წამება, დამცირება, უარი მკურნალობაზე - დაადგინეს უკრაინელი ტყვეების წამებაში ბრალდებული ექიმის ვინაობა

„სქემებმა“ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა იმ ექიმის ვინაობა, რომელიც ათეულობით უკრაინელი ტყვის სისტემური სექსუალური და ფსიქოლოგიური წამების უკან იდგა. ილუსტრაცია

რუსეთის პაკინოს კოლონიაში უკრაინელ ტყვეებს არა მხოლოდ სცემდნენ და უარს ეუბნებოდნენ სამედიცინო დახმარებაზე, არამედ სისტემატურად ამცირებდნენ, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობითაც. გამოძიებამ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის, ექიმ "კონოვალის" ვინაობის დადგენა შეძლო.

რუსეთის ფედერაციის ვლადიმირის ოლქში მდებარე პაკინოს კოლონია, სადაც უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო ტყვეები არიან მოთავსებული, გამოირჩევა სხვა რუსული ციხეებისგან. სექსუალური ხასიათის ძალადობა აქ სისტემატურ პრაქტიკას წარმოადგენს. ამ დაწესებულებაში ტყვეებს არა მხოლოდ სცემენ, არამედ სამედიცინო დახმარებასაც არ უწევენ, რაც ხშირად ფატალურ შედეგებს იწვევს.

ტყვეების ჩვენებების თანახმად, „პაკინოში“ მოქმედებს მთელი სისტემა, რომლის მიზანიც ადამიანის ღირსების შელახვაა, რაც ჟენევის კონვენციის მიხედვით, სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ექიმი, მეტსახელად „კონოვალი“.

რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნებული ათეულობით უკრაინელი ჰყვება სისტემატურ სექსუალურ და ფსიქოლოგიურ წამებაზე, რომელსაც “კონოვალი” უწევდა ორგანიზებას.

„სქემებმა“ (რადიო თავისუფლება) ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა ექიმის ვინაობა.

მასალა მომზადებულია გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ქსელთან (OCCRP) თანამშრომლობით.

გამოსასწორებელი კოლონია N7 პაკინოში

2025 წლის ზაფხულში „სქემებმა“ გამოაქვეყნა სტატია „ექიმ ბოროტების“ შესახებ - მორდოვეთის N10 კოლონიის ექიმზე, რომელიც უკრაინელ სამხედრო ტყვეებს ამცირებდა, აწამებდა და სამედიცინო დახმარებას არ უწევდა, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

მაშინ ჟურნალისტებმა დაადგინეს ექიმის ვინაობა, რომელიც აღმოჩნდა ილია სოროკინი. ამის შემდეგ მის შესახებ გაეროს ტრიბუნიდანაც ისაუბრეს, ევროკავშირმა მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, ხოლო უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოგვიანებით „სქემების“ რედაქციას წყაროებმა ეროვნული პოლიციიდან მიაწოდეს ინფორმაცია კიდევ ერთ რუს ექიმზე, რომელიც სხვა რუსულ დაწესებულებაში ტყვეებს აწამებდა, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე უცნობი იყო.

საუბარია რუსეთის ვლადიმირის ოლქის სოფელ პაკინოში მდებარე განსაკუთრებული რეჟიმის N7 კოლონიაზე.

გამოსასწორებელი კოლონია N7 დაბა პაკინოში

2025 წელს ამ დაწესებულების ორ თანამშრომელს - უსაფრთხოებისა და ოპერატიული მუშაობის საკითხებში უფროსის მოადგილე ალექსეი ხავეცკის და ოპერატიულ თანამშრომელ გრიგორი შვეცოვს - უკრაინაში ბრალი წაუყენეს ტყვეების წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობაში.

სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება განასხვავებს პაკინოს კოლონიას რუსეთის სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებისგან.

„უკვე დოკუმენტირებულია სამხედრო დანაშაულის შემდეგი სახეები: წამება, არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების ხელყოფა, მათ შორის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა, გაუპატიურება და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმები“, - განუცხადეს „სქემებს“ უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში.

პაკინოს კოლონიაში ძირითადად რეციდივისტები - მრავალჯერ ნასამართლევი, მძიმე დანაშაულების განმეორებით ჩამდენი პატიმრები იხდიან სასჯელს.

კოლონია N7, პაკინო

2022 წლის ზაფხულში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ვლადიმირის ოლქის მედიამ დაწერა, რომ 1200-ზე მეტ ადამიანზე გათვლილ კოლონიას ნაწილობრივ ათავისუფლებდნენ რუსი პატიმრებისგან, რათა კოლონია სამხედრო ტყვეებისთვის დაეთმოთ.

და მალევე დაიწყო პაკინოში სხვადასხვა კატეგორიის ტყვეების გადაყვანა - ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების, სამოქალაქო პირებისა და სამხედროების, უკრაინელებისა და უცხოელების. პაკინოს „ბინადართა“ შორის იყვნენ ხერსონის ყოფილი მერი ვლადიმირ ნიკოლაენკო, ქართველი მოხალისე მამუკა გაწერელია, ბუჩის მცხოვრები სერგეი ახმეტოვი, ამერიკელი სტივენ ჯეიმს ჰაბარდი და უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკი.

ვოლოდიმირ ნიკოლაენკო, მამუკა გაწერელია, სერგეი ახმეტოვი, სტივენ ჯეიმს ჰაბარდი და დიმიტრო ხილუკი

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მონაცემებით, 2026 წლის მაისის შუა რიცხვებიდან პაკინოდან სამშობლოში დაბრუნება შეძლო 259 სამხედრო ტყვემ და სამმა სამოქალაქო პირმა.

„ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინის თითქმის ყველა დამცველი უკიდურესად მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის შედეგი იყო. გათავისუფლებულები ერთხმად აცხადებენ, რომ აღნიშნულ კოლონიაში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, ვერ იღებდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამედიცინო პერსონალი თავად მონაწილეობდა ტყვეების მიმართ სასტიკ მოპყრობაში“, - აცხადებენ უწყებაში.

უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის აპარატის პასუხში ნათქვამია: „ტყვეობიდან გათავისუფლებულები ერთხმად აღწერენ უკრაინის მოქალაქეების მიმართ უკიდურესად ღირსების შემლახავ მოპყრობას, წამებას, სასტიკ ძალადობას, უკიდურესად არასაკმარის და უხარისხო კვებას, სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფის არარსებობასა და დაავადებების, მათ შორის ინფექციური დაავადებების, ფართო გავრცელებას.“

„სქემები“ ესაუბრა 50 ყოფილ ტყვეს, რომელთა ჩვენებების საფუძველზე ჟურნალისტებმა დაადგინეს, სად ჰყავდათ ტყვეები მოთავსებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ აწამებდნენ მათ.

პაკინოს კოლონიაში პატიმრებისთვის სამი კორპუსი გამოიყო.

პაკინოში ტყვეებისთვის სამი კორპუსი იყო გამოყოფილი. 2023 წელს რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრეს: მეორე კორპუსი მთლიანად დაცვის საჭიროებებს დაეთმო. ტერიტორია, სადაც ტყვეები იმყოფებოდნენ, მაღალი მესრით შემოღობეს, ხოლო ფანჯრის მინები სქლად შეღებეს, რათა გარეთ ვერაფრის დანახვა შესძლებოდათ.

ტყვეობიდან გათავისუფლებული დმიტრო ხილიუკი იხსენებს: „ფანჯრის გაღების უფლება მხოლოდ გასანიავებლად გვქონდა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა დროს გაგეღო. ისედაც ვერაფერს დაინახავდი - წინ მაღალი ღობე იდგა, მაგრამ ცის უფრო დიდ ნაწილს მაინც მოჰკრავდი თვალს. ესეც აკრძალული იყო.“

პირველ კორპუსში განთავსებული იყო სამედიცინო პუნქტი, ოპერატიული თანამშრომლების კაბინეტები და ტყვეების საკნები.

N7 კოლონიის პირველი კორპუსი

მესამე კორპუსშიც - ოპერატიული თანამშრომლების ოთახები, საკნები და მცირე სამლოცველოც კი.

თუმცა ყოფილი ტყვეების თქმით, პაკინოში ყველა სივრცეს ფაქტობრივად დაკითხვებისა და ცემისთვის იყენებდნენ. ყველაზე ხშირად - ბიბლიოთეკას. სწორედ იქ აიძულებდნენ ტყვეებს რუსული პროპაგანდისთვის ვიდეოების ჩაწერას.

ტყვე დაკითხვისას

სწორედ ამ ოთახში ყველაზე ხშირად იყენებდნენ ცემის განსაკუთრებულ მეთოდს - ე.წ. ბასტონადას, რაც გულისხმობდა ხელკეტის მრავალჯერად, ძლიერ დარტყმებს ფეხის გულებზე, რის შედეგადაც ადამიანი სიარულის უნარს კარგავდა.

დმიტრო ხილიუკი რუსეთის ტყვეობიდან 2025 წლის აგვისტოში დაბრუნდა. ტყვეობაში მან სამ წელზე მეტი გაატარა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ აღიარა, რომ ჟურნალისტი მათ პატიმრობაში იმყოფებოდა.

უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრო ხილიუკი

ხილიუკის მშობლიური სოფელი კოზაროვიჩი (კიევის ოლქი) რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის არმიამ დაიკავა. დმიტროს თქმით, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც მის სახლში შეიჭრნენ, პირწმინდად გაძარცვეს.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ერთ დღეს მან მამასთან ერთად მეზობლებთან წასვლა გადაწყვიტა, რათა ცოტა ბურღული ეთხოვათ.

„განზრახ ბოსტნებში მივდიოდით, რომ გზაში რუს სამხედროებს არ გადავყროდით. მაგრამ ხუთი შეიარაღებული კაცი გადაგვეღობა გზაზე. გარეგნობით ბურიატები იყვნენ. იარაღი მოგვიშვირეს, მიწაზე დაგვაწვინეს, გაგვჩხრიკეს, ქურთუკები თავზე გადაგვაფარეს და იარაღის მუქარით წაგვიყვანეს. იქ ადგილობრივი ქარხანა იყო, უფრო სწორად, საწყობი და ლოგისტიკური ცენტრი. სწორედ იქ, იმ ცენტრის ბნელი ოთახიდან დაიწყო ჩემი ტყვეობა.“

დაკითხვის დროს ხილიუკმა თქვა, რომ ჟურნალისტი იყო.

„მკითხეს: „პროფესიით ვინ ხარ?“ ვუპასუხე: „ჟურნალისტი“. „აქ რას აკეთებდი? რას იღებდი? რას აკვირდებოდი?“ ვუთხარი: „აქ ვცხოვრობ“, - იხსენებს ხილიუკი.

პაკინოს კოლონიაში 2023 წლის მაისში გადაიყვანეს.

„დერეფანში გვაიძულებდნენ გვეხოხა და ამბობდნენ: „სელაპივით იხოხეთ“. ანუ მხოლოდ ხელებით, ფეხების დახმარების გარეშე. იატაკზე ბასრი ფილები იყო. ბევრს ფეხები ეჭრებოდა, ჭრილობები ჩირქდებოდა, მკურნალობა კი საერთოდ არ არსებობდა. როცა ამ „სელაპების“ ამბავმა მასობრივი ხასიათი მიიღო, ბოლოს შეწყვიტეს“, - ამბობს ხილიუკი.

მისი თქმით, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წამებას ექვემდებარებოდნენ როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო ტყვეები, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ახალგაზრდები.

„მათთვის ეს ერთგვარი სიამოვნება იყო: „აჰა, ახალგაზრდა ხარ? ჯანმრთელი ხარ? სპორტსმენიც იყავი? ჩვენ მაინც გაგტეხავთ“, - ამბობს ყოფილი ტყვე.

სწორედ ასე, კიდევ ერთი ყოფილი ტყვის, საზღვაო ქვეითისა და მარიუპოლის დამცველის, დავიდ პრადჩენკოს თქმით, „გატეხეს“ მისი ერთ-ერთი თანასაკნელი.

დავიდ პრადჩენკო, საზღვაო ქვეითი, მარიუპოლის დამცველი

თავად დავიდი ერთ-ერთი პირველი უკრაინელია, რომელიც პაკინოში მოხვდა. 2020 წელს მან კონტრაქტი გააფორმა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან. 22 წლის ასაკში მონაწილეობდა მარიუპოლის დაცვაში, სადაც ტყვედ ჩავარდა. 2022 წლის ოქტომბერში იგი ვლადიმირის ოლქის კოლონიაში გადაიყვანეს. საერთო ჯამში, ტყვეობაში გაატარა 1 144 დღე.

„იქ ბევრი რამ ხდებოდა. რეგულარული დაკითხვები. მაგალითად, ჩამოდიოდა ვიღაც საგამოძიებო კომიტეტის ან ФСБ-ს თანამშრომელი. ოთახში შეგიყვანდნენ და გეტყოდნენ: კედელთან გამართულად დადექიო და მაშინვე ელექტროშოკერებით გიწყებდნენ დამუშავებას“, - ამბობს სამხედრო.

პრადჩენკოს თქმით, პაკინოში არსებული სასტიკი რეჟიმი და მუდმივი ძალადობა ვერ აიტანა 23 წლის პავლო პოლევიჰმა, რომელიც ასევე საზღვაო ქვეითი იყო.

პავლო პოლოვიჰი, მარიუპოლის დამცველი

ბიჭს ჰქონდა სტრესით გამოწვეული ძლიერი გამონაყარი, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე არაერთხელ უთხრეს უარი. პრადჩენკო დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს გახდა ბოლო წვეთი.

„სუიციდის არაერთი მცდელობა ჰქონდა. გამუდმებით იქავებდა სხეულს. გუშაგებს ეუბნებოდა, მომეცით იარაღი, თავს მოვიკლავო. მორალურად სრულიად განადგურებული იყო. ჩვენ ყველანი ვცდილობდით მის გამხნევებას. ერთხელ საკანში საწოლზე ჩამოვჯექი, ცოტათი რომ დამესვენა, რადგან სულ ფეხზე ვიდექით. ამ დროს ჩემმა თანამესაკნემ პავლოზე მიმითითა. მივიხედე და ვხედავ, პაშა ზეწრით ჩამოხრჩობას ცდილობს. ვუთხარი: „პაშა, რას აკეთებ?“ ის კი მხოლოდ იმეორებდა: „არა, მე არაფერი, მე არაფერი...“

გუშაგებს ეუბნებოდა, მომეცით იარაღი, თავს მოვიკლავო"

მაგრამ 2023 წლის 30 მაისის ღამეს პავლო პოლოვიჰმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დავიდი იმ ღამის მოვლენებს ასე იხსენებს: „პაშამ თქვა: „სხვა უფრო მოხერხებულ საწოლზე გადავწვები“. ყურადღება არ მიგვიქცევია - ვიფიქრეთ, ყველაფერი რიგზე იყო. მან მომენტი შეარჩია, როცა ყველას ეძინა. ხმა საერთოდ არ გაგვიგონია. მერე ზეწარი მოაჯირზე გადაკიდა და თავი ჩამოიხრჩო. ვეცით, ავწიეთ, მაგრამ უკვე ცივი იყო. საწოლზე დავაწვინეთ, ვაბრახუნებდით კარზე და მცველებს ვეძახდით: „200-იანი გვყავს! 200-იანი!“ კარი გააღეს და ვუთხარი: „გვამი გვაქვს“.

ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე კოლონიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია იმყოფებოდა.

„სირცხვილი“ და „პაროდია“ - ასე აფასებს დმიტრო ხილიუკი ამ ვიზიტს. მისი თქმით, წითელი ჯვრის წარმომადგენლები პატიმრებს კითხვებს უსვამდნენ რუსი გუშაგების თანდასწრებით.

„წინასწარ გაგვაფრთხილეს, - ამბობს იგი. - ხვალ სტუმრები მოვლენ და ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე თქვენგანმა რამეზე დაიჩივლოს“.

პავლო პოლოვიჰი ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ მცირერიცხოვან ტყვეთაგან, რომლებმაც უცხოელ სტუმრებს სიმართლე უთხრეს იმის შესახებ, რაც პაკინოში ხდებოდა.

„მან ყველაფერი ისე აღწერა, როგორც სინამდვილეში იყო. ყველაფერი უამბო სტუმრებს“, - ამბობს პრადჩენკო.

ტყვეთა საკანი - ილუსტრაცია

„სქემების“ ჟურნალისტების თხოვნას, გაეზიარებინათ 2023 წლის მაისში ჩატარებული ინსპექციის შედეგები და პავლო პოლოვიჰის მიმართვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) უპასუხა, რომ „ამგვარი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ“.

„2022 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის (რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) ესკალაციის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი რეგულარულად ინარჩუნებს კონტაქტს კონფლიქტის მხარეებთან, რათა შეახსენოს მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები პასუხისმგებელნი არიან მოქმედი წესების დაცვაზე, მათ შორის პატიმრობისა და ტყვეობის პირობებთან დაკავშირებული სტანდარტების შესრულებაზე.

როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში პატიმრობის ან ტყვეობის ადგილებში შესვლის შესაძლებლობა გვეძლევა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაფასოთ პატიმრობის პირობები და მოპყრობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლებასთან კონფიდენციალური ორმხრივი დიალოგის გზით მათ გაუმჯობესებას მივაღწიოთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

დავიდ პრადჩენკო განაგრძობს:

„იცით, როდესაც დელეგაციის წარმომადგენლები ჩამოდიან, ისინი ტყვეებს აძლევენ სპეციალურ ბლანკებს, რომლებზეც მიმართვის დაწერა და ტელეფონის ნომრის დატოვებაა შესაძლებელი. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სწორედ ამ ბლანკზე დაწერა პაშამ თავისი გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც ეწერა: „მამა, ყველაფერს გამიგებ".

პავლო პოლოვიჰი

პავლო პოლოვიჰის საცოლე, ანნა ამბობს, რომ პაკინოში მომხდარის შესახებ მხოლოდ 2024 წლის მარტში, ანუ თითქმის ერთი წლის შემდეგ შეიტყო.

„გვწერდა, რომ ძალიან ვუყვარვართ მამა და მე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც საერთოდ მივიღე მისგან. მაშინ მეგონა, უბრალოდ ცდილობდა რაიმე ნიშანი მოეწოდებინა, რომ ვახსოვართ, ვუყვარვართ და უძლებს. ჩემთვის ეს დიდი იმედი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი უკანასკნელი წერილი იქნებოდა“, - იხსენებს ანნა.

ანნა, პავლოს მეგობარი გოგონა

სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პავლო კონტრაქტით მსახურობდა უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში. პავლოს ბიძაშვილი, იანი, ბავშვობის ფოტოებს გვაჩვენებს და ამბობს, რომ სამხედრო სამსახურის არჩევა პავლოს ბავშვობის ოცნებას - ზღვასა და გემების სიყვარულს უკავშირდებოდა.

„ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. ყოველთვის ერთად ვიყავით. ფაქტობრივად, ერთ ოჯახში გავიზარდეთ. პატარაობაში იმდენად ვგავდით ერთმანეთს, რომ ხშირად ვერეოდით ერთმანეთში. ერთხელ კი ისე მოხდა, რომ ის შეცდომით ჩემს სახლში წაიყვანეს, მე კი მის სახლში დავრჩი. ტყუპებივით ვიზრდებოდით“, - ამბობს იანი.

პავლო და ანნა

ომის დროს პავლო ყუმბარმტყორცნელი გახდა და მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდა. 2022 წლის აპრილში მასთან კავშირი გაწყდა.

ანნა იხსენებს, რომ პავლოს ტყვეობის შესახებ რუსული ტელევიზიის ვიდეოდან შეიტყვეს: „ვიდეოში ვიპოვეთ. კაპიუშონი ეხურა. მხოლოდ წვერი და ცხვირი დავინახე - ასე ვიცანი.“

მოგვიანებით ოჯახს პავლოს ამოცნობა უკვე მისი ცხედრისთვის გადაღებულ ფოტოზე მოუწია.

იანი ამბობს: „ეს ჩემთვის უზარმაზარი შოკი იყო. ბოლომდე არ მჯეროდა, სანამ ფოტოები არ ვნახე. ვფიქრობდი, შეცდომა იყო. მე და პავლოს ერთნაირი ტატუ გვქონდა. სწორედ ტატუს მიხედვით მივხვდი, რომ ის იყო.“

იანი - პავლო პოლოვიჰის ბიძაშვილი

2024 წელს პავლოს ცხედარი უკრაინაში დააბრუნეს და დაკრძალეს მშობლიურ ოლექსანდრივკაში, სადაც მას მთელი სოფელი გამოეთხოვა.

რატომ გადადგა პავლომ ასეთი ნაბიჯი?

„ვფიქრობ, იმდენად აწამეს, რომ უბრალოდ ვეღარ გაუძლო“, - ამბობს ანნა.

დავიდ პრადჩენკო, რომელიც პავლოსთან ერთად ერთ საკანში იმყოფებოდა, იხსენებს: „დახმარებას ითხოვდა. ითხოვდა რაიმე წამალს, რომ ქავილი მაინც შესწყვეტოდა, რადგან კანს სისხლის წამოსვლამდე იფხანდა.“ დავიდის თქმით, კოლონიის ექიმი ამ თხოვნებზე ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს აძლევდა: „მე აქ ვერაფერს ვხედავ. რა გჭირს? ვერაფერს ვხედავ". ამით ყველაფერი მთავრდებოდა“.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტყვეობიდან გათავისუფლებული ყველა ადამიანი სწორედ ამ ექიმს იხსენებდა. ექიმს, რომელიც არა მხოლოდ უარს ამბობდა პატიმართა მკურნალობაზე, არამედ ამცირებდა და ძალადობდა მათზე.

„შეეძლო მოსულიყო და ეთქვა: „რა გჭირს, შე ... ახლავე გიხმარ...“ შენ ეუბნები, რომ სხეული გექავება, ის კი გიპასუხებდა: „მაჩვენე სასქესო ორგანო, მაჩვენე უკანალი", - ამბობს დავიდ პრადჩენკო.

შენიშვნა: ქვემოთ მოცემული ტექსტი შეიცავს წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და სექსუალური ხასიათის ძალადობის აღწერას.

„მას ხშირად ჰქონდა ჰომოსექსუალური შინაარსის დამამცირებელი „ხუმრობები“. პაკინოში იყო ერთი ტყვე - ახალგაზრდა ოფიცერი. სასქესო ორგანოებზე ლაქები გაუჩნდა. ეს ექიმი ეუბნება: „მაჩვენე, ტრუსები გაიხადე. ოჰ, რა კარგი ასოს თავი გაქვს“. აი, ასეთი იყო მისი „ხუმრობები“. კიდევ ამბობდა: „რა კარგი კვერცხები გაქვს“, - იხსენებს დმიტრო ხილიუკი.

„ჩემთან ერთად საკანში ერთი ბიჭი იყო და ექიმი დაგვცინოდა: „იქნებ წყვილი გახდეთ?“ მერე კიდევ ამბობდა: „მოდი, ვაზელინს მოგცემთ, ოღონდ მეც მაყურებინეთ“, - ჰყვება იგორ შიშკო, რომელიც დმიტრო ხილიუკთან ერთად ერთ საკანში იმყოფებოდა. იგორი პაკინოდან 2024 წლის მაისში დაბრუნდა. საერთო ჯამში რუსულ ტყვეობაში 801 დღე გაატარა.

იგორ შიშკო, ყოფილი ტყვე

2022 წლამდე იგორი ბიზნესით იყო დაკავებული, მობილიზაციის შემდეგ კი უკრაინის სპეციალური დანაყოფის, Kraken-ის რიგებში იბრძოდა.

იგორ შიშკოს ფოტო

„იმ აზრთან შეგუება, რომ საკუთარი სახლი უნდა მიმეტოვებინა ან რუსული ჩვრის - ტრიკოლორის ქვეშ მეცხოვრა, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო“, - ამბობს შიშკო.

იგი იხსენებს, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად რადიოდაზვერვის დავალებიდან ბრუნდებოდა, რუსეთის სამხედროების საგუშაგოს გადააწყდნენ. სწორედ მაშინ ჩავარდა ტყვედ.

2023 წლის მაისში პაკინოში გადაიყვანეს. შიმშილის, ყოველდღიური ცემისა და ელექტროშოკერებით წამების გარდა, მისი თქმით, კოლონიაში სხვა სახის დამამცირებელ პრაქტიკებსაც მიმართავდნენ.

„ერთი თვის განმავლობაში სრულიად შიშვლებს გვამყოფებდნენ. ერთ საკანში 15 კაცი ვიყავით. იძულებული ვიყავით ერთმანეთის სხეულებს შევხებოდით. ესეც ფსიქოლოგიური ზეწოლის დამატებითი ინსტრუმენტი იყო.“

"დოქტორი სიკვდილი" - ილუსტრირებული ფოტო

ზოგჯერ უკრაინელ ტყვეებს გარეთ ე.წ. მზის აბაზანების მიღებასაც აიძულებდნენ - ასევე სრულიად შიშვლებს. ამ მეთოდს განსაკუთრებით ხშირად იყენებდა სამედიცინო ნაწილის ერთ-ერთი ექიმი, რომელთანაც ტყვეებს ყველაზე ხშირად ჰქონდათ შეხება.

შიშკო იხსენებს: „ექიმს ვკითხე, რა სარგებელი ჰქონდა იმას, რომ შიშვლები ვიყავით. მან მიპასუხა: „იცით, რატომ სხედხართ ამ ცივ საკანში? სპეციალურად იმისთვის, რომ ტკიპა მოკვდეს. და სასურველია თქვენთან ერთად".

პატიმრები ექიმს სხვადასხვა მეტსახელს არქმევდნენ: „დოქტორი სიკვდილი“, „დოქტორი ჩირქი“ და „სანდალი“, რადგან ზამთარ-ზაფხულ სანდლებით დადიოდა. თუმცა ყველაზე გავრცელებული მეტსახელი იყო „კონოვალი“. ისტორიულად რუსულ ენაში „კონოვალს“ ვეტერინარს უწოდებდნენ, დღეს კი ეს სიტყვა დამამცირებელი მნიშვნელობით არაკვალიფიციური ექიმის აღსანიშნავად გამოიყენება.

შიშკო ამბობს: „ერთსა და იმავე ჩხირს იყენებდა - არასოდეს ცვლიდა. ამ ჩხირით მითვალიერებდა ყელს, როცა ძლიერი ანთება მქონდა. მერე მეუბნება: „ახლა გიმკურნალებ“. და ამ ჩხირს კიდევ უფრო ღრმად მტენიდა ყელში, განზრახ უფრო მეტად რომ გაეღიზიანებინა. შემდეგ მეკითხებოდა: „აბა, როგორ მოგწონს?“ მერე სამედიცინო პუნქტში გვაიძულებდა, ერთმანეთზე დავწოლილიყავით და სხვა დამამცირებელი მოქმედებები შეგვესრულებინა. თვითონ და კიდევ ხუთი-ექვსი თანამშრომელი გვიყურებდნენ და იცინოდნენ. ამბობდა: „მე ამას სამედიცინო თვალსაზრისით ვაკვირდები - მაინტერესებს, რომელი კუთხე იქნება საუკეთესო“.

შიშკო განაგრძობს: „ყველაზე საშინელი ის იყო, რომ რაღაც მომენტში ხვდებოდი - შენზე იყო დამოკიდებული ყველა დანარჩენი ტყვეც. თუ მოთხოვნას არ შეასრულებდი, მთელ საკანს საჭმლის გარეშე დატოვებდნენ. ასე გვაიძულებდნენ კოლექტიური პასუხისმგებლობის განცდას. შენზე იყვნენ დამოკიდებული როგორც ახალგაზრდები, ისე უფროსი ასაკის ადამიანები და ავადმყოფებიც.“

ილუსტრირებული ფოტო

„ანუ მოდიოდნენ, გაიძულებდნენ გარკვეული ხასიათის სცენების გათამაშებას, ხოლო უარის შემთხვევაში, გსჯიდნენ?“ - ჩაეკითხა „სქემები“ ყოფილ ტყვეს.

„დიახ. საჭმელს აღარ გვაძლევდნენ, გვცემდნენ და სხვა სასჯელსაც გვიყენებდნენ. ერთხელ საღამოს უკვე აშკარა იყო, რომ რაღაცას აპირებდნენ - უნდოდათ, გარკვეული სცენები გაგვეთამაშებინა. მაშინ ერთმა თანამესაკნემ გვითხრა: „ბიჭებო, საღამოს ჭამა მინდა. გთხოვთ, გააკეთეთ რასაც გეუბნებიან, იცეკვეთ, იხტუნავეთ, ოღონდ კმაყოფილები დარჩნენ და საჭმელი მოგვცენ“. აი, აქამდე მიდიოდა საქმე. ეს ძალიან დამამცირებელი იყო. ვუთხარი: „არაფერს გავაკეთებ. ჯობია მომკლან“, - ჰყვება შიშკო.

2023 წლის ზაფხულში კოლონიაში ქეცის ეპიდემია გავრცელდა - ეს კანის პარაზიტული დაავადებაა. დაავადება უკრაინელი ტყვეების ყველა კორპუსს მოედო. დღეს მისი მკურნალობა, შესაბამისი მედიკამენტებისა და კარანტინის პირობებში, საკმაოდ სწრაფად არის შესაძლებელი. თუმცა პაკინოში მსგავსი მკურნალობა არ ტარდებოდა.

ყოფილი ტყვეების ანონიმური ჩვენებებიდან:

„მნიშვნელოვანია, როგორ დახმარებას გვიწევდა ის, როგორ იქცეოდა. როცა ქეცის გამო ღამით არ გვეძინა და არც დღისით გვაძლევდნენ დასვენების საშუალებას, მალამოს ვთხოვდით, ის კი გვეუბნებოდა, რომ უნდა დავტანჯულიყავით. მე ექვსი თვე ვიტანჯებოდი, სანამ შემოწმება არ მოვიდა.“

„შემოვლის დროს გვაიძულებდა გვეთქვა: „საკანში იმყოფება ქეცით დაავადებული შვიდი გამო..ევებული“. ასევე გვაშიშვლებდნენ, გვართმევდნენ თეთრეულს და გარკვეული დროით სრულიად შიშვლებს გვამყოფებდნენ საკანში.“

იგორ შიშკო იხსენებს, როგორ რეაგირებდა ექიმი, როდესაც იგი სამედიცინო დახმარებისთვის მიმართავდა:

„მეუბნებოდა: „წამალი მაქვს“. შემდეგ პატარა ჭიქაში - ისეთში, რომელშიც ჩვეულებრივ აბებს დებენ - წყალს მისხამდა და ამბობდა: „დალიე, ეს სამკურნალო წყალია“. რა იყო იმ წყალში, ვერ გეტყვით. გემო საერთოდ არ ჰქონდა, ჩვეულებრივ წყალს ჰგავდა“.

მსგავსად მოიქცა ექიმი მაშინაც, როდესაც იგორს ქეცი დაემართა და დახმარებისთვის მას მიმართა.

„ერთხელ მივედი, როცა ქეცი უკვე თვალებსაც მიწვავდა. ვიფიქრე, იქნებ ბრილიანტის მწვანე მაინც მომცეს, იქნებ რამით შემიმსუბუქოს-მეთქი. მან კი მითხრა: „ახლა მე შენ... აბა, თვალები დახუჭე, სწორად დადექი, გაიხადე, ახლა წაგისვამ“. მერე სახეზე მწვანეთი სათვალე დამახატა, ტანზე კი მამაკაცის სასქესო ორგანო და ქალის მკერდი. წელის ქვემოთ დამაწერა უხამსი წარწერა: „აქ იხმარეთ“ და ისარი დუნდულებისკენ მიმართა.“

თუ როგორ „მკურნალობდნენ“ კოლონიაში ამ პარაზიტულ დაავადებას, დმიტრო ხილიუკიც ჰყვება.

„ხშირად ქეცით დაავადებული ადამიანი იმ საკანში გადაჰყავდათ, სადაც ეს დაავადება ჯერ არ იყო გავრცელებული. თანაც ზამთრის ტანსაცმელი - "ტელოგრეიკა", ქუდი - ეს ყველაფერი საერთო იყო. შესაბამისად, ინფექცია ადვილად ვრცელდებოდა. ეპიდემიის შეჩერების არანაირი ლოგიკა არ არსებობდა. პირიქით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მისი გავრცელება უნდოდათ. მე, მაგალითად, ორჯერ გადავიტანე ქეცი. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამჯერაც დაავადდნენ“, - ამბობს ჟურნალისტი.

საზღვაო ქვეითი დავიდ პრადჩენკო ამატებს:

„შენ დახმარებას სთხოვ, ის კი ჯვარს გადაგსახავს და გეუბნება: „ღმერთი გფარავდეს“. სხვისთვისაც უთქვამს: „მამაო ჩვენო“ იცი? დღეში სამჯერ წაიკითხე და გაგივლის“. რანაირი ექიმია, თუ ასე მკურნალობს? ან თავზე ხელს გადაგისვამს და გეტყვის: „კატასაც სტკივა, ძაღლსაც სტკივა და შენც გაგივლის“. ამით მთავრდებოდა ყველაფერი.“

დმიტრო ხილიუკი, უკრაინელი ჟურნალისტი

„შიშვლებს გვატარებდა და გაუპატიურებით გვემუქრებოდა“

„სქემები“ ესაუბრა დაახლოებით ორმოცდაათ ტყვეს, რომლებიც პაკინოდან 2024-2026 წწ. პერიოდში გათავისუფლდნენ.

მათგან უმეტესობამ, გასაგები მიზეზების გამო, არ ისურვა გადატანილი წამებისა და დამცირების გახსენება. ნაწილმა მხოლოდ ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ყოფილი ტყვეების ანონიმური ჩვენებებიდან:


„ჩვენი ვარაუდით, გარყვნილი, სექსუალური გადახრების მქონე ადამიანი იყო. სიამოვნებდა ჩვენს დუნდულებსა და სასქესო ორგანოებზე ლაპარაკი."

„უმიზეზოდ ათვალიერებდა სასქესო ორგანოებს და სექსუალური ძალადობით გვემუქრებოდა.“

„ერთხელ ერთ შიშველ ტყვეს „კონოვალი“ აიძულებდა მისულიყო და ეჩვენებინა, თითქოს სხვა ტყვეებს აუპატიურებდა.“

„როდესაც სხეულის დათვალიერება ტარდებოდა, გვაიძულებდა, შიშვლები ერთმანეთზე მჭიდროდ მიკრულები ვმდგარიყავით. მისი ბრძანებით სრულიად შიშვლები დავდიოდით, მათ შორის ეზოშიც.“

„სწორედ ექიმი გვაიძულებდა შიშვლად სიარულს. ამავე დროს გაუპატიურებითაც გვემუქრებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ჩემთან ერთად მყოფ ტყვეს დუნდულებზე ფანქარს უსვამდა, თითქოს ეფერებოდა.“

„ბოლო პერიოდში ახალი „გართობა“ მოიფიქრა - ცდილობდა, ტყვეები დაეყოლიებინა რექტალურ გამოკვლევაზე. საკუთარი ყურით გავიგონე, როგორ გასცა მითითება, რომ საღამოსთვის ახალი „სცენა“ მოეფიქრებინათ და დაასახელა კონკრეტული ტყვეები მასში მონაწილეობის მისაღებად.“

ექიმი „კონოვალი“. იდენტიფიკაცია

„სქემების“ ჟურნალისტებმა ტყვეების მონათხრობის საფუძველზე ექიმის პორტრეტი შეადგინეს:

„ის იშვიათად იკეთებდა ბალაკლავას, ძირითადად მარლის ნიღბით დადიოდა.“

„ის მაღალი, მოსული მამაკაცია, დაახლოებით 105 კილოგრამს იწონის. კანი მუქი აქვს, სახეზე ეტყობა, რომ ალკოჰოლის დიდი ხნის მომხმარებელია.“

„დაახლოებით 50 წლისაა. სიმაღლე - დაახლოებით 185 სანტიმეტრი.“

„ულვაშისა და სათვალის გარეშე.“

„თვალები კარგად არ მახსოვს, მაგრამ ოდნავ წვრილი ჰქონდა.“

„მელოტია ან ძალიან თხელი თმა აქვს.“

„უწვერო იყო, ყოველთვის გაპარსული. ხშირად ამბობდა, რომ ოფიცერია, კაპიტნის წოდებისა. ნამდვილად ეგ იყო მთავარი ექიმი.“

„ირიბი თვალები ჰქონდა, სიმაღლე დაახლოებით 180-190 სმ, მუქი კანი, მუქი თმა და დიდი აღნაგობა.“

ჟურნალისტებმა დაასკვნეს, რომ „კონოვალი“ რუსეთის ფედერაციის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) ვლადიმირის ოლქის სამედიცინო-სანიტარული სამსახურის სისტემაში უნდა ეძებნათ. გამოძიებით დადგინდა, რომ პაკინოს N7 კოლონიას ემსახურებოდა კონკრეტული დაწესებულება - სამედიცინო-სანიტარული ნაწილი N33.

KibOrg-ის პროექტის დახმარებით, რედაქციამ მოიპოვა ამ სამსახურის ასობით თანამშრომლის მონაცემები. გარეგნობის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების შედარებით ჟურნალისტებმა „კონოვალის“ ვინაობის დადგენა დაიწყეს.

ამ დროისთვის უკვე იცოდნენ, რომ ეძებდნენ დაახლოებით 50 წლის მამაკაცს - ულვაშისა და წვერის გარეშე, მოკლედ გაკრეჭილს ან მელოტს, მაღალს, მსხვილი აღნაგობისას და ოდნავ ირიბი თვალებით. გარდა ამისა, არსებობდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინიშნება: რამდენიმე ყოფილ ტყვეს ახსოვდა, რომ მას ვიაჩესლავი ერქვა.

სწორედ ასე შეძლეს ჟურნალისტებმა ერთ კონკრეტულ მედიკოსზე გასვლა.

რადგან „ეჭვმიტანილის“ სოციალური ქსელების პროფილები ან დახურული იყო, ან საერთოდ ცარიელი, „სქემებმა“ მისი ნათესავების გვერდებზე ათი წლის წინანდელი ფოტოები მოიძია. რამდენიმე ყოფილმა ტყვემ თქვა, რომ მამაკაცი მათ წამებაში მონაწილე ექიმს ჰგავდა. ეჭვების გასაფანტად, ჟურნალისტებმა მისი ყველაზე ახალი, 2023 წელს გადაღებული ფოტოც მოიპოვეს.

ყოფილმა ტყვეებმა ფოტოს დანახვისას თქვეს:

„დიახ, ჰგავს. თვალები და წარბები ძალიან ჰგავს.“

„ის არის.“

„97%-ით დარწმუნებული ვარ. ერთხელ ნიღბის გარეშე, კარის ჭუჭრუტანიდან დავინახე.“

„დიახ, ეს ის არის.“

„დიახ, სწორედ ეს არაკაცია.“

“ეს ნამდვილად ის არის, - თქვა მარიუპოლის დამცველმა დავიდ პრადჩენკომ ფოტოს დათვალიერების შემდეგ, - ზუსტად ასე გამოიყურებოდა, ლოყებიც ასეთი ჰქონდა. სათვალე რომ დაუმატოთ, ზუსტად ის იქნება.“

„ექიმი“ ყოფილმა ტყვემ იგორ შიშკომაც ამოიცნო:

„ეს ის ექიმია, 100%-ით. თვალები, მზერა და ხელები. განსაკუთრებით ხელები მახსოვს. ჰამადრილის ხელები ჰქონდა.“

დავიდ პრადჩენკომ ციხის კოლონიის ექიმი ამოიცნო.

საერთო ჯამში, ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ტყვეების ნაწილმა თქვა, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი „ძალიან ჰგავს“ ექიმს, ხოლო სხვებმა იგი უყოყმანოდ ამოიცნეს.

რედაქციამ ექიმის ფოტოები სამართალდამცავ ორგანოებსაც გადასცა. მათ განაცხადეს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პაკინოდან დაბრუნებული 47 უკრაინელიდან ორმოცზე მეტმა ამოიცნო ეს ადამიანი.

„მხოლოდ სიკვდილით დასჯას იმსახურებს. თანაც არა სწრაფს, არამედ ნელ სიკვდილს“, - ამბობს დავიდ პრადჩენკო.

გამოძიების მიხედვით, „კონოვალი“ 48 წლის ვიაჩესლავ ჩერდანცევია. დაიბადა ყირგიზეთში, სადაც, სავარაუდოდ, დაიწყო კიდეც სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობა.

კოლონიის ექიმი ვიაჩესლავ ჩერდანცევი

ჟურნალისტებმა ჩერდანცევის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინეს 2006 წლის ანგარიშში, რომელიც ყირგიზეთის არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიებს ეხებოდა. იმ პერიოდში “კონოვალი” ფელდშერად მუშაობდა არასრულწლოვანთა აღმზრდელობით კოლონიაში, სადაც ნარკოდამოკიდებულების მკურნალობისა და აივ-ინფექციის პრევენციის პროგრამებს კურირებდა.

იმავე ანგარიშის მიხედვით, ამ დაწესებულებაში სამედიცინო კაბინეტი ხშირად იყო დაკეტილი, ხოლო არასრულწლოვან პატიმართა ინფექციური და კანის დაავადებები, როგორც წესი, უყურადღებოდ რჩებოდა.

2013 წლიდან ჩერდანცევი უკვე რუსეთში ცხოვრობს, პაკინოს მახლობლად მდებარე დასახლებაში - პერვომაისკოეში, სადაც მეუღლესთან ერთად შეიძინა ბინა და ერთ-ერთ ბავშვთა სახლში დაიწყო მუშაობა.

2014 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 2015 წელს პაკინოს N7 გამოსასწორებელ კოლონიაში დასაქმდა. „კონოვალის“ ოფიციალური შემოსავლები ადასტურებს, რომ ამ დაწესებულებაში, სულ მცირე, 2025 წლამდე მუშაობდა.

მომხმარებელთა საკონტაქტო სიებში ჩერდანცევი სხვადასხვა ფორმით არის ჩაწერილი, მათ შორის: „ვიაჩესლავ ჩერდანცევი, N7 კოლონია“; „ფელდშერი ვიაჩესლავ ჩერდანცევი“.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში ექიმი, როგორც ჩანს, ცდილობს შეუმჩნეველი დარჩეს, მის მეგობრებს შორის არიან კოლონიის თანამშრომლებიც, მათ შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები. ჟურნალისტებმა ასევე იპოვეს 2018 წელს გადაღებული ერთადერთი ჯგუფური ფოტო, რომელზეც ჩერდანცევი კოლონიის სხვა თანამშრომლებთან ერთად არის აღბეჭდილი.

ჩერდანცევი ჯგუფურ ფოტოზე კოლონიის სხვა თანამშრომლებთან ერთად

ვიაჩესლავ ჩერდანცევი დაქორწინებულია, ჰყავს ორი შვილი. მისი მეუღლე ადგილობრივ სკოლაში მუშაობდა, ხოლო ვაჟმა და ქალიშვილმა მამის გზა აირჩიეს და სამედიცინო კოლეჯი დაამთავრეს.

რედაქცია შეეცადა ჩერდანცევთან დაკავშირებას, თუმცა მან არც სატელეფონო ზარს არ უპასუხა და არც - ტექსტურ შეტყობინებებს.

ჩერდანცევი ცოლთან ერთად

„იარიკი“

გათავისუფლებული უკრაინელების მოგონებების მიხედვით, ჩერდანცევს ზოგჯერ თან ახლდა რუსი მსჯავრდადებული, რომელსაც ყველა „იარიკს“ ეძახდა.

აი, რას იხსენებენ მის შესახებ ყოფილი ტყვეები (ანონიმურობის დაცვით):

„უზომოდ საზიზღარი ადამიანი იყო. ყველაფერს გავიღებდი, ფეხით მისი გათელვის სანაცვლოდ. ვერც წარმოიდგენთ, როგორი არაკაცი იყო.“

„გვაყენებდა შეურაცხყოფას, ზემოდან გვიყურებდა, გვამცირებდა. საკმაოდ ფართო უფლებამოსილება ჰქონდა - თვითონ შეეძლო საკნის გაღება, ადამიანის გამოყვანა და შეყვანა.“

„რა თქმა უნდა, გვცემდა კიდეც. თან დამცირების ახალ-ახალ მეთოდებს იგონებდა და მცველებსაც სთავაზობდა.“

„გვცემდა, თუმცა იშვიათად. ხან მცველებს მოგვიქსევდა, ხან კი, პირიქით, მათგან გვიცავდა. ყველაფერი მის ხასიათზე იყო დამოკიდებული.“

„საჭმელი მოჰქონდა და არიგებდა. თეფშს მოგაწვდიდა. სანამ ძირს დადგამდი, უკვე მეორეს გჩრიდა ხელში, რის გამოც საჭმელი გექცეოდა. ამ დროს კარს აღებდა და გცემდა”.

იმ თანამშრომელთა სიაში, რომელიც KibOrg-ის პროექტმა „სქემებს“ გადასცა, იყვნენ მსჯავრდადებულებიც, რომლებიც კოლონიაში გარკვეული სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურებას იღებდნენ. სწორედ ამ სიაში იპოვეს ჟურნალისტებმა „იარიკიც“ - 29 წლის იაროსლავ კირილოვი, რომელიც დაპატიმრებამდე ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ხშირად სარგებლობდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით.

“იარიკი” 2021 წელს დააკავეს, მოგვიანებით კი 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის.

იაროსლავ კირილოვი, „დღის მორიგე“, უკრაინელი ტყვეების ზედამხედველი

კოლონიაში იაროსლავ კირილოვი ხელფასს იღებდა „დღის მორიგის“ (საკნების ზედამხედველის) ფუნქციების შესრულებისთვის. როგორც ჩანს, სწორედ ეს თანამდებობა აძლევდა მას გარკვეულ პრივილეგიებსა და ძალაუფლებას, რაც უკრაინელი ტყვეების დამცირებისა და მათზე ძალადობისთვის გამოიყენა.

რედაქციამ ასევე დაადგინა და გამოაქვეყნა იმ პირების ვინაობაც, რომლებიც კოლონიაში ოპერატიულ, დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილებებში მუშაობდნენ.

2023 წლამდე კოლონიის სამედიცინო ნაწილს, სავარაუდოდ, ანდრეი ლევშინი ხელმძღვანელობდა. შემდეგ ხელმძღვანელის ფუნქციები გადავიდა ვიაჩესლავ ჩერდანცევის ხელში. ვლადიმირის ოლქის სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო პერსონალზე ზედამხედველობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა სამედიცინო-სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელი სვეტლანა მიხეევა.

ქვემოთ მოცემულია პაკინოს კოლონიის ხელმძღვანელობის შემადგენლობა 2022–2026 წლებში.

რედაქციამ კითხვებით მიმართა როგორც N7 კოლონიის უფროსს, ისე რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) ხელმძღვანელს. წერილებში ჟურნალისტებმა მოითხოვეს განმარტებები დაწესებულებაში ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

„სქემების“ რედაქციამ გამოძიების შედეგად მოპოვებული ყველა მასალა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა.

1949 წლის ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ არის ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც სამხედრო ტყვეების სტატუსსა და მათთან მოპყრობის წესებს არეგულირებს. კონვენცია კატეგორიულად კრძალავს წამებას, ავალდებულებს ტყვეებისადმი ჰუმანურ მოპყრობას, უზრუნველყოფს მათთვის სამედიცინო დახმარების, სათანადო პირობებში ყოფნისა და ოჯახთან კავშირის შენარჩუნების უფლებას.