"ძალიან ვამაყობდი, რომ ჩემი შვილი წავიდა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ასეთი მძიმე და ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა. ვფიქრობდი, ომი მალე დასრულდებოდა. მიხაროდა და ვამაყობდი მისით". - იხსენებს ნაზარის დედა, ნატალია დალეცკაია.
მალე, 2022 წლის მაისში, ოჯახმა დალეცკისთან კავშირი დაკარგა.
“მერე ვიღაც რუსმა დამირეკა ნაზარის ნომრიდან და მითხრა, შენი შვილი ტყვეობაშიაო. ვკითხე, ვინ ხარ და რა გინდათ-მეთქი. მიპასუხა, მე ის ვარ, ვინც ტყვედ აიყვანაო. მერე გათიშა და ამის შემდეგ აღარანაირი კონტაქტი აღარ გვქონია".
ერთი წელი ელოდნენ.
“სად არ მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ იყო”, - ამბობს ნატალია. მოგვიანებით ოჯახს აცნობეს, რომ ნაზარი 2022 წლის 25 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, კუპიანსკთან დაიღუპა. ოჯახს გარდაცვლილის სხეულის ნაწილებთან ერთად დნმ-ს ანალიზიც გამოუგზავნეს.
ასევე ნახეთ რუსი გენერალი ცოლთან უკრაინელი ტყვეების მოჭრილი ყურებით ტრაბახობდა - ეს არ იყო ერთადერთი წამება, რომლითაც ის ამაყობდა“დავკრძალეთ. ძებნა შევწყვიტეთ. სასაფლაოზე დავდიოდი, სანთლებს ვანთებდი, ვლოცულობდი...“
2025 წლის მიწურულს გათავისუფლებული ტყვეებისგან გაჩნდა პირველი მინიშნებები, რომ ნაზარი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო და თითქმის 4 წელი - სამი წელი და ცხრა თვე - ის რუსულ ტყვეობაში იმყოფებოდა.
თავდაპირველად ოჯახს გაუჭირდა დაჯერება, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდნენ. არ უნდოდათ დაკარგვის ტკივილის კიდევ ერთხელ გადატანა.
2026 წლის 5 თებერვალს, მორიგი ტყვეთა გაცვლის შედეგად, ნაზარ დალეცკი უკრაინაში დაბრუნდა. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში გადიოდა რეაბილიტაციას, როდესაც რადიო თავისუფლება მისი ოჯახის წევრებს - დედას ნატალია დალეცკაიას და დას როქსოლანა მაკოგინს ესაუბრა. გუშინწინ ნაზარ დალეცკი ოჯახს, მონატრებულ დედას, დას და ქალიშვილს დაუბრუნდა.
ასევე ნახეთ “მე არ შემიძლია ამის პატიება და ნურც ნურავინ მომთხოვს” - ვლად ზადორინის ტყვეობის ჯოჯოხეთირადიო თავისუფლება: შეგიძლიათ გაიხსენოთ, რას გრძნობდით იმ მომენტში, როცა პირველად გაიგეთ, რომ ნაზარი ცოცხალი იყო? როცა მისი ხმა გაიგეთ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ?
ნატალია, დედა:
ამ გრძნობას სიტყვებში ვერ ჩავატევ. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი განმიცდია. ისეთი ბედნიერი ვიყავი, წარმოუდგენლად ბედნიერი. როცა მითხრეს, ბოლომდე მაინც არ მჯეროდა და როცა მისი ხმა გავიგე, ისეთი სიხარული ვიგრძენი, რომ ვერ გადმოგცემთ. ეს იყო დედის სიხარული, რომელმაც დაკარგული შვილი ისევ იპოვა.
როქსოლანა, და:
ძალიან რთულია ამის თქმა... გამიხარდა, ცხადია, მაგრამ ეს უცნაური სიხარული იყო, ფრთხილი, ისეთი, ბოლომდე რომ ვერ ხვდები, მართლა ხდება თუ არა. გიხარია, მაგრამ თან ძალიან გეშინია. თითქოს თავს არ აძლევ უფლებას ბოლომდე გაიხარო. გეშინია. მაგალითად, დედისთვის ამის თქმა. პირველად მე გავიგე და მერე ვუთხარი. მანამდე ცოტათი უნდა მომემზადებინა, ხომ გესმით? ჯერ ელოდა, მერე შვილი დამარხა, იგლოვა და ახლა უნდა გაეგო, რომ ის ცოცხალია. საშიში იყო იმედის მიცემა, როცა არც ვიცოდით, იმ მომენტში სად იყო.
რადიო თავისუფლება: უკვე ინახულეთ ნაზარი?
როქსოლანა:
მე და ჩემმა ბიძაშვილმა ვნახეთ, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით, კარანტინშია, რეაბილიტაციას გადიან. .შეხვედრა ძალიან თბილი იყო - ბევრი ჩახუტება, ტირილი, ისევ ჩახუტება... იმდენად ემოციური იყო, რომ სიტყვებს ვერ პოულობდა, უბრალოდ გვიხუტებდა და გვიღიმოდა. გვითხრა, რომ როცა უთხრეს, თითქოს ბრძოლაში დაღუპულად ითვლებოდა, პირველი რაც გაიფიქრა, იყო, რომ დედა ამას ვერ გადაიტანდა და აღარ იქნებოდა ცოცხალი. ძალიან განიცდიდა ამას.
რადიო თავისუფლება: როგორ მდგომარეობაშია ახლა?
ნატალია:
მეუბნება, კარგად ვარო, მაგრამ... როცა შევხვდებით, ისე ჩავეხუტები და ვაკოცებ... ძალიან მინდა გულში ჩავიკრა. ამდენ ხანს ველოდე, არაფერი ვიცოდი და ბოლოს დავმარხე კიდეც. შვილი დავმარხე... და ახლა თითქოს მკვდრეთით აღმდგარი დამიბრუნდა.
როქსოლანა:
ამბობს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ მე ასე არ მგონია. ალბათ დედის შეშინება არ უნდა. ამბობს, მმკურნალობენო, კბილებს მიწესრიგებენო, ყველაფერი რიგზეაო. მაგრამ ასეთი რაღაცის შემდეგ შეიძლება ადამიანი ბოლომდე გამომჯობინდეს? არ ვიცი. ჩვენ, ოჯახი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
რადიო თავისუფლება: როგორც ვიცი, ნაზართან კავშირი 2022 წლის მაისში დაკარგეთ.
ნატალია:
დიახ. ძალიან ვამაყობდი, რომ ჩემი შვილი წავიდა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ასეთი მძიმე და ასეთი ხანგრძლივი იქნებოდა. ვფიქრობდი, ომი მალე დასრულდებოდა. მიხაროდა და ვამაყობდი მისით.
2022 წლის მაისში კავშირი დავკარგეთ. მერე ვიღაც რუსმა დამირეკა ნაზარის ნომრიდან და მითხრა, შენი შვილი ტყვეობაშიაო. ვკითხე, ვინ ხარ და რა გინდათ-მეთქი. მიპასუხა, მე ის ვარ, ვინც ტყვედ აიყვანაო. მერე გათიშა და ამის შემდეგ აღარანაირი კონტაქტი აღარ გვქონია.
ერთი წელი ველოდით. სად არ მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ იყო. მერე გვითხრეს, რომ დაიღუპა და დავკრძალეთ. ძებნა შევწყვიტეთ. სასაფლაოზე დავდიოდი, სანთლებს ვანთებდი, ვლოცულობდი... და აღმოჩნდა, რომ ცოცხალია. მადლობა ღმერთს. ბედნიერი ვარ.
რადიო თავისუფლება: ხელისუფლებამ თუ გააკეთა რაიმე კომენტარი ამ შეცდომაზე?
როქსოლანა:
არა. ალბათ ჯერ უნდა გაარკვიონ და მერე იტყვიან რამეს. მგონია, თვითონაც არ იციან, რა თქვან. არც მე და არც დედას ხელისუფლების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. არც ჩივილს ვაპირებთ. უბრალოდ, ის ცხედარი, რომელიც დავმარხეთ, უნდა გადაიტანონ, რადგან სხვა ადამიანი განისვენებს ჩვენს სასაფლაოზე. ალბათ ადამიანური შეცდომა იყო ან ტექნიკური გაუმართაობა.
რადიო თავისუფლება: ნაზართან უკვე გაქვთ კონტაქტი. აქვს თუ არა გეგმები? სურს თუ არა ჯარში დაბრუნება?
როქსოლანა:
არ მგონია, რომ ჯარში დაბრუნება შეძლოს. ამბობს, რომ მუხლები ძალიან სტკივა. ნაზარი 46 წლისაა და ეს უკვე სერიოზული ასაკია. ვფიქრობ, აღარ დაბრუნდება საბრძოლველად. ჯანმრთელობაც აღარ აქვს, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. სამი წელი და ცხრა თვე ტყვეობაში... წარმოიდგინეთ, რას გადაიტანდა.
განქორწინებულია, მაგრამ ჰყავს ქალიშვილი. უკვე 22 წლისაა. ძალიან უყვარს. სულ ამბობს: „ჩემი კრისტინა, ჩემი საყვარელი კრისტინა“.
რადიო თავისუფლება: იმის გათვალისწინებით, რაც ამ ომში გამოიარეთ, როგორ წარმოგიდგენიათ მშვიდობა რუსეთთან? რას ფიქრობთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე?
ნატალია:
არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია. მაგრამ უკრაინამ თავი უნდა დააღწიოს ამ მონობას და დაამარცხოს რუსეთი. არ ვიცი, როგორ - არ ვიცი, როგორ უნდა მოვიცილოთ რუსები თავიდან. მათთან შეთანხმება? რაზე უნდა შეუთანხმდე რუსებს? ტერიტორიებს თუ მივცემთ, მადა გაეზრდებათ, ნახევარ უკრაინას აიღებენ და მერე კიდევ წავლენ წინ. დაკმაყოფილდებიან იმით, რასაც მიიღებენ? არასოდეს. შვილის სიცოცხლეზე ვიფიცებ, რომ ასეც იქნება.
როქსოლანა:
ჩემი აზრით, რუსეთთან მშვიდობა არ იქნება. სანამ რუსეთი არსებობს, მშვიდობა არ გვექნება. შეიძლება ზავი დადონ, მაგრამ მალევე დაარღვევენ. ვოცნებობ, როგორმე გავემიჯნოთ მათ, თუნდაც უზარმაზარი ბეტონის კედლით.
არაფერი უნდა მივცეთ. თუ ერთ მიწას დავთმობთ, მერე მეტის წაღებას ეცდებიან - არ მჯერა, რომ ერთ, ორ ან სამ რეგიონს მისცემ და გაჩერდებიან. მათ განა მიწა სჭირდებათ? მიწა ისედაც თავზე საყრელად აქვთ. უბრალოდ უკრაინელების დამონება და განადგურება უნდათ. ეს არის მათი მთავარი მიზანი. ისინი ყოველთვის ასე იქცევიან. როგორც მტარვალები. თვითონ მონური მენტალიტეტით ცხოვრობენ და მერე შური სჭამთ, თუ ხედავენ ვინმეს, ვინც უკეთ ცხოვრობს, ცდილობენ დატანჯონ ისინი, ვინც უფრო თავისუფალია და ბედნიერია.