რა აზრი დევს სახელში? ტაჯიკეთი ამკაცრებს ბავშვებისთვის სახელის დარქმევის წესებს

ტაჯიკეთის ბავშვთა სახელების რეესტრში შეტანილი სახელების დიდი ნაწილის ამოღების პირობებში მშობლები სულ უფრო მეტ შეზღუდვას აწყდებიან შვილებისთვის სახელების დარქმევისას. (არქივი)

ტაჯიკმა წყვილმა თავიანთ ახალშობილის ვერ დაარქვა სასურველი სახელი, როცა ოფიციალურმა პირებმა განუმარტეს, რომ ის არ იყო შეტანილი მთავრობის მიერ დამტკიცებულ რეესტრში. შემთხვევა ასახავს ტაჯიკეთის სადავო მცდელობას, ხელი შეუწყოს სპარსული წარმოშობის სახელების პოპულარიზაციას და დაძლიოს ისლამის გავლენა.

როდესაც სადბარგმა და მისმა ქმარმა მათ ახალშობილს სახელი შეურჩიეს, ბებიის სახელის - თაიბას დარქმევა გადაწყვიტეს, ეგონათ, რომ ამ სურვილს წინ ვერაფერი დაუდგებოდა, მაგრამ ისინი ტაჯიკეთში სახელების გარშემო მთავრობის მიერ წამოწყებული კიდევ ერთი აქციის მსხვერპლი შეიქნენ.

ეს აქცია მოიცავს ბოლო წლების კამპანიას, პოპულარული გახადონ სპარსული წარმოშობის და პატრიოტული სახელები. ტაჯიკეთის ხელისუფლება ამ კამპანიით საზოგადოების გამყოფი - აშკარად ისლამური ტრადიციებისგან საზოგადოების გაწმენდას ცდილობს.

ასევე ნახეთ

ტაჯიკეთში აკრძალეს ისლამისტური პარტია

ბავშვის სახელების ოფიციალური რეესტრი

სადბარგი და მისი ქმარი ახალშობილის რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრის ადგილობრივ ოფისში მივიდნენ, სადაც დაბადების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ სახელი არ იყო მთავრობის მიერ დამტკიცებულ, დაახლოებით 4 ათასი სახელისგან შემდგარ სიაში. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაჯიკური ეროვნული სახელების სია გადაიხედება და იქიდან ამოღებული იქნება სახელების თითქმის ნახევარი - რომელთა უმეტესობა არაბულია.

მეშინოდა, რომ დამიჭერდნენ თუ არ დავემორჩილებოდი, ამიტომ შევასრულე მოთხოვნა...

„გვითხრეს, რომ თუ დაბადების მოწმობის დაუყოვნებლივ მიღება გვსურს, სიიდან სხვა სახელი უნდა შეგვერჩია”, - თქვა სადბარგმა. - „თანამშრომელმა ამიხსნა, რომ თუ ჩვენი ქალიშვილისთვის თაიბას დარქმევას დაჟინებით მოვითხოვდით, დასამტკიცებლად [სახელმწიფო] ენის კომიტეტისთვის უნდა მიგვემართა.”

სუღდის ჩრდილოეთ რეგიონის მკვიდრმა სადბარგმა, რომელმაც მხოლოდ საკუთარი სახელი გაგვიმხილა, თქვა, რომ ოჯახმა სიიდან სხვა სახელი, ანისა, აირჩია, რადგან ხელისუფლებისგან გადაწყვეტილებას დალოდებოდნენ, არ შეეძლოთ. ოჯახი რუსეთში გადასასვლელად ემზადება, სადაც ქმარი მიგრანტია და მუშად მუშაობს.

ბავშვის სახელების ოფიციალური რეესტრი პირველად თითქმის ათი წლის წინ შემოიღეს და ის რამდენჯერმე განახლდა.

სახელმწიფო ენისა და ტერმინოლოგიის კომიტეტის მაღალჩინოსანმა დილოვარ ქარიმოვმა განაცხადა, რომ გადამუშავებული სია მთავრობამ თებერვალში დაამტკიცა და გამოსაქვეყნებლად გაიგზავნა. მან არ დააკონკრეტა, როდის გამოქვეყნდებოდა ის.

ქარიმოვის თქმით, კომიტეტმა წინა 4056 სახელის შემცველი რეესტრიდან 1745 სახელი ამოიღო და იქვე დაამატა 965 ახალი სახელი, რომლებსაც ოფიციალური პირები „მშვენიერ არიულ სახელებს“ უწოდებენ და გულისხმობენ ტაჯიკურ და უძველეს სპარსულ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ სახელებს.

მთავრობამ უკვე აკრძალა ისლამური აღორძინების პარტია, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხედ აღიქმებოდა, მაგრამ სახელები, ტანსაცმელი და სახის თმა წინააღმდეგობის სიმბოლო არ არის. მათ მიმართ ასე მოპყრობა პარანოიაა...

მთავრობის თქმით, კამპანია ხელს უწყობს ტაჯიკური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას და ამავდროულად ებრძვის იმას, რასაც ისინი „უცხო“ გავლენებს უწოდებენ.

თუმცა, ბევრი ტაჯიკი ამბობს, რომ ამ ზომების სამიზნეა ისლამური ტრადიციები და ჩვეულებები, რომლებიც უფრო პოპულარული ხდება ამ, 10 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე, უპირატესად მუსლიმურ ქვეყანაში.

Human Rights Watch-ი და სხვა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ტაჯიკეთის მხრიდან ღიად ისლამური ჩვეულების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, როგორიცაა ჰიჯაბისა და ნიქაბის (მუსლიმური თავსაბურავები და ჩადრები) აკრძალვა, მეჩეთში სიარულის შეზღუდვა და წვერის ტარების რეგულირება, ძირითადად განპირობებულია ავტორიტარული მთავრობის შიშით პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, ექსტრემიზმის მიმართ შიშით და სეკულარული, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტაჯიკური კულტურული იდენტობის განმტკიცების სურვილით.

"უცხოური სახელები „განხეთქილებას იწვევს"

2016 წელს ტაჯიკეთის პარლამენტმა ოფიციალურად აკრძალა, როგორც უწოდა “არაბული ჟღერადობის „უცხოური“ სახელები”.

ქვეყნის ოჯახისა და სამოქალაქო რეგისტრაციის შესახებ კანონების შემოთავაზებული ცვლილებების წაკითხვისას, იუსტიციის მინისტრმა იმ დროს კანონმდებლებს განუცხადა, რომ ასეთმა სახელებმა „საზოგადოებაში განხეთქილება გამოიწვია“.

ამ ცვლილებებით ასევე აიკრძალა კაცის სახელებზე ისლამური და არაბული ტიტულების ან სუფიქსების - როგორიცაა მოლა, ხალიფა, შეიხი, ამირ და სუფი - დამატება.

იმავე წელს, ტაჯიკეთმა ასევე აკრძალა ახალშობილებისთვის რუსული ყაიდის დაბოლოებებით, როგორიცაა „-ოვ“ და „-ევ“ გვარების მინიჭება.

ასევე ნახეთ

ხელისუფლება მდიდრულ საქორწილო სუფრებს ებრძვის

მთავრობას არასდროს აუკრძალავს ისლამური სახელები. თუმცა, მან არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, აერჩიათ „წმინდა“ ტაჯიკურ-სპარსული სახელები.

ზომები მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ცნობილ ისლამურ ფიგურებთან დაკავშირებული სახელები - როგორიცაა სუმაია, ხადიჯა, მუჰამედი და აბუბაქრი - სულ უფრო პოპულარული გახდა, რაც საზოგადოებაში ისლამის მზარდ გავლენას გამოხატავდა.

დამტკიცებული სახელების რეესტრი შეიქმნა ისლამური ჩაცმულობის წინააღმდეგ ფართო კამპანიებთან ერთად. 2024 წელს ტაჯიკეთმა ოფიციალურად აკრძალა „ტაჯიკური კულტურისთვის უცხო ტანსაცმელი“, ფრაზა, რომელსაც ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ ჰიჯაბის აღსაწერად. ჰიჯაბის არაოფიციალური აკრძალვა მრავალი წელია არსებობს.

სამართალდამცავი ორგანოები ასევე რეგულარულად ახორციელებენ იმას, რასაც ბევრი ტაჯიკი აღწერს, როგორც გრძელი წვერის არაოფიციალურ აკრძალვას, რასაც კაცების დაკავება და ძალით გაპარსვა მოჰყვება ხოლმე.

მე რუსეთში ვმუშაობ. რუსეთში მილიონი ტაჯიკი მუშაობს. ჩვენი შვილებიც, სავარაუდოდ, იქ იმუშავებენ. რუსული სტილის გვარები უბრალოდ გვიადვილებს ცხოვრებას...

დუშანბის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ანონიმურად განუცხადა რადიო თავისუფლებას, რომ წელს ის თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და მესაზღვრეებმა უთხრეს, რომ მისი წვერი „ძალიან გრძელი“ იყო.

„მიბრძანეს გამეპარსა, სანამ საპასპორტო კონტროლს გამატარებდნენ“, - ჰყვება 30 წელს გადაცილებული კაცი. - „მეშინოდა, რომ დამიჭერდნენ თუ არ დავემორჩილებოდი, ამიტომ შევასრულე მოთხოვნა“.

ხელისუფლებამ ასევე დახურა ათობით ისლამური რელიგიური სკოლა - მედრესე და მეჩეთი, გაიწვია სტუდენტები უცხოური რელიგიური სკოლებიდან და პირდაპირ დაუნიშნა მეჩეთის იმამები.

არიული სახელები

„ხალხს უნდა შეეძლოს თავისი შვილებისთვის სახელების, ტანსაცმლის ან წვერის სიგრძის არჩევა - ეს პოლიტიკური საკითხები არ არის“, - თქვა დუშანბეში მცხოვრებმა ისტორიკოსმა, რომელმაც რეპრესიების შიშით ვინაობა არ გაამხილა.

„მთავრობამ უკვე აკრძალა ისლამური აღორძინების პარტია, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხედ აღიქმებოდა“, - თქვა მან. - „მაგრამ სახელები, ტანსაცმელი და სახის თმა წინააღმდეგობის სიმბოლო არ არის. მათ მიმართ ასე მოპყრობა პარანოიაა“.

ასევე ნახეთ

როგორ ცდილობენ შუა აზიაში გვარების დერუსიფიკაციას

ქვეყნის ჩრდილოეთით, ხუჯანდის აეროპორტში, რუსეთში მიმავალმა 35 წლის ტაჯიკმა მიგრანტმა მუშამ განაცხადა, რომ ის „ლამაზი სახელების და გვარების წინააღმდეგი არ არის“, მაგრამ რუსული სტილის გვარების დაბოლოებების შენარჩუნებას ამჯობინებს.

„მე რუსეთში ვმუშაობ. რუსეთში მილიონი ტაჯიკი მუშაობს“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას. - „ჩვენი შვილებიც, სავარაუდოდ, იქ იმუშავებენ. რუსული სტილის გვარები უბრალოდ გვიადვილებს ცხოვრებას“.