„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და „რადიო თავისუფლება“ აცხადებენ 5-წუთიანი ფილმების კონკურსს კორუფციაზე

კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება კორუფციის ფორმებსა და მასთან ბრძოლის ხერხებზე. კონკურსის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, გამოხატონ თავიანთი ხედვა და მიდგომები კორუფციასთან ბრძოლის მეთოდებისა და მექანიზმების შესახებ. კონკურსისთვის შექმნილი ვიზუალური ისტორიები განთავსდება „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ფეისბუკგვერდზე, გავრცელდება მედიაში, სოციალურ ქსელებსა და სხვა საჯარო სივრცეებში.

კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „რადიო თავისუფლება“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. მისი მიზანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

რა არის კორუფცია და სად შეიძლება ვნახო მასალები ამ თემის შესახებ?

კორუფცია განიმარტება, როგორც თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის. კორუფცია შეიძლება იყოს როგორც მარტივი - მაგალითად, ქრთამის აღება ან ნეპოტიზმი, ისე რთული ფორმის - მაგალითად, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ინტერესთა კონფლიქტი და თანამდებობის პირების უკანონო მონაწილეობა ბიზნესში, ამომრჩევლის მოსყიდვა, პოლიტიკური პარტიის უკანონო დაფინანსება, საჯარო სახსრების მითვისება, ფულის გათეთრება, მბრუნავი კარი, სახელმწიფოს მიტაცება და სხვა.

კორუფცია განსაკუთრებით გავრცელებულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა:

  • საჯარო სერვისები;
  • სახელმწიფო შესყიდვები;
  • პრივატიზაცია;
  • ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის პროცესი;
  • პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების დაფინანსება არჩევნების დროს.

მეტ ინფორმაციას კორუფციული ფაქტებისა და კვლევების შესახებ იხილავთ აქ.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ თემაზე საკუთარი ხედვის წარმოჩენა და ვისაც აქვს ამბიცია, რომ მისი ნამუშევარი ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის და საზოგადოებას კორუფციის თემებზე დააფიქრებს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს:

  • დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ვიზუალური ისტორია, რომელიც ასახავს ამბავს კორუფციაზე;

  • ხანგრძლივობა - 5 წუთი (შესაძლებელია ფილმის მინიმალური ქრონომეტრაჟი იყოს 3.5 წუთი);
  • ვიზუალური ისტორია უნდა იყოს ქართულად ინგლისური სუბტიტრით, ან ინგლისურად ქართული სუბტიტრით​;
  • ვიზუალური ისტორია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს გმირის ინფორმირებული თანხმობა ვიზუალურ ისტორიაში მონაწილეობაზე;
  • ვიზუალურ ისტორიაში გამოყენებული მუსიკის საავტორო უფლებები მოპოვებული უნდა იყოს ავტორის მიერ.

რომელ კრიტერიუმებს გაითვალისწინებენ შეფასებისას?

  • ვიზუალური ისტორიის კონცეფცია და იდეის ორიგინალურობა;
  • თემის წარმოჩენის კუთხე;
  • ვიზუალური გადაწყვეტა;
  • ტექნიკური გამართულობა (ხმის და გამოსახულების ხარისხი).

როგორ გამოვაგზავნოთ ფილმი?

ფილმი ატვირთეთ რომელიმე ვიდეოპლატფორმაზე - Vimeo-ზე ან Youtube-ზე, რომელიც დაცული იქნება პაროლით.

ფილმის დახურული ბმული უნდა მიუთითოთ დარეგისტრირებისას სააპლიკაციო ფორმის მითითებულ ველში.

როგორ უნდა დავრეგისტრირდე?

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად დააწკაპუნეთ აქ.

როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?

ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ოქტომბერი.

რამდენია საპრიზო ფონდი?

  • პირველი ადგილი - 15 000 ლარი
  • მეორე ადგილი - 8 000 ლარი
  • მესამე ადგილი - 5 000 ლარი

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფილმებს?

საკონკურსო ნამუშევრების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას პირველ ეტაპზე შეაფასებს შესარჩევი კომისია. ფინალში გასული ფილმებიდან გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების ავტორებს ეცნობებათ წინასწარ, შერჩეული ვიდეოების რადიო თავისუფლებისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის არხებზე გამოქვეყნებამდე, არაუგვიანეს 13 ნოემბრისა.

კონკურსის მსვლელობის დროს საკონკურსო მასალა ქვეყნდება მხოლოდ „რადიო თავისუფლების“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ონლაინპლატფორმებზე და კონკურსის დასრულებამდე მასალის სხვაგან გამოქვეყნება დაუშვებელია.

ფინალურ ეტაპზე გასული კონკურსანტები მიწვეულები იქნებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ პროექტის ფარგლებში დაწესებული ფულადი პრიზები.

ვის დავუკავშირდე, თუ შეკითხვა გამიჩნდება?

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: contestcorruption@gmail.com