“20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას, 35 წლით დასავლეთ ევროპას” - სურსათის სიძვირე ერთი პასუხით ისევ არ იხსნება

"ქართული ოცნების" საპარლამენტო და აღმასრულებელი გუნდი სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირების გზებს ეძებს - 16 მარტს დეპუტატები შეხვდნენ "კარფურის", "ლიბრეს", "ნიკორას", "ორი ნაბიჯისა" და “დეილი ჯგუფის” ხელმძღვანელებს.

მოკლედ

  • “ფასების კომისიაში” შემავალ დეპუტატებს სადავო პარლამენტში ბიზნესმენები 16 მარტს, კომისიის მორიგ სხდომაზე უხსნიდნენ, რომ თუ საქართველოში პროდუქტი ძვირია, ამის მიზეზი გაუმართავი მიწოდების ჯაჭვები, სასაწყობე ინფრასტრუქტურის სიმწირე და ბანკების მაღალი პროცენტებია და არა ის, რომ ბიზნესი მუშაობს მაღალ მოგებაზე.
  • კომისია უკვე შეხვდა როგორც დისტრიბუტორებს, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებს.
  • ქსელური სუპერმარკეტებთან ახლა არკვევენ, რამდენად სამართლიანია მეწარმეებისა და მიმწოდებლების პრეტენზიები.
ქსელური მარკეტების წლიური ბრუნვა მილიარდიდან სამ მილიარდამდეა - ისინი ამტკიცებენ, რომ წლიური სუფთა მოგება 1%-ზე მეტს არ აღემატება. “ბაზრის ტოპ 4 მოთამაშე ვართ, რომლებიც ბაზრის მხოლოდ 40%-ს ვფლობთ”, - თქვა სხდომის ბოლოს "დეილი ჯგუფის" მფლობელმა, ბიზნესმენმა არჩილ გეგენავამ.   

“მინდა მივიდეთ იქ, რომ საბოლოო ჯამში სექტორში ურთიერთობები გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ბიზნესპროცესები გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და მივიღოთ ისეთი სექტორი, რომელიც იქნება მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ მოსახლეობას, მიიღოს საუკეთესო ფასი”, - ასე გახსნა სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა.

“ჩვენი გამოყოფილი გვაქვს სენსიტიური და ულტრასენსიტიური პროდუქტების კალათა - ეს არის ძირითადად ყველაზე მოხმარებადი და მოთხოვნადი პროდუქცია, რომელზეც მუდმივად გვაქვს ფასების კონტროლი: ესაა შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პასტა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია”, - ამ ახსნით დაიწყო მსხვილი ქსელური სუპერმარკეტის, "კარფურის" ხელმძღვანელმა საუბარი.

ფრანგული ბრენდი “კარფური” ქართულ ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა - 2024 წლის მონაცემებით კომპანიის ბრუნვა 800 მილიონია.

“კარფურს” კომისიაზე ფინანსური და გენერალური დირექტორები, გიგა წიქარიშვილი და დავით ქარქაშაძე წარმოადგენდნენ.

დეპუტატი ეკა სეფაშვილი: როგორ ახერხებს "კარფური" ფასის დარეგულირებას? მექანიზმის რაიმე კონკრეტულ მაგალითს მოიყვანთ?

გიგა წიქარიშვილი: მექანიზმი მუშაობს ასე: დღეს ჩვენთან ზეთის ფასი არის 4,5 ლარი - ეს პროდუქცია ჩვენ ნაყიდი გვაქვს 4,42- 4,23 ლარად რიბეითების [თანხის ნაწილის/პროცენტის დაბრუნება] გათვალისწინებით, ხშირ შემთხვევაში ჩვენ მსგავს პროდუქციაზე რიბეითები საერთოდ არ გვაქვს, რიბეითი არ გვაქვს, მაგალითად, ხილ-ბოსტნეულზე, თამბაქოზე...

ეკა სეფაშვილი: თუ კარგ ადგილას არ განათავსეთ [პროდუქცია], არ გაიყიდება?

დავით ქარქაშაძე: რთულად გაიყიდება, ძნელად გაიყიდება და ეს არის ყველაზე დიდი ტვირთი რითეილერისთვის [საცალო საქონლით მოვაჭრე], როდესაც პროდუქცია არ იყიდება და თაროზე არის გაჩერებული დიდი ხნით.

მწარმოებელს, დისტრიბუტორსა და გამყიდველს შორის რითეილერს აქვს პროდუქციის სწრაფი რეალიზების ყველაზე მეტი ინტერესი.

ეკა სეფაშვილი: მაშინ მომსახურების საფასურს შემომტანი რატომ იხდის, თქვენც ხომ ხართ დაინტერესებული, რომ სწრაფად გაიყიდოს?

დავით ქარქაშაძე: ამ საქონლის რეალიზაციის პროცესში რითეილერი ყველაზე დიდ დანახარჯს სწევს დაწყებული კაპიტალური დანახარჯებით, დამთავრებული საოპერაციო დანახარჯებით. ამ დანახარჯების ფონზე აუცილებელია, რომ დისტრიბუტორმა და მწარმოებელმა მოახდინონ ამ პროცესის თანადაფინანსება და, შესაბამისად, იმ სერვისების ანაზღაურება.

სპეციალურ ადგილთან დაკავშირებული შეკითხვები განპირობებულია დისტრიბუტორებისა და მწარმოებლების წუხილით, რომ მათ პროდუქციას აძვირებს დამატებითი გადასახადი სუპერმარკეტის თაროზე მიმზიდველ ადგილას მათი პროდუქციის განსათავსებლად.

ასევე ნახეთ „თუ გაიაფდება "ბამბანერკა", გაძვირდება შაქარი“ - რას ამბობენ ქსელური მარკეტები ფასებზე

ეკა სეფაშვილი: თქვენ ბაზრის რამდენ პროცენტს აკონტროლებთ?

დავით ქარქაშაძე: ჩვენ გვაქვს დღესდღეობით ბაზრის 8-დან 10%-მდე - ორგანიზებული ბაზრის 8-დან 10%-მდე, რაც წარმოადგენს მთელი ბაზრის სადღაც 4%-ს - 3-დან 4%-მდე.

დეპუტატი შალვა კერესელიძე: შევხვდით ფერმერებს, დისტრიბუტორებს, ყველა ამბობს, რომ პრობლემა არის ქსელურ მარკეტებში და პროდუქცია, რომელიც შემოაქვთ თქვენთან, მაგალითად, 6 ლარად, მომხმარებელს იმიტომ უჯდება 10 ლარი, რომ თქვენ უმატებთ გადასახადებს - ყველამ აღნიშნა, ქეშბექი "კარფურის" მოგონილიაო და ახლა ავიდა 40-45%-ზე.

დავით ქარქაშაძე: ჩვენ შემოვიტანეთ “რიბეითის” ცნება ამ ბაზარზე, კი ბატონო. როცა ჩვენ შემოვედით ბაზარზე, ორგანიზებული ბაზრის წილი იყო 15%. ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ მომწოდებლებისგან მიგვეღო იმ ფასად საქონელი, რომ შემდგომ მინიმალური ფასნამატით მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის პროდუქტი, მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად. როცა ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, გვქონდა გარკვეული სირთულეები დისტრიბუტორებთან, მიმწოდებლებთან. ეს იყო არაორგანიზებული ბაზარი, სადაც არანაირი “პრომოები”, აქციები, გამჭვირვალობა არ იყო.

დისტრიბუტორების მომგებიანობის მარჟა 12-13% იყო, როცა ჩვენ შემოვედით ბაზარზე. ახლა დაიწია ამან 8%-მდე, მაგრამ მაინც არის ორჯერ მეტი, ვიდრე რითეილერის მომგებიანობის მარჟა. რითეილერს აქვს ყველაზე მაღალი რისკი და მომგებიანობის მარჟა აქვს ყველაზე დაბალი - კარფურს 1%-მდე აქვს. კლასიკურ მოდელებში ფასწარმოქმნის პროცესში მწარმოებელს უნდა ჰქონდეს - 50%, რითეილერს - 45% და დისტრიბუციას - 5%.

განხილვის თემა იყო, როგორც "კარფურთან", ასე სხვა ქსელური მარკეტების მმართველებთან, კიდევ ორი საკითხი: რა ვადა სჭირდება პროდუქციის გასაყიდად კომპანიას და გაყიდული პროდუქციის ღირებულებას რა ვადაში იღებს. ეს არის ორი პრობლემური საკითხი, რომლებზეც წინა სხდომებზე პარლამენტის წევრებთან საუბრობდნენ მეწარმეები და დისტრიბუტორები.

კომისიაზე “ლიბრეს” და “ნიკორას" თემურ ალექსანდრია წარმოადგენდა.

ამ ორი დასახელების მარკეტების ქსელის მმართველი კომპანია საქართველოში 7 000-მდე მაღაზიას მართავს სადაც 9 000-მდე ადამიანია დასაქმებული. 2024 წელს კომპანიის წლიური ბრუნვა მილიარდ-ნახევარი იყო.

კომისიაზე განმეორებით განიხილეს ორი თემა: რა ვადა სჭირდება პროდუქციის გასაყიდად კომპანიას და გაყიდული პროდუქციის ღირებულებას რა ვადაში იღებს. ეს არის ორი პრობლემური საკითხი, რომლებზეც წინა სხდომებზე პარლამენტის წევრებთან საუბრობდნენ მეწარმეები და დისტრიბუტორები.

თემურ ალექსანდრია: ჩვენთან გადახდა ყოველთვის კონტრაქტის შესაბამისი ვადებით ხდება - მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის.

გადახდის ვადა დამოკიდებულია კონტრაქტზე - ადგილობრივ ფერმერებს ვურიცხავთ ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში.

შოთა ბერეკაშვილი: თქვენი აუდიტის მიხედვით, გადახდის ვადა არის საშუალოდ 80 დღე.

თემურ ალექსანდრია: დასავლეთ ევროპაში არის 70 დღე, აღმოსავლეთ ევროპაში 60 დღე.

საშუალოდ ჩვენი დღეები შეადგენს ევროპულ მაჩვენებელზე დაბალს, არის დაახლოებით 50 დღე.

შალვა კერესელიძე: ცოტა უხერხული შეკითხვა უნდა დაგისვათ, არა კომფორტული, მაგრამ მოგიწევთ გამჭვირვალედ უპასუხოთ. დაახლოებით სამი წლის წინ საქართველოს საპენსიო სააგენტომ დაგროვებითი პენსიის ფონდიდან ინვესტიცია განახორციელა თქვენს კომპანიაში და თქვენი კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციები შეიძინა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით საპენსიო ფონდმა ხალხის მიერ სავალდებულოდ დაგროვილი პენსიის ფული ჩადო რეალურად თქვენს კომპანიაში, ანუ საპენსიო ფული გასესხათ იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობა გაგეძლიერებინათ და გაგევითარებინათ. შესაბამისად, აქ ისმის კითხვა, ამით რა მოიგო საზოგადოებამ და ხალხმა? დამატებითი შემოსავალი მიიღეთ და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდით და მერე ადექით და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად გაძვირებული პროდუქცია შესთავაზეთ.

თემურ ალექსანდრია: ჩვენი კომპანია არის გამოცდილი მოთამაშე ქართული კაპიტალის ბაზარზე და შეიძლება ითქვას, პიონერები ვართ ამ საკითხში საბანკო ჯგუფების შემდგომ. მოსახლეობის საპენსიო ფონდმა მოგება მიიღო 12%-იანი - წინაზე იყო 3-წლიანი ობლიგაციები, ახლა გვაქვს 5-წლიანი ობლიგაციები.

შოთა ბერეკაშვილი: ბატონო შალვა, ფინანსური ბაზრები როგორ მუშაობს იმის თუ ახსნა გჭირდებათ, მობრძანდით ჩვენთან და აგიხსნით, როგორ მუშაობს ფინანსური ბაზრები. ობლიგაცია არის სხვა ინსტრუმენტი.

ეკა სეფაშვილი: რამდენი პროცენტით გაიზარდა მაღაზიებში კონსულტანტების ხელფასები?

თემურ ალექსანდრია: 2022 წლიდან 25-დან 50%-მდე გაიზარდა ხელფასები.

ასევე ნახეთ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება „ნიკორას“ მოლარეს, რომელმაც კლიენტის ქულები დახარჯა

“ნიკორასა” და “ლიბრეს” ქსელების მმართველმა ფასების სიძვირის მიზეზების მკვლევარ დეპუტატებს უთხრა, რომ “ფასწარმოქმნის სიღრმე და ინტენსივობა ძალიან განსხვავებულია პროდუქციის მიხედვით” და განმარტა, რომ პროდუქციის სიძვირეში მნიშვნელოვანი როლი აქვს ფრაგმენტირებულ მიწოდებას. თემურ ალექსანდრიას თქმით, სადისტრიბუციო ქსელის ცენტრალიზებისთვის მისი კომპანია უკვე აშენებს აღმოსავლეთ საქართველოში მასშტაბური საწყობს, საიდანაც თავად მოამარაგებს საკუთარ მაღაზიებს და მსგავსის აშენებას გეგმავს დასავლეთ საქართველოშიც.

“ორი ნაბიჯის” ხელმძღვანელმა არჩილ მელიქიძემ საკუთარ გამოსვლაში თქვა, რომ “შურს კოლეგების”, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასაწყობე ინფრასტრუქტურის მშენებლობა - საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის აწყობის პროცესი და დაამატა, რომ მისი კომპანიაც მუშაობს ამ მიმართულებით განვითარებაზე.

“სამაცივრე ინფრასტრუქტურა არის ძვირი და მწირი”, - თქვა თემურ ალექსანდრიამ.

ეკა სეფაშვილი: ბაზრის რამდენ პროცენტს აკონტროლებთ?

თემურ ალექსანდრია: ორგანიზებული ბაზრის 19%, რაც ჯამური ბაზრის 7-8%-ია.

ეკა სეფაშვილი: თუ იცით, თქვენი ტიპის მაღაზიები რა მარჟაზე მუშაობენ ევროპაში?

თემურ ალექსანდრია: წმინდა მოგება 2-დან 3%-მდე აქვთ, რამდენადაც ვიცი.

ქეთევან ბაკარაძე: 1000 ლარზე ნაკლები რამდენ დასაქმებულს აქვს?

თემურ ალექსანდრია: თბილისში სრულგანაკვეთიან სამსახურს თუ ავიღებთ, 1000 ლარზე ნაკლები არავის აქვს. რეგიონებში გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ამაზე ნაკლები.

შოთა ბერეკაშვილი: საშუალო ხელფასი 1 466 ლარია თქვენს კომპანიაში.

ასევე ნახეთ „გააიაფებთ? რა შემთხვევაში?" - დისტრიბუტორები ფასების შემსწავლელი კომისიის პირისპირ
"ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელის წლიური ბრუნვა 2024 წელს 2 მილიარდი იყო. მისი ხელმძღვანელის, არჩილ მელიქიძის თქმით, "ორი ნაბიჯი" ორგანიზებული ბაზრის 20%-ს და სრული ბაზრის 40%-ს იკავებს. ეს ქსელი ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომი პროდუქციის მიმწოდებელი.

“მე არ ვიცი სტანდარტული ფასი რა არის, ჩვენ გვინდა ექსკლუზიური ფასი. ჩვენ სადღაც 20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას, სადღაც 35 წლით დასავლეთ ევროპას. ვიცით, რა გზა უნდა გავიაროთ, ვიცით, სად უნდა მივიდეთ.

ჩვენ გვინდა სტანდარტული ხარისხის პროდუქტი საუკეთესო ფასად, რომელსაც ჩვენ ვადებთ მინიმალურ ფასნამატს იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ ყველაზე ეფექტურები საოპერაციო თვალსაზრისით - ეს არის ჩვენი ბიზნესმოდელი”, - უთხრა დეპუტატებს არჩილ მელიქიძემ და მოუწოდა დაინტერესდნენ არა ქსელური მარკეტების მოგებით, არამედ ბანკების მოგების მარჟის კვლევით.

“რეალურად დიდი ქსელები არ ვართ პრობლემა, ვართ პრობლემის გადაწყვეტა, რაც უფრო დიდები გავხდებით, მით უფრო უკეთეს ფასად გავყიდით”, - თქვა მან.

კომისიაზე ბოლო ბიზნესმენი, რომელიც 16 მარტს მარკეტებში ფასების წარმოქმნის პროცესს ხსნიდა, არჩილ გეგენავა იყო. ის არის “დეილი ჯგუფის” მფლობელი - ეს გაერთიანება ფლობს და მართავს "იოლს", "სპარს", "მაგნიტს", "გვირილას", "დეილს", "კალათას".

“ჯამურად ჩვენ წლიური ბრუნვა მილიარდ-ნახევარია, ყველა ფრენჩაიზის ჩათვლით, 3 მილიარდზე მეტი”, - თქვა მან და შეეცადა დეპუტატებისთვის აეხსნა, რომ ყველა ქსელურ მარკეტს თავისი ბუნება აქვს - თუ კალათა განსაკუთრებით ხელმისაწვდომი სურსათის მიწოდებაზეა ორიენტირებული, "იოლი", რომელიც უბნის მარკეტების კონცეფციით შეიქმნა, ყველაზე კარგად სიგარეტით, ტკბილეულით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობს.

“სამი ძირითადი ხარჯი გვაქვს, ხელფასი, იჯარა, კომუნალური - ჩვენი სურვილი არ არის წამგებიანი მაღაზია ვათრიოთ, 3-დან 6 თვეში თუ არ გავიდა მაღაზია მოგებაზე, ვხურავთ.

თბილისში ქსელების წარმოდგენა არის 60% - ჩვენი მაღაზიების 40%-ია თბილისში განთავსებული, დანარჩენები რეგიონშია“, - თქვა არჩილ გეგენავამ.

ასევე ნახეთ ყველა ლარი დათვლილია - როდის იყიდის ელისო პროდუქტს უფრო იაფად?

საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული, ცდილობს დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება და ხომ არ მოქმედებს კარტელური გარიგებები. ეს კომისია მას მერე შეიქმნა, რაც გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რისი მიზეზიც მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.