იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერთან ანგარიშვალდებული ხდება - ადვოკატთა ასოციაცია ამას აკრიტიკებს

ცვლილებებმა „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას“, - აცხადებს GBA. გარეკანის ფოტოს წყარო: იურიდიული დახმარების სამსახური

პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური - სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს - უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სამსახურის მმართველ საბჭოს, - რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფებისგან კომპლექტდება, - თითქმის სრულად ხელისუფლება დააკომპლექტებს.

  • დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცვლილებამ „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას“.
  • ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ცვლილებებს უწოდებს სამსახურის „იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის მცდელობას“.

ინიციირებული ცვლილებები

30 იანვარს პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული დახმარების სამსახურის პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარებას.

ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური „არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს“ და „ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე“ - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

„ქართული ოცნების“ შემუშავებული კანონპროექტით კი, იგი პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელი - რომლის დანიშვნა-გათავისუფლებაც პრემიერ-მინისტრს შეეძლება - ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრსავე წარუდგენს.

საბჭოს ხელისუფლება დააკომპლექტებს

სამსახურს მართავს იურიდიული დახმარების საბჭო - კანონპროექტით, მისი დაკომპლექტების წესიც იცვლება.

ამჟამად საბჭოს აკომპლექტებს 9 წევრი, რომელთაგან:

  • სამს ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო,
  • სამს - სახალხო დამცველი.

ხოლო თითო-თითოს:

  • იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატებისგან არჩევენ ბიუროები;
  • ნიშნავს იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისგან;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევს საბჭოს არამოსამართლე წევრებისგან.

ცვლილებების შედეგად კი საბჭოს დაკომპლექტებაში უპირატესობა ხელისუფლებას ენიჭება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საბჭო დაკომპლექტდება 7 წევრისგან, რომელთაგან:

  • ორნი იქნებიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
  • გენერალური პროკურორი;
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
  • სახალხო დამცველი;
  • ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

საბჭოს წევრები იმ დროით დაინიშნებიან საბჭოში, რა ვადითაც იკავებენ ამა თუ იმ თანამდებობას.

რა არის იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახური არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს შეიქმნა.

  • იგი უზრუნველყოფს „უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის“;
  • სწორედ ეს უწყება აერთიანებს „სახაზინო ადვოკატებს“ - ფორმალურად „საზოგადოებრივ ადვოკატებს“;
  • იურიდიული დახმარების სამსახური უფასოა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ავტორი და ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

დაანონსებულმა ცვლილებებმა კრიტიკა გამოიწვია პროფესიულ წრეებში.

ადვოკატთა ასოციაცია

საქართველო ადვოკატთა ასოციაცია (GBA) 30 იანვარს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში წერს:

„მიგვაჩნია, რომ ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ დაცვის უფლების ეფექტიან განხორციელებას, მართლმსაჯულების ხარისხიან ადმინისტრირებას, ასევე გააჩინოს სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მიმართ სერიოზული კითხვები“.

ამასთან, ასოციაციის პოზიციით, იურიდიული დახმარების საბჭოს ახალი წესით დაკომპლექტების მოდელმა, „შესაძლოა, შექმნას ინტერესთა კონფლიქტის რისკები ინსტიტუციურ დონეზე“.

ამ ცვლილებებს, GBA-ის შეფასებით, „შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების სრულფასოვან დაცვასთან“.

ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება, - რომელსაც 2025 წლის დეკემბრის ბოლოდან ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ჰყავს, - ასევე აცხადებს:

  • „საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი, სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველსაყოფად“.
  • „მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობას ეხება, ეფუძნებოდეს ფართო, ღია და გამჭვირვალე პროფესიულ კონსულტაციებს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით“.

GBA აცხადებს, რომ მიმართავს პარლამენტს და „აფიქსირებს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიური ჩართულობის მზაობასა და აუცილებლობას“.

ასევე ნახეთ პირველადი მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ

„დუმილი სირცხვილია“ - ამბობს GBA-ის ყოფილი ხელმძღვანელი

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, რომელიც 2009-2017 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, დაგეგმილ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს.

მან 31 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაც დააანონსა.

„პატივცემულო კოლეგებო! გაიზიარეთ ყველამ და გამომეხმაურეთ! დუმილი არის სირცხვილი“, - წერს ის ფეისბუკზე.

ხელისუფლებას იგი მოიხსენიებს „ივანიშვილის რეჟიმად“ და მიუთითებს, რომ დაიწყო „ადვოკატის ინსტიტუტის იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადატანის მცდელობა“.

„ივანიშვილის რეჟიმმა პირდაპირ ვერ გაბედა ადვოკატის ინსტიტუტის დანგრევა, ამიტომ დაიწყეს პრემიერ მინისტრისთვის საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის დაქვემდებარებიდან“, - ვარაუდობს ხატიაშვილი.

„ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დგას ფეხზე, არის ადვოკატის ინსტიტუტი. ადვოკატებს გამოგვაქვს ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულ, ნაწამებ პირებზე, ვეხმარებით მათ, საქმეებს ვიგებთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, არ ვჩერდებით ძალადობაზე“, - წერს ადვოკატი.