სად უფრო აწამებენ ტყვეებს - ჩეჩნეთში თუ დანარჩენ რუსეთში?

ახალი საერთაშორისო ანგარიში აღწერს უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების წამებასა და შიმშილს, რომლის შედეგადაც პატიმრები რამდენიმე თვეში სხეულის წონის მეოთხედს კარგავენ.

უკრაინის, ნორვეგიისა და გერმანიის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს ანგარიში რუსეთში უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი უკრაინელების მდგომარეობის შესახებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პატიმრობაში მყოფი უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობამ თითქმის ორ ათასს მიაღწია. სინამდვილეში მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს - რუსეთის ხელისუფლება ასეთ მონაცემებს მალავს, ხოლო ძალოვანი უწყებები იმ კანონებზე მიუთითებენ, რომლებიც ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებას კრძალავს.

სად და რა პირობებში იმყოფებიან უკრაინელი სამოქალაქო ტყვეები? რატომ იხდის ჩეჩნეთი ფულს უკრაინელ სამხედრო ტყვეებში და რა განსხვავებაა ტყვეობის პირობების თვალსაზრისით ჩეჩნეთსა და დანარჩენ რუსეთს, მაგალითად ტაგანროგს შორის? - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა მიმართა ანგარიშის ერთ-ერთ ავტორს, მიხაილ სავვას.

უკრაინელი, ნორვეგიელი და გერმანელი უფლებადამცველების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტორები ინფორმაციას უკრაინის დაკავებული მოქალაქეების შესახებ ღია წყაროებიდან იღებენ. იგულისხმება რუსეთის ძალოვანი უწყებებისა და სასამართლოების პრესრელიზები, ჟურნალისტური გამოძიებები, რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემებსა და ტელეარხებზე გავრცელებული ცნობები, სოციალური ქსელები, ასევე ინტერვიუები ყოფილი პატიმრებთან და მათ ნათესავებთან.

უკრაინელთა დაკავებები ხდება როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთშიც. დაკავებულთა შორის ასევე არიან ის უკრაინელებიც, რომლებიც წლებია სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, რუსეთში კი მხოლოდ გავლით (ტრანზიტით) იმყოფებოდნენ.

ანგარიშის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როცა სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე და ოფიციალური ბრალის წარდგენამდე ადამიანს რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი რამდენიმე წლის განმავლობაშიც არაოფიციალურ პატიმრობაში ამყოფებენ. ასეთ შემთხვევაში დაკარგული ადამიანის ადგილსამყოფლის დადგენა უკიდურესად რთულია, რადგან მას არ აძლევენ შესაძლებლობას დაუკავშირდეს ოჯახის წევრებს, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნების უხეში დარღვევაა. ასეთ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებააღკვეთილნი არიან და სრულ იზოლაციაში იმყოფებიან გარე სამყაროსგან, ანგარიშში „ინკომუნიკადოს“ (სრული იზოლაცია) უწოდებენ.

თუ საქმე სასამართლომდე მიდის, უკრაინელებს ყველაზე ხშირად ბრალს სდებენ ჯაშუშობაში, სახელმწიფო ღალატში, ტერორისტული აქტის ჩადენაში, მკვლელობაში ან უკანონო შეიარაღებული ფორმირების ორგანიზებაში.

მიხაილ სავვა

მიხაილ სავვა, საექსპერტო ცენტრ „სოვას“ მმართველობის თავმჯდომარე - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის ექსპერტი, კავკასიოლოგი და წარსულში ყუბანის უნივერსიტეტის პროფესორი. მიხაილ სავვამ, მას შემდეგ რაც რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე დააპატიმრეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, უკრაინაში გადასვლა გადაწყვიტა, სადაც მალევე პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსიც მიიღო. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ხელისუფლებამ მიხაილ სავვა „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანა. მიზეზებად დასახელდა „უცხოელი აგენტების მასალების შექმნაში მონაწილეობა“, „უცხოურ პლატფორმებზე მიცემული ინტერვიუები“, „უკრაინული ორგანიზაციის საექსპერტო საბჭოში მონაწილეობა“ და ის ფაქტი, რომ იგი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО - ასე უწოდებენ რუსეთის ხელისუფლებაში დღემდე უკრაინაში შეჭრას) წინააღმდეგ გამოდიოდა“ -. 2026 წლის თებერვალში კრასნოდარის სასამართლომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მიხაილ სავვას დაუსწრებლად სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მიხაილ სავაას თქმით, უკრაინის დაკავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს, ანუ არაკომბატანტებს, ამჟამად რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაფანტულ იძულებითი დაკავების დაახლოებით ორას დაწესებულებაში ამყოფებენ. ესენია: საგამოძიებო იზოლატორები (СИЗО), სასჯელაღსრულების კოლონიები და ციხეები, მათ შორის შორეულ აღმოსავლეთშიც.

თუმცა, როგორც უფლებადამცველი ამბობს, ტყვეების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სამხრეთ რეგიონებშია, რაც ორი მთავარი მიზეზით არის განპირობებული:

I - ეს რეგიონები საბრძოლო მოქმედებების ზონასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან ყველაზე ახლოს მდებარეობენ. ამიტომ უკანონოდ დაკავებულ უკრაინელებს თავდაპირველად, როგორც წესი, ახლომდებარე ადგილებში ამყოფებენ.

II - უკრაინელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, როგორც წესი, იმ მუხლებით არის კვალიფიცირებული, რომელთა განხილვაც დონის როსტოვში მდებარე სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამიტომ დაკავებული უკრაინელების განსაკუთრებით დიდი კონცენტრაცია სწორედ როსტოვის ოლქსა და მის მიმდებარე რაიონებში შეინიშნება.

ასევე ნახეთ

წამება, დამცირება, უარი მკურნალობაზე - დაადგინეს უკრაინელი ტყვეების წამებაში ბრალდებული ექიმის ვინაობა

- სწორია თუ არა იმის თქმა, რომ ტაგანროგის N2 საგამოძიებო იზოლატორი (СИЗО-2) რუსეთის სამხრეთში უკრაინელი სამოქალაქო ტყვეების ყველაზე ცნობილი დაკავების ადგილია?

მიხაილ სავვა: ასე იყო 2022 წელს, როდესაც ეს იზოლატორი სატრანზიტო პუნქტად გამოიყენებოდა. დაკავებული უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტაგანროგის СИЗО-ს გავლით გადაჰყავდათ სხვა დაწესებულებებში.

უკვე მაშინ მოიპოვა ამ საგამოძიებო იზოლატორმა წამების ადგილის საშინელი რეპუტაცია. დღეს იქ საკმაოდ ბევრი ისეთი უკრაინელი იმყოფება, რომელთა წინააღმდეგაც უკვე ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ამასაც უკანონო თავისუფლების აღკვეთად მივიჩნევთ, თუმცა ეს უკვე სხვა სახის უკანონობაა, რადგან მასში მართლმსაჯულების ორგანოები მონაწილეობენ. იმის გამო, რომ დონის როსტოვთან ახლოს მდებარეობს, ტაგანროგის СИЗО-2-ში ბევრი განსასჯელი ჰყავთ. უკრაინელები ასევე იმყოფებიან როსტოვის N1 და N5 საგამოძიებო იზოლატორებშიც.

- როგორც ამბობენ, ტაგანროგის N2 საგამოძიებო იზოლატორი ყველაზე სასტიკი ადგილია.

მიხაილ სავვა: ეს მართლაც უკიდურესად სასტიკი ადგილია, სადაც ადამიანებს აწამებენ, შიმშილით ტანჯავენ, სადაც პატიმრები რამდენიმე თვეში სხეულის წონის მეოთხედსაც კი კარგავენ. როდესაც კვების მთელი დღიური რაციონი მხოლოდ მოხარშული კომბოსტოსგან შედგება, სხვას არც უნდა ელოდო.

ყოველ შემთხვევაში, ბოლო დრომდე ასე იყო. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ამ დაწესებულებას, ვაფიქსირებთ ნებისმიერ ცვლილებას. ტაგანროგის N2 საგამოძიებო იზოლატორი კვლავ წამებისა და ძალადობის ადგილად რჩება, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც შეინიშნება. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ტაგანროგის N2 საგამოძიებო იზოლატორში ბრალდებულებისთვის ამანათებს საერთოდ არ იღებდნენ. როდესაც სისხლის სამართლის საქმე იწყება, ადამიანი უკვე აღარ უნდა იყოს „ინკომუნიკადო“ - მას, სულ მცირე, ჰყავს ადვოკატი, აქვს ოჯახის წევრებთან მიმოწერისა და ამანათების მიღების უფლება.

