სპეცმასწავლებლების ახალი სტატუსი - ნამდვილი მასწავლებლობა

სპეცმასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ - ცვლილება განათლების შესახებ კანონში შევიდა და უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები სისტემამ მასწავლებლებად აღიარა.

„როგორც იქნა, გვეღირსა სპეცმასწავლებლების სტატუსის განსაზღვრა! გილოცავთ ყველას! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრი კვალიფიციური კადრი და აღარ მოხდება ამ კადრების მასობრივი გადინება სკოლებიდან“, - დაწერა შშმ პირთა აქტივისტმა და აუტისტური სპექტრის მქონე დათას დედამ, მარი კორკოტაძემ, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე.

მისი სიხარული სხვა არაერთმა მშობელმაც გაიზიარა, ვისაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ჰყავს და ვინც არაერთხელ გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა სპეცმასწავლებელი, მიზერული ხელფასისა (280 ლარი) და განვითარების პერსპექტივის უქონლობის გამო, ტოვებს სკოლას და მისთვის მიბარებულ და შეჩვეულ ბავშვებს:

Your browser doesn’t support HTML5

მარი კორკოტაძე სპეცმასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭებაზე

ახალმა - მასწავლებლის - სტატუსმა უნდა გაზარდოს სპეცპედაგოგების ხელფასიც და მოტივაციაც. მათ, მასწავლებლების მსგავსად, შეეძლებათ ისარგებლონ 40-დღიანი შვებულებით, მიიღონ მონაწილეობა ტრენინგებში, რაც აქამდე მათთვის შეზღუდული იყო, და აიმაღლონ კვალიფიკაცია.

პროფესიული განვითარების სქემაში სპეცპედაგოგების ჩასმა მათი კარიერული წინსვლის შანსია. ამის იმედი აქვს მარიამ ბიაშვილსაც, 41- ე საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელს, რომელიც, უკვე ოთხი წელია, ამ საქმეს აკეთებს.

Your browser doesn’t support HTML5

სპეცმასწავლებელი მარიამ ბიაშვილი მასწავლებლის სტატუსზე

მარიამ ბიაშვილი აუტიზმის სპექტრის მქონე დათას მასწავლებელიცაა. დათას წინსვლაზე კი მისი დედა, მარი კორკოტაძე, ხშირად ლაპარაკობს და ამ წინსვლას სწორედ სპეცპედაგოგებსა და მათ შრომას უკავშირებს.

მარიამს იმედი აქვს, რომ, სხვა მასწავლებლების მსგავსად, ისიც დააგროვებს კრედიტებს, მეტს ისწავლის და საქმესაც მეტი ენთუზიაზმით გააკეთებს. „სრული სამუშაოა, გამორჩეულ ძალისხმევას მოითხოვს. კარგია, რომ, ბოლოს და ბოლოს, სისტემამ დაგვინახა“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას.