ტურიზმი და მისი მომავალი

ავტორი: ნინო საჩალელი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი)

დღესდღეობით როდესაც მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, შეიძლება ითქვას, რომ არსებული ვითარებით ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა, რომელზეც არსებული უარყოფითი მოვლენები პირდაპირ აისახება, ეს კი გავლენას ახდენს როგორც ეროვნულ ასევე გლობალურ ეკონომიკაზე. ის რომ პანდემია პოზიტიურ ეფექტს არ მოახდენს ტურიზმის განვითარებაზე ეს ცხადია, თუმცა მისი რამდენად ნეგატიური იქნება ეს გავლენები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია, რამდენ ხანს იქნება სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო და რამდენად ეფექტური და მასშტაბური იქნება სამთავრობო სტიმულირების პაკეტები.

მას შემდეგ, რაც ქვეყნებმა დაიწყეს პიკური პერიოდების გადალახვა ეტაპობრივად დაიწყეს შეზღუდვების მოხსნაც, ამ მხრივ მოწინავე ჩინეთია, სადაც ქვეყანა ცხოვრების ძველ სტილს უბრუნდება და იმპორტირებული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, საზღვრების ჩაკეტვაც დაიწყო ტურისტებისათვის, თუმცა ის ამას არ აკეთებდა იანვარში, როდესაც ვირუსი აფეთქებას იწყებდა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მის მიერ დროულად გატარებული ღონისძიებების შემთხვევაში, მოხდებოდა თუ არა სხვა ქვეყნებში ვირუსის ასეთი გავრცელება.

იმის გამო, რომ სამყარო ნელ – ნელა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას სავარაუდოა, რომ ტურისტების მიღებას ქვეყნები გარკვეული პერიოდით ისევ არ მოახდენენ, რომ არ მოხდეს COVID-19 ახალი შემთხვევების „იმპორტი", ასევე ქვეყნებმა შეიძლება მიზანმიმართულად შეზღუდონ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა და მოახდინონ ადგილობრივი ტურიზმის სტიმულირება, მაგრამ ეს ფაქტი უარყოფითად შეიძლება აისახოს უცხოური ვალუტების კურსებზე, რადგან აღარ მოხდება მათი აქტიური შემოდინება.

როგორც უკვე საუბარია, ქვეყნებმა შესაძლებელია მოითხოვონ ეგრედ წოდებული „ჯანმრთელობის პასპორტები“ და გაატარონ სხვა უსაფრთხოების ზომებიც, რაც სავალდებულო იქნება ყველა ტურისტისთვის საზღვრების გადასალახად, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნებსაც დასჭირდებათ იმის ჩვენება, თუ რამდენად ისინი უსაფრთხოა ტურისტებისთვის, რამდენად დაბალია ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის მაჩვენებელი და ტურისტის დაავადების შემთხვევაში, თუნდაც რამდენად სანდოა ჯანდაცვის სისტემა. პანდემიის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ქვეყნების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით გამარტივდეს და გაუმჯობესდეს სავიზო განახცადის შევსების პროცედურები და მოგზაურობისათვის უფრო მეტი მომსახურება გახდეს დისტანციურად ხელმისაწვდომი ვიდრე აქამდე იყო.