მას შემდეგ, რაც მისი 19 წლის შვილი [20 წლის ციხეში გახდა] 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ის ციხეში ორი სტატუსით შედის - როგორც მამა და როგორც ადვოკატი. როცა ზვიად ცეცხლაძემ სტუდენტის სტატუსი აღიდგინა, ამ ჩამონათვალს მასწავლებელიც დაემატა.
„ვცდილობ, სალექციო პროგრამის დაძლევაში დავეხმარო… შუალედური გამოცდა უკვე ჩააბარა და საეკლესიო სამართლის ლექტორმა რეფერატის დაწერა დაავალა, ნათლობის საკითხზე წერს“, - ზურაბ ცეცხლაძე შვილს, სულ მცირე, კვირაში ორჯერ მაინც ამეცადინებს.
Your browser doesn’t support HTML5
ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე ჰყვება, რა წინააღმდეგობებს აწყდება მისი შვილი ციხიდან სწავლის დროს
გამოცდების წინ ზვიადს კონსპექტებს მეგობრებიც უგზავნიან, ისიც თავის ნაშრომებს უბრუნებს რედაქტირებისთვის, შესწორებისთვის.
„რომ არა ისინი, ჩემი სწავლა უბრალოდ არც კი დაიძვრებოდა“, - გვწერს ზვიად ცეცხლაძე ციხიდან.
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და უკვე მესამე სემესტრს დაუსწრებლად ხურავს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ციხეში ონლაინსწავლების პრაქტიკა არ აქვს, ასე რომ, მე არავინ არაფერს ონლაინ არ მასწავლის, არც ლექციების ჩანაწერები მაქვს, რომ მოვუსმინო. მომდის ამობეჭდილი ლიტერატურის მასალა და დაჯექი იმეცადინეო, სილაბუსსაც გაძლევენ. მერე, ხშირ შემთხვევაში სილაბუსს რომ არ ემთხვევა ეს სასწავლო მასალა რა ვქნათ?“ - წერს ზვიად ცეცხლაძე.
ლექტორებთან მიწერ-მოწერაში ზვიადს პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი ეხმარება. ის უბეჭდავს საკითხავ მასალას და საკანში მიაქვს. ციხის ამ თანამშრომელს კიდევ ბევრი სხვა საქმე აქვს, ასე რომ ეს პროცესი სულ იწელება.
„ის იდეა, რომ მე კითხვები ჩამოვწერო, მერე გავგზავნო, ის ერთ კვირაში მივიდეს ლექტორამდე, მან 2-3 დღეში მიპასუხოს და მისი წერილის ჩემამდე მოსვლას კიდევ 1 კვირა დასჭირდეს, მაინცდამაინც არ მხიბლავს. თან უშუალოდ იმ პასუხშიც რამდენ რამეს ვერ გავიგებ და რამდენი ახალი კითხვა გამიჩნდება, კაცმა არ იცის... ამ დანაკლისს ოდნავ იმით ვივსებ, რომ თუ ვინმე ადვოკატის სტატუსით შემოვა ხოლმე რამდენიმე საათით და მასთან მაინც გავივლი რაღაც თემებს, ძირითადად კაზუსებს“, - ამბობს ზვიად ცეცხლაძე.
ციხიდან სწავლის უფლებას რამდენიმე კანონი არეგულირებს და მსჯავრდადებულს უმაღლესი განათლების მიღების ორი გზა აქვს: კორესპონდენციული და ციფრული.
აი, მაგალითად, ზვიად ცეცხლაძე სწორედ კორესპონდენციული სწავლების ფორმატს იყენებს, ანუ ლექციებს დისტანციურად ვერ ესწრება, უნივერსიტეტი მისთვის სასწავლო მასალას ციხეში ელექტრონულ ფოსტაზე გზავნის, ციხის თანამშრომლები ამ წერილებს ბეჭდავენ და პატიმართან მიაქვთ. სტუდენტს შეუძლია ლექტორს კითხვები ასევე წერილობით გაუგზავნოს ან დაურეკოს კიდეც.
ციფრული სწავლებისას ლექტორი პატიმარ სტუდენტს ლექციას ონლაინ, ძირითადად ზუმით უტარებს.
