„ივან კუპალას საღამო“ (1968, უკრაინა, სსრკ, რეჟისორი იური ილიენკო)
15 ივნისს კიევზე მიტანილი მორიგი იერიშის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის კოსტიუმების უძველესი კოლექცია. სტუდიის თანამშრომლები ჯერჯერობით განსხვავებულ რიცხვებს ასახელებენ - 50 000-დან 80 000-მდე კოსტიუმის დაზიანებას. დღემდე არ გამოქვეყნებულა სანდო ინფორმაცია სრულიად განადგურებული რეკვიზიტის შესახებ. ამიტომ ზუსტად არ ვიცით, კონკრეტულად რომელი ფილმების კოსტიუმები განადგურდა და რა გადარჩა ხანძრის შედეგად.
ასევე ნახეთ
ფარაჯანოვის ორი კოსტიუმი გადარჩა - როგორ გამოიყურება რუსული რაკეტით განადგურებული დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიათუ არ ჩავთვლით სერგო ფარაჯანოვის ფილმს, „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებს“, რომლისთვისაც შეკერილი ორი კოსტიუმი რუსულ რაკეტებს ნამდვილად გადაურჩა. დოვჟენკოს სტუდიის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ასევე შესაძლებელი გახდება ფარაჯანოვის მეგობრის, თანამოაზრის, „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ ოპერატორის, იური ილიენკოს ფილმების კოსტიუმების აღდგენაც. ამ კვირაში ილიენკოს შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მისი დაბადების 90 წლისთავი აღნიშნეს. უკრაინაში ხელახლა უჩვენებენ იური ილიენკოს, როგორც რეჟისორის, ყველაზე წარმატებულ ფილმს, „ივან კუპალას საღამოს“, რომლის პრემიერის შემდეგ წერდნენ, რომ უკრაინულ კინოს „მეორე ფარაჯანოვი“ მოევლინა.
სერგო ფარაჯანოვი ლამის ილიენკოს „იდენტობის“ ნაწილად იქცა, მის ტყუპისცალად. ფარაჯანოვის გარდაცვალების შემდეგ ილიენკო პირველი იყო, ვინც სრულმეტრაჟიანი ფილმი მიუძღვნა დიდ რეჟისორს („სერგო ფარაჯანოვი. ქრისტეს პარტიტურა დო მაჟორი“). უფრო ადრე, 1990 წელს, ილიენკოს ფილმი „გედის ტბა. ზონა“, რომელიც სერგო ფარაჯანოვის სცენარით შეიქმნა, ფიპრესის პრემიით დაჯილდოვდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. თავიდან მათ, ფარაჯანოვს და ილიენკოს, კრიტიკოსებიც ერთად ახსენებდნენ. კრიტიკოსები და ცენზორები. „ივან კუპალას საღამოს“ პრემიერის შემდეგ დაიბეჭდა სტატიები, რომელთა ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ფარაჯანოვთან და ილიენკოსთან სურათოვნებამ მოძრაობა „გააძევა“ კინოდან („მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებს“ და „ივან კუპალას საღამოს“ ცენზურამ კიდევ ერთი ფილმი, თენგიზ აბულაძის „ვედრება“დაუმატა). ორივე ფილმს ე.წ. მესამე კატეგორია მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს სურათები დიდ კინოთეატრებში ნაჩვენები არ იქნებოდა და ე.წ. კლუბური გაქირავების შემდეგ რამდენიმე დღეში მოიხსნებოდა ეკრანებიდან.
ასევე ნახეთ
ფარაჯანოვის დაკარგული ფილმი ნაპოვნიაფარაჯანოვის და ილიენკოს პირველი ფილმების ისტორია საკმაოდ უნიკალურია საბჭოთა კინოცენზურის ისტორიაში. ორივე ფილმი საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწუნა არა იმდენად პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოსაზრებით (თუმცა "კაგებე" უკვე უთვალთვალებდა ილიენკოს და, მით უმეტეს, ფარაჯანოვს), არამედ დაიწუნა, როგორც მხატვრული ნაწარმოები. მაგრამ თავიდანვე ნათელი იყო, რომ სიტყვები - „სტატიკური“, „გადაჭარბებულად ფერწერული“, „ჩაკეტილი“, „მანერული“ მხოლოდ საბაბი იყო ამ ფილმების ეკრანებიდან მოხსნისთვის. სინამდვილეში კრიტიკის სამიზნე ფარაჯანოვის და ილიენკოს ფილმების ეროვნული თვითმყოფადობა იყო. იური ილიენკოს ამ მხრივ ორმაგად მოხვდა - როგორც ოპერატორს, რომელმაც „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებში“ კინო გადააქცია „მუზეუმად“, და როგორც რეჟისორს ფილმისა „ივან კუპალას საღამო“.
ამ ფილმის მატერიალური მემკვიდრეობის ბედი კიდევ იმიტომაა საინტერესო, რომ „ივან კუპალას საღამო“ ეკრანებიდან მოხსნის შემდეგ თითქმის 2 ათეული წელი არ უჩვენებიათ კინოთეატრებში, ამიტომ არაა გამორიცხული, აკრძალული ფილმის კოსტიუმების ნაწილი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში იყოს განადგურებული. ცენზურამ ყურადღება მიაქცია გოგოლის ნაწარმოების ეკრანიზაციის აბსოლუტურად უკრაინულ „ფაქტურას“, რომელიც პირველ რიგში სწორედ კოსტიუმებსა და დეკორაციებში გამოიხატა. იური ილიენკომ და მხატვარმა იური იაკუტოვიჩმა, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინელი გრაფიკოსია, ეკრანზე შექმნეს სამყარო, სადაც ერთიანდება უკრაინული ფოლკლორი, ბაროკოს ესთეტიკა, წარმართული რიტუალები და ხალხური ხელოვნების ტრადიციები. ფაქტობრივად ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ გოგოლის ტექსტის ვიზუალურ ინტერპრეტაციას, არამედ ეროვნული მეხსიერების ხატებს, წარმოდგენილს ნაქარგებში, თავსაბურავებში, რიტუალურ სამოსში.
ასევე ნახეთ
პუტინის რუსეთში აკრძალული უკრაინული ფილმებიგოგოლის ეს ადრეული ნაწარმოები გვიამბობს ღარიბ გლეხ პეტროზე, რომელიც ეშმაკს გაურიგდება. მაგრამ გოგოლის სიუჟეტი ილიენკოსთან არ ვითარდება საბჭოთა სოცრეალიზმისთვის აუცილებელი ლოგიკით, ფსიქოლოგიური მოტივაციით და დადებითი, „სწორი“ პროტაგონისტით. „ივან კუპალას საღამოში“ რეალობა მუდმივად იცვლება სიზმრით, წარმართული რიტუალებით (ამ მხრივ, ფილმი მართლაც ჰგავს ფარაჯანოვის „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებს“)... ამ სრულიად დეკორატიულ გარემოში ქრისტიანობა და წარმართობა ერთმანეთშია გადახლართული. ჯვრები, ხატები, ეშმაკები, ჯადოქრობა, ივან კუპალას რიტუალები - ეს ყველაფერი თანაარსებობს საბჭოთა ფილმში, რომლის ავტორი, წესით, ათეისტურ იდეოლოგიას უნდა დაჰყრდნობოდა. დაუმატეთ ამას ისიც, რომ „ივან კუპალას საღამო“ უკრაინული კულტურის ჰიმნია. აქ ყველაფერი უკრაინულია: ენა, სიმღერა, რიტუალები... მაგრამ ფილმი არსად არ გადაიქცევა ეთნოგრაფიულ ილუსტრაციად (რაც, უნდა ვაღიარო, დამახასიათებელია იური ილიენკოს გვიანდელი შემოქმედებისთვის). იური ილიენკო უკრაინულ კულტურას დამოუკიდებელი ცივილიზაციის სახით წარმოაჩენს და არა როგორც საბჭოთა ხალხის რეგიონულ თავისებურებას. ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ეს იყო „ივან კუპალას“ აკრძალვის მიზეზი.
საბჭოთა კინოცენზურის ისტორიაში „უკრაინული ნაციონალიზმის“ შიში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში იგრძნობა. თუმცა უკრაინული, ე.წ. ფერწერული ფილმების წარმატებამ დასავლეთის ფესტივალებზე (მიუხედავად იმისა, რომ ამ კინოს ყველანაირად უღობავდნენ გზას მსოფლიო ეკრანებისკენ) განსაკუთრებით დააფრთხო მოსკოვი. „რატომ არ არის ხალხი ბედნიერი „ივან კუპალას საღამოში“? „რატომ წარმოგვიდგინეს ხალხი საკუთარი არჩევანის მსხვერპლის სახით?“ „რატომ არ არის წარმოდგენილი კლასობრივი ბრძოლა და რევოლუციის აუცილებლობა?“... ეს იყო კითხვები, რომლებიც იური ილიენკოს დაუსვეს. თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ ილიენკოს აღარ ჰქონდა საკუთარი ფილმის დაცვის დრო. ილიენკოს თავისი მეგობრის, სერგო ფარაჯანოვის დაცვა მოუხდა - 60-იანი წლების მიწურულს საბჭოთა უშიშროებამ დიდი ხელოვანის დევნა დაიწყო. ფარაჯანოვი ილიენკოს ერთი დღითაც კი არ მიუტოვებია.
ფილმის სრული ვერსია ინგლისური სუბტიტრებით: