“მიზანია გამჭვირვალე გახდეს უცხოური პრინციპალისგან, უცხო ძალისგან ნებისმიერი ჩარიცხული თანხა, გადახდილი თანხების შესაბამისად დაფინანსებული მოქმედებები, პროგრამები და განხორციელებული საქმიანობა” - განაცხადა მომხსენებელმა, არჩილ გორდულაძემ, სადავო პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, სხდომაზე, კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.
“ოცნება” პირობას დებს, რომ, რადგან “აგენტების კანონმა” “თავისი მიზნები ვერ შეასრულა” და ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა რეგისტრაციას აარიდა თავი, ამერიკაში შემუშავებული რეგულაციებით საზოგადოება ყველაფერს შეიტყობს სამოქალაქო სექტორის დაფინანსებისა და საქმიანობის შესახებ.
ამ კანონის სამიზნეები აცხადებენ, რომ ინგლისურიდან თარგმნილი FARA, სამართლიან გარემოში, ვერც არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეხებოდა და ვერც მედიაორგანიზაციებს, მაგრამ საქართველოში ყველაფერს მოელიან - სამოქალაქო სექტორის მიმართ ანტაგონისტური დამოკიდებულებებისა და „მიტაცებული სასამართლოს” პირობებში.
ვინ (არ) ჩაითვლება აგენტად?
იმისთვის, რომ ფიზიკური თუ იურიდიული პირი „უცხოური ძალის [პრინციპალის] აგენტად“ ჩაითვალოს - ამერიკული კანონმდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობით, მას უნდა ჰქონდეს ცალსახად პოლიტიკური მიზნები და ასევე:
- პირი მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე;
- მოქმედებს უცხოური ძალის [პრინციპალის] “უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად”;
- მისი საქმიანობა “პირდაპირ ან ირიბად” არის უცხოური ძალის “ზედამხედველობის ქვეშ”;
- არის უცხო ძალის მიერ “მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად”;
- უცხოური ძალის “ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს”;
- წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს სახელმწიფოს “ნებისმიერი დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე”.
ტექსტის თანახმად, „უცხოური პრინციპალის [ძალის] აგენტი“ შესაძლოა მოქმედებდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად - უცხოური ძალის „ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე”.
‘‘Public-relations counsel’’ „ქართული ოცნების“ პროექტში თარგმნილია როგორც „მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში“; ‘‘Publicity agent’’ - „სარეკლამო აგენტად”; ხოლო ‘‘Information-service employee’’ - „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად”.
ტერმინ “საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელში” იგულისხმება პირი, რომელიც აგროვებს ან აქვეყნებს სხვადასხვა სფეროს ინფორმაციას თუ ანგარიშებს უცხო ქვეყნის შესახებ - “უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ან საპარტნიორო გაერთიანების, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად”.
„აგენტად“ არ ჩაითვლებიან:
- ახალი ამბების მაუწყებლები, პრეს-საშუალებები ან ასოციაციები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
- ნებისმიერი გაზეთი, ჟურნალი, პერიოდულ გამოცემა თუ კეთილსინდისიერი ახალი ამბების მაუწყებლები და ჟურნალისტური საქმიანობის შემსრულებლები - რომლებიც “მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს” და “რომელთა სულ მცირე 80%-ის მფლობელი და მისი მმართველი მენეჯერები და ხელმძღვანელობა საქართველოს მოქალაქეები არიან”;
- და თუკი ისინი არ არიან „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მფლობელობაში, არ არიან მის მიერ მართული, კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული და მათი პოლიტიკა არ განისაზღვრება „უცხოური პრინციპალის [ძალის]“ მიერ.
პრინციპალად, ანუ უცხოურ ძალად ითვლება:
- უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან პოლიტიკური პარტია.
- ფიზიკური პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ [თუკი ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არ ცხოვრობს საქართველოში].
- იურიდიული პირი [თუკი ის არ არის დაფუძნებულია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად].
- საპარტნიორო გაერთიანება, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს.
პოლიტიკური საქმიანობა, რომელსაც აგენტი შესაძლოა უცხო ძალის დავალებით ან კონტროლით ასრულებდეს, პროექტში განმარტებულია, როგორც: ნებისმიერი საქმიანობა, რომლის მიზანია - რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენა ხელისუფლებაზე ან მის სახელმწიფო დაწესებულებებზე, საზოგადოების ნებისმიერ ფენაზე; ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე, მიღებასა ან შეცვლაზე; ან გამომდინარეობს უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან.
რა მიზნით გადმოაქვთ ამერიკული კანონი?
“ვხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში [უცხოური ორგანიზაციების მიერ] დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენჯერმე სცადეს გადატრიალების მოწყობაც. ეს ორგანიზაციები პირდაპირ ჩართული იყვნენ და ახალისებდნენ ძალადობრივ აქციებს”, - არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივად დაუდასტურებელ ბრალდებებზე, სხვა არაერთი თანაგუნდელის მსგავსად, არჩილ გორდულაძემაც ილაპარაკა - როცა სადავო პარლამენტის სხდომაზე ამერიკული კანონის ქართულ თარგმანს პირველი მოსმენით წარადგენდა.
ამერიკული კანონის თარგმანი სადავო პარლამენტის სხდომაზე 4 მარტს პირველი მოსმენით დაამტკიცეს - 84 ხმით და განხილვის პროცესი გრძელდება. პროექტი სხდომაზე კიდევ ორი მოსმენით უნდა დაამტკიცონ. ის არ განიხილება დაჩქარებული წესით.
გორდულაძის თქმით, “როგორც ამერიკელ ხალხს აქვს უფლება, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, არანაკლები უფლება აქვს ქართველ ხალხსაც, რომ გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, თავისი დამოუკიდებლობა" და რომ ამერიკული რეგულაციები შეეხება ყველა იმ “ოდიოზურ” ორგანიზაციას, რომელმაც “აგენტების კანონს” აარიდა თავი, ისინი ახლა ამას ვეღარ შეძლებენ და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს სამოქალაქო სექტორის “ნათელი თუ ბნელი საქმიანობის” შესახებ.
"იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია" - მითითებულია ახალი კანონპროექტის განმარტებით ბარათში, კანონის მიზნებთან დაკავშირებით.
- 2025 წლის თებერვალში “ოცნებამ” გამოაცხადა, რომ “აგენტების კანონს” ამერიკული FARA-ს ზუსტი თარგმანით ჩაანაცვლებდა;
- სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თარგმანი ზუსტი იქნება და ვისაც არ მოეწონება - „ედავონ ამერიკის შეერთებულ შტატებს”.
გაცილებით უფრო მკაცრი ვიდრე „აგენტების კანონი“?
“ქართულ ოცნებაში” ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ FARA გაცილებით უფრო მკაცრი კანონია, ვიდრე 2024 წელს, მეორე ცდაზე, ხმაურიანი პროტესტის ფონზე დამტკიცებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" [“აგენტების კანონი”, რომელსაც საზოგადოებამ რუსული კანონი უწოდა]. არჩილ გორდულაძემ სხდომაზე ორი ასპექტი გამოყო:
- თუკი მოქმედი „აგენტების კანონი“ მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხება, ამერიკული FARA ფიზიკურ პირებსაც მოიცავს;
- FARA, „აგენტების კანონისგან“ განსხვავებით, ჯარიმასთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში, 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს.
„[იყო] სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები, რომელიც იფუთებოდა რაღაც დემოკრატიული პროცესებით... ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს გამჭვირვალობის კანონი და გადმოვიტანოთ FARA-ს ანალოგი, სადაც კონკრეტულ დანაშაულებზე არის სისხლის სამართლის მიმართულება“, - უხსნიდა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე.
აშშ-ში 1938 წელს ამოქმედებული FARA-ს 81-წლიან პრაქტიკაში [2018 წლის მონაცემებით] სულ 46 სისხლის სამართლის საქმეს ითვლიდნენ.
