ტროცკი ხეებში: ტრაგიკული მოვლენები საბჭოთა პრესაში „სახის“ გამოჩენის შემდეგ

ავტორი: ეიმოს ჩეპლი (ედუარდ ანდრიუშჩენკოს მასალებზე დაყრდნობით)

1937 წლის 21 აპრილს უკრაინელებს შეიძლება ვერაფერი განსაკუთრებული ვერ შეენიშნათ გაზეთ „კომუნისტის“ ფურცვლისას. იმ დღეს სახელმწიფო გაზეთმა დაბეჭდა რეპორტაჟები ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ, კიევის პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე და იოსებ სტალინის უკანასკნელი გამოსვლა.

მაგრამ ერთ-ერთმა მკითხველმა რაღაც საეჭვო შენიშნა - ან ფიქრობდა, რომ შენიშნა - გაზეთის მე-3 გვერდზე. ფოტოზე გამოსახულ ხეებში მოჩანდა ბოლშევიკური რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევ ტროცკის სახე პროფილში.

გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც გამათბობელ სადგურზეა ლაპარაკი.

საბჭოთა სახელმწიფოს გარიჟრაჟზე ტროცკი იყო წამყვანი პოლიტიკური ფიგურა და სტალინის მთავარი მეტოქე. 1937 წელს ის მექსიკაში ცხოვრობდა დევნილებაში და მუდამ ემუქრებოდა სტალინის მხრიდან მოკვლა. ბოლოს საქმე ასეც დამთავრდა - ის სტალინის აგენტმა გამოასალმა სიცოცხლეს 1940 წელს.

საბჭოთა მედიაში ტროცკის დემონიზება ხდებოდა და სახელმწიფოს ყოველი წარუმატებლობა - დიდი თუ პატარა - მას და მის რეალურ თუ გამოგონილ მიმდევრებს, „ტროცკისტებს“ ბრალდებოდათ.

ლევ ტროცკი 1930-იან წლებში.

ფოტოს თაობაზე გამოძიებამ მალე მიაღწია საბჭოთა საიდუმლო პოლიციამდე, ნკვდ-მდე, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა ნიკოლაი ეჟოვი, სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ჯალათი.

სურათის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ ფოტოს ავტორი ვსევოლოდ სკამანდრი და რეტუშირების ავტორი ვლადიმირ ცეტნაროვსკი დააპატიმრეს.

ხელისუფლების მიერ ამოღებული „მტკიცებულება“ შეიცავდა ნეგატივს სკამანდრის ფოტოაპარატიდან და ფოტოსურათს, რომელიც ცეტნაროვსკიმ დაამუშავა გამოქვეყნებამდე. რეტუშირებით ფოტოს ხარისხის გაუმჯობესება გავრცელებული მეთოდი იყო საბჭოთა კავშირში. რეტუშისტებს ასევე ევალებოდათ ფოტოსურათებიდან არასასურველი დეტალების ამოშლაც. მოკლედ, ეს იყო ერთგვარი პრიმიტიული „ფოტოშოპი“.

გაზეთის თანამშრომლებს ციხეში უკრეს თავი. კიევის კრიმინალისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები შეუდგნენ იმის შემოწმებას, რამდენად ემთხვეოდა ნეგატივი დაბეჭდილ ფოტოს და დაკავებულებმა მართლაც სპეციალურად გამოაჩინეს თუ არა ხეებში ტროცკის სახე.

მართალია, დღევანდელი პერსპექტივიდან ვითარება კომიკურად და აბსურდულად მოჩანს. მაგრამ დაპატიმრებულ სკამარდრსა და ცეტნაროვსკის სულაც არ ჰქონდათ საქმე სახუმაროდ. საბჭოთა საზოგადოება ტერორიზებული იყო პოლიტიკური მკვლელობებით, რომლებსაც - ზოგჯერ საკუთარი ხელით - ახორციელებდა ეჟოვი. სწორედ ის ეჟოვი, რომელიც თვალყურს ადევნებდა ხეებში ტროცკის „სახის“ გამოჩენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

ვლადიმირ ცეტნაროვსკის მიერ რეტუშირებული სურათების მაგალითები. ფოტოები ამოღებულია საქმიდან, რომელიც ამჟამად კიევში ინახება, უკრაინის უშიშროების სამსახურის არქივში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ფოტოს ნეგატივი არ იყო შეცვლილი, მაგრამ დაბეჭდილ ფოტოზე ტროცკის სახის „მსგავსება“ „რეტუშირებით იქნა გაძლიერებული“.

ცეტნაროვსკის მიერ რეტუშირებული ფოტოს ორიგინალი.

ფოტოზე მკაფიოდ ჩანს რეტუშირებისთვის გამოყენებული საღებავი. მაგრამ საღებავი გამოყენებულ იქნა არა მხოლოდ „ტროცკის სახის“ დასამუშავებლად, არამედ მის გარშემოც - ხეების, ცის ნაგლეჯებისა და შენობის კუთხეებისთვის.

ცეტნაროვსკის მიერ რეტუშირებული ფოტო.

მაისიდან აგვისტომდე ცეტნაროვსკი საკნიდან დღეში სამჯერ გაჰყავდათ დაკითხვაზე. ამას მოწმობს დაკითხვების ოქმები. ერთი და იგივე კითხვა და ერთი და იგივე პასუხი მრავალჯერ ფიგურირებს ამ ოქმებში:

- „აღიარებთ, რომ შეგნებულად გამოიყენეთ რეტუშირება, რათა გაგეძლიერებინათ საბჭოთა ხალხის მტერთან, ტროცკისთან მსგავსება?“

- „ვაცხადებ, რომ არასოდეს შემინიშნავს ტროცკისთან მსგავსება; ამიტომ რეტუშირებისას ასეთი მიზანი ვერასოდეს მექნებოდა.“

შემდეგ გამოძიებაში ჩართეს ცეტნაროვსკის ცოლი და კოლეგები. ზოგმა მათგანმა დაადასტურა წარსულში ცეტნაროვსკის „ანტისაბჭოთა“ განწყობა. გაიხსენეს, რომ ცეტნაროვსკის ერთხელ აჩვენეს საბჭოთა მშრომელების ფოტო, რომელსაც მან დახედა და თქვა, რომ ისინი „იდიოტებივით გამოიყურებიან“.

შემდეგ მოხდა სასწაული.

1938 წელს ცეტნაროვსკის საქმე სასამართლომდე მივიდა, რაც იშვიათობა იყო იმ დროს.

რეტუშისტმა და მისმა ადვოკატმა დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა შეძლეს. მათ შორის იყო საბჭოთა გაზეთი პოლონურ ენაზე, რომელსაც იგივე ფოტო ჰქონდა დაბეჭდილი, ოღონდ ცეტნაროვსკის რეტუშის გარეშე. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ ფოტოზე გამოსახული „სახე“ თითქმის იდენტური იყო „კომუნისტში“ გამოქვეყნებული ფოტოსი, მაგრამ პოლონურენოვან გაზეთში არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი.

პოლონურენოვანი გაზეთი, რომელმაც იგივე ფოტო გამოაქვეყნა ცეტნაროვსკის რეტუშის გარეშე.

ბოლოს და ბოლოს, თითქმის ერთწლიანი პატიმრობისა და დაკითხვების შემდეგ, ცეტნაროვსკი გაათავისუფლეს და ის თავის ცოლს დაუბრუნდა. მაგრამ ამ საბჭოთა ამბავს მაინც არა აქვს ჰოლივუდური ბედნიერი დასასრული.

მართალია, კომუნისტურმა ხელისუფლებამ ცეტნაროვსკის ბრალდებები მოუხსნა და გაათავისუფლა, მაგრამ გაზეთ „კომუნისტის“ ხელმძღვანელობა ნაკლებად შემწყნარებელი აღმოჩნდა და სამსახურიდან დაითხოვა რეტუშისტი. 1939 წელს ის „შტატგარეშე მხატვრად“ იყო გაფორმებული.

წითელარმიელები ფრონტზე 1943 წელს.

საბჭოთა კავშირში ნაცისტური გერმანიის შეჭრის შემდეგ, 1942 წელს ცეტნაროვსკი ჯარში გაიწვიეს და ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. მის მეუღლეს ისევ მოუწია ქმრის ლოდინი კიევის ბინაში. 1944 წლიდან უმცროსი სერჟანტი ცეტნაროვსკი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ ის დაიღუპა.

კიდევ უფრო ტრაგიკული დასასრული ჰქონდა „ტროცკის სახიანი“ ფოტოს ავტორის, ფოტოგრაფ ვსევოლოდ სკამანდრის ცხოვრებას. მართალია, „ტროცკის სახის“ საქმესთან დაკავშირებით ის გაამართლეს, მაგრამ დაკითხვებისას მან აღიარა, რომ ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გვარი გამოიცვალა. ამ საბედისწერო მინიშნების შემდეგ ნკვდ-მ გამოძიება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ სკამანდრს, რომლის ნამდვილი გვარი მაზიუკევიჩი იყო, ჰყოლია ძმა. ეს ძმა კი საბჭოთა ხელისუფლებას დაუპატიმრებია როგორც „ჩეხოსლოვაკიის ჯაშუში“.

9 მაისს ფოტოგრაფმა „აღიარა“ (მოიპოვება მისი აღიარებითი ჩვენება, რომელიც აკანკალებული ხელითაა ნაწერი), რომ ის თავადაც ჯაშუში იყო. სკამანდრი 1937 წლის ნოემბერში დახვრიტეს. მას ცოლი და 8 წლის ქალიშვილი დარჩა.