„დავწერდი ფურცელზე რა ვერ გავიგე, მივცემდი სოციალს [სოციალურ მუშაკს - რ.თ.], იმას უნდა გადაეგზავნა ლექტორისთვის. პასუხი არასდროს მიმიღია, მგონი, რომ სინამდვილეში [ჩემს წერილებს] არ აგზავნიდნენ, ვინ არის ამის მომკითხავი?“ - გვიყვება ყოფილი პატიმარი, რომელმაც ციხეში ბაკალავრის ერთი სემესტრი ისწავლა, ახლა თავისუფალია და ანონიმურობა სურს. ამ სტატიაში მას ირაკლის დავუძახებთ.
ირაკლი 23 წლის იყო, როცა დაიჭირეს. სეუ-ში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. თავიდან სტუდენტის სტატუსი შეიჩერა, მერე კი განაახლა. ციხიდან გამოსვლის მომენტისთვის მეოთხე კურსის ბოლო სემესტრის სტუდენტი იყო. სწავლა დაასრულა და დიპლომიც აიღო.
„დედაჩემის გამო ვსწავლობდი, მან მთხოვა... ამას გარდა, ვგრძნობდი, რომ ციხეში დროს ფუჭად ვკარგავდი, გარეთ ცხოვრება მიდიოდა და მე მის მიღმა ვრჩებოდი“, - უყვება ის რადიო თავისუფლებას.
ირაკლი გლდანის ციხიდან სწავლობდა ისევე, როგორც ჩვენი რესპონდენტების უმრავლესობა. გლდანი დახურული ტიპის მკაცრი ციხეა. აქ საკნის კარი მხოლოდ კვების, სეირნობისა და შხაპის დროს იღება, მინიმალური დროით. ბიბლიოთეკაში მოხვედრის არანაირი შანსი არ არსებობს, წიგნი ციხის თანამშრომლებს პატიმართან მიაქვთ, დაახლოებით 12 კვ.მ. საკანში კი 6-მდე პატიმარი ცხოვრობს.
„ჩემს მეზობლად სწავლობდა პატიმარი, ღია ტიპის ციხეში არ გადაყავდათ, დანაშაულის სირთულის გამო, ხშირად აწუხებდა ბადრაგებსა და სოციალურ მუშაკებს... აბეზარის სახელი გაუვარდა... საჩივარიც დაწერა და ინტრიგანი როჟა შეარქვეს, წესდებაში რაც წერია, არავინ ასრულებს პირნათლად. შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციისთვის ტვირთი ხარ“, - ამბობს ირაკლი.
ღია ტიპის ციხეებში ბევრად მეტი თავისუფლებაა. საკნის კარი დილით იღება და საღამოს იკეტება. პატიმრებს შეუძლიათ ბიბლიოთეკასა და კომპიუტერებით აღჭურვილ ოთახებში ყოფნა, სადაც ონლაინლექციები ტარდება. მსჯავრდადებულებს უნივერსიტეტების ელექტრონულ სისტემებსა და ონლაინ ატვირთულ სასწავლო მასალაზეც მიუწვდებათ ხელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სერგო რატიანს, გასული წლის შემოდგომის სემესტრში ფილოსოფიის კურსზე ორი პატიმარი სტუდენტი ჰყავდა. ერთს დისტანციურად უტარებდა ლექციებს, მეორეს კი მეილებს სწერდა.
„ერთს Zoom-ის დახმარებით ვხვდები და ლექცია/სემინარებს პერსონალურად ვუტარებ. არაჩვეულებრივი სტუდენტია და ჩემთვის, როგორც ლექტორისთვის, კარგ სტუდენტთან კომუნიკაცია სასიამოვნოა. ყველა ლექციაზე მომზადებული მოდის და აქტიურია. მეორეც, რომელთანაც ურთიერთობა არ მაქვს და მხოლოდ მასალისა და შეტყობინებების გაგზავნით შემოვიფარგლები, კარგად წერს, ამით მასზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. კომუნიკაციაში დაბრკოლება არასდროს მქონია, სოცმუშაკები მეხმარებიან“, - ამბობს ის.
სერგო რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ილიაუნი წლებია პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციფრულ სწავლებაში მხოლოდ შვიდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, შემდეგი სპეციალობებით:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფინანსები, სამართალი და ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მათემატიკა, გეოგრაფია, რუსული ენა, ლიტერატურა.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი;
- შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი - სამართალი;
- შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - სამართალი;
- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერებები;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე);
- სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.
თუ უნივერსიტეტი ციფრულ სწავლებაში ჩართული არაა, მაშინ მსჯავრდადებული განათლების მისაღებად კორესპონდენციულ, ანუ მიმოწერის ფორმატს იყენებს.
სტუდენტებს უფლება აქვთ, ციფრული სწავლება მოითხოვონ, რადგან კანონის თანახმად, „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით“.
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ციფრული სწავლებისთვის ინფრასტრუქტურა მოწყობილია N1, N2, N5, N8, N11, N14, N16 პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს ნიშნავს, რომ აქვთ ოთახი კომპიუტერებით და ყურსასმენებით.
ამ სიაში გლდანის ციხეცაა. მაშინ რატომ ვერ სწავლობს ონლაინ, მაგალითად, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი? ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. მან ციხიდან ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო.
სოსო გოგაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე
ციფრული სწავლება ორმხრივი პროცესია. იმისთვის, რომ კავშირი შედგეს, ტექნიკურად მზად უნდა იყოს ციხეც და უნივერსიტეტიც. სოსო გოგაშვილის ქალიშვილმა ნინი გოგაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სთხოვა, მამისთვის სრულყოფილი დისტანციური სწავლების შესაძლებლობა მიეცათ, რაზეც უარი მიიღო.
„ვცადე დამეზუსტებინა, თუ იყო შესაძლებელი, რომ მამაჩემს თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საგნის შესაბამის ლექტორთან ჰქონოდა ონლაინ კომუნიკაცია ან დისტანციურად დასწრებოდა ლექციას, მაგრამ თსუ-ს და პენიტენციურ სამსახურს ტექნიკურად არ აქვს ამის შესაძლებლობა“, - ამბობს ნინი გოგაშვილი.
ციფრულ სწავლებაზე უარი მიიღო ზვიად ცეცხლაძემაც. მისთვის ბარიერები მხოლოდ უნივერსიტეტს არ შეუქმნია. ისიც გლდანის ციხეშია, მოთხოვნის მიუხედავად, ღია ტიპის დაწესებულებაში არ გადაიყვანეს.
„მთავარი პრობლემა მაინც ხმაურია, ეხლაც კი ყურისძირში ტელევიზორი გუგუნებს... მაგიდა სულ ერთია და მაინც და მაინც დიდი არ არის, ხშირად ბიჭები ნარდს თამაშობენ ან საჭმელს ჭამენ, შეიძლება ამ საჭმელს ამზადებდნენ და ასე შემდეგ. ესეთ დროს ლოგინზე მიწევს კითხვა და დავალების დაწერა, მაგრამ ძირითადად მაგიდა მაინც ჩემს განკარგულებაშია.
... ვითხოვდი, ბიბლიოთეკაში გადამიყვანეთ, დღეში რამდენიმე საათით მაინც-თქო, მაგრამ ვერაო, ეგო სხვანაირი ბიბლიოთეკააო, ჩამოსაჯდომად და წასაკითხად არ გვაქვსო :D დიდი ალბათობით, უბრალოდ კადრები არ ყავთ, რომ ვინმე გამაყოლონ იმ ბიბლიოთეკაში საათობით, რადგან მარტო იქ არავინ დამტოვებს“, - წერს ზვიად ცეცხლაძე რადიო თავისუფლებისთვის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც, აი, ამ ჩანახატს ურთავს.
ზვიად ცეცხლაძის ნახატი, 30 იანვარი, 2026.
პენიტენციურ სამსახურში გვითხრეს, რომ მათ, ვინც ლექციებს ონლაინ არ ესწრება, ელექტრონულ წამკითხველს აძლევენ, თუმცა ზვიად ცეცხლაძეს არც ქინდლი არ შეხვდა. ზვიად ცეცხლაძისგან განსხვავებით, ირაკლისთვის ელექტრონული საკითხავი [ქინდლი] ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გამოინახა.
„ერთად დაწყობილი ფურცლები სიმაღლეში ნახევარ მეტრზე მეტი მაინც გამოდის“, - ამბობს ზვიად ცეცხლაძე, რომლისგან განსხვავებითაც ირაკლისთვის ელექტრონული საკითხავი [ქინდლი] ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გამოინახა.
„რა ქინდლი?“ - სიცილით უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას აქტივისტმა არჩილ მუსელიანცმა, რომელმაც ციხიდან დარეკა. 29 წლის იყო, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაშინ ბრალდებული იყო, ახლა მსჯავრდადებულია. მუსელიანცი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის წინ კამერების დაზიანების ბრალდებით დააკავეს და 4 წლით დააპატიმრეს.
„უსამართლობას რომ ვხედავ, მაგან განაპირობა სამართალზე სწავლა. პირველ რიგში, ჩემს თავს უნდა დავეხმარო და შემდეგ სხვებს. ადვოკატობას ვაპირებ“, - ამბობს ის.
ეროვნულ გამოცდებზე ის ბადრაგს მიჰყავდა. საგამოცდო ცენტრთან მას მხარდამჭერები ხვდებოდნენ. პატიმრები მისაღებ გამოცდებს ერთად, აბიტურიენტებისგან განცალკევებით აბარებენ.
„არჩილთან ერთად, 50 პატიმარი აბარებდა წინა წელს, ცალკე შესასვლელი და ცალკე ოთახი ჰქონდათ. ბორკილები მოხსნეს, ბადრაგები შემოსასვლელში ელოდნენ, ოთახში არ შეყოლიან. ბედნიერი იყო, ტუალეტში გასვლის უფლებაც ჰქონდა, სამი საგანი უნდა ჩაებარებინა, მაგრამ ხუთი ჩავუწერე, ჰაერი რომ უფრო ხშირად ესუნთქა“, - ამბობს არჩილ მუსელიანცის დედობილი, ცარო ოშაყმაშვილი.
ის ეხმარება პატიმარს ციხის გარეთ უნივერსიტეტთან და ლექტორებთან კომუნიკაციაში. ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სახელმძღვანელოებიც მან შეუგზავნა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს შევხვდი და დამეხმარნენ. დეკანმა ინდივიდუალური ლექტორები გამოუყო“, - ამბობს ის.
არჩილ მუსელიანცი ციფრულ სწავლებაში დაგვიანებით, მაგრამ მაინც ჩართეს. პირველი დისტანციური ლექცია ორი კვირის წინ ჰქონდა.
„ლექტორს უშუალოდ ხედავ და გესმის, მხოლოდ ეს არის პლუსი, დანარჩენი ყველაფერი მინუსია, რადგან რაიმე ინფორმაციის მოძიება თუ გჭირდება, ან ფოსტით უნდა გაუგზავნო კითხვები, ან ტელეფონზე დაურეკო, რომელსაც ისედაც შეზღუდული ლიმიტი აქვს“, - ამბობს არჩილ მუსელიანცი.
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ მუსელიანცი ციხიდან ჰყვება, როგორ სწავლობს უნივერსიტეტში
პატიმრის აღწერით, საკლასო ოთახი პატარა და უფერულია. ოთხი მაგიდა დგას, ოთხი კომპიუტერით.
„თითო ლექცია 45 წუთი გამოდის. მეორე კვირაა, რაც დავიწყეთ. გვიან დაიწყო და ჯერ მხოლოდ ორი დღე ჩაგვიტარდა თითო საგანი და შუალედურები და ფინალურები ერთად გვექნება, რადგან გვიან დავიწყეთ...იმედია ჩავაბარებ, თუ არა და მათი ბრალი იქნება“, - ამბობს მუსელიანცი.
ციფრულ სწავლებას კიდევ ერთი პლუსი აქვს - ის უფასოა, სწავლის გადასახადს სახელმწიფო აფინანსებს.
„სოციალური პროგრამა მხოლოდ ციფრულ სწავლებაზე ვრცელდება. კორესპოდენციული სწავლების თანხას მსჯავრდებული ფარავს საკუთარი ხარჯებით (ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრის ან/და სხვა პირის დახმარებით)“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
სტუდენტს უფლება აქვს, მობილობით გადავიდეს იმ უნივერსიტეტში, რომელიც ციფრულ სწავლებაშია ჩართული და სოციალური პროგრამით სწავლის დაფინანსება მოითხოვოს.
პროფესორი სერგო რატიანი მზადაა, დისტანციური ლექციები ჩაუტაროს იმ სტუდენტსაც, რომელსაც კორესპონდენციული სწავლების ფორმატის გამოყენებით ეკონტაქტება.
„არ ვიცი და ვერ ვხვდები, რატომ აქვს ჩემს მეორე სტუდენტს ეს შეზღუდვა. გასაგებია, რომ დანაშაულებებშია განსხვავება ვთქვათ, მძიმე დანაშაულია, მაგრამ რომ ჩამერთოს, რა პრობლემა იქნება, იმასაც წავუკითხავ წყნარად. გასაგებია, რომ ინტერნეტი გამორთული უნდა იყოს, მაგრამ ელექტრონულად მიწოდებული მასალა რატომ არ შეიძლება წყნარად იკითხოს კომპიუტერების სივრცეში?“ - ამბობს რატიანი.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული დანაშაულის სიმძიმეზე. სისტემის 4 ტიპის დაწესებულებებში მსჯავრდადებულებს იმის მიხედვით ანაწილებენ, რა საშიშროებას წარმოადგენს ის და როგორ იქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობის შემთხვევაში, ყველა მსჯავრდადებულს შეუძლია კორესპოდენციულ სწავლებაში ჩართვა, საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდადებული კი სარგებლობს მხოლოდ კორესპონდენციული სწავლებით. ორივე შემთხვევაში უნივერსიტეტის თანხმობაა საჭირო. თუ სასწავლო დაწესებულება ციხეს ციფრულ სწავლებაზე არ დაეთანხმება, ციხის ტექნიკური მზაობა ვერაფერს შეცვლის.
სერგო რატიანმა არ იცის, რა დანაშაულის გამო და რომელ ციხეში იხდიან სასჯელს მისი სტუდენტები. „ეს მინიმუმ არაეთიკური კითხვებია და მაქსიმუმ არასაჭირო იმისთვის, რომ ასწავლოს“.
„ჩემთვის წარმოუდგენელი იყო უარი მეთქვა, ისინი სწავლობენ ციხიდან, როგორ შეიძლებოდა არ ჩამეტარებინა ლექციები?“ - ამბობს ის.
შუალედური და ფინალური გამოცდების საკითხებს უნივერსიტეტები ციხეში აგზავნიან. გამოცდა ბადრაგებისა და სოციალური მუშაკების მეთვალყურეობისა და კამერების ქვეშ ტარდება.
ირაკლი აღწერს, რომ საგამოცდო ოთახში ორი გრძელი მაგიდა და სკამი დგას, რომლებზეც ორივე მხრიდან ორ-ორი პატიმარი ეტევა.
ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ ირაკლის მონათხრობზე დაყრდნობით.
ზვიად ცეცხლაძე საგამოცდო დღეებშიც პრობლემებს წააწყდა. ამბობს, რომ რამდენიმე შუალედური გამოცდა ერთ დღეს და შეზღუდულ დროში დააწერინეს, რაც ქულაზეც აისახა.
„ერთ დღეში სამი შუალედური გამოცდის ტესტი მომცეს და დრო განმისაზღვრეს საათნახევარი :D სამივე ტესტზე ჯამში. მეთქი - ესე არ გამოვა, გაცილებით მეტხანს გავჩერდები, ალბათ ორსაათნახევარი, შეიძლება სამი საათიც, მაგრამ ფაქტობრივად მაინც დაჩქარებით მომიწია დაწერა...“ - ამბობს ის.
პენიტენციური სამსახურიდან მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, ციხეში ყველაზე პოპულარული პროგრამებია ბიზნესი და ადმინისტრირება, სამართალი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, კომპიუტერული მეცნიერებები.
- რევაზ კიკნაძემ ჟურნალისტიკაზე სწავლა გააგრძელა და შუალედურ გამოცდებში თითქმის უმაღლესი ქულები მიიღო;
- ლუკა ჯაბუა მობილობით ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე გადავიდა;
- ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
რადიო თავისუფლების ანონიმური რესპონდენტის, ირაკლის თქმით კი, დაკავებისას სტუდენტი რომ არ ყოფილიყო, დახურული ტიპის ციხიდან სწავლას არასდროს ისურვებდა.
„ძალიან რთულია, დიდ ენერგიასთან და ემოციურ გამძლეობასთანაა დაკავშირებული, დილით ვმეცადინეობდი, სანამ სხვებს ეძინათ... თანამესაკნეებშიც უნდა გაგიმართლოს, გამოვიდა, რომ დიპლომისთვის ვსწავლობდი“, - ამბობს.
გაუმართლა ზვიად ცეცხლაძეს. მწეველების საკნიდან მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მამის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ახლა ერთ საკანშია ონისე ცხადაძესთან, პაატა მანჯგალაძესა და თორნიკე თოშხუასთან ერთად.
„ხელს უწყობენ, ტელევიზორს უწევენ ხოლმე და არც საუბრობენ, როცა ზვიადი მეცადინეობს“, - ამბობს ზურა ცეცხლაძე.
ზვიადი იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იქნება, როცა ციხეს დატოვებს.
ასევე ნახეთ მინისტრები, რომლებსაც შვილები კერძო სკოლებში დაჰყავთ