„მანჩესტერი“, „ელეგანსი“, და „დუბაო“ აფხაზეთიდან - კონტრაბანდული სიგარეტის ნაკვალევზე

ვის შემოაქვს უაქციზო სიგარეტი? როგორ მუშაობს ეს სქემები და სად იყიდება არალეგალური თამბაქო? ამ სტატიის ავტორები აღწერენ გზას, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ტონობით კონტრაბანდული სიგარეტი შემოდის.

ქალები სველი ტანსაცმლით ზუგდიდის ბაზარში

თამარი (სახელი შეცვლილია), სამარშრუტო ტაქსით, რომელსაც „რეისავოი მარშუტკას“ ეძახის, კვირაში ორჯერ ჩადიოდა ზუგდიდიდან ბათუმში. დილის რვა საათისთვის უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტი ზუგდიდის ბაზარში უკვე ნაყიდი ჰქონდა, ბათუმში ჯიხურის მეპატრონე კი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ „იაფი სიგარეტის“ ახალი პარტია მიაქვს.

ასე გაგრძელდა 5 თვე.

„ყოველ ჯერზე დაახლოებით 20 ბლოკი მიმქონდა. პატარა ჩანთით მივდიოდი, რომ შესამჩნევი არ ყოფილიყო, მაგრამ [ერთხელ] მაინც დამაკავეს. სამარშრუტო ტაქსი შუა გზაზე გააჩერეს და ჩამომიყვანეს. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ სიგარეტი მიმქონდა. ციხეში 40 დღე გავატარე“.

თამარმა სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გააფორმა, 5-ათასლარიანი ჯარიმა გადაიხადა. 42 წლის ქალი საპატიმროდან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით გამოვიდა.

უაქციზო სიგარეტი ზუგდიდამდე ოკუპირებული აფხაზეთიდან იქაურ ქალებს გადმოაქვთ.

ხშირად კონტრაბანდის ეს გზა ენგურზე გადის.

Your browser doesn’t support HTML5

ქალები სველი ტანსაცმლით ზუგდიდის ბაზარში

„ბევრჯერ მინახავს ბაზარში ქალები, დახლებთან სიგარეტის ჩაბარების დროს მთლიანად სველი იყვნენ. ჰყვებოდნენ, რომ ენგურზე წყალი მუხლებამდე ეგონათ, რეალურად კი გაცილებით ღრმა დახვდათ… “ - იხსენებს თამარი.

ენგურის გადალახვა სარისკო საქმეა. მდინარის დინება სწრაფია, განსაკუთრებით წვიმის დროს. ენგურჰესის დამბა თუა გახსნილი, რისკი იზრდება. არავინ იცის ზუსტად, როდის ცლიან ენგურჰესის კაშხალს - მდინარეში წყლის დონე შეიძლება მოულოდნელად აიწიოს.

„წყალს რო არ წაეღოთ, საბურავის კამერას ჩამოიცვამდნენ ხოლმე, ხელში ჩანთა ან პარკი ეჭირათ - 20 ბლოკი სიგარეტით. ხელებს ზევით წევდნენ, სიგარეტი რომ არ დასველებულიყო და ასე გადმოდიოდნენ ნაპირზე“, - გვიყვება თამარი იმ ქალებზე, ვისგანაც კონტრაბანდულ სიგარეტს ყიდულობდა.

ადიდებული მდინარე ენგური წვიმის დროს, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში.

სამშვიდობოს გასულები კამერებს ტყეში მალავენ. სიგარეტის ბლოკებს ზოგჯერ იქვე, მდინარის პირას ყიდიან რეალიზატორებზე, ან თავადაც ჩააქვთ ზუგდიდის ბაზარში.

„გადმომტანებთან“ ერთად კონტრაბანდის სქემას ჰყავს „მზვერავებიც“. უმეტესობა გალის სოფლებში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობს.

„მზვერავის“ მოვალეობაა, წინასწარ შეისწავლოს ტერიტორია, ნახოს, არიან თუ არა ახლომახლო აფხაზი და რუსი ე.წ. მესაზღვრეები, შეამოწმოს მდინარის დინება და ანიშნოს „გადმომტანებს“, რომ უსაფრთხო მომენტი დადგა.

„მზვერავი“ ორივე მიმართულებითაა საჭირო - როდესაც ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოდიან ან უკან ბრუნდებიან.

ენგურის ორასოცკილომეტრიანი კალაპოტი ძირითადად მთაგორიან, ტყიან ადგილებს ესაზღვრება. ნაწილი - ჭაობებსა და სიმინდის ყანებს. ეს ძნელად მისადგომი მონაკვეთებია, თუმცა მდინარის გაყოლებაზე არის „ფონები“ - გადასასვლელად მოსახერხებელი განიერკალაპოტიანი და წყალმარჩხი ადგილები, სადაც წყალი მდორედ მიედინება. აქ ნავით, ტივით, ცხენით და ფეხითაც იოლად შეიძლება მდინარის გადაკვეთა.

მდინარე ენგურის გასწვრივ რამდენიმე ადგილას არის ფონები, რომლებსაც კონტრაბანდისტები სიგარეტის გადმოსატანად იყენებენ.

ერთ-ერთი ასეთი ფონი სოფელ რიყესთანაა, ენგურის ხიდის ჩრდილოეთით, დე ფაქტო საზღვრის მიჯნაზე. ეს ადგილი კონტრაბანდული საქონლის სამეგრელოს რეგიონში შემოსვლის ერთ-ერთ მთავარ არხად ითვლება.

რიყეს მსგავსად, კონტრაბანდული საქონელი შემოდის საოკუპაციო ხაზის მომიჯნავე კიდევ რამდენიმე სოფლიდან: რუხი, ახალი აბასთუმანი, ორსანტია, შამგონა, ტყაია, ლია, ფახულანი.

სოფლები მდინარე ენგურის გასწვრივ.

ენგურის ხიდის ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრში თევზის მეურნეობასთან ახლოს ჭალებია. რესპონდენტები, ვისაც სტატიის მომზადებისას შევხვდით, გვეუბნებიან, რომ კონტრაბანდულ სიგარეტს მდინარის მეორე მხარეს აქ პირდაპირ ჩანთებით ყრიან.

Your browser doesn’t support HTML5

სტატიის ავტორები მდინარე ენგურის ფონამდე მივიდნენ

სტატიის ავტორებმა გაიარეს გზა, რომელიც სოფელი რიყიდან ენგურის ხიდის ჩრდილოეთით მდებარე ფონისკენ მიდის დე ფაქტო საზღვრის მიჯნამდე. მოხვდნენ ენგურის ხიდის ქვედა ნაწილში, საიდანაც კონტრაბანდა შემოდის.

კონტრაბანდის გადმოტანისას, თურმე ნაცადი ხერხია თევზაობის იმიტაცია. სინამდვილეში „მეთევზე“ კონტრაბანდულ საქონელს ელოდება და ხანგრძლივი დაყოვნება მდინარის ნაპირას საეჭვოდ აღარ გამოიყურება.

მეთევზეებს სოფელ ტყაიაში გადავაწყდით - იქ სადაც ენგურს მდორე შენაკადი უერთდება. ხუთი კაციდან სამი ჩვენი მიახლოებისთანავე გაეცალა იქაურობას. ორს გამოველაპარაკეთ.

ერთმა თქვა, თევზი არ არისო, მეორემ - „ოხრადო” და ჩაიცინა.

თევზი არ ჰყავდათ დაჭერილი. ვერც ჭიების კოლოფი შევამჩნიეთ. მანქანაც იქვე კი არა, შორს, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დაეტოვებინათ, იქ სადაც გზა თხილის ბაღებზე, შემდეგ კი სოფელზე გადის.

„მეთევზეები“ სოფელ ტყაიაში, მდინარე ენგურთან.

სოფელ ტყაიაში მდინარე ენგურის ერთ ნაპირზე საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მეორე ნაპირს კი დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.

აქ ენგურის კალაპოტი ფართოა, დინება - მდორე. ბევრი ადგილია, სადაც წყალი მხოლოდ მუხლამდეა, ირგვლივ ტყეა - შედარებით იოლია კონტრაბანდული საქონლის გადმოტანაც და დამალვაც.

მავთულხლართები სოფელ ტყაიაში.

როცა ენგური ადიდებულია და დინება ჩქარი, მაშინ ძველ ნაგებობას იყენებენ. ეს შენობა ტყაიას და ოკუპირებული გალის სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს. მას მაღალი, მავთულხლართით შემოვლებული კედლები აქვს, თუმცა იქვეა მიყუდებული ორი ხის კიბე. როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, ოკუპირებული გალიდან მოსულს ამ კიბეზე ხვდებიან კონტრაბანდით დატვირთული ჩანთების გამოსართმევად.

სოფელ ტყაიაში ბეტონის კედლებზე მიყუდებულია კიბეები, რომლებსაც ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახვედრად იყენებენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამართალდამცავები ყოველწლიურად საშუალოდ 150 000 კოლოფამდე კონტრაბანდულ სიგარეტს უკეთებენ კონფისკაციას. რეგიონებს შორის სამეგრელო ლიდერობს.

მეტი აჩვენე

მდინარისპირა სოფლებში - რიყეში, ტყაიაში, შამგონასა და ლიაში, იმ ადგილებში, სადაც კონტრაბანდა გადმოაქვთ, გაზაფხულიდან მოყოლებული საერთო ჯამში ერთ თვემდე დავყავით, თუმცა პოლიცია ერთხელაც არ გვინახავს.

ე.წ. „ფეხი“ უაქციზო სიგარეტის გადატანისას სოფელ ლიაში დააკავეს. 2022 წელი.

სამეგრელოს რეგიონში დიდი ოდენობის კონტრაბანდა, ძირითადად ორგანიზებულ ჯგუფებს შეაქვთ.

ჩვენი რესპონდენტები, ვინც იციან როგორ მუშაობს კონტრაბანდული სქემები, გვეუბნებიან, რომ ასეთ ჯგუფებს ჰყავთ „მფარველები”, შემკვეთი და მიმწოდებლები - საშუალოდ 6-დან 15-მდე ადამიანი. „ფეხის“ ფული იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ყუთის გადატანას შეძლებ. 1 კოლოფი სიგარეტი 22 გრამს იწონის, 1 ბლოკი კი, რომელშიც 10 კოლოფი დევს, 220 გრამს. 1 ყუთში 50 ბლოკი ეტევა, რაც 10 კილოგრამზე მეტია. თითო ასეთი ყუთის ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში გადმოტანისთვის გასამრჯელო 50-60 ლარია.

ზარი ზემოდან

წელიწადზე მეტია გიორგის (სახელი შეცვლილია) სამუშაო დღე დილის 6 საათზე, ოჯახიდან და ახლობლებისგან შორს, ამერიკის შეერთებულ შტატებში იწყება. ის ახლა ტრაილერის მძღოლია.

სანამ საქართველოს დატოვებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე 10 წელზე მეტი დაჰყო, მისი ერთ-ერთი მოვალეობა კონტრაბანდისტების გამოვლენა და დაკავება იყო.

„კონტრაბანდისტები ოპერაციას ღამე გეგმავენ. კარგად აქვთ შესწავლილი ის ადგილი, საიდანაც თამბაქო გადმოაქვთ. არ იყენებენ სანათებს, შესამჩნევები რომ არ იყვნენ. პოლიციას კი ბევრ მათგანზე აქვს ოპერატიული ცნობა, ნაწილს კი უსმენს“, - გვიყვება გიორგი და განაგრძობს: - „დამნაშავის დაკავება და შემდეგ მისი ე.წ. კრიშის მეშვეობით გამოყვანა ტრადიციად იქცა, პოლიციელის დამცირება კი - ხელისუფლების ტენდენციად“, - გიორგის სიგნალით ველაპარაკეთ.

საქართველოდან, როგორც თვითონ ამბობს, უაქციზო სიგარეტით ვაჭრობასთან ბრძოლის გამო წავიდა. თანამშრომელთან ერთად 3 კონტრაბანდისტი დააკავა, მათ კი გაშვების სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს, - „მითხრეს, რომ ეს საქონელი "დიდი ძმის" იყო და უნდა გაგვეშვა“.

დაკავებული კონტრაბანდისტები ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს, თუმცა, „მფარველმა” მათი გათავისუფლება მალევე მოახერხა, გიორგი და მისი კოლეგა პოლიციელი კი იქით დაადანაშაულეს, „ბრალი დაგვდეს, თითქოს კონტრაბანდისტებს ქრთამი გამოვართვითო”.

საქმე სასამართლომდე მივიდა, პოლიციელები პასუხისმგებლობას ადვოკატების დახმარებით გადაურჩნენ - სასამართლომ ისინი გაამართლა. გიორგიმ დევნის დამადასტურებელი დოკუმენტები შეაგროვა და ახლა აშშ-ში თავშესაფარს ითხოვს. დოკუმენტების ნაწილი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოში მის მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა, ჩვენც ვნახეთ.

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი პოლიციელი იხსენებს როგორ დააკავეს კონტრაბანდისტები

ყოფილი პოლიციელი გვიყვება, რომ კონტრაბანდის მფარველები აკონტროლებენ მანქანების მოძრაობასაც, მათ შორის დიდი სატვირთო მანქანების, რასაც აქ „ფურებს“ ეძახიან.

„ხელმძღვანელობამ იცის, რომელი მანქანა, რომელი სანომრე ნიშნით არის "მათიანის". ენგურზე გადმოდიან ის სატვირთოები, რომლებსაც სპეციალური ნებართვა და საშვი აქვთ. ასევე, სახელმწიფო კომპანიის - ენგურჰესის სატვირთო მანქანები, მათ არ ამოწმებენ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიციელებმა მოინდომეს შემოწმება და ზარი ზევიდან იყო, ანუ ვგულისხმობ მაღალჩინოსნებს, რომ ეს კონტეინერი გასატარებელია და ბრძანებას თუ არ დაემორჩილები, შეიძლება, უფრო სერიოზული პრობლემები შეიქმნას, ამიტომ ატარებ შენც. ამ ყველაფერს პოლიციის მაღალჩინოსნები წყვეტდნენ“, - ამბობს გიორგი.

Your browser doesn’t support HTML5

„ზარი ზევიდან“

კონტრაბანდის გადმოტანასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს ენგურჰესის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის წერილობითი პასუხი ჩვენი წყაროს ბრალდებებზე ასეთია: „ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ენგურჰესის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებს კონტრაბანდულ პროდუქციასთან რაიმე შეხება ჰქონოდათ“.

„რაც ვიცით ჩვენ, არ იცის ხელისუფლებამ?“

ოკუპირებულ გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დღეს მოქმედი ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის 870-მეტრიანი ხიდი, დილის 8-დან საღამოს 8 საათამდეა გახსნილი.

მანქანამ ხიდზე ჯერ აფხაზური „საგუშაგო” უნდა გაიაროს, შემდეგ ე.წ. ნეიტრალური ტერიტორია და ბოლოს ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც ქართველი სამართალდამცველები დგანან.

გალიდან მომავალ მანქანებს აქ ხსნიან იმ სანომრე ნიშანს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ მიანიჭა, და უყენებენ ქართულს.

ზვიად ჯგერენაია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი იყო 2009-2010 წლებში, როდესაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობდა.

Your browser doesn’t support HTML5

ყოფილი გამომძიებელი ჰყვება კონტრაბანდის შავ ხვრელებზე

ამ მოლაპარაკებებისას სხვა მრავალ პრობლემას შორის უაქციზო სიგარეტით ვაჭრობასაც განიხილავდნენ და აფხაზური მხარე კონტრაბანდის მფარველობაში ქართულ ძალოვან უწყებებს ადანაშაულებდა.

„აფხაზური მხარე გულწრფელი არ იყო. მათი ინტერესი მხოლოდ იმ შავი ხვრელების ამოვსება იყო, რომლებსაც მათი მფარველობის ქვეშ მყოფი კონტრაბანდისტები არ იყენებდნენ. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ აფხაზური და რუსული ე.წ. უშიშროება მფარველობდა უკანონო ბიზნესს და ბუნებრივია, წვრილი, დამოუკიდებელი კონტრაბანდისტები არ სჭირდებოდათ”, - იხსენებს ჯგერენაია.

ის ვარაუდობს, რომ ორივე მხარეს, კონკრეტული ჯგუფები, წლების განმავლობაში კონტრაბანდას უყურებდნენ როგორც საერთო ბიზნესს, შემოსავლის წყაროს.

„არის ადგილები, რომელთა შესახებ ყველამ იცის, სადაც წლებია, ადამიანები მოძრაობენ, გადააქვთ კონტრაბანდა. მაგალითად: ხურჩა-აბასთუმნის მიმართულება, ორსანტიის, ფახულანის, ასევე რიყის მარშრუტი. როგორ შეიძლება დავიჯეროთ, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვიცით, არ იცის ხელისუფლებამ?”, - ზვიად ჯგერენაიას კითხვა რიტორიკულად ჟღერს.

სხვადასხვა წელს, ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ექვსი ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი მოქმედებდა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ ისინი თანმიმდევრობით გააუქმა.

ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელების გაუქმებამ გალის ქვედა ზონაში მცხოვრები 11 სოფლის მოსახლეობა, დაახლოებით 3400 ადამიანი, მხოლოდ ერთი დამაკავშირებელი გზის - ენგურის ხიდის ამარა დატოვა. ახლა იქ ჩასვლას გზის სიძვირის გამო ამ სოფლებიდან თვეში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ახერხებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ენგურის ხიდს ყოველდღიურად საშუალოდ 2500-მდე ადამიანი კვეთს. მათ შორის არიან ის გალელებიც, რომლებსაც რამდენიმე ბლოკი უაქციზო სიგარეტი გადააქვთ.

ხიდი უკონტროლოა

„არ არის საჭირო კონტრაბანდის ღობეებზე გადატანა, ხიდი უკონტროლოა. კონტრაბანდა ხიდზე გადადის“, - ამბობს კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელი, რომლის ვინაობას და სამუშაო ადგილს, მისი თხოვნით არ ვასახელებთ. სიფრთხილეს ის პირად უსაფრთხოებას უკავშირებს.

ყოფილი სამართალდამცველი კარგად იცნობს სამეგრელოს რეგიონს. „ორგანიზებულ ჯგუფს ან მათ მფარველებს არ აკავებენ. ადგილები და მარშრუტები, სადაც კონტრაბანდა გადმოდის სამეგრელოში, ყველამ იცის. კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის შემთხვევაში, ეს რთული ნამდვილად არ არის“, - ამბობს ის.

Your browser doesn’t support HTML5

როგორ მფარველობენ კონტრაბანდისტებს

რა დევს ტორტში?

2022 წლის გაზაფხულზე, გალში მცხოვრებმა ქალებმა 50-კვერცხიანი ტორტები გამოაცხვეს, საგულდაგულოდ მორთეს და ზუგდიდისკენ დაიძრნენ.

გაიარეს ენგურის ხიდის ოკუპირებული ნაწილი, თუმცა ქართულ მხარეს, გამშვებ პუნქტთან შეყოვნდნენ.

პოლიციის ყურადღება დიდი ზომის პარკებში მოთავსებულმა ყუთებმა მიიპყრო. კითხვაზე, რა დევს ყუთში? - ქალების პასუხი იყო, ტორტი. ისინი მალავდნენ, რა იდო ტორტში.

სამართლდამცველმა ყუთები საგულდაგულოდ შეამოწმა.

Your browser doesn’t support HTML5

რამდენი უაქციზო სიგარეტი შეიძლება ჩაეტიოს ტორტში?

„ქალბატონო ნინო (სახელი შეცვლილია), თქვენ მოგაქვთ უაქციზო სიგარეტი,

რომელია თქვენი და რამდენი სიგარეტი დევს ამ ტორტში?“ - ვიდეოში ისმის სამართალდამცავის კითხვა. ის ერთ-ერთ ქალს ცისფრად მორთულ ტორტზე უთითებს.

ვიდეო ადმინისტრაციული საზღვრის გამშვები პუნქტის შენობაშია გადაღებული.

მაგიდაზე ორი ტორტი დევს. კადრში ჩანან ქალებიც. პოლიციელის მხოლოდ ხმა ისმის.

გაირკვა, რომ ქალებმა 260 კოლოფი სიგარეტი ტორტში დამალეს და ასე მიჰქონდათ ზუგდიდის ბაზარში ჩასაბარებლად.

ტორტით უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდა, ალბათ, ყველაზე კრეატიულია იმ მეთოდებიდან, რაც ამ სტატიაზე მუშაობისას ვიხილეთ.

უაქციზო სიგარეტების გადმოტანა მდინარე ენგურზე ცხენებით სცადეს. 2022 წელი.

სიგარეტის კოლოფებს კონტრაბანდისტები მალავენ მანქანის ძარაში, საბარგულებში, ავტობუსის კედლებში. გაზზე მომუშავე ავტომანქანების ბუნებრივი აირის ბალონებში.

Your browser doesn’t support HTML5

კონტრაბანდისტები სიგარეტის დასამალად ბუნებრივი აირის ბალონებსაც იყენებენ.

არის კიდევ ერთი მეთოდი.

„სიგარეტის ჯავშანჟილეტი“.

ერთი დიდი ზომის წებოვანი ლენტი საკმარისია დაახლოებით 30 კოლოფი სიგარეტის სხეულზე შემოსაკრავად. „სიგარეტის ჯავშანჟილეტით” კონტრაბანდა ენგურის ხიდზე ხშირად ძაძებში ჩაცმულ ქალებს გადააქვთ. ადმინისტრაციულ საზღვარზე მათ თითქმის არასდროს ამოწმებენ.

„ერთი ქალი ჭუბურხინჯში ცხოვრობს (პირველივე სოფელი ენგურის ხიდიდან ოკუპირებული გალის მხარეს - რ.თ.). მის ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს. ქალს შვილი გარდაცვლილი ჰყავს და შვილის ოჯახსაც თვითონ არჩენს. წლებია, ენგურის ხიდზე ყოველ მეორე დღეს გადმოდის და ხან კაბაში, ხან კი ჩანთაში დამალული სიგარეტები მოაქვს და ზუგდიდის ბაზარში აბარებს“, - გვიყვება ადგილობრივი, ვის სახელსაც მისი თხოვნით არ ვასახელებთ. ის უაქციზო სიგარეტს იბარებს და ზუგდიდის ბაზარში ყიდის.

ბაზარში დახლების გაშლას დილის 7 საათიდან იწყებენ.

გამყიდველების ნაწილი კონტრაბანდულ სიგარეტს დახლსქვემოთ აწყობს. მეორე ნაწილი - მოურიდებლად, ზედ დახლზე.

Your browser doesn’t support HTML5

ზუგდიდის ბაზარში კონტრაბანდული სიგარეტი დაუფარავად იყიდება

რამდენიმე თავი ნიორი, შოკოლადი და სიგარეტი აფხაზური აქციზით - შუახნის, შავებში ჩაცმულ ქალს სახელდახელო დახლი ბაზრის წინ, ავტობუსის გაჩერების უკან, პირდაპირ ტროტუარზე აქვს გაშლილი.

ასეთივე თამამი არ არის წალენჯიხის ბაზარში შავებში ჩაცმული შუახნის ქალი, რომელსაც კონტრაბანდული თამბაქო დიდი ზომის საზამთროებით და ბოსტნეულით შეუნიღბავს. მყიდველი მასთან სიგარეტის საყიდლად არ მივა, რომ არა ერთი პატარა ხრიკი, რომელიც სამეგრელოში ყველამ იცის. თუ პროდუქტებთან ერთად თუთუნი დევს, ესე იგი დახლსქვემოთ კონტრაბანდული თამბაქოა.

ერთ-ერთ ასეთ დახლთან ვჩერდებით.

Your browser doesn’t support HTML5

„ელეგანსი“, „მანჩესტერი", „დუბაო“ და „მონდი“ - კონტრაბანდული სიგარეტის მრავალფეროვნება წალენჯიხის ბაზარში

- „სიგარეტი გაქვთ?“

გამყიდველი თამამად გვპასუხობს - „ბევრნაირი“, დაბალი ხმით კი ამატებს - „აფხაზურია“.

რადგან თავად არ ერიდება, ჩვენც უფრო მეტ კითხვას ვუსვამთ: „ნორმალურია? მყრალი ხომ არ არის? ერთი მომეცით, ცოტა ლაითი რომელიც არის”.

გაყიდველი, დახლის ქვემოდან სხვადასხვა ბრენდის და სიძლიერის თამბაქოს იღებს, ჯერ „მონდის” კოლოფი უჭირავს და ამბობს: „საშუალო არის ეს, მსხვილი ეს არის - „დუბაოს” კოლოფს გვაჩვენებს.

რადგან სამი ახალგაზრდა დაგვინახა, დააყოლა, რომ - „ახალგაზრდებს მოსწონთ ეს”. „დუბაოზე” გვითითებს, ეს სამი კოლოფი 10 ლარი და 50 თეთრი გამოდის.

საბოლოოდ 4 სხვადასხვა სახეობის („ელეგანსი“, „დუბაო“, „მონდი“ და „მანჩესტერი”) 5 კოლოფი ვიყიდეთ და 17 ლარი გადავიხადეთ. აქციზიანი სიგარეტების 5 კოლოფი რომ გვეყიდა, 30 ლარამდე დაგვიჯდებოდა.

კონტრაბანდული უაქციზო ან აფხაზურაქციზიანი სიგარეტის ფასი 2 ლარი და 50 თეთრიდან იწყება. არაკონტრაბანდული აქციზიანის კი - 5-დან 8 ლარამდე მერყეობს, ფასების ასეთი სხვაობის გამო განსაკუთრებით კარგად იყიდება „მანჩესტერი”, „დუბაო”, „მაკი”, „ელეგანსი” და „მონდი”.

„მანჩესტერი“ ფილტრიანი სიგარეტის გაურკვეველი წარმოშობის ბრენდია, რომელსაც აფხაზური აქციზი აკრავს. „მონდს” აფხაზური მარკა აქვს და რუსული წარმოშობისაა, რაც შეეხება „დუბაოს”, მას აქციზი არ აქვს და აწერია, რომ მხოლოდ დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტისთვისაა (For Duty Free Sale Only) და ასევე აწერია Made In EU - დამზადებულია ევროკავშირში.

თითოეული ამ სიგარეტის ღირებულება აფხაზეთში 50-55 რუბლია, ანუ 1 ლარი და 50 თეთრი. აფხაზეთში თამბაქო რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შედის.

„რუსულია, აბა, რა არის?” - მეგრულად პასუხობს გამყიდველი ქალი კლიენტს, რომელსაც სიგარეტის ყიდვა უნდა. დახლზე მასაც „ელეგანსის”, „დუბაოსა” და „მანჩესტერის” აფხაზურაქციზიანი კოლოფები უწყვია, თუმცა კლიენტს დახლსქვემოთ შედებულ შავ ჩანთაშიც ახედებს.

წალენჯიხის და ზუგდიდის ბაზრებში გამყიდველები პოლიციის თვალწინაც არ ერიდებიან უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას.

გამონაკლისი არც დედაქალაქია, სადაც უაქციზო, კონტრაბანდული თამბაქო რკინიგზის სადგურის მიმდებარედ იყიდება. დახლები აქ სახელდახელოდ აქვთ მოწყობილი. მრავალფეროვანია უაქციზო თამბაქოს სახეობებიც. გამყიდველს ვეკითხებით ერთ-ერთ სახეობაზე, რომელიც როგორც რეგიონებში, ისე თბილისშიც საკმაოდ პოპულარულია. ეს „მანჩესტერია”, სამეგრელოში ხუმრობენ, რომ ამ სახეობის სიგარეტის პოპულარობა ინგლისური კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის” პოპულარობას უნდა უმადლოდეს.

Your browser doesn’t support HTML5

რეგიონების გარდა უაქციზო სიგარეტი თბილისშიც იყიდება

ეს ვიდეო თბილისში 17 სექტემბერს გადავიღეთ.

მყიდველი: ამას აქციზი "ვაფშე" რომ არ აქვს, „მანჩესტერს” არ აქვს აქციზი?

გამყიდველი: ხო, რა ვიცი, ეს აფხაზეთიდანაა.

ჩვენს ხელთ არსებული ოქმებით ვარკვევთ, რომ ამ ადგილას ერთი და იგივე გამყიდველი მხოლოდ ივლისის თვეში სამჯერ დააჯარიმეს უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის. სასტუმრო „კოლხეთის“ სიახლოვეს მას წინა თვეებშიც რამდენჯერმე აღმოუჩინეს უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული სიგარეტი ყველა ჯერზე რამდენიმე ათეული კოლოფია, იმაზე ნაკლები, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვისაა საჭირო. კანონის დამრღვევს ყველა ჯერზე ადმინისტრაციულ ჯარიმას უწესებენ.

კონტრაბანდას საქართველოში რამდენიმე სამართალდამცავი უწყება ებრძვის. მთავარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია, იგივე ფინანსური პოლიცია და შსს-ს რეგიონული განყოფილებები. განსაკუთრებით კი - სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტი.
თუ ამოღებული თამბაქოს მოცულობა 2000 ლარს აღემატება, კონტრაბანდისტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ეკისრება. მთავარი პროკურატურისგან მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო 4 წელში ჯამში 1200 პირი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, გამოდის, რომ წელიწადში საშუალოდ 300 კაცს უყენებენ ბრალს თამბაქოს კონტრაბანდისთვის.

ჩამორთმეული კონტრაბანდული სიგარეტი უნდა განადგურდეს. ამისათვის ქონების მართვის სააგენტო კერძო კომპანიებს ქირაობს, რომლებიც განადგურების დამადასტურებელ ანგარიშსა და დოკუმენტაციას სახელმწიფოს აბარებენ.

ეს სქემაც ყოველთვის გამართულად არ მუშაობს. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის განაჩენის მიხედვით, დამნაშავედ ცნეს 8 ადამიანი, რომლებმაც ამოღებული კონტრაბანდული თამბაქო განადგურების ნაცვლად სარეალიზაციოდ გაიტანეს.

გასამართლებულ 8 პირს შორის არიან სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები და იმ კომპანიის დირექტორი და თანამშრომლები, რომლებსაც სიგარეტის განადგურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

5 ტონაზე მეტი თამბაქოს ნაწარმის განადგურების ნაცვლად მითვისების გამო თავდაპირველად პროკურატურამ დაკავებულებს რამდენიმე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც მრავალწლიან სასჯელს ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით ისევ პროკურატურის შუამდგომლობით ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა, მხოლოდ ორ მათგანს მიუსაჯეს 6-6 თვით პატიმრობა, დანარჩენებს მხოლოდ პირობითი სასჯელი დაეკისრათ. ბრალდებულებს ჯამში 78 ათასი ლარი ჯარიმაც გადაახდევინეს.

Your browser doesn’t support HTML5

აღმოაჩინეს გასანადგურებელი კონტრაბანდა, რომელსაც ხელმეორედ გასაღებისთვის ინახავდნენ

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი მწეველია, სახელმწიფო წლიურად დაახლოებით 300 მლნ აქციზურ მარკას ყიდის (რაც 300 მლნ კოლოფი სიგარეტია).


150 ათასი კოლოფი უაქციზო კონტრაბანდული სიგარეტი, რისი კონფისკაციაც მაკონტროლებელი უწყებების წლიურ სტატისტიკაში ჩამს, საქართველოს ბაზრის დაახლოებით 0.05%-ია. კონტრაბანდის წილი კი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 3.5%-დან 15%-მდე მერყეობს.


სიგარეტის ბაზარზე კონტრაბანდის წილის შესახებ უახლესი ღია ინფორმაცია ერთი წლისწინანდელია.

ქართული მედიის ნაწილმა 2022 წლის ივლისში მოამზადა მასალები საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია NilsenIQ-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შესახებ. სტატიების მიხედვით, კონტრაბანდის წილი ქართული სიგარეტის ბაზარზე წილა წლებთან შედარებით გაორმაგებული იყო და 7.5%-ს შეადგენდა. ამ კონტრაბანდის 70% სამეგრელოს რეგიონზე მოდიოდა.

კვლევის მეტი დეტალი უცნობია' მოხდა თუ არა მომდევნო პერიოდის კვლევა, ვერ დავაზუსტეთ, NilsenIQ-სთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ.

რამდენად ეფექტიანად ებრძვიან სახელმწიფო უწყებები თამბაქოს კონტრაბანდას? როგორ ხდება ოკუპირებულ აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლი? რატომ იყიდება თბილისის და ზუგდიდის ცენტრში თავისუფლად უაქციზო კონტრაბანდული თამბაქო? ამ და სხვა კითხვებით ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივამრთეთ.

სუსიდან მოგვწერეს, რომ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს შსს-ს დანაყოფები აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო - როგორ აკონტროლებს უწყება საზღვრისპირა სოფლებს, ასევე როგორ ებრძვის უწყება კონტრაბანდის გადმოტანის მცდელობებსა და დანაშაულს, რომლის მასშტაბი, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც, დიდია. ჩვენი რესპონდენტები საუბრობდნენ ძალოვანი უწყებების თანამდებობების პირების მხრიდან კონტრაბანდისტების მფარველობაზეც. პასუხი კითხვებზე ვერც შსს-დან მივიღეთ.

კითხვები გვქონდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურებთან - მზარდი სტატისტიკის (რომელიც თავად მოგვაწოდეს) პარალელურად რა ღონისძიებებს ახორციელებენ უწყებები, რომლებსაც კონტრაბანდასთან ბრძოლა ევალებათ? მათ კომენტარს ამ დრომდე ველით.