ფოტოს მოყვარული ფიროსმანი

იცოდით ნიკო ფიროსმანი ფოტოგრაფიის დიდი მოყვარული რომ იყო? იცოდით, რომ მისი შედევრების მნიშვნელოვან ნაწილს („შეშის გამყიდველი ბიჭი“, „მუშა ტიკით“, „ყოჩი“,„გიორგი სააკაძე მტრებისგან იცავს საქართველოს“ და სხვ) ფოტოსურათები რომ უდევს საფუძვლად?

არაყზე თუგინდ გაფრენილ ჩიტს დაგიხატავდაო, - უთქვამს ერთ მიკიტანს ფიროსმანზე, - ყველა მისი ნახატი დახატულია მომენტალურად - არყის ჭიქების ცლაშიო, - ვკითხულობთ გიორგი ლეონიძის ადრეულ (1922 წ) სადღიურო ჩანაწერებში, თუმცა ამავე დღიურში მოგვიანებით (1930 წ) გაკეთებული ჩანაწერიდან ისიც ირკვევა, რომ ფიროსმანი მხოლოდ სპონტანურად და მხოლოდ შთაგონებით როდი ხატავდა.

სააღდგომო ბატკანი. ფიროსმანი

„რასაც გინდოდა, დაგიხატავდა. საღებავები ჯიბით დაჰქონდა. სპიჩკის კოლოფზე ლომი ეხატა-ხოლმე, გახსოვთ? ერთხელ ასეთი კოლოფიდან ლომი გადმომიხატა. რა სურათიც მიგეცათ, მიმსგავსებით დაგიხატავდათ. ბევრი აქვს ასე გადმოხატული წიგნებიდან“, - ამბობს თბილისელი ღვინის ვაჭარი მესხიშვილი 1930 წლის მარტში გაკეთებული ჩანაწერის მიხედვით.

"ფუნიკულიორი"

ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე ჩხეიძეც ჯერ კიდევ 1990 წელს წერდა, რომ ფიროსმანის ზოგიერთ ტილოს საფუძვლად უდევს ფოტოგრაფია, რომელიც იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებული ალბომებისა და საფოსტო ბარათების სახითო.

„ამ ფოტოებს ფიროსმანი იყენებდა პორტრეტების დასახატად, ტიპაჟებისათვის მრავალსიუჟეტიან სურათებში და ა.შ. “ - ვკითხულობთ ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ (1990 წ. N8) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც დეტალურად არის გარჩეული თეატრალური სცენების ამსახველი ფოტოების საფუძველზე დაწერილი ტილოები, მათ შორის ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი „გიორგი სააკაძე მტრებისგან იცავს საქართველოს“.

ფოტო სპექტაკლიდან "სამშობლო"; "გიორგი სააკაძე მტრებისგან იცავს საქართველოს“. ნ. ფიროსმანი

საქმე ის არის, რომ „გიორგი სააკაძე მტრებისგან იცავს საქართველოს“ შექმნილია სწორედ იმ წელს, როცა საზეიმოდ აღინიშნებოდა 30 წელი უაღრესად პოპულარული სპექტაკლის, „სამშობლოს“ პირველი დადგმიდან და ტილოზეც ასახულია სცენა სწორედ ამ სპექტაკლიდან.

ეს სცენა - მეტეხის დარბაზში საბრძოლველად გამზადებული გმირები დროშაზე სდებენ ფიცს სამშობლოსათვის თავის გაწირვაზე - იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ცნობილმა ფოტოგრაფმა, ალექსანდრე როინაშვილმა თავის ფოტოატელიეში დაადგმევინა მსახიობებს და ისე გადაიღო.

თუმცა გარდა როინაშვილისა, იგივე სცენა (თანაც უშუალოდ 1882 წლის პრემიერაზე) გადაღებული აქვს ფოტოგრაფ ო. ლომჩენკოსაც და, როგორც ალექსანდრე ჩხეიძე ამტკიცებს, სწორედ ლომჩენკოს ფოტოსურათი უდევს საფუძვლად ფიროსმანის ცნობილ ტილოს.

არის თუ არა ფიროსმანის ნახატი ფოტოს ასლი?

როგორც ხელოვნებათმცოდნე გიორგი პაპაშვილი ამბობს, არავითარ შემთხვევაში, საქმე სხვადასხვაგვარ მხატვრულ გადამუშავებასთან გვაქვს, რადგან, როგორც წესი, ფიროსმანს ფოტო გამოყენებული აქვს როგორც რაღაც სახე, რომელიც იმდენად გადაეწყობა ხოლმე მუშაობის პროცესში, რომ სულ მცირე უსამართლობაა რაიმე სახის „კოპირებაზე“ ილაპარაკო.

ფოტო & ნახატი

„ცნობილია, რომ ფიროსმანაშვილი არ იყენებდა ე.წ. მოსამზადებელ ნახატს ანუ არ დაჰქონდა კონტურები სახატავი მასალის ზედაპირზე, პირდაპირ ხატავდა. რატომ ხატავდა? იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ხელთ ჰქონდა მოცემულობა ფოტოს სახით. დამკვეთი აძლევდა ან თვითონ ირჩევდა. შესაბამისად, მისთვის ფოტოსურთმა აიღო მოსამზადებელი ნახატის ფუნქცია, რამაც, ბუნებრივია, ასახვა ჰპოვა მხატვრულ სახეებზე. ერთია, ნახატზე დაფუძნებული ფერწერული გამოსახულება და მეორე - ფოტოზე დაფუძნებული, რომელიც კიდევ უფრო მეტად იკონურია. ნახატი არის არაფრიდან კონსტრუირებული რეალობა, ფოტო კი - რეალობიდან აღებული ანაბეჭდი, რომლის გადამუშავებაც ხდება როგორც ფიროსმანთან, ასევე უამრავ სხვა მხატვართან. ასე განსაჯეთ, ამ მეთოდს იყენებდნენ კურბე, მონე, პიკასო და სხვ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ახლაც იყენებენ. ფუნჯის გარდა მხატვარს დღეს ასევე უჭირავს ხელში ფოტოაპარატი და უჭირავს უფრო ხშირადაც...“, - უთხრა გიორგი პაპაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ფოტოსაგან განსხვავებით, ნახატზე („გიორგი სააკაძე მტრებისგან იცავს საქართველოს“) სურათის გმირები წარმოსახული არიან ბუნების წიაღში, სიღრმეში კი იშლება საქართველოს პანორამა: მოჩანს დროშებითა და ხიშტებით მომავალი ჯგუფები და, მთლიანობაში, ფერწერით გადმოცემულია ისეთი დაძაბული ატმოსფერო, რამაც დავით კაკაბაძეს ათქმევინა, არც ერთ სხვა მხატვართან არ მინახავს საქართველოს ამგვარი შეგრძნებაო.

ფოტო & ნახატი - სპექტაკლ "და-ძმის" მიხედვით

„ფიროსმანი ქმნის სურათოვან კომპოზიციას, რომელიც გაცილებით ფართოა თავისი სტრუქტურითაც და შინაარსითაც. ფერწერული იდეითა და სახვითი საშუალებებით. მხატვარი სახალხო პატრიოტიზმის საკუთარ დრამატურგიულ და ისტორიულ კონცეფციას ქმნის. ტილოზე გამოსახული ფიგურები ხასიათდებიან შინაგანი დინამიკით, დაძაბულობით, მტერთან მომავალი შერკინებისათვის მზაობით“, - წერდა „საბჭოთა ხელოვნებაში“ ალექსანდრე ჩხეიძე, რომლის თქმითაც, ყოველივე ეს არ იყო არც შემთხვევითი და არც გასაკვირი, რადგან „ფიროსმანი ფოტოგრაფიას სწავლობდა როგორც „ნატურას“ და, ამავე დროს, ინტუციით გრძნობდა მის ღირსებასაც და ნაკლსაც, როგორც ხელოვნებისა. ეს ხელოვნება მას სხვა განზომილებაში გადაჰყავს - ფერწერის ხელოვნებაში. ფიროსმანი თავის სურათებში საგრძნობლად შორდება პირველწყაროს - ფოტოგრაფიას, მასში შეაქვს საკუთარი ხედვა. განსჯა. მისთვის უფრო მთავარია ის, თუ როგორ გამოხატავს, და არა ის, თუ რას ასახავს ეს სიუჟეტი“.

სწორედ ასეთი მიდგომით, ამ ნიჭითა და ცოდნით აქვს დახატული ფიროსმანს სხვა არაერთი ტილო, მათ შორის ილია ზდანევიჩის პორტრეტი, „შეშის გამყიდველი ბიჭი“, „მუშა ტიკით“, „ყოჩი“, სცენები სპექტაკლიდან „და-ძმა“, რომლის ერთ-ერთ ვარიანტშიც მხატვრის ავტოპორტრეტიც მოჩანს.

ილია ზდანევიჩი

ფიროსმანის ავტოპორტრეტის არსებობის შესახებ წერს კირილე ზდანევიჩი 1963 წელს გამოცემულ წიგნში „ნიკო ფიროსმანი“, რომლის მიხედვითაც, ავტოპორტრეტი უნახავს ილია ზდანევიჩს.

„ჰქონდა მას [ფიროსმანს] ავტოპორტრეტი „კარგ ხალათში, არა ასეთ ცუდში“, მაგრამ ვიღაცას მიჰყიდა“-ო, - უთქვამს ილია ზდანევიჩს ძმისთვის.

გიორგი პაპაშვილის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ეს ავტოპორტრეტი ჩასვა „და-ძმის“ სცენის მიხედვით შესრულებულ ტილოს დაზიანებულ ნაწილში დავით კაკაბაძემ, რომელიც ფიროსმანის ორივე ტილოს ფლობდა.

ფიროსმანის ავტოპორტრეტი

ფოტოსურათიდან უნდა იყოს დახატული ვაჭარ ალექსანდრე გარანოვის პორტრეტიც.

„ხედავთ, რომ ის დგას დაახლოებით ისეთ ტუმბასთან, როგორიც იდგა ხოლმე ფოტოსალონებში და ისევე პოზირებს დოინჯშემოყრილი, როგორც პოზირებდნენ ხოლმე მაშინ ფოტოს გადაღებისას... იმავეს თქმა შეიძლება „ბავშვებიანი გლეხის ქალი მიდის წყალზე“-ც, რომელიც ძალიან ჰგავს როინაშვილის გადაღებულ ფოტოს. პირდაპირ ჩანს, თუ როგორ იყენებს ფიროსმანაშვილი ფოტოს როგორც იკონოგრაფიულ მასალას, როგორც იკონოგრაფიულ პირველ წყაროს“, - ამბობს გიორგი პაპაშვილი, რომლის თქმით, თვითონ ფიროსმანი, ბევრი სხვა მხატვრისგან განსხვავებით, არასოდეს მალავდა ფოტოსურათების გამოყენების ფაქტს, რაც ასევე კარგად ჩანს თბილისელი ღვინის ვაჭრის, მესხიშვილის მოგონებებიდან, რომელიც გიორგი ლეონიძეს ჩაუწერია 1930 წლის 30 მარტს.

ვაჭარი ალექსანდრე გარანოვი

მესხიშვილის ნაამბობიდან ისიც ირკვევა, რომ ფიროსმანის ხელში, არათუ ფოტოსურათის, სხვისი ნახატის მიხედვით შესრულებული ნამუშევარიც კი სულ სხვა, ბევრად მაღალ განზომილებაში გადადიოდა.

„იმ ხნად ზაზიაშვილი მესტუმრა. მისი ნამუშევარი დაიწუნა და თვითონ წაიღო დასახატადა. მომიტანა ტუშით გადიდებული. ფული არ აიღო. ჩარჩოც თვითონ ეყიდა. რა მშვენიერება იყო! - არა, სად ნიკალაი და სად ზაზიაშვილი?"- უთქვამს გიორგი ლეონიძისათვის ღვინის ვაჭარ მესხიშვილს და საჭიროდ ჩაუთვლია იქვე დაემატებინა, სამი გაფრენით მეტია ნიკალაო.