ტყვია ბავშვების სისხლში-რამდენად დიდია მასშტაბი?

საბავშვო სათამაშოების სავაჭრო დახლი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში

ბავშვების სისხლში ტყვიის რაოდენობას კვლევა დაადგენს

არის თუ არა ტყვიით ინტოქსიკაცია რეალურად მძიმე პრობლემა საქართველოში, როგორია მისი მასშტაბები და გავრცელების არეალი? - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გაეროს ბავშვთა ფონდსა და იტალიის ჯანდაცვის ისნტიტუტთან ერთად დაგეგმილი „მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა“, რომლის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად არ ტარდება, თუმცა ტყვიის კომპონენტი მისი შემადგენელი აქამდე არასდროს ყოფილა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტის, თამარ უგულავას, შეფასებით, კვლევა იძლევა ბავშვების ტყვიაზე ტესტირების საშუალებას, შინამეურნეობებში შესვლისა და მოსახლეობის ფართო პოპულაციის ხელმისაწვდომობის გზით. კვლევაში მონაწილე ბავშვების ვენური სისხლის ნიმუშები იტალიაში გაიგზავნება, რადგან საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის საშუალება არ არსებობს.

მიმდინარე წლის ბოლოსკენ კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებების მიხედვით იქნება შესაძლებელი იმის დადგენა, უკავშირდება თუ არა სისხლში ტყვიის შემცველობის მატებას ბავშვებსა და მოზარდებში არსებული ისეთი ზოგადი პრობლემები, როგორიცაა ანემია, კუნთოვანი სისუსტე, კოორდინაციის, კითხვისა და მეტყველების უნარის დაქვეითება, ზრდა-განვითარების შეფერხება, აკადემიურ მოსწრებაში ჩამორჩენა და სხვა. სპეციალისტების თანახმად, ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე გავლენას ახდენს ტყვიის მცირე რაოდენობით მომატებაც კი.

როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან

Your browser doesn’t support HTML5

ია დავითაია: როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელ მსოფლიოში გვხვდება, თუმცა განვითარებად ქვეყნებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა - ასეთ ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20 პროცენტი უკავშირდება სისხლში ტყვიის დონის მომატებას, ტყვიით მოწამვლის ძირითად წყაროებს შორის კი, პირველ რიგში, სახელდება ტყვიის შემცველი საღებავები, რომლებსაც სახლებში საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებენ, ტყვიით დაბინძურებული ნიადაგი, ტყვიის შემცველი საკვები, სამკაულები და პარფიუმერული ნაწარმი, ტყვიით დაბინძურებული ჰაერი და სხვა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ატმოსფერული ჰაერი ტყვიით დაბინძურებული არ არის - ქვეყანაში ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება 2005 წლიდანაა აკრძალული და, შესაბამისად, მანქანების გამონაბოლქვი ჰაერს ტყვიით არ აბინძურებს. შეზღუდულია ასევე ტყვიისა და მისი ნაერთების გამოყენება კოსმეტიკურ და საკვებთან კონტაქტში არსებულ მასალებსა და ნაკეთობებში.

არის თუ არა განგაშის საფუძველი

ტყვიით მოწამვლის პოტენციური წყაროების აღმოჩენა და შესწავლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო წლებში, როდესაც, ცალკეულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, პრობლემა თვალსაჩინო გახდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და რამდენიმე სხვა პროფესიული დაწესებულების მიერ რამდენიმე მცირე კვლევაც ჩატარდა, რომლებმაც აჩვენა, რომ ტყვიით ბავშვთა ინტოქსიკაციის მაჩვენებელი ზომიერად - დაახლოებით, 15-20 პროცენტის ფარგლებში - იზრდება. დაავადებისა და სიმპტომების ამოცნობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებას საჭიროებენ პროფესიული წრეებიც. სწორედ ამის გამო უძღოდა წინ სპეციალური სემინარი კვლევას, რომელმაც უახლოეს ხანებში უნდა დაადგინოს, სისხლში ტყვიის შემცველობის გაზრდა არის თუ არა პრობლემა საქართველოში. ემორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კრიტიკულ მედიცინაში, სამედიცინო ტოქსიკოლოგიის პოსტდოქტორანტურის კურსის დირექტორი ზიად კაზი ქართველ ექიმებს ესაუბრა ტყვიის ტოქსიკურობის მექანიზმებსა და სამიზნეებზე, ბავშვებში ტყვიის ტოქსიკურობის კლინიკურ გამოვლინებებსა და ტყვიის მომატებული მაჩვენებლის მართვაზე. იგი ამბობს, რომ საქართველოში დაგეგმილი კვლევის შემდეგებზე იქნება დამოკიდებული როგორც რისკების შემცირების ნაციონალური სამოქმედო გეგმის შემუშავება, ისე საინფორმაციო კამპანია:

Your browser doesn’t support HTML5

ზიად კაზი: კვლევა გამოავლენს რამდენად მწვავეა ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა საქართველოში

„მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში“ შემთხვევითი წესით შერჩეული 1500 ბავშვი ჩაერთვება, თუმცა არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა რუტინული კვლევის მეთოდად იქცეს + და ყველასთვის ხემისაწვდომი შეიქნეს. როგორც რეგიონალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ტოქსიკოლოგი ოთარ დიხამინჯია ამბობს, პანიკის საფუძველი არ არსებობს:

Your browser doesn’t support HTML5

ოთარ დიხამინჯია: პანიკის საფუძველი არ არსებობს