თუმცა ამ იზოლატორში მყოფ უკრაინელებზე ეს წესები არ ვრცელდებოდა - მათთვის ამანათებს არ იღებდნენ. ახლახან ეს ვითარება შედარებით შეიცვალა.

- ამ იზოლატორის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის მისი უფროსი ალექსანდრ შტოდა ევროკავშირის მიერაა დასანქცირებული, უკრაინაში კი მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. რამდენად უნიკალურია ტაგანროგის N2 საგამოძიებო იზოლატორის შემთხვევა?

მიხაილ სავვა: უნიკალური ნამდვილად არ არის. არსებობს სხვა, არანაკლებ საშინელი ადგილებიც. მაგალითად, კამიშინის საგამოძიებო იზოლატორი ვოლგოგრადის ოლქში და სასჯელაღსრულების კოლონია პერმის მხარის ქალაქ კიზელში.

უკრაინის სამართალდამცავები ადგენენ იმ ადამიანების ვინაობას, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, აუტანელი პირობების შექმნასა და მკვლელობებშიც კი. ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა სწორედ ერთ-ერთ ასეთ საპატიმროში დაიღუპა. იგი დიდხანს ჰყავდათ ტაგანროგში, საიდანაც შემდეგ კიზელში, პერმის მხარეში გადაიყვანეს. ვიქტორია, დიდი ალბათობით, სწორედ კიზელში დაიღუპა.

ასევე ნახეთ

„მთლიანად დალურჯებული იყო“ - უკრაინელი ჟურნალისტის ბოლო დღეები

- მესმის, რომ შემდეგ კითხვაზე ფაქტებით გამყარებული პასუხი არ არსებობს, ამიტომ თქვენი პირადი აზრი მაინტერესებს. ტაგანროგის, პერმის მხარისა და სხვა მსგავსი იზოლატორების თანამშრომლები რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით ან სამუშაო პირობებით არიან მოტივირებულნი? რატომ რჩებიან ისინი ასეთ თანამდებობებზე?

მიხაილ სავვა: სინამდვილეში ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. ვიცი შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, ოჯახს, რომელიც აქტიურად ეძებდა დაკარგულ ნათესავს, რუსეთის ერთ-ერთი საგამოძიებო იზოლატორის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა: „არ ინერვიულოთ, ის ჩვენთანაა. ცოცხალია.“

მაგრამ არის საპირისპირო შემთხვევებიც - აბუჩად აგდება, დამცირება, წამებაში მონაწილეობა. ამ წამების მთავარი შემსრულებლები კი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) სპეციალური დანიშნულების რაზმებია, რომლებიც რუსეთის ყველა რეგიონში არსებობენ და, როგორც წესი, ცხოველების სახელებს ატარებენ. მაგალითად, კრასნოდარის მხარეში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმს „აკულა“ („ზვიგენი“) ჰქვია, ორიოლის ოლქისას კი - „იაგუარი“ და ა.შ. სწორედ ამ დანაყოფების წევრები სპეციალურად გადაჰყავთ ერთი დაწესებულებიდან მეორეში, რათა პატიმრები აწამონ.

რა არის მათი მოტივაცია? ბევრმა ეს სამსახური სწორედ იმიტომ აირჩია, რომ ძალადობის გამოყენების უფლება ჰქონოდა. მათ ეს მოსწონთ, ეს უნდათ, უკრაინელების მიმართ კი ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია. არსებობს ამის დამადასტურებელი ძალიან სერიოზული მტკიცებულება - რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში ჩატარებული თათბირის ვიდეოჩანაწერი, სადაც რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ შეუძლიათ უკრაინელებს გააკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ.

ასევე ნახეთ

წამება, სექსუალიზებული ძალადობა, დეპორტაციები, მობილიზაცია. გაეროს ანგარიში უკრაინაში ომის შესახებ

- ჩეჩნეთზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთშიც იმყოფებიან უკრაინელი ტყვეები. საერთოდ რა არის ცნობილი ჩეჩნეთში უკრაინელების პატიმრობის შესახებ?

მიხაილ სავვა: ჯერ მხოლოდ უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გვაქვს ინფორმაცია. მათ პოლიციის დაქვემდებარებულ დაწესებულებებსა და გუდერმესში მდებარე ე.წ. სპეცრაზმის აკადემიის შენობებში ამყოფებენ. სწორედ ეს მეორე შემთხვევა წარმოადგენს აშკარა დანაშაულს, რადგან კადიროვი ღიად იყენებს სამხედრო ტყვეებს „ცოცხალ ფარად“.

როდესაც უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ამ ე.წ. აკადემიაზე, კადიროვმა პირდაპირ განაცხადა, რომ იქ სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. საიდან მოხვდნენ ჩეჩნეთში? თავის დროზე ან კადიროვის ქვედანაყოფებმა აიყვანეს ტყვედ ფრონტზე, ან - რაც უფრო ხშირად ხდება - კადიროველებმა სხვა რუსული სამხედრო ნაწილებისგან „შეისყიდეს“, რათა გაცვლისთვის „ტყვეთა ფონდი“ შეევსოთ. ჩვენთვის ასეთი კონკრეტული შემთხვევებიც ცნობილია.

საქმე ის არის, რომ ჩეჩნეთში მყოფი უკრაინელები მოლაპარაკებების ცალკე თემას წარმოადგენენ. ყველა სხვა შემთხვევაში საკითხი მოსკოვთან წყდება, მაგრამ თუ საუბარია ჩეჩნეთში მყოფ ტყვეებზე, გადაწყვეტილება რამზან კადიროვთან უნდა შეთანხმდეს. კადიროვი ერთგვარი რეგიონული „მეფის“ სტატუსით სარგებლობს და ტყვეთა გაცვლის საკითხებში აშკარად უგულებელყოფს ფედერალური ცენტრის სურვილებს.

ასევე ნახეთ

როგორ ხვდებიან უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩეჩნეთში

- ჩეჩნეთში ტყვეობის პირობები ისეთივეა, როგორიც რუსეთის სხვა რეგიონებში?

მიხაილ სავვა: ჩეჩნეთიდან დაბრუნებული უკრაინელები ამბობენ, რომ იქ ნორმალური კვება ჰქონდათ, რაც რუსეთის მსგავსი დაწესებულებებისთვის სულაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი. უკვე ვახსენე ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორი. ბევრ სხვა დაწესებულებაში უკრაინელი პატიმრების საკვებისთვის გამოყოფილ თანხებს ხშირად უბრალოდ კორუფციის გამო იპარავენ. ჩეჩნეთში ეს არ ხდება და, ჩემი აზრით, ამის მიზეზი იმ პატრიარქალური გარემოს გავლენაა, რომელიც რეგიონში დღემდეა შემორჩენილი.

საიდუმლო არ არის, რომ ჩეჩნეთში დღემდე შენარჩუნებულია პატრიარქალური მონობის ტრადიცია, რომელსაც ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ახასიათებს: პატრონს არ უნდა რცხვენოდეს იმისა, თუ როგორ გამოიყურება (მდგომარეობაშია) მისი მონა. აქ საუბარი არ არის ჰუმანიზმზე. სწორედ ეს მიდგომა ვრცელდება იმ უკრაინელებზეც, რომლებიც ახლა ჩეჩნეთში ჰყავთ დატყვევებული.

- ჩეჩნეთშიც აწამებენ?

მიხაილ სავვა: ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. აბუჩად იგდებენ - კი. ისიც უნდა ითქვას, რომ დამცირებასა და წამებას შორის ზღვრის გავლება ხშირად რთულია. მაგალითად, ჩეჩნეთში ტყვეებს რუსეთის ჰიმნის შესრულებას არ აიძულებენ. შესაძლოა იმიტომ, რომ თავად რესპუბლიკაში ამ ჰიმნის მიმართ დიდი პატივისცემა არ აქვთ.

- როდესაც საუბარია უკრაინელ მოქალაქეებზე, რომლებიც პოლიციის განყოფილებებში ჰყავთ დატყვევებული, იგულისხმება სარდაფები, ე.წ. „საიდუმლო ციხეები“?

მიხაილ სავვა: ჩეჩნეთში „საიდუმლო ციხე“, ფაქტობრივად, თითქმის ნებისმიერი შენობა შეიძლება იყოს. იქ არავინ ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვინმე კანონებს იცავს. ამიტომ ეს შეიძლება ოფიციალური საკნებიც იყოს, თუმცა ჩეჩნეთის საპატიმროებში მოქმედი წესები სრულიად არაოფიციალურია. უკრაინელი ტყვეების უფლებების დაცვა და მათთვის ადვოკატების აყვანა საკმაოდ რთულია, რადგან რუსეთის ხელისუფლება ასეთ იურისტებს, სულ მცირე, აშინებს, ზოგჯერ კი პირდაპირ დევნის. არადა ტყვეების დიდ ნაწილს ბოლოს ასამართლებენ ხოლმე.

ხშირად ადვოკატის ძებნა თვეების განმავლობაში გრძელდება, ამ დროს დაკავებულთან მუშაობს სახელმწიფოს დანიშნული ადვოკატი, რომელიც, ფაქტობრივად, ბრალდების ინტერესებს ემსახურება. რუსეთის დღევანდელმა რეპრესიულმა სისტემამ ადვოკატურა სერიოზულად მოშალა.

  • 2026 წლის თებერვალში რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები „157-157-ზე“ ფორმულით გაცვალეს. უკრაინის ტყვეობიდან გათავისუფლებულთა 13% ჩეჩნეთის მკვიდრი იყო და მათი უმრავლესობა „ახმატის“ ქვედანაყოფში მსახურობდა. უკრაინული პროექტის „Хочу жить“ („მინდა ვიცოცხლო“) ინფორმაციით, რუსეთის მხარე უპირველეს ყოვლისა სწორედ კადიროველების გათავისუფლებას მოითხოვდა და სხვა სამხედროების მიღებაზე უარს აცხადებდა, რის გამოც ტყვეთა გაცვლის პროცესი არაერთხელ ჩაიშალა. გათავისუფლებულთა შორის იყო რომან ბიბულატოვი, რომელსაც 2010 წელს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა ორი რვა წლისა და ერთი 12 წლის ბავშვის გაუპატიურების 20 ეპიზოდისთვის.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) 2024 წლის ოქტომბერში კადიროვს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდება სამხედრო დანაშაულებში, რაც უკრაინელ ტყვეებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა მოუწოდა რუს სამხედროებს, უკრაინელი სამხედროები ტყვედ აღარ აეყვანათ და ადგილზე დაეხვრიტათ. სამი დღის შემდეგ კადიროვმა ეს ბრძანება გააუქმა.
  • 2024 წლის დასაწყისში კადიროვი გამოვიდა ინიციატივით, გაეთავისუფლებინათ ლუგანსკსა და დონეცკში დატყვევებული 20 უკრაინელი მოქალაქე, მისი ოჯახის წევრებისათვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. კადიროვის ეს ინიციატივა რუსულმა პროსამთავრობო ბლოგერებმა გააკრიტიკეს, რამზან კადიროვმა კი განაცხადა, რომ ეს მხოლოდ „უხეში ტროლინგი“ იყო.
  • 2026 წლის მაისის მდგომარეობით, რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 7 000 უკრაინელი სამხედრო და 10-დან 20 ათასამდე სამოქალაქო პირი იმყოფება, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის მოადგილემ ელენა კონდრატიუკმა. მისი მონაცემებით, ტყვეობიდან ამ დრომდე სულ 9 048-ზე მეტი უკრაინელის დაბრუნება მოხერხდა. გათავისუფლებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამხედროები არიან, ხოლო სამოქალაქო პირი მხოლოდ 452-ია, - განაცხადა უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა დმიტრო ლუბინეცმა.
  • რუსეთი ოფიციალურად უარყოფს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენის ბრალდებებს. მოსკოვი ასევე უარყოფს, რომ რუსი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რაიმე უკანონო ქმედებებში მონაწილეობდნენ.
  • 2025 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსეთი წამების პრევენციის ევროპული კონვენციიდან გავიდა.
  • ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის Truth Hounds-ის დასკვნით, რუსი სამხედროები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები სისტემატურად მიმართავენ სექსუალიზებულ წამებასა და ძალადობას ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამოქალაქო პირების, მათ შორის მამაკაცების მიმართ.
  • 2024 წლის აგვისტოში კიევში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა განაცხადა, რომ რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების დაახლოებით 95% წამებას განიცდის.