Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სანამ დენს ჩართავდნენ" - სექსუალიზებული წამება რუსეთის ტყვეობაში

უკრაინელ ტყვეთა წამების რეალური ადგილების ფოტოები. ილუსტრაცია. გამოყენებული ფოტოები: მედია ინიციატივა ხალხის უფლებებისთვის (MIPL), Non Fake, SBU, Human Rights Watch. ფოტო: RFE/RL Current Time
უკრაინელ ტყვეთა წამების რეალური ადგილების ფოტოები. ილუსტრაცია. გამოყენებული ფოტოები: მედია ინიციატივა ხალხის უფლებებისთვის (MIPL), Non Fake, SBU, Human Rights Watch. ფოტო: RFE/RL Current Time

„სანამ დენს ჩართავდნენ, მეუბნებოდნენ: „შეგიძლია ზელენსკის დაურეკო“. და ეს ფრაზები ისმოდა დაკავების განსხვავებულ ადგილებში, განსხვავებულ დასახლებულ პუნქტებში - ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვენს საწამებლად სპეციალური მომზადება ან წვრთნა ჰქონდათ გავლილი.“

რუსეთის ტყვეობაში მამაკაცების გაუპატიურებით ან სექსუალიზებული ძალადობის მუქარით ჩადენილი წამება სისტემურ ხასიათს ატარებს, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების Truth Hounds-ის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობის (IPHR) ახალ ანგარიშში.

გაფრთხილება: მასალა შეიცავს ძალადობის სცენების აღწერას.

„ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო კანონზომიერებებს“. სექსუალიზებული ძალადობის სისტემური ხასიათი

„მე მომპარეს ჩემი ცხოვრება“, - ამბობს ოლექსანდრ მაქსიმენკო, რომლის მშობლიური ხერსონი რუსმა სამხედროებმა 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის ზაფხულში ოლექსანდრი და მისი მეუღლე - ჟურნალისტი ანჟელა სლობოდიანი გაიტაცეს. ტყვეობაში მათ ერთ თვეზე მეტი გაატარეს. ოლექსანდრს, რომელიც მაშინ 68 წლის იყო, აწამებდნენ და ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებოდნენ. მამაკაცი იხსენებს, რომ წამებას, მათ შორის სექსუალიზებულ წამებას, სხვა სამოქალაქო ტყვეებიც სისტემატურად განიცდიდნენ.

„[რუს] სამხედროებს მამაკაცების დამცირებისა და წამების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ, - ამბობს ოლექსანდრი. - ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ეს სისტემაა, ფსიქოლოგიური იარაღია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა შეიმუშავეს - დახვეწილი დამცირება და სექსუალიზებული წამება იმისთვის, რომ მამაკაცის სული გაეტეხათ, პიროვნება გაენადგურებინათ და წინააღმდეგობის ნება ჩაეხშოთ. რადგან ხერსონის ოლქში მათ სრულიად მოულოდნელად მასშტაბური წინააღმდეგობა შეხვდათ.“

ორგანიზაცია Truth Hounds-ის უფლებადამცველებმა დაასკვნეს, რომ რუსი სამხედროებისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ სამოქალაქო ტყვე მამაკაცების მიმართ სექსუალიზებული წამება და ძალადობა სისტემურ ხასიათს ატარებს. უფლებადამცველებმა დეტალურად დააფიქსირეს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში მცხოვრები 212 მამაკაცის ისტორია, რომლებმაც კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალიზებული ძალადობა გადაიტანეს. დაზარალებულთა ნაწილმა ჩვენება თავად მისცა, ზოგიერთის ისტორია კი მოწმეებმა აღწერეს. ძალადობაგადატანილთა ნახევარზე მეტი ხერსონის ოლქიდანაა.

„ჩვენ ძალიან მკაფიო კანონზომიერებებს ვხედავთ, - ამბობს Truth Hounds-ის იურიდიული მრჩეველი და ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ევან ჰარარი. - მაგალითად, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, რომლებიც ერთმანეთისგან ასობით კილომეტრითაა დაშორებული, ვაწყდებით ერთი და იმავე ტერმინების გამოყენებას სექსუალური ძალადობის კონკრეტული ფორმების აღსანიშნავად. ჩვენი აზრით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუს სამხედროებს აქვთ ცოდნის ერთიანი სისტემა - იქნება ეს ფორმალურად დადგენილი თუ არაფორმალური.“

უფლებადამცველების მიერ დოკუმენტირებული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ელექტროდენით წამებაა: სასქესო ორგანოების, ანალური ხვრელის, ძუძუსთავებისა და სხეულის სხვა მგრძნობიარე ნაწილების დენის წყაროზე მიერთება.

„ადამიანს სკამზე აბამდნენ, კონტაქტებს სხეულის ყველაზე დაუცველ ადგილებზე - ყურის ბიბილოებზე, ნეკა თითებზე, სასქესო ორგანოებზე - უმაგრებდნენ. და სანამ დენს ჩართავდნენ, ეუბნებოდნენ: „ახლა კი შეგიძლია ზელენსკის დაურეკო“. ეს იყო ზარი ზელენსკისთან, ბაიდენთან ან ტრამპთან, - იხსენებს ოლექსანდრ მაქსიმენკო. - ეს ფრაზები ისმოდა დაკავების განსხვავებულ ადგილებში, განსხვავებულ დასახლებულ პუნქტებში - ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვენს საწამებლად სპეციალური მომზადება ან წვრთნა ჰქონდათ გავლილი.“

ამჟამად ოლექსანდრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია Alumni-ის („კურსდამთავრებულები“) სპიკერია. Alumni - ეს არის იმ უკრაინელი კაცების ქსელი, რომლებმაც ტყვეობა და წამება გადაიტანეს. ქსლის დაარსებიდან (2024 წ) ორგანიზაციას დაახლოებით 400 კაცმა მიმართა. მაქსიმენკოს თქმით, მათგან დაახლოებით 90%-მა ელექტროშოკის გამოყენებით სექსუალიზებული წამება გადაიტანა. როგორც Truth Hounds-ში, ისე Alumni-ში აღნიშნავენ, რომ მსგავსი წამებისთვის გამოიყენებოდა საბჭოთა წარმოების საველე სატელეფონო აპარატი ТА-57 („ტაპიკი“), რომელიც 1950-იან წლებში შეიქმნა. უფლებადამცველების შეფასებით, ესეც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რუსი სამხედროები და ძალოვნები ამგვარი წამებისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.

„საველე სატელეფონო აპარატებს უკვე ნახევარი საუკუნეა აღარ იყენებენ, - ამბობს მაქსიმენკო. - ახლა სრულიად სხვა ტექნიკაა, სხვა გაჯეტებია. და უცებ ყველა იმ ადგილას, სადაც ადამიანებს აკავებდნენ და აწამებდნენ, ერთდროულად ჩნდება ეს ТА-57-ები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ აპარატები სადღაც სპეციალურად ინახებოდა და თავის დროს ელოდებოდა, რათა წამებისთვის გამოეყენებინათ.“

მამაკაცების მიმართ სექსუალიზებული ძალადობის მეორე ყველაზე გავრცელებული ფორმა გაუპატიურების მუქარა და გაუპატიურებაა. თავიანთ ანგარიშში უფლებადამცველები აღწერენ შემთხვევას, როდესაც ერთი მამაკაცი ნიჩბის ტარით გააუპატიურეს.

„გაუპატიურების დროს ადგილზე იმყოფებოდა მეთაურიც. მოგვიანებით [გაუპატიურებული კაცი] მძიმე შინაგანი სისხლდენით სასაფლაოზე დატოვეს. მას ოპერაცია და პლაზმის რამდენიმეჯერ გადასხმა დასჭირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ყოფილმა ტყვეებმა უფლებადამცველებს უამბეს, რომ ხერსონის დროებითი მოთავსების იზოლატორში რუსმა სამხედროებმა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა სპეციალური საკანი მოაწყვეს, რომელსაც „პ*დერების საკანს“ უწოდებდნენ. სწორედ იქ ხდებოდა გაუპატიურება. გარდა ამისა ტყვე მამაკაცებს მუდმივად ემუქრებოდნენ ხოლო ამ საკანში გადაყვანით. ანგარიშის მიხედვით, რუსი სამხედროები ზოგჯერ ტყვეების ერთ ნაწილს აიძულებდნენ სექსუალიზებული ძალადობა ჩაედინა სხვა ტყვეების მიმართ, ან აიძულებდნენ, მსგავსი ძალადობისთვის ეყურებინა.

„ამიტომ ჩვენ ამას განვიხილავთ არა მხოლოდ როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ჩადენილ ძალადობას, არამედ როგორც ადამიანებს შორის კავშირების გაწყვეტისა და კოლექტიური წინააღმდეგობის განადგურების მეთოდს“, - ამბობს იურისტი.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც რუსეთის სამხედრო და უშიშროების ძალები უკრაინელ პატიმრებს ხერსონის ოკუპაციის დროს აწამებდნენ.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც რუსეთის სამხედრო და უშიშროების ძალები უკრაინელ პატიმრებს ხერსონის ოკუპაციის დროს აწამებდნენ.

Truth Hounds-ის მკვლევრები აცხადებენ, რომ უკრაინელ ტყვეებს ამყოფებენ როგორც სარდაფებში, ავტოფარეხებსა და სხვა არაფორმალურ დაკავების ადგილებში, ასევე ფორმალურ (ოფიციალურ) დაწესებულებებში - დროებითი მოთავსების იზოლატორებში, წინასწარი პატიმრობის იზოლატორებსა და ციხეებში, სადაც იმყოფებიან არა მხოლოდ რუსი სამხედროები, არამედ სხვა ძალოვანი უწყებების - ФСБ, როსგვარდია, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური - თანამშრომლებიც. უფლებადამცველების შეფასებით, ეს დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სექსუალიზებულ ძალადობას იწონებს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური და ძალოვანი ხელმძღვანელობა.

„ФСБ-ის (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) თანამშრომლები იმყოფებიან დაკავების ადგილებში, მონაწილეობენ დაკითხვებში, ზოგჯერ თავად გასცემენ სექსუალიზებული ძალადობის ბრძანებებს, ზოგჯერ კი უშუალოდაც მონაწილეობენ მასში, - ამბობს ევან ჰარარი. - ღია წყაროების დახმარებით ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურეთ, რომ ФСБ-ის ოფიცრები თავისუფლების აღკვეთის ამ ადგილებს მართავდნენ და სრულად იცოდნენ, რომ იქ ყოველდღიურად ხდებოდა სექსუალიზებული ძალადობა.“

მსგავს დასკვნამდე მივიდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს დარღვევების გამოსაძიებელი გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის გამომძიებლებიც. გაეროს კომისარმა და იურისტმა, რომელიც მრავალი წელია გენდერული ძალადობის საკითხებზე მუშაობს, ვრინდა გროვერმა ადრე The CurrentTime-ს უთხრა, რომ რუსი სამხედროები სისტემატურად იყენებენ სექსუალიზებულ ძალადობას უკრაინელ ქალებსა და მამაკაცებზე.

„[სექსუალური ძალადობა] რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული სისტემური წამების უფრო ფართო, კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მოცემულ კონტექსტში ჩვენ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შევაფასეთ“, - განაცხადა გროვერმა.

„დაღი, რომელიც წლების განმავლობაში შეიძლება წვავდეს და ხლეჩდეს საზოგადოებას“. რეაბილიტაცია გადარჩენილებისთვის

საზოგადოებრივი სტიგმის, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისა და ძალადობის ხელახლა განცდის შიშის გამო, ტყვეობიდან დაბრუნებულ ბევრ ადამიანს არ სურს იმაზე საუბარი, რაც გადაიტანა. ილიაქსანდრ მაქსიმენკო ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენების მასშტაბმა, მისმა პირადმა გამოცდილებამ და იმ ფაქტმა, რომ სექსუალიზებული ძალადობა სხვადასხვა გენდერული იდენტობის ადამიანზე განსხვავებულ გავლენას ახდენს, მას სხვა კაცების დახმარებისკენ უბიძგა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვხელმძღვანელობდი სხვადასხვა ორგანიზაციასა და საზოგადოებრივ საბჭოს. ალბათ, ასეთი ხასიათი მაქვს - ვიმუშაო ყოველთვის ვიღაცისთვის. საკუთარი თავი სხვაგვარად არც წარმომედგინა, - ამბობს ის. - ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ვიპოვე ადგილი, სადაც ჩემი ძალისხმევა საჭირო იყო. როდესაც ვნახე ბიჭები, რომლებიც ერთიანდებოდნენ – ადამიანები, რომლებმაც ტყვეობა, წამება და უმძიმესი ცხოვრებისეული გამოცდილება გადაიტანეს, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყვნენ და ჯანმრთელობაც სერიოზულად ჰქონდათ შერყეული - სწორედ მაშინ გამიჩნდა საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეა.“

მაქსიმენკოს თქმით, Alumni-ის მთავარი მიზანია დაზარალებულთა რეაბილიტაცია, რათა მათ შეძლონ ცხოვრების გაგრძელება და კვალიფიციური დახმარების მიღება.

„ბევრი დაზარალებულისთვის თვითონ ფაქტის დაფიქსირებაც კი - სადღაც რამის დაწერა, რომელიმე განცხადებაზე ხელის მოწერა - ფსიქოლოგიურად გადაულახავი ბარიერია, - ამბობს მაქსიმენკო. - თითოეული ადამიანი ამას თავისებურად განიცდის. ამიტომ ბევრი მთლიანად ჩაიკეტა საკუთარ თავში, საზოგადოებას გაერიდა და არაფრის დანახვა და მოსმენა აღარ სურს: არც გამომძიებელთან წასვლა უნდა, არც ექიმთან. საერთოდ აღარაფერი ან უნდა, გარდა იმისა, რომ შეეშვან.“

სექსუალიზებული წამება და ძალადობა მძიმე გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი შედეგები ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში თან სდევს. Alumni-ისა და Truth Hounds-ის წარმომადგენლების თქმით, ხშირია კბილების, გულის, მხედველობის პრობლემები, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD), მამაკაცებში - რეპროდუქციული ჯანმრთელობის მძიმე დარღვევები.

„[სამედიცინო] გამოკვლევის შემდეგ გამომწერეს სქელი ეპიკრიზით, სადაც უამრავი მძიმე დაავადება იყო ჩამოთვლილი. მანამდეც გადავიტანე ინფარქტი და ინსულტი. შემდეგ კი კბილების დაკარგვა დამეწყო, - ამბობს მაქსიმენკო. - ვინც ტყვეობა გამოიარა, თითქმის ყველას კბილების, მხედველობის და სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ელექტროშოკით წამების შემდეგ 30-40 წლის ახალგაზრდებს რეპროდუქციული ფუნქცია ერღვევათ. საშინელებაა, როცა 30 წლის მამაკაცის სპერმოგრამა სრულიად ცარიელია. ეს უკვე ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემაცაა.“

სექსუალიზებული ძალადობის გადატანილი გამოცდილება მძიმე შედეგებს ტოვებს პარტნიორულ და ოჯახურ ურთიერთობებზეც, რაც საბოლოოდ მთლიან საზოგადოებაზე აისახება, - ამბობს Truth Hounds-ის იურიდიული მრჩეველი ევან ჰარარი.

„ძალადობაგადატანილ ადამიანებს შესაძლოა სექსუალურ ცხოვრებაში სერიოზული სირთულეები შეექმნათ, მომავალში მნიშვნელოვნად დაზიანდეს მათი დამოკიდებულება საკუთარი სექსუალობის მიმართ. ასევე შესაძლოა მძიმედ შეილახოს საკუთარი თავისა და საკუთარი სხეულის აღქმაც, რადგან ვიღაცამ მათი ფიზიკური ავტონომია ყველაზე უხეში ფორმით დაარღვია, - ამბობს ჰარარი. - გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სექსუალიზებული ძალადობა ძალადობის ისეთი ფორმაა, რომელიც რეალურად სოციალური ერთიანობის განადგურებას ისახავს მიზნად, რადგან ის ადამიანებს აშორებს საკუთარ თავს, საკუთარ ოჯახებს. ეს ერთგვარი დაღია, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში წვავდეს და ხლეჩდეს საზოგადოებას“.

ამასთანავე, როგორც Alumni-ისა და Truth Hounds-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ყოფილ სამოქალაქო ტყვეებს სპეციალიზებული და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი 2024 წლის ბოლოს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალიზებული ძალადობის (СНСК) მსხვერპლთათვის დამატებით სახელმწიფო დახმარებას ითვალისწინებს, ეს მექანიზმი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. ამიტომ, ამ ეტაპზე სახელმწიფო უწყებებისგან მხარდაჭერის მიღება თითქმის შეუძლებელია.

„ამჟამად სამედიცინო, სარეაბილიტაციო, მათ შორის ფსიქოლოგიურ მომსახურებას ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ უმეტესწილად უცხოელი დონორების დაფინანსებით, - ამბობს მაქსიმენკო. - ყოფილი სამხედრო ტყვეებისთვის არსებობს სპეციალურად შემუშავებული პროგრამები და შესაბამისი დაწესებულებები. სამოქალაქო ტყვეებისთვის კი, პრაქტიკულად, არაფერი არსებობს. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას და ერთად ვცდილობთ, შუბლით გავარღვიოთ ბეტონის ეს კედელი, რათა საბოლოოდ გაჩნდეს რეაბილიტაციისა და სამედიცინო დახმარების რაღაც პროგრამები.“

ქალთა ორგანიზაცია SEMA Ukraine-ის ხელმძღვანელი ირინა დოვგანი, Alumni-ის ქსელის ხელმძღვანელი ოლექსი სივაკი და ორგანიზაცია 29 December-ის ხელმძღვანელი ანდრი კოჩმურადოვი – 2025 წლის 30 სექტემბერს თანამშრომლობის მემორანდუმს აწერენ ხელს.
ქალთა ორგანიზაცია SEMA Ukraine-ის ხელმძღვანელი ირინა დოვგანი, Alumni-ის ქსელის ხელმძღვანელი ოლექსი სივაკი და ორგანიზაცია 29 December-ის ხელმძღვანელი ანდრი კოჩმურადოვი – 2025 წლის 30 სექტემბერს თანამშრომლობის მემორანდუმს აწერენ ხელს.

ამ კატეგორიის ადამიანებისათვის დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების გზაზე კიდევ ერთი სერიოზული დაბრკოლებაა დაზარალებულის ოფიციალური სტატუსის მინიჭების პროცესი. როგორც ადრე The CurrenTime-ს უკრაინელმა უფლებადამცველებმა და ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განუცხადეს, რუსეთის ტერიტორიაზე ან ოკუპირებულ რეგიონებში შესაძლოა 16-17 ათასი უკრაინელი სამოქალაქო პირი იმყოფებოდეს ტყვეობაში. მათი უმრავლესობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, ხოლო ოფიციალური გაცვლის პროცესის ფარგლებში ისინი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ მონაწილეობდნენ და, შესაბამისად, არ თავისუფლდებიან.

ოლექსანდრ მაქსიმენკო და მისი მეუღლე საოკუპაციო ხელისუფლებამ ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლა. მათ საკუთარი ძალებით შეძლეს კიევამდე ჩასვლა. თუმცა მათაც, ისევე როგორც მსგავსი გამოცდილების მქონე ბევრ სხვა ადამიანს, მოუწიათ იმის მტკიცება, რომ მართლაც დაზარალდნენ რუსი სამხედროებისა და ძალოვანი უწყებების მოქმედებების შედეგად და, რომ ეკუთვნოდათ დაზარალებულის სტატუსი.

„კომისიამ კენჭისყრის შედეგად ჩათვალა, რომ მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. იმ დროისთვის ჩემთან უკვე დიდი ინტერვიუ ჰქონდა აღებული BBC-ს, ჩემ შესახებ უკვე წერდა The New York Times-ი. ყველა ეს ბმული წარვადგინე. ადგილობრივ მედიაზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ მაინც თქვეს, არასაკმარისიაო. ძალიან გვეწყინა, ეს ძალზე უსიამოვნო იყო, - იხსენებს ის. - ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა, როცა სამშობლოსთვის დაზარალდი, მტერს ებრძოდი, შემდეგ კი აქ რომელიღაც ჩინოვნიკი გეუბნება: „აბა დაამტკიცე“.

ეს სტატუსი ცოლ-ქმარმა მხოლოდ მეორე მცდელობით მიიღეს - იმ ადამიანების დამატებითი ჩვენებების წყალობით, რომლებიც ოლექსანდრთან ერთად რუსების ტყვეობაში იმყოფებოდნენ. Alumni-ის ქსელი ახლა თვითონ ეხმარება ადამიანებს მოწმეებისა და იმ ყოფილი ტყვეების მოძიებაში, რომლებიც ერთსა და იმავე დაკავების ადგილებში იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ყველანი ერთი და იმავე „დაწესებულების“ კურსდამთავრებულები ვართ“, - ხუმრობს ოლექსანდრი.

გადატანილმა გამოცდილებამ Alumni-ის წევრებს საშუალება მისცა, შეემუშავებინათ რეაბილიტაციის საკუთარი მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე უპასუხებენ მათ საჭიროებებს. კერძოდ, ინიციატივის „თანასწორი - თანასწორს“ ფარგლებში დახმარების მსურველებთან მუშაობენ არა პროფესიის შეცვლის შემდეგ ფსიქოლოგებად ქცეული სპეციალისტები, არამედ მამაკაცები, რომლებმაც თავად გადაიტანეს რუსი სამხედროების ტყვეობა და წამება.

„იგივე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადა, განათლება მიიღო, ფასილიტატორი გახდა და ახლა უკვე კონკრეტულ ადამიანს ცხოვრებისკენ დაბრუნებაში ეხმარება“, - ამბობს მაქსიმენკო. ქსელის წევრებმა ასევე თავად შეიმუშავეს ადამიანის სხეულსა და ფსიქიკაზე დაფუძნებული პრაქტიკების კომპლექსი, რომელიც ფიზიკურ რეაბილიტაციაში ეხმარებათ.

„გვყავს მასაჟისტი, უმაღლესი პროფესიონალი. წყლის, ორთქლის, კეთილი სიტყვებისა და მასაჟისტის ფიზიკური ზემოქმედების მეშვეობით თანდათან დუნდება ადამიანი, ამასთან მოდუნდება არა მხოლოდ სხეული, არამედ, გარკვეულწილად, სულიც.“

მაქსიმენკოს თქმით, გარკვეული პერიოდის აქტიური მუშაობის შემდეგ, დახმარებისთვის მისული ბევრი ადამიანი თავადაც იწყებს სხვების დახმარებას. მაგალითად, ქსელის ერთ-ერთმა წევრმა ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია დააარსა.

„ახლა ის აქტიურად არის ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში. ბავშვებისთვის ღონისძიებებს აწყობს, საჩუქრებს ურიგებს მათ, საახალწლო ზეიმებზე თოვლის ბაბუის კოსტიუმს იცვამს. ეს ბიჭი ფაქტობრივად თავიდან გაცოცხლდა. ყოველი ასეთი შემთხვევა პატარა გამარჯვება და დიდი სიხარულია“, - ამბობს მაქსიმენკო.

„სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი“. როგორ იძიებენ საქმეებს

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 2026 წლის ივნისამდე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა აღძრა 401 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინის სამოქალაქო პირების (ქალებისა და მამაკაცების) მიმართ ჩადენილ სექსუალიზებულ ძალადობას ეხება. ასეთი შემთხვევების უმეტესობა ხერსონის, დონეცკისა და კიევის ოლქებშია დაფიქსირებული.

პროკურორები რუსი სამხედროების მიერ მამაკაცების მიმართ ჩადენილი ძალადობის 151 საქმეს და ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობის 250 საქმეს იძიებენ. დაზარალებულთა შორისაა 23 ბავშვი. თუმცა, როგორც პროკურატურაში, ისე უფლებადამცველ ორგანიზაციებში აღნიშნავენ, რეალური მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია. საზოგადოებრივი სტიგმის, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისა და მისი ხელახლა განცდის შიშის გამო, ბევრი ადამიანი მომხდარზე საუბარს (და, შესაბამისად, დახმარებისთვის მიმართვას) ერიდება.

Truth Hounds-ში აღნიშნავენ, რომ ანგარიშის საფუძვლად გამოყენებული ჩვენებების უმრავლესობა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც რუსმა სამხედროებმა 2022-2023 წლებში გააუპატიურეს და აწამეს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტი დაზარალებული შეძლებს საკუთარი გამოცდილების შესახებ საუბარს.

„ამ ტიპის დანაშაულების დოკუმენტირება დიდ დროს მოითხოვს, რადგან ძალადობაგადატანილ ადამიანებს შესაძლოა წლები დასჭირდეთ, სანამ თავს საკმარისად უსაფრთხოდ იგრძნობენ იმისთვის, რომ მომხდარზე ისაუბრონ. ეს უკიდურესად ტრავმული გამოცდილებაა. ეს მხოლოდ სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის დასაწყისია“, - ამბობს ევან ჰარარი.

Alumni-ის სპიკერის, ოლექსანდრ მაქსიმენკოს თქმით, ძალადობაგადატანილი ადამიანებისთვის გამომძიებლებთან საუბარიც კი ხშირად დამატებით ტრავმულ გამოცდილებად იქცევა ხოლმე. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა უმრავლესობამ არ იცოდა, როგორ ემუშავა ამგვარ, განსაკუთრებით მგრძნობიარე თემებზე.

„მათ საერთოდ არ იცოდნენ, როგორ ემუშავათ ადამიანებთან, - ამბობს ოლექსანდრი. - შეეძლოთ დაეკითხათ დაზარალებული დიდ ოთახში, სადაც კიდევ ათი პოლიციელი იჯდა, რომელთაგან თითოეული თავის საქმეს აკეთებდა და რაღაცას განიხილავდა, შემდეგ კი პირდაპირ ისეთი კითხვები მიეხალათ სახეში, რომ დაზარალებული კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ასეთი კითხვებით ადამიანები, როგორც წესი, არ იხსნებიან. გამომძიებლებმა არ იცოდნენ, რა უნდა ეკითხათ და რა უნდა ჩაეწერათ, დაზარალებულებმა კი - რა უნდა მოეყოლათ. ამიტომ არც მოტივაცია არსებობდა და არც ნდობა.“

მაგრამ, მაქსიმენკოს თქმით, მდგომარეობა თანდათან იცვლება. Alumni-ის ქსელი, ისევე როგორც სხვა უკრაინული და საერთაშორისო ორგანიზაციები, აერთიანებენ ძალისხმევას, ერთობლივად ეწევიან ადვოკატირებას და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს ტრავმაზე ორიენტირებული მუშაობის (trauma-informed approach) მეთოდებს ასწავლიან. მათ ასევე შეიმუშავეს სახელმძღვანელო კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალიზებული ძალადობის საქმეების გამოძიებისთვის.

„ახლა, მას შემდეგ, რაც პოლიციისა და პროკურატურის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალიზებული ძალადობის მსხვერპლებთან მუშაობენ, სპეციალური მომზადება გაიარეს, ისინი სრულიად სხვა ენით საუბრობენ. შესაბამისად, გამოძიების შედეგებიც სრულიად განსხვავებულია“, - ამბობს ოლექსანდრი.

2022 წლიდან უკრაინის სასამართლოებმა 26 რუსი სამხედრო მოსამსახურის მიმართ 19 განაჩენი გამოიტანეს. ყველა მათგანს დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლოებში კიდევ 81 რუსი სამხედროს წინააღმდეგ განიხილება 64 საბრალდებო აქტი. ამავე დროს, უფლებადამცველები და პროკურორები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს საქმეები იქცნენ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების საერთაშორისო ტრიბუნალზე განსახილველი ფართომასშტაბიანი საქმის ნაწილად.

ოლექსანდრ მაქსიმენკო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობასთან. ჰააგა
ოლექსანდრ მაქსიმენკო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობასთან. ჰააგა

Truth Hounds-ის იურიდიული მრჩეველი ევან ჰარარი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაეროს ბოლო გადაწყვეტილება: 2026 წლის ივნისში რუსეთი შეიტანეს გაეროს „შავ სიაში“ სამხედროების მიერ უკრაინელი ქალებისა და მამაკაცების მიმართ ჩადენილი სექსუალიზებული ძალადობის გამო. გაერომ დაადასტურა 310 ასეთი შემთხვევა, რომლებიც შეეხებოდა როგორც სამხედრო ტყვეებს, ისე უკანონოდ დაკავებულ სამოქალაქო პირებს - როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს.

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ თითქოს „ეს შემთხვევები ვერ ექვემდებარება ვერიფიკაციას“ და არ ადასტურებს ძალადობის სისტემურ ხასიათს. თუმცა გამომძიებლების, უფლებადამცველებისა და ძალადობაგადატანილი ადამიანების ჩვენებები საპირისპიროზე მეტყველებენ.

ერთ-ერთი იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც უშუალოდ გაეროსთან თანამშრომლობდნენ, სწორედ Alumni-ის ქსელი იყო. ოლექსანდრ მაქსიმენკო გაეროს ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამარჯვებად მიიჩნევს:

„პირველ რიგში, არ მერიდება იმის თქმა, რომ სწორედ ჩვენ დავუდეთ ამ პროცესს საფუძველი. <...> არსებობს რამდენიმე მიმართულება, სადაც გაეროს გადაწყვეტილებები რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, სამშვიდობო მისიები სხვა ქვეყნებში. ქვეყანა, რომელიც „შავ სიაშია“, ასეთ მისიებში სამხედროების გაგზავნას ვეღარ შეძლებს. ეს უკვე ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხია. მეორე - მორალური მხარე. და მესამე - ეს ჩვენთვის უდიდესი დახმარებაა, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ბაზის ნაწილია, რომელიც მომავალში რეალურ სასამართლო პროცესებში იქნება გამოყენებული. კერძოდ, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ამ სასამართლოსთვისაც ეს ფაქტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.“

„სამართლიანობა პლუს კომპენსაცია - თანაც არა 30 წლის შემდეგ“

მიუხედავად იმისა, რომ ოლექსანდრის მშობლიური ხერსონი უკვე გათავისუფლებულია, რუსი სამხედროები ქალაქის დაბომბვას დღემდე აგრძელებენ, ოლქის დიდი ნაწილი კი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა ოლექსანდრსა და მის ოჯახს წაართვა არა მხოლოდ სახლი და მომავლის გეგმები, არამედ წარსულიც.

„წამართვეს ჩემი შექმნილი ცხოვრება. ტყვეობიდან გათავისუფლების მეორე დღეს, სახლში რომ გავათენე ღამე, დილით ჩვევისამებრ ჩემს სამუშაო მაგიდასთან დავჯექი. ამ დროს გავაცნობიერე, რომ მათ წაიღეს ყველა ჩემი გაჯეტი, ყველა ინფორმაციის მატარებელი - ტელეფონები, პლანშეტები, კომპიუტერები. ბოლო წლები ხომ ყველაფერი ციფრულ ფორმატში გვქონდა: რასაც ვწერდით, ვიღებდით, ფოტოები, ვიდეოები... და უცებ მივხვდი, რომ ბოლო 10-15 წლის მთელი ჩემი ცხოვრება გაქრა. ეს საშინელი სიცარიელეა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც უბრალოდ გაქრა“, ამბობს ოლექსანდრი.

ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვთ. საერთაშორისო სამართლის დარღვევის მსხვერპლთა რეპარაციის ძირითადი პრინციპებია კომპენსაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის განმეორების თავიდან აცილების გარანტიები და დამნაშავეთა დასჯა. სწორედ ამ მიზნებისთვის იბრძვიან Alumni-ის ქსელის წევრებიც.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში დანაშაულია. საერთაშორისო საზოგადოებამ დამნაშავედ უნდა აღიაროს როგორც პუტინი, ასევე მისი დაქვემდებარებული პირებიც. ჩემი აზრით, თითოეულმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და სასჯელი უნდა მოიხადოს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - ამბობს ოლექსანდრ მაქსიმენკო.

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ზიანის ანაზღაურების საკითხს. თუმცა სრულფასოვანი საერთაშორისო მექანიზმი, რომლის საფუძველზეც რუსეთს უკრაინისთვის რეპარაციების გადახდა დაეკისრება, ჯერჯერობით შექმნილი არ არის.

კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალიზებული ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად Global Survivors Fund-მა უკრაინაში აამოქმედა შუალედური რეპარაციების მექანიზმი, რომელიც ერთჯერად 3 000 ევროს ოდენობის კომპენსაციას ითვალისწინებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბევრი დაზარალებული იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესები მალე დაიწყება, რადგან მხარდაჭერა და რეაბილიტაცია მათ სწორედ ახლა სჭირდებათ.

„გვჭირდება სამართლიანობა და პლუს კომპენსაცია, თანაც არა 30 წლის შემდეგ, როცა აღარ ვიქნები. მე ახლა მინდა ცხოვრება. ახლა მჭირდება მკურნალობა. ახლა მინდა, რომ ცხოვრებით მაინც ცოტათი გავიხარო“, – ამბობს ოლექსანდრი.

ყველას, ვინც რუსეთის ტყვეობაში წამებასა და სექსუალიზებულ ძალადობას დაექვემდებარა, ოლექსანდრ მაქსიმენკო მოუწოდებს, არ დარჩნენ საკუთარ ტრავმასთან მარტო და დახმარებისთვის შესაბამის ორგანიზაციებს მიმართონ.

„ბიჭებო, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ნუ გაექცევით საზოგადოებას. ეს ჩიხური გზაა, აქედან გამოსავალი არ არსებობს. ადამიანი სოციალური არსებაა და მისი გადარჩენა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. ჩვენთან არიან ის ადამიანები, რომლებმაც იგივე გამოიარეს, ამიტომ შეგვიძლია ერთ ენაზე ვისაუბროთ. აქ ვერ შეხვდებით გაუგებრობას, განკითხვას ან სხვა სახის უარყოფით დამოკიდებულებას. მოდით თქვენი ტკივილებით, თქვენი პრობლემებით. ვეცდებით, ყველაფერში დაგეხმაროთ.“

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG