სპორტი, ომი და პოლიტიკა - ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი დღეები

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 6 თებერვალს გაიხსნა და 22 თებერვლამდე გასტანს. საქართველო 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

ოლიმპიურ თამაშებზე სპორტი და პოლიტიკა ხშირად ხვდება და კვეთს ერთმანეთს, გამონაკლისი არც წლევანდელი ზამთრის ოლიმპიური თამაშებია - გვერდიგვერდ ასპარეზობენ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების წარმომადგენლები; პოლიტიკურ ლიდერებს კი პოლიტიკისგან ნეიტრალურ გარემოში შეხვედრების შანსი ეძლევათ.

ბოლო ოთხი წელია, მთავარი წითელი ხაზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა გაავლო. რუსები და ბელარუსელები ამ ოლიმპიადაზეც მცირე ჯგუფებით - ინდივიდუალურად და ნეიტრალურად დაიშვებიან. ზოგი მათგანი ახალი მოქალაქეობით, სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს

10 თებერვალს ყურადღების ცენტრში უკრაინელი სპორტსმენი მოექცა - 27 წლის სკელეტონისტს აეკრძალა ჩაფხუტის ტარება, რომელზეც რუსეთის ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებია გამოსახული. მას მხარი კიევიდანაც დაუჭირეს.

მანამდე, თამაშების გახსნისთვის, იტალიაში თავი მოიყარეს სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა რანგის პოლიტიკურმა ლიდერებმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე შეხვედრა-გამოსაუბრების დეტალებსა და ვაშინგტონთან ურთიერთობების გამოსწორების იმედზე, საქართველოს დელეგაციის პოლიტიკურმა ლიდერებმა შინ დაბრუნებისას სატელევიზიო ინტერვიუებში ისაუბრეს.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-დან 22 თებერვლის ჩათვლით იმართება. მონაწილეობს 91 ქვეყანა 2900-მდე სპორტსმენით.

ჩაფხუტზე, რომლის ტარებაც უკრაინელ სკელეტონისტს, ვლადისლავ ჰერასკევიჩს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა [სოკ] აუკრძალა, წინა წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილე უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებია გამოსახული - მათი, ვისი სიცოცხლეც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეიწირა. ამ ჩაფხუტის გამოყენება ჰერასკევიჩს აღარც ვარჯიშის დროს შეუძლია.

„გადაწყვეტილება, რომელიც, უბრალოდ, გულდასაწყვეტია. განცდაა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ღალატობს სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ - არ იძლევა შესაძლებლობას პატივი მივაგოთ მათ არენაზე, სადაც ისინი ვეღარასოდეს გამოვლენ“, - ამბობს ვლადისლავ ჰერასკევიჩი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს მისდევს; თუმცა აკრძალვა დიდი დარტყმა აღმოჩნდა უკრაინელი სპორტსმენისთვის და მით უფრო იმ ფონზე, როცა, მისი შთაბეჭდილებით, სოკ-მა თვალი დახუჭა რუსი სპორტსმენის ჩაფხუტებზე გამოხატულ რუსეთის დროშაზე.

ვლადისლავ ჰერასკევიჩი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ შესაბამისი განაცხადის მომზადების შემდეგ, სოკ-ის გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

  • აკრძალულ ჩაფხუტზე გამოსახული იყო, მათ შორის - 2023 წელს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან დაღუპული მოციგურავე დმიტრო შარპარი და ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინასთან დაღუპული მოკრივე მაქსიმ გალინიჩევი.
  • აკრძალვამდე, ჩაფხუტის გამოყენება მხოლოდ ერთ ვარჯიშზე მოასწრო 9 თებერვალს. სპორტსმენი ვიდეოში ჰყვება, რომ აკრძალვის შესახებ მას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ტოშიო ცურუნაგამ აცნობა.
ასევე ნახეთ უკრაინელ ოლიმპიელს აუკრძალეს ომის შედეგად დაღუპული სპორტსმენების ფოტოების დემონსტრირება

27 წლის ვლადისლავ ჰერასკევიჩს მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინაში.

„მის შლემზე ჩვენი ათლეტების პორტრეტებია. ისინი რუსეთმა მოკლა. ეს სიმართლე არ შეიძლება იყოს უხერხული, უადგილო, ანდა ეწოდოს პოლიტიკური აქცია სპორტულ შეჯიბრებებზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა - რას წარმოადგენს თანამედროვე რუსეთი“, - მხარი მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაუჭირა. ის ოლიმპიადის განხსნას არ დასწრებია თანამედროვე თამაშების დროს, ანტიკური დროისგან განსხვავებით, ოლიმპიური ზავი არ მოქმედებს - ომები არ ჩერდება.

მილანის ზამთრის ოლიმპიადა ვლადისლავ ჰერასკევიჩისთვის კარიერაში უკვე მესამეა. 2022 წლის თებერვალში, პეკინის ოლიმპიური თამაშებზე, კამერების წინ გავლის დროს, ჰერასკევიჩს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით - „No war in Ukraine” [“არა ომს უკრაინაში”].

იტალიის ქალაქებში, მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 46 უკრაინელი სპორტსმენი მონაწილეობს. რუსების ჯგუფში კი მხოლოდ 13 სპორტსმენია.

რუს სპორტსმენებს საკუთარი დროშით, გუნდური ასპარეზობა აკრძალული აქვთ. შესაბამისად, ისინი სპორტის ყველა სახეობაში ვერ მონაწილეობენ და, მაგალითად, ჰოკეის ტურნირიც მათ გარეშე ჩაივლის. რუსები IN სიმბოლიკით ასპარეზობენ, რაც ინდივიდუალური ნეიტრალურ სტატუსს ნიშნავს.

რუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე ასე ცოტა სპორტსმენი არასოდეს გაუგზავნია, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. შეზღუდვები 2018 წელს დოპინგის სკანდალს უკავშირდებოდა, თუმცა 2022 წლიდან ახალი და უფრო მკაცრი აკრძალვები ომის გამო დაუწესდათ.

რუსულენოვანი წყაროების თანახმად, რუსი სპორტსმენების შერჩევა დიდი სიფრთხილით - ნეიტრალურობის პრინციპით ხდებოდა. ისინი არც სიტყვით და არც საქმით არ უნდა უჭერდნენ მხარს ომს უკრაინაში. ამ პროცესში, როგორც სპორტული ფედერაციების, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ფილტრი მოქმედებს. თუმცა ზოგიერთი სპორტსმენი, რომელთა დაბლოკვასაც უკრაინა ითხოვდა, სიაში მაინც დარჩა.

ასევე ნახეთ ოლიმპიადის გახსნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ რუსი ჰაკერების თავდასხმა მოიგერიეს
ასევე ნახეთ მილანში ოფიციალურად გაიხსნება ზამთრის XXV ოლიმპიადა

ზამთრის XXV ოლიმპიადა მილანში 6 თებერვალს, სტადიონ „სან-სიროზე გაიხსნა. ეს სტადიონი 75 ათას მაყურებელზეა გათვლილი. გახსნის ცერემონიისთვის, მილანში, არაერთი ქვეყნის ლიდერმა და თანამდებობის პირებმა მოიყარეს თავი. სპორტული ზეიმი პოლიტიკური საუბრების საბაბადაც აქციეს.

საზეიმო ცერემონიამდე, რამდენიმე საათით ადრე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯა მელონიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს უმასპინძლა. ამ შეხვედრას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ესწრებოდა.

„ისინი აქ არიან ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს ასევე წარმოადგენს შესაძლებლობას - განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობები“, „იტალია და აშშ ყოველთვის ინარჩუნებდნენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს“, - პრემიერ მელონის სიტყვებს იტალიური მედია ციტირებს. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის არცთუ ჰარმონიული ურთიერთობების ფონზე, ამ შეხვედრამ კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიიპყრო.

მელონიმ თქვა, რომ ორი ქვეყანა აქტიურად მუშაობს მრავალი მიმართულებით და კონკრეტულად - მიმდინარე საერთაშორისო პრობლემების დაძლევაზეც. მისი ნათქვამი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმაც დაადასტურა.

„ჩვენ გვიყვარს იტალია და იტალიელი ხალხი. როგორც თქვენ თქვით, ჩვენ გვაქვს ბევრი შესანიშნავი ურთიერთობა, ბევრი ეკონომიკური კავშირი და პარტნიორობა“, - ჯეი დი ვენსმა ასევე დააზუსტა, რომ - „ოლიმპიური სულისკვეთებით, შეჯიბრება ეფუძნება წესებს“ და მისთვის სასიამოვნოა „საერთო ფასეულობების“ არსებობა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე

შაბათს, 7 თებერვალს, ჯეი დი ვენსი, ცოლთან და შვილებთან ერთად, ამერიკელ ჰოკეისტებს გულშემატკივრობდა. ისინი ერთად იყვნენ სტადიონზე, როდესაც ქალთა ჰოკეის ნაკრებმა ჩეხეთის ნაკრებს მოუგო.

კამერებმა ასევე დააფიქსირეს - თუ როგორ ესაუბრება ჯეი დი ვენსი მის გვერდზე მჯდომ იუტუბერ ინფლუენსერსა და ბოქსიორს ჯეიკ პოლს.

მილანში ჩასული იყო დელეგაცია საქართველოდანაც. როგორც მიხეილ ყაველაშვილი ჰყვება - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების დროს, რომელშიც საგარეო უწყების მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც მონაწილეობდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვისა და გაუმჯობესების დაპირება მიიღეს.

ასევე ნახეთ ყაველაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მასთან საუბრისას "პატრიარქიც ახსენა"

პრეზიდენტი ყაველაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ 2024 წლის ბოლოს აირჩია, აღნიშნავს, რომ ეს "თბილი" შეხვედრები "ღირებულებათა ნაწილში" თანხვედრით იყო განპირობებული და რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც გაიხსენა.

"იცით, რომ არსებული ადმინისტრაცია იმ ღირებულებით ნაწილში, რომელსაც ჩვენ უკვე წლებია ვადგავართ, ჩვენი ქვეყანა, ეროვნულ ინტერესებს, ოჯახურ ღირებულებებზე, სხვათა შორის, აღნიშნა ქრისტიანული, ისტორიული ჩვენი ქვეყნის ესეთი დამოკიდებულება იცოდა ვიცეპრეზიდენტმა და კარგი სიტყვები არ დაიშურა, ჩვენი პატრიარქიც ახსენა, სხვათა შორის და ასეთი თბილი, კარგი ურთიერთობა გვქონდა", - უთხრა მედიას ყაველაშვილმა, 7 თებერვალს.

ამ საუბრების შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია ამერიკულ მხარეს.

9 თებერვალს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ჩაფრინდა და 2026 წლის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანს გამოუცხადა მხარდაჭერა, 10 თებერვალს - აზერბაიჯანში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი ტურნეს მარშრუტში არ არის საქართველო.

ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში

საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში 8 სპორტსმენი მონაწილეობს - სპორტის 2 სახეობაში - ფიგურული ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში: ნიკა ეგაძე - ფიგურული ციგურაობა, მამაკაცთა ერთეულები; ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ქალთა ერთეულები; ანასტასია მეტელკინა /ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული წყვილები; დიანა დევისი/ გლებ სმოლკინი - ფიგურული ციგურაობა, სპორტული ცეკვები; ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა, ლუკა ბუჩუკური - სამთო თხილამურობა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალში, ისტორიაში პირველად, სწორედ ამ ოლიმპიადაზე მოხვდა, ხოლო საბოლოოდ - მე-4 ადგილზე გავიდა. წინ კიდევ არაერთი ინდივიდუალური ასპარეზობაა. მათ შორის, განსაკუთრებული იმედები ევროპის მოქმედ ჩემპიონზე - ნიკა ეგაძეზე მყარდება.

როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციიდან ირკვევა, 10 თებერვალს, ასპარეზობამდე რამდენიმე საათით ადრე, ეგაძე ოლიმპიურ სოფელში - "ქართული ოცნების" სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემაც მოინახულა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული - ობიექტების დასაცავად მობილიზებულია სამინისტროს 6000 თანამშრომელი, მათ შორის - სნაიპერები, გამნაღმველები და ტერორიზმთან მებრძოლი ჯგუფები.

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 22 თებერვალს დაიხურება - იტალიის ქალაქ ვერონაში - „არენა დი ვერონაზე“.