უკანასკნელი დერეფანი ლუგანსკთან

სტანცია ლუჰანსკას მისადგომები, ლუგანსკის რეგიონში კიევის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის განაპირა არეალი. უკრაინის ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის შემდეგ დაწყებულ ბრძოლებს ამ არეალში ათი ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

აქ გამვლელთა უმეტესობა პენსიონერები არიან სეპარატისტული რეგიონიდან. ისინი უკრაინის ცენტრალური მთავრობის პენსიის მისაღებად მიემართებიან.

გამშვებ პუნქტთან, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებს, დგას ბანკომატი (მარჯვნივ), რომელსაც მუდმივად იყენებენ და რომელსაც ყოველდღიურად ავსებენ ფულით. 

უკრაინელი მოხელე პასპორტს უმოწმებს მოქალაქეს.

უკრაინელი ჯარისკაცები მგზავრებს ბარგს უმოწმებენ, სანამ ისინი სეპარატისტების ხელში არსებული ტერიტორიისკენ ხანგრძლივ გზას დაადგებიან.

გაყინულ სასწორზე ყუთებს წონიან. ამ კაცის ბარგი 74,2 კილოგრამს იწონის, დაშვებულ ნორმას, 75 კილოს, აკმაყოფილებს და შეუძლია გზა გააგრძელოს.

შემოწმება თუ გაიარეთ, იწყება გრძელი გზა 5 კილომეტრში მდებარე სეპარატისტების გამშვებ პუნქტამდე.

ეს გზა რთულია განსაკუთრებით მოხუცებულებისთვის. ხუთიდან ოთხი პენსიონერია.

შეუძლოდ მყოფი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დერეფნის გავლა ნათესავების ან მტვირთავების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
 

მოხუცებულ ქალს ზამთრის პირობებზე მორგებული ეტლით მიასრიალებენ.

ფეხით მოსიარულეთა დერეფნის ორივე მხარეს თოვლში ნაღმები იმალება.

ნინა ნიკოლაევნა მტვირთავად მუშაობს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ტვირთი გადააქვს. 79 წლის ქალს თითო გადატანის შემდეგ 7-14 დოლარი რჩება. დღეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება ტვირთით დერეფნის გადაკვეთა.

ნინა ნიკოლაევნა მუშაობის დროს. ის ხილით და ბოსტნეულით დატვირთულ ურიკას აწვება თოვლში სეპარატისტული არეალისკენ. ახალი პროდუქტები სეპარატისტულ რეგიონში ბევრად უფრო ძვირია.

სეპარატისტული რეგიონისკენ მიემართება ახალგაზრდა ოჯახი.

ომის კვალი ისევ ეტყობა გზისპირა შენობებს. მძაფრი ბრძოლები აქ განსაკუთრებით ომის პირველ ხანებში მიმდინარეობდა.

უკრაინის უკანასკნელი დროშა იმ არეალის დასრულებას აღნიშნავს, სადაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უსაფრთხოდ შეუძლია იმოძრაოს. საღამოს ხუთი საათის შემდეგ, როცა „საზღვარი“ იკეტება, სნაიპერები ხშირად განლაგდებიან ხოლმე ბორცვზე მდებარე ცარიელ სახლებში. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტის იქ სტუმრობამდე ერთი კვირით ადრე სნაიპერმა უკრაინელი ჯარისკაცი დაჭრა.

ეს ბოლო პუნქტია, სადაც ჩვენს ფოტოგრაფს შეუძლია უსაფრთხოდ იყოს მთავრობის კონტროლქვეშ არსებულ არეალში დაბრუნებამდე. ოდნავ მოშორებით ხიდია, რომელიც სეპარატისტებმა გაანადგურეს 2015 წელს. ჩანს, ორივე მხარეს აკლია პოლიტიკური ნება, შეაკეთოს ან გამოცვალოს ხიდი.