Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველადი მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ


ირაკლი ყანდაშვილი
ირაკლი ყანდაშვილი

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1366.

არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელ facebook-ში გამოეხმაურა ირაკლი ყანდაშვილი:

“კოლეგებო და მეგობრებო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები წარმატებით დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია! არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ. ირაკლი ყანდაშვილი — 1473 ხმა; ირაკლი ჩომახაშვილი — 1366 ხმა. კოლეგებო, ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი პროფესიული საზოგადოების ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აქტიური და ჩართულია ადვოკატთა კორპუსი საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”.

ირაკლი ყანდაშვილმა მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილე ადვოკატებს ჩართულობისა და გამოხატული პოზიციისთვის.

“თქვენი არჩევანი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არა მხოლოდ კონკრეტული შედეგის განსასაზღვრად, არამედ დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის გასაძლიერებლად. ასეთმა მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პროფესიული ერთობა დაფუძნებულია პასუხისმგებლობაზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე. მიღწეული შედეგი საერთო ძალისხმევის, კონსტრუქციული პროცესისა და პროფესიული სოლიდარობის შედეგია. წინ გვიდგას მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობას, პრინციპულობას და თანმიმდევრულ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობითა და ენერგიით არაერთ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწევთ. გულწრფელი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და აქტიური პოზიციისთვის!” - დაწერა ირაკლი ყანდაშვილმა, რომლის თქმითაც, ასოციაცია ერთი დიდი ოჯახია ყოველი ადვოკატისთვის:

"მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახუროთ პროფესიას და პროფესიის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა“.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG