„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმში

იერიშები ყირიმში მდებარე სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. კოლაჟი

უკრაინა თანმიმდევრულად აქცევს ყირიმს იზოლაციაში. დრონებით იერიშების სამიზნე უკვე არა მხოლოდ სამხედრო ბაზები, არამედ ხიდები, ნავთობბაზები, გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა. ნახევარკუნძულის მომარაგებისა და რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის განადგურების ქრონიკა წაიკითხეთ აქ:

23 ივნისს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე მეორედ შეუტიეს ანექსირებულ ყირიმს. ამის შესახებ იუწყებიან როგორც უკრაინული Telegramმ-არხები, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.

Telegram-არხი „Крымский ветер“ წერს, რომ აფეთქებები მოხდა ფეოდოსიაში, ქერჩში, კრასნოპერეკოპსკსა და ქალაქ შჩოლკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე.არხ Supernova+-ის ინფორმაციით, დრონებმა განმეორებითი იერიში მიიტანეს ქერჩის პორტში მდებარე ნავთობბაზას, ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და შენახვის კომპლექს TES-Terminal-ს, ასევე ქერჩის სრუტის რუსეთის მხარეს მდებარე პორტ „კავკაზს“. „Крымский ветер“ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით წერს, რომ პორტ „კავკაზის“ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

23 ივნისის ღამეს ყირიმზე განხორციელებული დარტყმების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ (საბრძოლო მეტსახელი „მადიარი“):

„23 ივნისის ღამე ყირიმში ცეცხლოვანი გამოდგა. მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ დიდი ხმაური ატეხეს. მხოლოდ საშუალოებით (Middle Strike კლასის დრონები) 60-ზე მეტ მგრძნობიარე სამიზნეს დავარტყით. განადგურებულ სამიზნეებს შორისაა ფრთოსანი რაკეტების სამი გადამზიდი, საჰაერო თავდაცვის ოთხი სისტემა, ქერჩის ნავთობბაზა, გაზგამანაწილებელი ობიექტი და ელექტროქვესადგური, ასევე სამხედრო ლოგისტიკური კოლონები და საწვავმზიდები“, - ნათქვამია ვიდეოსათვის დართულ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ჯერ კიდევ 2026 წლის 17 ივნისს განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების გახშირებული იერიშების შედეგად ანექსირებული ყირიმი თანდათან „კუნძულად“ გადაიქცევა.

„ფაქტობრივად, დრონების მეშვეობით მიმდინარეობს ყირიმის იზოლაცია. და, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ყირიმი მართლაც კუნძულად გადაიქცევა, რასაც რუსებისთვის შესაძლოა სრულიად მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს,“ - თქვა მიხაილო ფედოროვმა.

ეს სტრატეგია, როგორც სამხედრო ექსპერტები შენიშნავენ, ძალიან სწრაფად ისხამს ხორცს.

გადაჭრილი სატრანსპორტო ლოგისტიკა

უკვე დაახლოებით ორი თვეა, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ანექსირებულ ყირიმში სისტემატურად „ჭრის“ რუსეთის სატრანსპორტო ლოგისტიკას.

ასე მაგალითად, მაისიდან უკრაინულმა სამხედროებმა საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს ე.წ. „სახმელეთო დერეფნის“ ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსი, „აზოვი“ იტყობინებოდა.

29 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР) განაცხადა, რომ დრონებით აგრძელებდა „ყირიმი–დონეცკის” სახმელეთო დერეფნის ბლოკირებას და შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა.

რადიო თავისუფლების პროექტ krym.Realii-თან ანონიმურობის დაცვით საუბრისას ყირიმელმა სამხედრო ექსპერტმა, უკრაინის არმიის გადამდგარმა ვიცე-პოლკოვნიკმა ვითარება ასე აღწერა:

„რუსეთიდან მომავალი საწვავით დატვირთული ავტოცისტერნები ფაქტობრივად ბრძოლით აღწევენ ყირიმამდე, მაგრამ ნახევარკუნძულის ტრასებზეც კი ანადგურებენ მათ. ამიტომ უკვე ინიღბებიან - სამხედრო საწვავმზიდს სამოქალაქო “ფურად” ნიღბავენ, რისთვისაც ამონტაჟებენ ტენტის კარკასს, ღებავენ ნათელ ფერებად, რათა სატვირთო მანქანებს დაემსგავსონ. გარდა ამისა, საწვავმზიდები გადაადგილდებიან კოლონებად, რომლებსაც თან ახლავს საზენიტო ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი მობილური საცეცხლე ჯგუფები.“

საწვავის ავზი იწვის რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან ანექსირებულ ყირიმამდე მიმავალ მელიტოპოლის გზატკეცილზე. ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების 422-ე ცალკეული პოლკი, 2026 წლის 2 ივნისი.

ექსპერტის თქმით, ყირიმს რუსეთიდან საწვავი რკინიგზით აღარ მიეწოდება, რადგან ქერჩის ხიდით გადაადგილება, მას შემდეგ რაც ის რამდენჯერმე გახდა თავდასხმების სამიზნე, სარისკოა.

ყოველივე ამან ყირიმში ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტი გამოიწვია. რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ საწვავის გაყიდვა 20 ლიტრამდე შეზღუდა, ასევე შემოიღო ტალონებისა და QR-კოდების სისტემა.

გამოცემის თანახმად, ნახევარკუნძულის სარკინიგზო არტერიებიც სრულად არის უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ. იერიშების სამიზნედ იქცნენ როგორც ლოკომოტივები და სატვირთო მატარებლები, ისე რკინიგზის ელექტრომომარაგების ქვესადგურები.

ასევე ნახეთ

ყირიმის იზოლაცია - უკრაინის გზა გამარჯვებისკენ?

მაისსა და ივნისში უკრაინამ არაერთი იერიში მიიტანა საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე.

15 ივნისის ღამეს იერიში იქნა მიტანილი ჩონგარის მახლობლად მდებარე ხიდსა და გენიჩესკ-არაბატის დამაკავშირებელ ხიდზე. ამ ხიდებზე ორივე მიმართულებით შეწყდა მოძრაობა.

ჩონგარის ხიდები - უკრაინული დრონების სამიზნე. სკრინშოტი ვიდეოდან

17 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დააზიანეს ჩრდილო-ყირიმის არხზე არსებული საავტომობილო ხიდი დაბა სტავკის მახლობლად (ხერსონის ოლქი), ასევე ხიდი სოფელ ვოინკისთან კრასნოპერეკოპის რაიონში.

18 ივნისს იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ-ყირიმის არხზე გადებულ სარკინიგზო ხიდზე სოფელ რაზდოლნოეს მახლობლად, აგრეთვე არაბატის ისარაზე, პრომოინას სრუტეზე მდებარე საავტომობილო ხიდებზე.

19 ივნისს დაზიანდა სარკინიგზო ხიდები რაზდოლნოეს (განმეორებით) და ვლადისლავოვკის რაიონებში.

„სარკინიგზო ხიდებზე დარტყმებმა ნახევარკუნძულზე მატარებლების, ელექტრომატარებლებისა და სატვირთო შემადგენლობების მოძრაობა ფაქტობრივად პარალიზებული გახადა. ხიდების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. სარკინიგზო ლოგისტიკა ხანგრძლივად იქნება დარღვეული. რაც შეეხება ყირიმში შესასვლელ საავტომობილო მარშრუტებს, მათი გამტარუნარიანობა მკვეთრად შემცირდა: დღეს ისინი, მაქსიმუმ, 30%-იანი დატვირთვით მუშაობენ“, - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი.

თავდასხმა რკინიგზის ხიდზე სოვეტსკის რაიონის სოფელ რაზდოლნოეში. ფოტოები: უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების Telegram არხი, 2026 წლის 18 ივნისი.

OSINT-ანალიტიკოს კლემან მოლენის (Clement Molin) ანალიზის თანახმად, მაისის დასაწყისიდან 14 ივნისამდე ყირიმის მიმართულებაზე იერიში სულ მცირე 415 სატვირთო ავტომობილზე მიიტანეს, ხოლო დაზიანდა არანაკლებ ექვსი ხიდი.

უკრაინის სამიზნე არაერთხელ გახდა ის ხიდები, რომლებიც ყირიმს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილთან აკავშირებს, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებას ჩონგარსა და გენიჩესკში პონტონური ხიდების აგება მოუწია. ეს იერიშები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელმაც ყირიმში საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია.

ლოგისტიკასა და საწვავის მომარაგებაზე განსაკუთრებით ძლიერი დარტყმა განხორციელდა 21 ივნისის ღამეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებთან ერთად იერიში მიიტანა პორტ „კავკაზზე“ და ნავთობბაზა „ТЭС-Терминал-1“-ზე.

„სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინულმა უპილოტოებმა დააზიანეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე საზღვაო პორტ „კავკაზის“ ინფრასტრუქტურა. ცეცხლი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების გადატვირთვის კომპლექსის რეზერვუარების პარკსა და ნავთობბაზის ტერიტორიას. ქერჩში კი დაზიანდა ნავთობპროდუქტების საცავები ნავთობბაზა „ТЭС-Терминал-1“-ზე, სადაც ხდება მაზუთის, თხევადი გაზისა და მსუბუქი ნავთობპროდუქტების გადატვირთვა“, — განაცხადა უწყებამ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც თავის Telegram-არხზე დაადასტურა, რომ ღამით იერიშები განხორციელდა ანექსირებულ ყირიმზე.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ქერჩის საბორნე გადასასვლელზე ბორან „პანაგიაზე“ უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 ივნისიდან ქერჩის საბორნე გადასასვლელი იხურება.

ამ მოვლენების ფონზე, ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები დააწესა. 22 და 23 ივნისს სრულად შეწყდა საწვავის გაყიდვა მოსახლეობისთვის, მათ შორის ტალონებითა და QR-კოდებითაც. ითქვა,რომ საწვავით მხოლოდ საგანგებო და მუნიციპალური სამსახურების ავტომობილები მომარაგდებიან. გარდა ამისა, სევასტოპოლში ბორნების მოძრაობაც შეჩერდა.

„ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები აჩვენებს, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის მარაგის მხრივ ვითარება კრიტიკულია. განადგურებულია საწვავის შესანახი რეზერვუარები, „სახმელეთო დერეფნით“ ყირიმამდე სულ უფრო ნაკლები საწვავმზიდი აღწევს, ახლა კი ქერჩის სრუტეზე საბორნე გადასასვლელიც დაიხურა. ყველა ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება“, - მიიჩნევს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი ოფიცერი.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, ქერჩის საბორნე გადასასვლელის მუშაობის შეჩერება კიდევ უფრო გაართულებს ყირიმში საწვავისა და პირველადი საჭიროების საქონლის მიწოდებას.

ქერჩის საბორნე გადასასვლელი

უკრაინულმა Telegram-არხმა Exilenova+ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სამი ხომალდი, რომელთა თავზეც შავი კვამლი ადის. არხმა ეს კადრები ასე დაასათაურა „უკრაინის იერიშის შემდეგ პორტ „კავკაზში“ ალმოდებული საავტომობილო ბორნების პანორამა“.

2024 წლის მაისის მდგომარეობით, ქერჩის საბორნე გადასასვლელს შვიდი ბორანი ემსახურებოდა: ორი სარკინიგზო - „ავანგარდი“ და „კონრო ტრეიდერი“, ორი მცირე საავტომობილო ბორანი - „ქერჩი-2“ და „იეისკი“ და სამი დიდი საავტომობილო ბორანი - „პანაგია“, „ლავრენტი“ და „მარია“.

სარკინიგზო ბორნები 2025 და 2026 წლებში განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ გამოვიდნენ მწყობრიდან.

21 ივნისს ბორნებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის სამხედროებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ასევე ნახეთ

როგორ გადადიოდა ყირიმი საუკუნეების მანძილზე ხელიდან ხელში

მინუს გაზი და ელექტროენერგია

უკრაინის თავდაცვის ძალები ყირიმში რეგულარულად უტევენ ელექტროენერგიის ქვესადგურებს. შედეგად ნახევარკუნძულის ნაწილი გარკვეული დროით ელექტროენერგიის გარეშე რჩება ხოლმე. ყირიმის რუსული ადმინისტრაცია და კომპანია „Крымэнерго“ მომხდარს „ტექნოლოგიურ დარღვევებს“, „ავარიულ სიტუაციებს“ და მსგავს ტერმინებს უწოდებენ, თუმცა ნამდვილ მიზეზებს არ ასახელებენ.

ასე მაგალითად, 13 ივნისის ღამეს უკრაინამ იერიში მიიტანა ყირიმის ჩრდილოეთით, კრასნოპერეკოპსკში მდებარე მძლავრ ელექტროქვესადგურზე.

„მოფრენა იყო კრასნოპერეკოპსკში, 02:09 საათზე, ბრომის ქარხნის მახლობლად მდებარე ელექტროქვესადგურზე“, - დაწერა Telegram-არხმა „Крымский ветер“-მა გამომწერებზე დაყრდნობით. ამასთან ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 02:09-დან 03:40 საათამდე, ხოლო „ქვესადგური წინა შემთხვევასთან შედარებით კიდევ უფრო ძლიერად გიზგიზებდა“. არხმა ხანძრის ფოტოც გამოაქვეყნა. ქვესადგურსა და ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სატელიტურმა სურათებმაც დაადასტურა.

კრასნოპერეკოპსკის რუსულ ადმინისტრაციასა და კომპანია „Крымэнерго“-ს აღნიშნულ ობიექტებზე ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

უკრაინულმა ძალებმა შედარებით გვიან დაიწყეს გაზმომარაგების ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა.

19 ივნისის ღამეს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ყირიმში მდებარე გლებოვსკის გაზსაცავს დაარტყეს. ამ იერიშის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 413-ე პოლკმა გამოაქვეყნა.

„გაზსაცავის სახმელეთო ინფრასტრუქტურამ კრიტიკული დაზიანებები მიიღო. მის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რაც NASA-ს FIRMS-ის სატელიტური მონიტორინგის მონაცემებითაც დასტურდება. ობიექტს უკრაინული კომპანია Fire Point-ის წარმოების Middle Strike კლასის დრონები მოხვდა“, - ნათქვამია ვიდეოსათვის დართულ განცხადებაში.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების (СБС) სარდალმა რობერტ ბროვდიმ (საბრძოლო მეტსახელი „მადიარი“) ასევე დაადასტურა გლებოვსკის გაზსაცავზე განხორციელებული იერიში.

გლებოვსკის მიწისქვეშა გაზსაცავი ყირიმის ერთადერთი გაზსაცავია.

„მისი დანიშნულებაა ყინვების პერიოდში ან გაზის მოხმარების პიკური დატვირთვის დროს სისტემაში დიდი მოცულობის გაზის სწრაფად მიწოდება. ამ მიწისქვეშა გაზსაცავის გამართული მუშაობა ოკუპირებული ყირიმის ენერგოსისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ნახევარკუნძულის ყველა მსხვილი თბო- და ელექტროსადგური (მათ შორის ბალაკლავისა და თავრიდის თბოელექტროსადგურები) ძირითად საწვავად ბუნებრივ აირს იყენებს, - განაცხადეს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებში, - ამ თბოელექტროსადგურების საიმედო ელექტრომომარაგებაზეა დამოკიდებული რუსეთის არმიის სამხედრო ობიექტების ფუნქციონირება ნახევარკუნძულზე.“

გლებოვსკოეს მიწისქვეშა გაზსაცავი. ყირიმის ჩერნომორსკის რაიონის სოფელი ვნუკოვო.

გლებოვსკის მიწისქვეშა გაზსაცავზე იერიშს რუსეთის არმიის საქმიანობასა და ყირიმის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შესამჩნევი გავლენა თავდაპირველად არ მოუხდენია. თუმცა მომდევნო იერიში გაცილებით მასშტაბური და თვალსაჩინო აღმოჩნდა.

20 ივნისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა შეუტიეს ნახევარკუნძულზე მდებარე გაზის საკომპრესორო სადგურებს (ГКС). რობერტ ბროვდის განცხადებით, იერიში განხორციელდა ჟურავლიოვკის, არომატნოეს, კლიუჩისა და ლოხოვკის რაიონებში.

ერთი დღის შემდეგ, 21 ივნისს, СБС-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ღამით კვლავ დაარტყეს სიმფეროპოლის რაიონში მდებარე არომატნოეს, ჟურავლიოვკისა და კლიუჩის გაზის საკომპრესორო სადგურებს.

ამ თავდასხმამ ყირიმის ენერგოსისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. კომპანია „Крымэнерго“-ს ინფორმაციით, ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში მომხმარებელთა ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ელექტროქსელების დაზიანების გამო ნაწილობრივ გათიშულია ჩრდილო-დასავლეთის, ცენტრალური და სამხრეთ სანაპიროს ენერგორაიონების მომხმარებლები. მიმდინარეობს ავარიულ-სარემონტო სამუშაოები“, — ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

ყირიმის ელექტრო ქსელები. საილუსტრაციო ფოტო

სევასტოპოლის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სევასტოპოლის გარეთ ელექტროქსელების გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად ქალაქში ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი ამოქმედდა.

ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვის გამო მუშაობა შეწყვიტა კომპანია „Вода Крыма“-ს სატუმბი სადგურების უმეტესობამ.

21 ივნისის საღამოს რაზვოჟაევმა ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვებიც შემოიღო. კერძოდ: შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების საღამოს სამუშაო საათები; აღარ ჩაირთვება ქუჩის განათება; შესაძლებელია ელექტროენერგიის გეგმური გათიშვებიც.

ყირიმში ასევე შემოიღეს ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის რეგიონული გრაფიკები.

„ყირიმის რესპუბლიკაში ნახევარკუნძულის რეგიონების მიხედვით ამოქმედდება ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკები. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდება ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებზე, ასევე კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა „Крымэнерго“-მ.

ასევე ნახეთ

ყირიმელი თათრების დეპორტაცია - გენოციდი, რომელიც დღემდე გრძელდება

„ვთხოვთ ყირიმის მცხოვრებლებს, ენერგოსისტემაში ავარიის ლიკვიდაციის პერიოდში შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება. გამორთონ კონდიციონერები და სხვა ზედმეტი ელექტრომოწყობილობები“, - მიმართა მოსახლეობას ყირიმის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ოლეგ კრიუჩკოვმა.

„ყირიმის ენერგომომარაგება უზრუნველყოფილია როგორც საკუთარი გენერაციით - ბალაკლავის, თავრიდის და საკის თბოელექტროსადგურებით, ასევე რუსეთიდან ქერჩის სრუტეზე გადებული ენერგოხიდით. ამასთან, „ყუბანი–ყირიმის“ ენერგოხიდის მაქსიმალური ავარიულად დასაშვები სიმძლავრე 810 მეგავატს შეადგენს. ნახევარკუნძულის მთელი შიდა გენერაცია დამოკიდებულია ბუნებრივ აირზე, რომელზეც თბოელექტროსადგურები მუშაობენ. გლებოვსკის გაზსაცავი აკუმულატორის როლს ასრულებდა - გაზის დეფიციტის დროს სისტემას ამარაგებდა. გაზსაცავზე დარტყმის შემდეგ ენერგოსისტემამ ეს „აკუმულატორი“ დაკარგა. გაზის დაზიანებული საკომპრესორო სადგურები კი თბოელექტროსადგურებისათვის გაზის მიწოდების კვანძებია. ყველა ამ დაზიანების შედეგად, რამდენიმე სადგური შეფერხებით მუშაობს, სრული სიმძლავრით ვერ ფუნქციონირებს და ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს“, - განმარტა ყირიმელმა სამხედრო ექსპერტმა.

თავრიდის თბოელექტროსადგური ყირიმში

მისი თქმით, ენერგოსისტემის ობიექტები ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეებია, რადგან ისინი ანექსირებულ ყირიმში დისლოცირებულ რუსეთის არმიას ელექტროენერგიით ამარაგებენ.

„ნახვრეტებიანი“ რუსული საჰაერო თავდაცვის გავლით

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო დროს საგრძნობად იმატა უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებულმა იერიშებმა ყირიმზე. მათი აზრით, ეს დაკავშირებულია ნახევარკუნძულზე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილობრივ მორღვევასთან.

„არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთის რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მწყობრიდან გამოყვანა „ხვრელებს“ აჩენს მათ დაფარვის ზონაში, რითაც უკრაინული დრონები და რაკეტები სარგებლობენ. რუსულ არმიას დანაკარგების შევსება ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ საწყობებში არსებული რადარებისა და საზენიტო სისტემების მარაგი სწრაფად მცირდება, ხოლო სამხედრო ქარხნები ფრონტის მოთხოვნებს ვეღარ აუდიან. ის, რასაც ახლა ვხედავთ, უკრაინის თავდაცვის ძალების სისტემური მუშაობის შედეგია - საჰაერო „დერეფნები“ მოიერიშე საშუალებებისთვის უკვე ღიაა“, - აცხადებს ყირიმელი სამხედრო ექსპერტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი.

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ ყირიმის დემილიტარიზაციის „რეცეპტი“ ასე აღწერა: „საჰაერო თავდაცვის სრული ჩამოშლა, ფლოტის ნარჩენების განადგურება, დარტყმები ჩრდილოვან ლოგისტიკაზე, რესურსების გამოფიტვა, ენერგეტიკული უდაბნო, სატრანსპორტო ლოქდაუნი და ტურისტული დეფოლტი.“

რობერტ ბროვდი, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალი

მისი თქმით, კრემლი ბოლომდე შეეცდება შეინარჩუნოს კონტროლი ყირიმზე, რადგან პუტინი ნახევარკუნძულს ომის მთავარ ნადავლად და საკუთარი იმპერიული სიდიადის სიმბოლოდ მიიჩნევს.

„მოსკოვი და „ბუნკერის პაპა“ (ასე მოიხსენებს რობერტ ბროვდი ვლადიმირ პუტინს) ბოლომდე ჩაებღაუჭებიან ყირიმს, როგორც ომის მთავარ ნადავლს. ეს ხომ მათი „დიადი სახელმწიფოს“ იდეოლოგიის საყრდენია და თან უამრავ ბონუსსაც იძლევა, მაგალითად, აზოვის ზღვის „რუსეთის შიდა წყალსატევად“ გამოცხადების შესაძლებლობას და სხვა მსგავს რამეებს“, - დაწერა „მადიარმა“ საკუთარ Telegram-არხზე. მისი თქმით, „როგორც ადრე იყო, ისე აღარ იქნება.“

„უკრაინელებო, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ამიერიდან მუდმივი საჰაერო განგაში, დაკეტილი ხიდები და გზები, სიბნელე, აფეთქებების ხმა და სტრესი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნება. მოერიდეთ სამხედრო ობიექტებსა და ყველა აალებად (ცეცხლსაშიშ) ადგილს და უბრალოდ გაუფრთხილდით საკუთარ თავს. „ჩიტები“ (დრონები) ძალიან ზუსტად მუშაობენ, მაგრამ მოგეხსენებათ, როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ყოველთვის ცვივა. სხვა გზა, რომ ეს „ჭია“ დემილიტარიზდეს და ნახევარკუნძულიდან ერთი მილიონი ოკუპანტი გავიდეს, უბრალოდ არ არსებობს“, - მიმართა ყირიმის მცხოვრებლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა.

ერთი დღით ადრე უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა განაცხადეს, რომ ქერჩში იერიში მიიტანეს „Небо-У“ ტიპის რადიოლოკაციურ სადგურზე. გარდა ამისა, იერიში მიიტანეს „Каста-2Е2“ ტიპის რადარზეც ლენინის რაიონის დაბა კურორტნოეში.

ყირიმის და რეალობის დაბრუნება

ამერიკაში მცხოვრები რუსი მწერლის ვალერი ბოჩკოვის თქმით, ყირიმი ნახევარკუნძულის სამხედრო ობიექტებზე ყოველი მძლავრი იერიში ერთი მარტივი ჭეშმარიტების შეხსენებაა: ყირიმი რუსეთის ციხესიმაგრე არ არის. ყირიმი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიაა.

"პუტინმა თავისი პოლიტიკური კარიერა მითებზე ააგო. მთავარი მითი ყირიმია. სწორედ ნახევარკუნძულის ანექსია იქცა მის პოლიტიკურ „კორონაციად“. მაგრამ ნებისმიერ გვირგვინს ერთი უსიამოვნო თვისება აქვს - ის შეიძლება მარყუჟად გადაიქცეს", - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ბოჩკოვი, რომლის თქმითაც, კრემლს უკრაინულ რაკეტებსა და დრონებზე მეტად, თავად ყირიმის დაბრუნების იდეა აშინებს, რადგან ყირიმის დაბრუნებასთან ერთად ბრუნდება რეალობა, რეალობა კი რუსეთის ხელისუფლებისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა:

"უცებ ირკვევა, რომ შავი ზღვა მოსკოვს არ ეკუთვნის. რომ უკრაინის არმიას შეუძლია მოწინააღმდეგეს ფრონტის ხაზიდან შორსაც მისწვდეს. რომ სამხედრო აეროდრომები იწვის. რომ სამხედრო საწყობები ფეთქდება. რომ ფლოტი ყურეებში იმალება, ხალიჩის ქვეშ შემძვრალი ვირთხასავით. კრემლისთვის ყველაზე საშინელი სამხედრო დანაკარგებიც კი არ არის. ყველაზე საშინელია რუსების ცნობიერებაში გაჩენილი ბზარი.

თუ ყირიმის დაკარგვა შესაძლებელია, ეს ნიშნავს, რომ ის არასოდეს ყოფილა კანონიერად მოპოვებული. თუ ყირიმი რუსული არ არის, მაშინ მთელი პროპაგანდისტული პირამიდა სიცრუეზე ყოფილა აგებული. თუ ყირიმის მითი დაინგრევა, მასთან ერთად ჩამოიშლება შეუმცდარი ბელადის მითიც. სწორედ ამიტომ ნერვიულობენ მოსკოვში. სწორედ ამიტომ ყვირიან პროპაგანდისტები სულ უფრო ხმამაღლა. სწორედ ამიტომ ჰპირდებიან ჩინოვნიკები ხალხს გამარჯვებას „უკვე ხვალ“. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც იმპერიული ილუზიების მზის ჩასვლა ახლოვდება.

ისტორიამ იცის ბევრი მმართველი, რომლებმაც ტრიუმფებით დაიწყეს და საკუთარი შეცდომებისგან გაქცევით დაასრულეს. პუტინიც გამონაკლისი არ იქნება. ყირიმი მისი პოლიტიკური სიდიადის დასაწყისი იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ ყირიმი მისი დასასრულის დასაწყისიც გახდეს. რადგან ზოგჯერ გეოგრაფია დიქტატორებზე ძლიერი აღმოჩნდება, ხოლო სიმართლე - პროპაგანდაზე სიცოცხლისუნარიანი", - დაწერა აშშ მცხოვრებმა ურსმა მწერალმა და მხატვარმა ვალერი ბოჩკოვმა.

ასევე ნახეთ

მზე, ზღვა, ქვიშა - უბენზინოდ: ტურისტები ყირიმში სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან