ადგილით ჩამორჩება საქართველოს ყირგიზეთი, რომელიც 146-ე ადგილს იკავებს, 14 ადგილით კი ყაზახეთი - ამ რეიტინგის მიხედვით, იგი 149-ე ადგილზეა. ამ ქვეყნებში მედიაზე „ზეწოლა უფრო არაპირდაპირ ფორმებს იღებს - კანონმდებლობის გამკაცრებასთან ერთად იზრდება ონლაინ სივრცეზე კონტროლი და რჩება დაუსჯელობის მაღალი დონე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“.
ამავე ანგარიშის თანახმად, ბელარუსი 165-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 171-ეზე, რუსეთი იკავებს 172-ე ადგილს, ხოლო თურქმენეთი - 173-ეა რეიტინგში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ოთხი „რეიტინგის ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი ქვეყნებია“ და შეფასებისას მათი სამართლებრივი ქულები 22-დან 32-მდე მერყეობს.
„ბელარუსში და რუსეთში - სადაც მსოფლიოში ჟურნალისტების რაოდენობით სიდიდით მეორე ციხეა, ხოლო უცხოელი ჟურნალისტებისთვის (ყველა მათგანი უკრაინელია) პირველ ციხედ მიიჩნევა - ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული კანონები ხშირად გამოიყენება ჟურნალისტების საქმიანობის კრიმინალიზაციისთვის.“
80 პოზიციით უსწრებს საქართველოს უკრაინა - ქვეყანა რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება თურქეთს, ის 163-ე ადგილზეა და პრესის თავისუფლების მდგომარეობა იქ „ძალიან სერიოზულად“ არის შეფასებული.
2025 წელს RSF-მა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 34-კაციან სიაში შეიყვანა. ივანიშვილი ამ სიაში ვლადიმირ პუტინის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ილჰამ ალიევის, ალი ხამენეის, ნიკოლას მადუროს, ვიქტორ ორბანისა და სხვების გვერდით მოხვდა.
ასევე ნახეთ
ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ 2025 წლის სიაში მოხვდაწელსაც ამ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ნორვეგია, ბოლო ხუთეულში კი შედიან ერიტრეა, ჩრდილოეთი კორეა, ჩინეთი, ირანი და საუდის არაბეთი.