განსასჯელების საკმაოდ დიდ ნაწილს ბრალი არ დაუმტკიცდა და სხვადასხვა ეტაპზე მოეხსნა. 1939 წელს, პირველი საქმე სამი „საბჭოთა პროპაგანდისტის“ წინააღმდეგ აღიძრა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში FARA აშშ-ში ნაცისტური საქმიანობების გამოვლენისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მექანიზმს წარმოადგენდა.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აცხადებს, რომ FARA-ს გონივრულად განმარტების შემთხვევაში, ეს კანონი ვერ გავრცელდება საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებზე, რომლებსაც საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, “მრავალფეროვანი წყაროებიდან ფინანსდებიან” და არ არიან მიბმული “სრულად ან დიდწილად” ერთ წყაროზე, რაზეც FARA-ს ჩანაწერი მიუთითებს.
“ძალიან გაუჭირდებათ FARA-ს გამოყენება [საქართველოში], სამოქალაქო ორგანიზაციებზე თუ მედიაორგანიზაციებზე, რომლებსაც თავიანთი დღის წესრიგი, იდეოლოგია აქვთ; არ მოქმედებენ საგარეო ინტერესის მიხედვით და წლების განმავლობაში ქვეყნის შიდა საკითხებზე მუშაობენ…
[პროექტების] ავტორები ჩვენ ვართ და მხოლოდ ჩვენ განვსაზღვრავთ რა პროექტის განხორციელება გვინდა და შემდეგ ვიღებთ საგრანტო ფორმით მხარდაჭერას. დონორისთვის მხოლოდ ტექნიკური ანგარიშის ჩაბარება ხდება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე და აღნიშნავს ასევე, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დავას წამოიწყებენ და საქმეს სტრასბურგის სასამართლომდეც მიიტანენ.
თამთა მიქელაძის განმარტებით, “FARA-ს კანონის ნაკლოვანებები - ფართო ტერმინები და კონცეფციები“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის პირობებში „ინსტრუმენტალიზების რისკებს“ ქმნის; რადგან საქართველოში, აშშ-სგან განსხვავებით, არ არსებობს ინსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები.
„ამერიკაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც არაერთი გადაწყვეტილება აქვს დადგენილი ამ კანონის გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით, არსებობს ჯეროვანი მმართველობა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული მთელი რიგი "გაიდლაინების" ჯაჭვი, რომელიც რისკებისგან გამოხატვის თავისუფლებას იცავს...
თუკი „ქართული ოცნება“ „აკოპირებს ამერიკულ კანონს, მაშინ მან უნდა დააკოპიროს და ზედმიწევნით დაიცვას ამერიკის სასამართლოების მიერ დადგენილი [პრეცედენტული სამართლის] სტანდარტები, რაც იქ რისკებს აზღვევს“, - აღნიშნავს თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე კარგა ხანია მიზანში ამოიღო - არჩევნების, ადამიანის უფლებებისა თუ კანონის უზენაესობისა და კორუფციის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი ანგარიშებითა თუ შეფასებებით - ხშირად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკასა და ქმედებებს.
"აგენტების კანონის" დამტკიცების პერიოდში "ქართული ოცნება" ხშირად ავლებდა პარალელებს ამერიკულ FARA-სთან. საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ თავად აშშ-სა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის - ODIHR - 2024 წლის დასკვნაში წერია:
"(FARA) მიემართება იმ კერძო კომპანიების ან არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციის უზრუნველყოფისკენ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობისტურ ძალისხმევაში უცხო ქვეყნის მთავრობების სახელით, და [ეს კანონები] სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის ყველა ორგანიზაციას არ ანიჭებს უცხოეთის წარმომადგენელთა იარლიყს მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო".
ანტიკორუფციული ბიურო და სხვა ჩანაცვლებები
პირველი მოსმენით დამტკიცებულ ვარიანტში უკვე შეცვლილია აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების დასახელებები:
- თუკი FARA-ს აღსრულება აშშ-ში - იუსტიციის დეპარტამენტის [იუსტიციის სამინისტრო - რ.თ.] პრეროგატივაა, საქართველოში ეს საქმე ანტიკორუფციულ ბიუროს ჩააბარეს. “ოცნება” აცხადებს, რომ საქართველოში იუსტიციის დეპარტამენტი არ არის [აშშ-ში იუსტიციის მინისტრი ქვეყნის გენერალური პროკურორიც არის].
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩანაცვლდა - საგარეო საქმეთა მინისტრით.
- აშშ-ის ხელისუფლება - საქართველოს ხელისუფლებით.
- აშშ-ის პრეზიდენტი - საქართველოს პრეზიდენტით.
- აშშ-ის კონგრესი - საქართველოს პარლამენტით.
თარგმანიდან სრულად ამოღებულია კონგრესის ბიბლიოთეკის ფუნქციები - “ოცნება” აცხადებს, რომ საქართველოში არცერთი ბიბლიოთეკა მსგავს ფუნქციებს არ ასრულებს.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2025 წლის თებერვალში კულტურის სამინისტროს დაექვემდებარა.
ამერიკული კანონის „ქართული ოცნების“ მიერ თარგმნილი ტექსტის თანახმად, „უცხოური პრინციპალის [ძალის] აგენტისგან“ ანტიკორუფციულ ბიურო იბარებს როგორც თავდაპირველ სარეგისტრაციო განაცხადს, ასევე დამატებით ინფორმაციას, რომელიც ბიურომ შესაძლოა მოითხოვოს „უფრო დიდი სიხშირით“ - „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ინტერესების საფუძველზე”.
მოთხოვნილი ინფორმაცია, სხვადასხვა შემთხვევაში, მოიცავს, მათ შორის, კონკრეტულ პირთან, მის თანამშრომლებთან, საქმიანობასთან დაკავშირებულ ცნობებს, თანხის მიღებისა და ხარჯვის ანგარიშს, „უცხოურ ძალასთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას და ყველა იმ პირთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს უცხოურ ძალასთან.
პროექტის ტექსტში, „პირი“ - წარმოადგენს ფიზიკურ პირს, საპარტნიორო გაერთიანებას, ასოციაციას, კორპორაციას, ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას.
- ფიზიკური პირი თავად ავსებს დოკუმენტაციას.
- საპარტნიორო გაერთიანების შემთხვევაში - დოკუმენტაციას ავსებს მისი წევრების უმრავლესობა;
- სხვა [ორგანიზაციების] შემთხვევებში - დოკუმენტაციას ავსებენ მმართველი მენეჯერების ან მათი ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებელი პირების უმრავლესობა ან მმართველი მენეჯერების ან დირექტორთა საბჭოს ან მათი ფუნქცია-მოვალეობების შემსრულებელი პირების უმრავლესობა, მათი არსებობის შემთხვევაში.
ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა უზრუნველყოს შეგროვილი ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.
ჩართულია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო „ქართული ოცნების“ კანონპროექტის განხილვის პროცესში და აქვს თუ არა უწყებას რესურსი შეასრულოს დამატებითი მასშტაბური ფუნქცია, რომელსაც პროექტის ავტორები სამოქალაქო სექტორის სრულად მოცვის იმედებს უკავშირებენ?
ანტიკორუფციულ ბიუროს განმარტებები ვთხოვეთ. რადიო თავისუფლებას პასუხი არ მიუღია.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ დაამტკიცა რეჟიმის მიმართ ერთგულება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ძალიან ფართო და თვითნებური გამოყენება მისცა ნორმებს და რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის წინააღმდეგ დევნაც კი დაიწყო, რომ თითქოს ისინი საარჩევნო სუბიექტები იყვნენ და პოლიტიკურ პროცესებში იღებდნენ მონაწილეობას; რასაც შემდეგ უკან დახევისაც მოჰყვა...
ამიტომ ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული ბიურო უკვე არის გაწვრთნილი ამ ტიპის საკითხების გადაჭრაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძე.
რამდენიმე საქმე აშშ-ის პრაქტიკიდან
#1 კალაშნიკოვი-აფანასევას საქმე
2024 წლის სექტემბერში, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში, რუსი ეროვნების - კონსტანტინ კალაშნიკოვი და ელენე აფანასევა ამხილეს FARA-ს დარღვევასა და გარიგებაში ფულის გათეთრების მიზნით.
