„ადვოკატი ამბობს, უნდა გამართლდესო და ბრალდებული ამბობს, მე რაც ჩავიდინე, პასუხისმგებელი ვარო, პოზიციების არევა ხომ არაა?“ - იკითხა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მას შემდეგ, რაც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა:
„რაც გავაკეთე იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი, გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ ის მეძახეთ“.
ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომათა დარბაზში ათი წუთი დაუთმო იმ ძალადობაზე საუბარს, რომლის სამიზნეც აქტივისტებთან ერთად, თავადაც რამდენჯერმე გახდა. მან პროკურატურა და სასამართლო შერჩევით მართლმსაჯულებაში დაადანაშაულა და იკითხა, რატომ არ არიან დასჯილები პოლიციელები, რომლებმაც ის კანცელარიასთან დააკავეს, სცემეს, „ნეკნი გაუტეხეს“ და გასაქურდად „ჯიბეებში ხელებიც ჩაუყვეს“.
ალეკო ელისაშვილზე პოლიციამ ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციების მიმდინარეობისას, 2024 წლის პირველ მაისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ იძალადა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახეზე და სხეულზეც. ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„მე რომ მცემეს, მე რომ ნეკნი მომტეხეს, ეს არ ითვლება, ჰო? იმ მოტივში არ ითვლება, რის გამოც მე აქ შემოვედი იღლიაში ბენზინამოჩრილი?“ - იკითხა ალეკო ელისაშვილმა და კიდევ ერთხელ ახსენა პოლიციელი მიხეილ ჩოხელი, რომელსაც სხვა სამართალდამცველებთან ერთად ძალადობაში ადანაშაულებს.
2024 წლის სექტემბერში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ბრიფინგზე, სადაც მიტანილი ჰქონდა მიხეილ ჩოხელის გამოსახულებიანი ბანერი, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ სწორედ ის „ხაშურის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელი იყო ერთ-ერთი, ვინც კადრებში ჩანს როგორ ურტყამს“.
სასამართლო სხდომაზე კი იგივე პოლიციელი ძალადობასთან ერთად, მოსყიდვის მცდელობაშიც დაადანაშაულა.
„იცით კიდევ, რატომ ვიცი, რომ ჩოხელი იყო? - ფეისბუკი გააუქმა იმ დღესვე, როცა პრესკონფერენცია მქონდა და მეორე - შუამავლები გამომიგზავნა, პოლიციის მაღალჩინოსნები: „ბიჭებს რაღაცები შეეშალათ და პურმარილი უნდათ, რომ იკისრონო“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს და ალეკო ელისაშვილის ბრალდებებზე საპასუხოდ პოლიციელთან დაკავშირება ითხოვა. პასუხი არ მიგვიღია.
„რა ხდება ამის შემდეგ იცით? ჩემს წინააღმდეგ შემოიტანეს საქმე ხულიგნობის ბრალით და 5 000 ლარით დამაჯარიმეს, აი აქ [სასამართლოს შენობაში - რ.თ.] სამართლიანობაზე რომ ზრუნავს, თქვენი სიტყვით და უსაფრთხოებაზე... იმათ კი არაფერი უთხრეს, მე დამაჯარიმეს...ამით უნდა მეცხოვრა?
ეს ყველაფერიც არ მადარდებდა, როცა ვხედავდი... გოგოები ამბობდნენ, პირში ჩამაფურთხა პოლიციელმა და ისე შემეშინდა ჩავიფსიო, რა ნამუსით უნდა მეცხოვრა? რა ნამუსით უნდა გამეღვიძა ამ ქვეყანაში? ან უნდა დამეხოცეთ სათითაოდ ყველა, ტყვიამფრქვევი უნდა ამეღო და გადამეტარებინა თქვენზე, აი მაგას ვფიქრობდი ერთ-ერთს რაც უნდა გამეკეთებინა, დაგხვედროდით სახლთან და დამეხოცეთ სათითაოდ, ვინც მაგას აკეთებდით ყველანი ან ეს უნდა გამეკეთებინა, რაც ვერ გავაკეთე, არ მეშინია, გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდა ის მეძახეთ, ჩემს საქციელზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე.
ადვოკატებს ვკითხეთ, არის თუ არა ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება აღიარება? - ადვოკატები ამბობენ, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ბრალდებული, მთავარია რას ადასტურებს მტკიცებულებებით პროკურატურა“.
კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებიდან
კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებიდან
ალეკო ელისაშვილს არასდროს უთქვამს, რომ სასამართლოს შენობის სათვალთვალო კამერებში ასახული კაცი ნიღბით, რომელიც ამტვრევს კანცელარიის შენობის გარე მინას, შედის შიგნით და ბენზინს კომპიუტერებსა და სხვა ნივთებს ცეცხლის წაკიდების მიზნით ასხამს, თავად არ არის.
ადვოკატების თქმით, სადავოა ქმედების კვალიფიკაცია - ტერორიზმი. მათი შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკოსი წლების განმავლობაში მის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნისა და დისკრიმინაციის მსხვერპლია.
კადრი პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებიდან
„გამოძიება ორი დღის განმავლობაში ქონების დაზიანების მუხლით მიდიოდა, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და ბრალდებული წარმოაჩინა მსოფლიოს პირველ ტერორისტად, ამ ბრიფინგისა და ორკესტრირებული სატელევიზიო სიუჟეტების შემდეგ, კვალიფიკაცია შეიცვალა.
ქმედების შედეგი ჩამტვრეული შუშაა, რომელსაც ბრალდება ტერაქტად წარმოაჩენს, ხოლო ბრალდებულს საშიშ დამნაშავედ. ბრალდებულის მიზანი არ ყოფილა და მის ქმედებას არ შეეძლო გამოეწვია და არ გამოუწვევია მოსახლეობის დაშინება და სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია….“ , - განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილის დანაშაულს დაადასტურებს მტკიცებულებები: ვიდეოკამერის ჩანაწერები, მოწმე მანდატურების ჩვენებები, გამომძიებლებისა და ექსპერტების ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთების დათვალიერება.
და რით დასტურდება, რომ ელისაშვილის ქმედების მოტივი ტერორიზმი იყო?
პროკურორი ამბობს, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა უკავშირდება ისეთ შენობას, როგორიც სასამართლოა და „ეს ვერ შეფასდება მაგალითად ჩვეულებრივ ნივთის დაზიანებად“.
„როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა ხდება ამ ფორმით და მიზანი სასამართლოს ხელისუფლების დესტაბილიზაციაა...არც ერთ ეტაპზე ბრალდებულს თავად არ შეუწყვეტია ქმედება, რომ არა აქტიური ჩარევა, შედეგი უფრო მძიმე გვექნებოდა. ნებისმიერი მოქალაქის ინტერესია ხელი არ შეეშალოს და როცა რომელიმე მოქალაქე ხედავს იმას, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ამ ფორმით და ამ ფორმატით ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში, ეს იწვევს უსაფრთხოების გარანტიების მოშლას და დაშინებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.
ანი ხუბეჯაშვილი, პროკურორი
სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ტერორისტული მიზანი არის მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება.
პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით სასამართლოში ორი საქმე განიხილება. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. ამ შემთხვევაში ელისაშვილი ქმედებასაც არ აღიარებს. ამბობს, რომ ვიდეოკადრებში ასახული სახედაფარული კაცი, თავად არაა. ახალ საქმეზე პროკურატურის მთავარი “მოწმეები” სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები არიან, რომლებმაც ელისაშვილის სუნი სხვებისგან გამოარჩიეს.
ასევე ნახეთ
ძაღლები ელისაშვილის კვალზე - რა წერია ტერორიზმის ახალი საქმის მასალებში?ამ საქმეზეც თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებით იყო დაწყებული. ტერორიზმის მცდელობად მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა.
ალეკო ელისაშვილს პროკურატურის მოთხოვნით ისევ აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ოჯახის წევრებთან დარეკვა და წერილობითი კორესპონდენცია.
შესავალი სიტყვების ეტაპი დასრულებულია. მომდევნო სასამართლო სხდომებიდან პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევად დაიწყებს.