უნივერსიტეტი, რომელმაც ხელახლა გამონასკვა კულტურის გაწყვეტილი ძაფი

თბილისის ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა 1918 წლის 8 თებერვალს და, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პროფესორმა ქალმა, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანმა თქვა, „ამ დღეს ხელახლა გამოინასკვა ჩვენი ძველი კულტურის გაწყვეტილი ძაფი“.

„მოქალაქენო! - საქართველოს ეროვნულ საბჭოს მინდობილობით ბედნიერება მაქვს გავხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ვამბობ, პირველი-თქო, აქედან ცხადია, დღევანდელი დღე დიდმნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ არ გვქონია არცერთი მაღალი სასწავლებელი...“ - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარემ, აკაკი ჩხენკელმა, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით 26 იანვარს).

იმ დღეს ჩხენკელი პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალს ხელმძღვანელობდა, - „ერს, რომელსაც არა აქვს სამეცნიერო ტაძარი, არ შეუძლია თქვას, რომ იგი სრულ ასაკოვანია. როცა მე მესმოდა საზღვარ-გარეთ საქართველოს შესახებ საგმირო ამბები, თუ რა მონაწილეობას იღებდა იგი განმათავისუფლებელ მოძრაობაში, - მაშინ მეკითხებოდნენ, რამდენი უნივერსიტეტი, პოლიტეხნიკუმი და სხვა უმაღლესი სასწავლებელია საქართველოშიო. და მე ამ შეკითხვაზე მხოლოდ გაწითლებით ვუპასუხებდი: ჩვენ არ შეგვეძლო მიგვეღო განათლება სამშობლო ენაზე. რა ერია ის ერი, რომელსაც არა აქვს საშუალება ისარგებლოს მეცნიერების ნაყოფით სამშობლო ენაზე...“

ქართველებსა და რუსეთის იმპერიის დაპყრობილ სხვა ხალხებს 1914 წლის 1 ივლისამდე იურიდიულადაც აკრძალული ჰქონდათ ეროვნული უნივერსიტეტის დაფუძნება, თუმცა, როგორც უნივერსიტეტის გამგეობის სწავლული მდივანი, იოსებ ყიფშიძე შენიშნავდა, უამრავი პოლიტიკური და ბიუროკრატიული ბარიერის გამო, „ვერც 1914 წლის 1 ივლისის კანონმა [კერძო სასწავლებლებთან დაკავშირებით] მოგვცა უნივერსიტეტი, არადა კაცს ეგონებოდა ახალმა შუქმა, განათლების ახალმა სინათლემ შეანათა წყვდიადით მოცულ რუსეთშიო“.

საქართველოს საზოგადოების თითქმის ნახევარსაუკუნოვან ძალისხმევას ახალი შესაძლებლობა გაუხსნა რუსეთში მეფის ძალაუფლების დამხობამ.

1917 წლის თებერვლის გადატრიალებიდან რამდენიმე დღეში პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტმა ივანე ჯავახიშვილმა თავის ბინაში მიიწვია პეტერბურგში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი (იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე და სხვ.) და ქართული უნივერსიტეტის გახსნის საკითხზე ელაპარაკა, ორიოდე თვეში კი თბილისში საგანგებოდ დაბრუნებულმა, უნივერსიტეტის მომავალი პირველი რექტორის, პროფესორ პეტრე მელიქიშვილის ბინაში გამართა უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება, რომელმაც, თავის მხრივ, დააფუძნა „ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოება“.

ივანე ჯავახიშვილი

„ქართული უნივერსიტეტი ერთსა და იმავე დროს სამეცნიერო კვლევა-ძიების და ცდის დაწესებულებაც უნდა იყოს და უმაღლესი სამეცნიერო სასწავლებელიც, სადაც მეცნიერების შესწავლა და სამეცნიერო მუშაობის მეთოდები და პრაქტიკის შეთვისება შესაძლებელი იქნება“, - ასე მოხაზა უნივერსიტეტის საქმიანობის ზოგადი სტრუქტურა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც, თანამოაზრეებთან ერთად, არასრული ერთი წლის განმავლობაში გადალახა არაერთი ფინანსური, პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული ბარიერი, რომელთა შორის ყველაზე რთულად დასაძლევი აღმოჩნდა დროებითი მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი.

რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ ჰქონდა გამოცხადებული, თბილისის ქართული უნივერსიტეტის დებულება უნდა დაემტკიცებინა დროებითი მთავრობის განათლების სამინისტროს, რომლის არაკეთილსინდისიერება ღიად ამხილა აკაკი შანიძემ 1917 წლის 14 ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი უნივერსიტეტი“, რომლის მიხედვითაც, დროებითი მთავრობა ყველანაირად (მათ შორის მატერიალურადაც) ახალისებდა ამიერკავკასიის რუსული უნივერსიტეტის გახსნას თბილისში, მაშინ, როცა ქართული უნივერსიტეტის დებულების დამტკიცებას საშველი არ დააყენა.

საბოლოო ჯამში ქართული უნივერსიტეტი რუსეთის დროებითი მთავრობის ნებართვის გარეშე გაიხსნა.

„ერთია ქართველი ინტელიგენციის სინდისისა და ღირსების სიმბოლო, ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, მეორე კი - ის, ვინც აღმშენებელია ამ უნივერსიტეტის შენობისა, ნიკოლოზ ცხვედაძე“.
ილია ზურაბიშვილი

1918 წლის 12 იანვარს გაზეთი „საქართველოში“ გამოქვეყნდა განცხადება სათაურით: „ქართული უნივერსიტეტი თბილისში გაიხსნება 1918 წლის იანვრის შუა რიცხვებში“, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი განათლების მსურველმა ახალგაზრდებმა, ვისაც დამთავრებული აქვთ ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, სასულიერო სემინარია, რეალური ან საკომერციო სასწავლებლები, საოსტატო ინსტიტუტი, კადეტთა კორპუსი და ა.შ., უნდა მიმართონ ქართული უნივერსიტეტის კანცელარიას ქართული გიმნაზიის შენობაში.

თბილისის ქართული უნივერსიტეტი მართლაც გაიხსნა 1918 წლის იანვარში (26 იანვარს ძვ. სტილით) და, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პროფესორმა ქალმა, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანმა თქვა, „ამ დღეს ხელახლა გამოინასკვა ჩვენი ძველი კულტურის გაწყვეტილი ძაფი“.

„გაწყვეტილი ძაფის გამონასკვაში“ თითქმის მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, როგორც მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, ილია ზურაბიშვილმა შენიშნა, ორი ადამიანის ღვაწლი მაინც ყველასგან გამორჩეულია:

„ერთია ქართველი ინტელიგენციის სინდისისა და ღირსების სიმბოლო, ივანე ჯავახიშვილი, უნივერსიტეტის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი, მეორე კი - ის, ვინც აღმშენებელია ამ უნივერსიტეტის შენობისა, ნიკოლოზ ცხვედაძე“.

ნიკო ცხვედაძე

სწორედ ნიკო ცხვედაძემ დააყენა 1897 წლის 22 მაისს ქართული გიმნაზიისათვის საკუთარი შენობის აგების საკითხი და მანვე შეარჩია თბილისის კიდეზე, ვარაზისხევს გადაღმა 6 დესეტინა (1 დ = 1.09 ჰა) მიწა 21 002 მანეთად და 15 კაპიკად, რის გამოც, ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვებით, ბევრი საყვედური შეხვდა, რადგან „კიცხავდნენ მრავალნი ყვედრებით, ვერის მელებისა და ტურებისთვის უყიდნია სკოლის ადგილი და ქართველი ყმაწვილები ვერელ ელიბუა მენახშირე და მეშეშეებისაკენ უნდა გარეკოსო“, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნიკო ცხვედაძეს ყველაფერი აწონილ-დაწონილი და მორგებული ჰქონია მომავალი ქართული უნივერსიტეტის საჭიროებისათვის, რის შესაბამისადაც შეურჩევია არქიტექტორიც (სვიმონ კლდიაშვილი), ინჟინერიც (ვასილ ჯორჯაძე) და შენობის მასშტაბიც.

ასევე ნახეთ სხვა კლდიაშვილი

„14 ოქტომბერს თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის გამგე-კომიტეტის მიერ შეძენილს ადგილზედ, ამ სკოლის ახალი შენობის საძირკველი ჩაჰყარეს და აკურთხეს“, - წერდა გაზეთი „ივერია“ 1900 წლის 225-ე ნომერში. საზეიმო პარაკლისს, რომელიც გიმნაზიის მასწავლებელმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ გადაიხადა, დაესწრნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ნიკო ცხვედაძე და სხვები. შენობის საძირკველში ჩადებული რამდენიმე აგურის ერთ მხარეს ამოტვიფრული ყოფილა „ქართული გიმნაზია“, მეორეზე კი - „ქართული უნივერსიტეტი“...

„სკოლა პატარა შენობა როდია, პატარა სწავლის მისაღებელი, საზღვარგარეთ უნივერსიტეტიც ჰქვია და სწორედ ჩვენი სკოლა ისეთი დიადი რამ იქნება, რომ უნივერსიტეტსაც კი დაიტევს ღვთით!“, - წერდა 1901 წლის 24 ივლისს გაზეთი „ივერია“.

თუმცა ერთი იყო სკოლისთვის მიწის შეძენა-საძირკვლის ჩაყრა და სულ სხვა - გრანდიოზული შენობის აშენებისათვის საჭირო სახსრების მოძიება.

„აი, სწორედ აქ იჩინა თავი ცხვედაძემ, - წერდა იაკობ მანსვეტაშვილი მოგონებებში, - ამოიღებდა ნიშანში, ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა. არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს... ჯერ განსაზღვრული იყო მხოლოდ ორსართულიანი შენობა, მერე მადა გაეხსნა და ორი სართული ოთხად გადააქცია“.

ნიკო ცხვედაძე ადგენდა სამუშაო განაწესს და განსაზღვრავდა მუშახელის ანაზღაურებას, რომელიც „მოზრდილი“ მუშისთვის 65 კაპიკი იყო, ხოლო „მორჩილისთვის“ 55 კაპიკი. სამუშაო დღე დილის 6 საათიდან საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა და ითვალისწინებდა ერთ 0,5-საათიან და ერთ 1,5-საათიან შესვენებას.

ფინანსური პრობლემების გამო მშენებლობის პროცესში რამდენჯერმე დადგა შენობის გაყიდვის საფრთხე, თუმცა ნიკო ცხვედაძემ აქაც შეუძლებელი შეძლო და გადაარჩინა შენობა, რომელშიც, მისი რწმენით, მომავალში ქართული უნივერსიტეტი გაიხსნებოდა. წლების შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმაც შენიშნა, უნივერსიტეტმა მიიღო მშვენიერი, მზამზარეული შენობა და ამით უნივერსიტეტის გახსნის საქმე სანახევროდ გადაწყდაო.

1906 წლის 26 ნოემბერს ქართული გიმნაზია სრულად გადავიდა ახალ მისამართზე, თუმცა შენობის მშენებლობა მხოლოდ 1916 წელს დასრულდა, რისთვისაც ჯამში, იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, 690 ათასი მანეთი დაიხარჯა.

ნიკო ცხვედაძე, რომელიც 1911 წელს გარდაიცვალა, ვერც მშენებლობის დასრულებას მოესწრო, ვერც საქართველოს დამოუკიდებლობას და ვერც იმ დღეებს, როცა ქართულმა უნივერსიტეტმა პირველი 369 სტუდენტი მიიღო და პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. ნიკო ცხვედაძე ვერც აკაკი ჩხენკელის მიერ უნივერსიტეტის გახსნის დღეს წარმოთქმულ სიტყვას მოესწრო.

„ეს უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტია, მაგრამ იგი არ არის სახელმწიფოს უნივერსიტეტი. ქართველ ერს არა აქვს საჯარო უფლებით აღჭურვილი ორგანოები. ქართული უნივერსიტეტი მაშინ იხეირებს, როცა ქართველ ერს ექნება ასეთი ორგანოები“.

ქართველმა ერმა საჯარო უფლებებით აღჭურვილი ორგანოები, ქართული უნივერსიტეტის დაარსებიდან ორიოდე თვეში მოიპოვა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციამ, საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად, ქართული უნივერსიტეტის ავტონომიურობაც დაასრულა.

1926 წლის 23 ივნისს სასწავლებლიდან გაუშვეს ივანე ჯავახიშვილი, რომელიც, ერთ-ერთი ბრალდებით, „უნივერსიტეტს შუა საუკუნეებისკენ მიაქანებდა“, გააწითლეს როგორც პროფესურის დიდი ნაწილი, ასევე რექტორატი, მალევე პირველ ქართულ უნივერსიტეტს საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მტრის, იოსებ სტალინის სახელი მიანიჭეს.

სამართლიანობა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, საბჭოთა ოკუპაციის დასრულების პარალელურად აღდგა, როცა 1988 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალურად ეწოდა ივანე ჯავახიშვილის სახელი.

ნიკო ცხვედაძის ბიუსტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

საქართველოს სახელმწიფომ და ქართველმა ერმა ასევე დაუფასა ამაგი ნიკო ცხვედაძესაც, რომლის ნეშტი 2008 წლის 26 ნოემბერს დიდუბის პანთეონიდან უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს. როგორც ისტორიკოსმა ზურაბ გაიპარაშვილმა შენიშნა, ცერემონიაზე მისულ საზოგადოებას ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს დიდი მამულიშვილი საკუთარ სახლში დაბრუნდა.