ბრალდების დასკვნაში წერია, რომ ამ ორის დამსაქმებელია - რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება RT [უწინ ცნობილი - Russia Today-ს სახელით]. მათ დახარჯეს თითქმის 10 მილიონი დოლარი, კრემლის მესიჯებით გაჯერებული ონლაინკონტენტის შესაქმნელად აშშ-ში.
ამავე მასალებით კალაშნიკოვი და აფანასევა მოქმედებდნენ შენიღბულად და RT-ს მათთვის ფულს რიცხავდა რამდენიმე ქვეყნიდან, ფიქტიური კომპანიების გავლით.
მათ მოამზადეს 2000-ზე მეტი ვიდეორგოლი, სოციალური ქსელების რამდენიმე პლატფორმაზე და რომლებიც 16 მილიონზე მეტჯერ ნახეს მხოლოდ YouTube-ზე.
„FARA-ს დარღვევისთვის ამ ორ ადამიანს რუსეთიდან 5-წლიანი პატიმრობა, ხოლო ფულის გათეთრებისთვის - 20 წლიანი საპატიმრო სასჯელი ემუქრებათ. საქმეს იძიებს FBI [გამოძიების ფედერალური ბიურო]. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საბოლოო სასჯელი დადგინდება აშშ-ის პრაქტიკის შესაბამისად.
#2 ბიზნესმენის საქმე რომელიც საამიროების ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა
ბოლო პერიოდის საქმეების ჩამონათვალშია ბიზნესმენის საქმე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდა, თანამზრახველებთან ერთად, მაღალი რანგის ამერიკელ პოლიტიკოსებზე უშუალო ზეგავლენისა და საამიროების მთავრობის ინტერესების გატარების მიზნით. ეს ყველაფერი ხდებოდა FARA-სა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების გვერდის ავლით. 2021 წელს ბიზნესმენი თანამზრახველთან ერთად დააკავეს. 2022 წელს კი, სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.
უფრო ძველი საქმეებიდან:
2019 წლის ივლისში, ვირჯინიის აღმოსავლეთ ოლქის ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს ბიჯან რაფიეკიანი თურქეთის ხელისუფლების აგენტის როლის საიდუმლო შესრულებაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და FARA-სთვის გამიზნულად თავის არიდებაში.
რაფიეკიანი, სხვებთან ერთად, ცდილობდა საიდუმლოდ მოეხდინა ზეგავლენა ამერიკელ პოლიტიკოსებზე და საზოგადოებრივ აზრზე - აშშ-ში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქის [აწ გარდაცვლილი - რ.თ.] ფეთულა გიულენის წინააღმდეგ. მიზანი იყო გიულენისთვის ლეგიტიმაციის მოშლა, რაც გააადვილებდა მის თურქეთში ექსტრადიციას.
მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა რაფიეკიანი დამნაშავედ ცნეს, საოლქო სასამართლომ განაჩენი გააუქმა არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით. 2021 წელს საქმის წარმოება განახლდა, ახლად აღმოჩენილი მტკიცებულების მიზეზით და სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება აღადგინა. შემდეგ გამოძიება გაგრძელდა, მაგრამ 2023 წელს საქმე დაიხურა წინასწარი განსჯის საფუძველზე.
საჯარო წყაროებში იძებნება ასევე სხვა საქმეები აშშ-ში რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარ აგენტებთან დაკავშირებით. გამოვლენილია ასევე ეგვიპტის, ჩინეთისა თუ ირანის სახელისუფლებო ინტერესებთან დაკავშირებული პირების საქმეები. ამ შემთხვევების ყველა ნიუანსი სასამართლოებში განიხილებოდა.
ვიდრე „ქართული ოცნება“ FARA-ს ინიციირებისთვის ემზადებოდა, ამ კანონის კრიტიკა თავად აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში დაიწყეს და შეცვლის საჭიროებაზეც ალაპარაკდნენ.
„აქ შეიძლება ერიოს დიპ სტეიტის ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს”, - განაცხადა თებერვლის დასაწყისში „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და მსგავსი რამ მისმა არაერთმა თანაგუნდელმაც გაიმეორა. „ოცნებაში“ ისიც განაცხადეს, რომ თუკი აშშ-ში FARA-ს შეცვლიან, მათი ვარიანტიც შეიცვლება.
ფორუმი