Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზე, ზღვა, ქვიშა - უბენზინოდ: ტურისტები ყირიმში სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან

მანქანები ბენზინგასამართი სადგურის რიგში. სევასტოპოლი, 1 ივნისი.
მანქანები ბენზინგასამართი სადგურის რიგში. სევასტოპოლი, 1 ივნისი.

TikTok-ის ვიდეოზე რუსი ტურისტი ქალი ამბობს, რომ მას და მის ქმარს გაურკვეველი დროით მოუწევთ ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში დარჩენა: მათ მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელად სამყოფი ბენზინი აქვთ, უახლოესი ბენზინგასამართი სადგური კი, სადაც, როგორც ამბობენ, საწვავი აქვთ, სიმფეროპოლში მდებარეობს, დაახლოებით 80 კილომეტრზე.

ინსტაგრამის ვიდეოში, რომელიც მოძრავი ავტომანქანიდან არის გადაღებული, ერთმანეთის მიყოლებით ჩანს გზისპირა ბენზინგასამართი სადგურები, მათ უმეტესობას საწვავი არა აქვს ან შეზღუდულ არჩევანს სთავაზობენ მყიდველს - მაგალითად, დიზელის საწვავს ან გათხევადებულ გაზს. ზედა ნაწილში ჩანს ედვარდ მუნკის ცნობილი სურათით ინსპირირებული ყვირილის ემოჯი, წარწერა კი გვამცნობს: „ყირიმში ბენზინი არ არის“.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი ჩაიგდო ხელში 12 წლის წინ, შავი ზღვის ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელისუფლება მუდმივად განიცდის სირთულეებს 2-მილიონიანი მოსახლეობის მქონე რეგიონის ყველაფერი აუცილებლით მომარაგებაში.

მრავალი ფაქტორის გამო კვლავაც არის წყლი მიწოდების პრობლემა. ეს ფაქტორებია გვალვიანი კლიმატი, უკრაინის მცდელობა, გადაკეტოს წყლის ნაკადი კონტინენტიდან და ნახევარკუნძულზე ხელისუფლებაში მყოფი რუსი ჩინოვნიკების არაკომპეტენტურობა.

საკვები პროდუქტები, ნედლეული, ხანგრძლივი მოხმარების პროდუქტები, როგორებიცაა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან სამრეწველო საქონელი, ყირიმში ორი გზით ხვდება: 700-კილომეტრიანი ზღვისპირა გზით, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ოკუპირებული ტერიტორიების „სახმელეთო დერეფნის“ გავლით მიემართება ყელისკენ, რომლითაც ყირიმი კონტინენტს უკავშირდება. მეორე გზაა ყირიმის ხიდი - მრავალმილიარდიანი პროექტი, რომელიც რუსეთმა ააგო ქერჩის სრუტეზე და რომელიც ერთადერთი პირდაპირი ხაზია, რომელიც რუსეთსა და ყირიმს აკავშირებს. ამ ზაფხულში, მას მერე, რაც ოთხ წელზე მეტი გავიდა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვითარება შეიცვალა და ის განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება.

ყირიმში ბენზინის დეფიციტი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის სერიოზულ ჩრდილს აყენებს არდადეგების სეზონს. ჩვეულებრივ, ათიათასობით რუსეთის მოქალაქე მიემგზავრება დიდ მანძილზე, რათა ისიამოვნოს ლეგენდარული პლაჟებითა და წყნარი ზღვით ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთმა თავის ნაწილად გამოაცხადა 2014 წელს. უკრაინის საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების გაბედული და სწრაფად განვითარებადი მრეწველობის წყალობით, უკრაინის ჯარებმა საფრთხე შეუქმნეს ზღვისპირა გზას (მათ შორის, იერიშებიც მიიტანეს საწვავის ტანკერებზე) და ამგვარად ტრანსპორტი მნიშვნელოვნად შეზღუდეს და სატვირთო მანქანები აიძულეს, ბევრად უფრო გრძელი მარშრუტი აირჩიონ სამხრეთით და დასავლეთისკენ, აზოვის ზღვის გარშემო.

რუსეთისთვის პრობლემა ისა, რომ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც საწვავი და სხვა სახიფათო ტვირთები გადააქვთ, აკრძალული აქვთ ყირიმის ხიდზე გავლა, რომელსაც ქერჩის ხიდსაც უწოდებენ. ეს აკრძალვა შემოიღეს მას შემდეგ, რაც უკრაინის დაზვერვამ 2022 წლის ოქტომბერში ხიდზე ააფეთქა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სატვირთო მანქანა.

ზღვისპირა გზაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადის, რუსეთისთვის „კატასტროფულია“. ტრანსპორტი „მნიშვნელოვნად ყოვნდება და ფერხდება უკრაინის ჯარების დარტყმების გამო,“ უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინელმა ანალიტიკოსმა ვლადისლავ სელეზნიოვმა. „არსებული ინფორმაციით, გადამზიდავებს არ სურთ ნახევარკუნძულზე საწვავის მანქანების გაგზავნა, საგრძნობლად უფრო მაღალ ფასადაც კი“.

სელეზნიოვის თანახმად, რუსეთისთვის მეორე მარშრუტიც პრობლემურია. „ქერჩის ხიდის გამტარუნარიანობა საგრძნობლად შეზღუდულია“, ხოლო სრუტეზე სარკინიგზო ბორნით კავშირი „არ ფუნქციონირებს“.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ტუროპერატორები ცდილობენ, პრობლემები უფრო უმტკივნეულოდ წარმოაჩინონ: „ყირიმი მზად არის და ტურისტებიც მზად არიან. ნახევარკუნძულმა ფართოდ გაშალა ხელები თბილი ჩახუტებისთვის“, გვეუბნებიან სახელმწიფო ტელევიზიის ერთ-ერთ სარეკლამო კლიპში.

„ვითარება ერთგვარად გაუარესდა. ეს გარე ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ყველას ყველაფერი ესმის; ყველა ზრდასრულია; არავინ იგლეჯს თმებს,“ ამბობს ტურიზმის ექსპერტი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ვიდეორეპორტაჟში. „2026 წლის ტურისტული სეზონი ყირიმში არ იქნება 2025 წლისაზე უარესი“, აცხადებენ ამ ვიდეოში.

მაგრამ ბენზინის ნაკლებობა, რაც შეეხო ყირიმს და უფრო ნაკლებად - რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა უკრაინული ტერიტორიების ნაწილს, ნათელყოფს, რამდენად ეფექტიანია უკრაინის ჯარების მიერ დრონებით განხორციელებული იერიშები, რაც მკვეთრად გახშირდა უკანასკნელ პერიოდში და რამაც პრობლემები შეუქმნა რუსეთის ლოგისტიკას. ეს ახალ დიდ თავსატკივარად იქცა კრემლისთვის.

ეს პრობლემები გაჩნდა მაშინ, როცა მოსკოვის ჯარები ცდილობენ, მეტი ტერიტორია დაიკავონ და უკრაინის დონბასის მთელი რეგიონი ჩაიგდონ ხელთ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკვანძო მიზნად დასახა. დარტყმებმა, რომლებსაც უკრაინის ჯარები ახორციელებენ რუსეთის მთელი ტერიტორიის მასშტაბით, კრემლი აიძულა, შეემცირებინა გასულ თვეში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების მასშტაბი, ჩრდილი მიადგა პუტინის საჩვენებელ ფორუმს, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში გაიმართა ამ დღეებში.

პუტინმა ფრთხილად აღიარა პრობლემა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა 4 ივნისს, და განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხოდ თავის საჰაერო თავდაცვას გააუმჯობესებს.

ყირიმში ბენზინის კრიზისმა კრიტიკის საბაბი მისცა როგორც რუსეთის ბლოგერებს, - რომლებიც შეიძლება მხარს უჭერდნენ უკრაინაში მიმდინარე ომს, მაგრამ ხშირად აკრიტიკებენ მოსკოვის მიერ ამ ომის წარმოების მეთოდებს, - ისევე უკრაინელ კომენტატორებს, რომლებიც აგრესორი მხარის წარუმატებლობებსა და სირთულეებზე მიუთითებენ.

„აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყირიმში მარიუპოლის გავლით მიმავალი სახმელეთო დერეფნის გამაგრება [დამცველი] ქსელებით ან სხვა მსგავსი საინჟინრო საშუალებებით... პირდაპირ ახლავე“ ნათქვამია რუსეთის ომის მომხრე ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე, „ზაპისკი ვეტერანაზე“, 27 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში

„ტურისტებო, საკუთარი მანქანებით ჩამობრძანდით; სიხარულით დაგხვდებით. მაგრამ როგორ დაბრუნდებით უკან, არ ვიცით,“ წერს პროუკრაინული არხი Crimean Wind.

როგორ დატოვოს ნახევარკუნძული, როგორც ჩანს, რეალურ პრობლემად ექცა დამსვენებელ ქალს, რომელიც TikTok-ში გალინა გორინად გვეცნობა.

„ტურისტები საერთოდ უბენზინოდ დარჩნენ... მაგალითად, ჩვენ 50 კილომეტრის სამყოფი დაგვრჩა“ და „არ გვაქვს ჩასხმის საშუალება,“ ამბობს ის ვიდეოში, რომელშიც ის ქმრის გვერდით ზის. ვიდეო გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

„ასე რომ, მე და ჩემს ქმარს ერთადერთი ვარიანტი დაგვრჩა: აქ დარჩენა და ცხოვრება,“ ამბობს ის სიცილით. „ჩვენ ვრჩებით“.

„ბენზინის რიგში დილის 5 საათიდან მიწევს დგომა,“ დაწერა გასულ კვირაში სოცქსელებში სევასტოპოლის მცხოვრებმა ქსენიამ. „მოუთმენლად ველით, როდის გადაწყვეტს ხელისუფლება ბენზინის დეფიციტის პრობლემას, ვინაიდან არ მოგვწონს ბენზინის ჩასასხმელად 4 ან 5 საათზე გაღვიძება“.

ყირიმის კიდევ ერთი მცხოვრები, ანდრეი, მიუთითებს იმას, რასაც ის „ყირიმის ფუფუნებას“ უწოდებს - სრული ავზის მაჩვენებელ ისარს. „ეს ახლა ფუფუნებაა. არცერთ ბენზინგასამართ სადგურზე არ არის ბენზინი. როგორ ვიცხოვროთ? როგორ მივაღწიოთ სამსახურამდე? გაურკვეველია“.

XS
SM
MD
LG