უკრაინელი მეომარი ქალი და საკულტოდ ქცეული ომის ფოტოები

მსოფლიოს მედიასაშუალებებში გავრცელდა ფოტოგრაფ ირინა რიბაკოვას მიერ შექმნილი ფოტოები. თუმცა ეს მისი, როგორც უკრაინის 93-ე მექანიზებული ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტისა და პრესის ოფიცრის, სამუშაოს მხოლოდ ერთი ნაწილია.

თავის ყველაზე ცნობილი ფოტოს შექმნის გარემოებების ახსნისას, ირინა რიბაკოვა ერთ დეტალს ჩაურთავს, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინაში ომთან თავის პირად მიმართებას.

განადგურებული რუსული ტანკის, თავის ქალის ფორმის, კოშკურის ფოტო გადაიღო, როგორც 38 წლის რიბაკოვა ჰყვება, დრონის საშუალებით მას მერე, რაც უკრაინის ჯარმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნეს ხარკოვის ოლქის სოფელი ჰუსარივკა. „გთხოვთ, უბრალოდ გახსოვდეთ, ჩემი ბევრი ამხანაგი დაიღუპა იმ ბრძოლაში“, ამბობს რიბაკოვა და ასახელებს ჯარისკაცებს, იულიან სტუპაკსა და ოლექსანდრ გარბუზს, რომელთაც სიკვდილის შემდეგ მიენიჭათ უკრაინის უმაღლესი ჯილდო ჰუსარივკის დაბრუნების დროს გამოჩენილი თავდადებისთვის.

ირინა რიბაკოვა

რიბაკოვა პრესის იმ რამდენიმე ოფიცერთაგანია უკრაინის არმიაში, რომელთა ამოცანაა ხელი შეუწყონ ჟურნალისტების ვიზიტებს ფრონტის წინა ხაზზე. 93-ე მექანიზებული ბრიგადის უმცროსი ლეიტენანტი იმით გამოირჩევა, რომ თავად არაერთხელ გადაიღო ომის ამსახველი ფოტოები, რომლებმაც საკულტო მნიშვნელობა შეიძინეს და რამაც მის ბრიგადას უამრავი მიმდევარი შემატა სოციალურ ქსელებში.

ჯარისკაცები ტყვია-წამალს ამზადებენ თებერვალში რუსეთის არმიის შეჭრის წინ.

მას შემდეგ, რაც „ეკონომისტის“ გარეკანზე სატანკო კოშკურის - „თავის ქალის“ ფოტო გამოჩნდა, რიბაკოვა ამბობს, რომ ფოტომ „საოცარი პოპულარობა მოიპოვა. მის მიხედვით ტატუებს იკეთებდნენ, მას ალბომებსა და მაისურებზე გამოსახავდნენ“.

სასაფლაო, რომელიც აფეთქების შედეგად დაინგრა ბახმუტში 2022 წლის შემოდგომაზე.

ახლახან, რიბაკოვას მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ბახმუტის სასაფლაოზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კრატერი ჩანს, ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, როგორც რუსეთის შეჭრის შედეგად განხორციელებული უსაზღვრო ფიზიკური განადგურების მაგალითი. მსგავსი, ფრონტის ხაზის საჰაერო ფოტოები ახლა იშვიათია დრონების სამოქალაქო გამოყენების აკრძალვისა და იმის დიდი ალბათობის გამო, რომ ამოუცნობი აპარატები შეიძლება ჩამოაგდონ.

ორი ჯარისკაცი დრონს უშვებს შენობიდან. ოქტომბერი. ადგილმდებარეობა უცნობია.

37 წლის ქალი ამბობს, რომ არმიაში თანამდებობის მიუხედავადაც, მრავალი ნაბიჯი უნდა გადადგას, სანამ თავისი დრონის - „DJI Mavic Air 2“-ის ჰაერში აშვების უფლებას მიიღებს“. „უნდა ვაცნობო ხოლმე ბატალიონის უფროსობას, რომ ვაპირებ დრონის აშვებას გარკვეულ არეალში და ისინი აფრთხილებენ პოზიციებს, რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას ჩვენი "ჩიტი" დაფრინავს“, გვიამბობს რიბაკოვა.

უკრაინის მეამბოხეთა არმიის და უკრაინის არმიის დროშები, გადაღებული უკრაინის შეიარაღებული ძალების და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტული არმიის ფრონტის ხაზთან 2019 წელს.

რიბაკოვა რადიო თავისუფლებას უამბობს, რომ ფოტოგრაფირება სკოლაში დაიწყო. სააბაზანო ოთახს იყენებდა იმპროვიზებულ ფოტოლაბორატორიად. ჟურნალისტად მუშაობის დროს, ფოტოგრაფია მისი ჰობი იყო, იღებდა სხვადასხვა, მათ შორის, ფირით მომუშავე აპარატებით, რომლებიც მკაფიო ნეგატივების გადაღების საშუალებას იძლევა.

უკრაინელი მებრძოლი ბალისტიკური რაკეტა „ტოჩკის“ ბოლოსთან ერთად. 2022 წლის აპრილი, ხარკოვის ოლქი.

2015 წელს, როცა ჟურნალისტი შეუერთდა „კარპატკა სიჩს“, მაშინ მოხალისეთა გასამხედროებულ ჯგუფს, რომელიც დაკავშირებული იყო ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიასთან, თავისი, როგორც ფოტოგრაფის უნარები მალევე გამოადგა. ახლა ის უკრაინის 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში ირიცხება, წოდებით უმცროსი ლეიტენანტი პრესატაშეს მოვალეობას ასრულებს.

უკრაინელი ჯარისკაცი ხელში ჩაგდებულ, მტრის ჯავშანტრანსპორტიორზე ასო Z-ის გადაღებვით არის დაკავებული.

რიბაკოვა ამბობს, რომ რვაწლიანი შედარებით მცირემასშტაბიანი კონფლიქტის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართო ფრონტით ომის დაწყება მისთვის შოკის მომგვრელი იყო. „სიმართლე გითხრათ, არმიაში ვფიქრობდით, რომ საზღვრებზე, მესაზღვრეების ნაცვლად შევქმნიდით დაცვით ზოლს და პოზიციებს დავიკავებდით თვეების განმავლობაში“, - ამბობს რიბაკოვა და განმარტავს, რომ „გვეგონა, შესაძლებელი იყო პროვოკაციები მაქსიმუმ ავტომატებით სროლის ფორმით“.

უკრაინა. სუმის რეგიონი. ქალაქი ტროსტიანკა. მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა პერიოდის დაზიანებული მონუმენტის ფონზე თანამედროვე საბრძოლო მანქანის ნაშთი.

ფოტოგრაფმა თვითონ შეიგრძნო ომის მთელი მრისხანება. 26 თებერვალს, სუმის ოლქის, ახლად დაბრუნებულ ქალაქ ოხტირკაში შესვლიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის თვითმფრინავმა უკრაინის სამხედრო პოზიციაზე ჩამოაგდო უმართავი ფუგასური ავიაბომბი, ФАБ-3000, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. სამტონიანი ბომბი ისეთი ძალით აფეთქდა, რომ, როგორც რიბაკოვა ამბობს, „თითქოს მიწისძვრა მოხდა, ან ჯოჯოხეთის ორმო გაიხსნა“. ფოტოზე მოჩანს ამ აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პატარა აუზის მსგავსი კრატერი, რომელიც წყლით აივსო.

ახალგაზრდა უკრაინელი მძღოლ-მექანიკოსი, შემოდგომის ტალახის შხეფებით. დაუდგენელი ადგილი უკრაინაში.

როცა მას ჰკითხეს ფრონტის წინა ხაზზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე, ფოტოგრაფის პასუხი გვიჩვენებს სასტიკ პოზიციას ბევრი ახალგაზრდა უკრაინელისა, რომლებიც ხედავენ, როგორ აჩანაგებს ომი მათ ქვეყანას. რიბაკოვა იხსენებს: „ოხტირკაში, 24 რიცხვში ჩვენები წააწყდნენ მტრის კოლონას და გაანადგურეს. წამიყვანეს დახოცილი რუსების სანახავად. მათ შორის იყო ოფიცერი ილიასოვი, ეროვნებით ბურიატი. ის 19 წლის უკრაინელმა ჯარისკაცმა მოკლა. გვამი გზაზე დააგდეს და ბალახი მიაყარეს“.

ნაღმის ნამსხვრევებით ატკეჩილი ხის გვერდით დატოვებული, ახლად მოკრეფილი მინდვრის ყვავილები.

„იმ ღამეს, როგორც იქნა, წესიერად მეძინა, - ამბობს ოფიცერი ქალი, - მტრის გვამებმა დამამშვიდა“.