მოკლედ
- როგორ ნაწილდება მემკვიდრეობა საქართველოში?
- რატომ იღებენ კაცები მეტს?
- ქონება ვაჟებს, მზითვი ქალიშვილებს - რატომ მუშაობს ეს წესი დღემდე?
- რა დაძლევს ამ უხილავ უთანასწორობას ოჯახებში?
აქ კანონზე ძლიერი სიტყვებია: „ყოველთვის ასე იყო - ვაჟია მემკვიდრე", „სახლი ბიჭს უნდა დარჩეს“, „გოგო გათხოვდება“... და სწორედ ამ უხილავ სივრცეში, სადაც სამართალი ტრადიციას ეჯახება, ქალები ისევ კარგავენ იმას, რაც კანონით ეკუთვნით.
ბელა პატაშური წლებია იბრძვის მემკვიდრეობისთვის - „ერთი ნაგლეჯი მიწისთვის“ და წლებია გრძელდება მისი სასამართლო დავაც ძმასა და დედასთან.
ოჯახის წევრებთან მისი ურთიერთობა წლიდან წლამდე იძაბება.
ბელამ მემკვიდრეობით დავაზე ხმამაღლა ლაპარაკი არჩია (რადიო თავისუფლება მასზე ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გიყვებოდათ). როგორც წესი, ქალები, ქონების გამო ოჯახთან კონფლიქტს და სასამართლოში ჩივილს თავს არიდებენ.
„ამ ამბების გამო პოსტტრავმული აშლილობა დამიდგინდა. სულ ვტირი. გამოსავალს ვერ ვპოულობ, სეზონურ სამუშაოზე დავდივარ თავის სარჩენად. ჩემი - არაფერი გამაჩნია. ჩემი ხარჯებით არც ადვოკატის დაქირავება შემიძლია, ეს საქმე რომ როგორმე ბოლომდე მივიყვანო“.
ადრე მას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „საფარი“ იცავდა. დღეს ბელას ადვოკატიც აღარ ჰყავს.
„საფარი“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, დღეს, სხვა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად დაყადაღებულია და ამის გამო არაერთ ქალს მოესპო უფასო დაცვის შესაძლებლობა. „საფარს“ პროკურატურა 2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ ედავება „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში.
ბელა პატაშური მაინც იბრძვის მიწისთვის, სადაც მას ყვავილები მოჰყავდა, ყიდდა და თავს ამით ირჩენდა.
„ის ყვავილების ბაღიც გამინადგურეს, სანამ მე სამუშაოდ ვიყავი გუდაურში წასული. ერთხელ რომ მივედი, აღარაფერი დამხვდა... ძაღლივით ყველაფერი უნდა მომეთმინა ადრეც და დღემდე ასე ვარ, როცა მანდ მივდივარ. მამაჩემს ვსაყვედურობ, ეს რა გამიკეთე-მეთქი. ახლა უკვე გვიანია“.
გვიყვება, რომ მიუხედავად ამდენწლიანი ბრძოლისა, მამისეულ სახლში, სადაც მას ერთი ოთახი აქვს, არც მაცივრით, არც ტელევიზორით, არც სარეცხი მანქანით სარგებლობის უფლება არა აქვს.
„ჩემს ძმას და დედაჩემს ახლაც ჩემი გასახლების სარჩელი აქვთ შეტანილი სასამართლოში“.
რამდენად განაპირობებს მემკვიდრეობის განაწილებისას ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭებას გენდერული და სოციალური ნორმები და რა არის იმის მიზეზი, რომ კაცებს, ქალებთან შედარებით, უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს ანიჭებს? - ამ კითხვებს პასუხობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს წარმომადგენლობის კვლევა „მემკვიდრეობის განაწილების გენდერული ასპექტები“, რომელიც ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა და რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში, დღემდე, მემკვიდრედ ვაჟი მიიჩნევა.
ორჯერ მეტი კაცებს - რას ამბობს ახალი კვლევა?
- საქართველოში, კაცები ფლობენ 2-ჯერ მეტ მიწის ნაკვეთს, ვიდრე ქალები.
- კაცებმა, საშუალოდ, 67%-ით მეტი შენობა-ნაგებობიანი მიწა და 15%-ით მეტი ბინა დაირეგისტრირეს, ვიდრე ქალებმა.
ქონების ნასყიდობის ტრანზაქციებშიც კაცები დომინირებენ.
ისინი, საშუალოდ, 3,4-ჯერ მეტ მიწას, 70%-ით მეტ შენობა-ნაგებობიან მიწას და 15%-ით მეტ ბინას ყიდულობენ, ვიდრე ქალები.
ჩუქებითაც, კაცებს საქართველოში ორჯერ მეტად ასაჩუქრებენ, ვიდრე ქალებს.
მცირედ განსხვავებულია სურათი მემკვიდრეობით გადაცემული ბინების შემთხვევაში - აქ მემკვიდრეებად ქალები სჭარბობენ.
ქალები ქონების მფლობელები ხდებიან მხოლოდ ქვრივობის, დაშორების ან განქორწინების შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ვერ არიან ბოლომდე დამოუკიდებლები თუ ამ ქონების გაყიდვას ან ანდერძით გადაცემას მოინდომებენ.
კანონით თანაბარნი - რეალურ ცხოვრებაში უთანასწორონი
კანონით, საქართველოში მემკვიდრეობა ქალსა და კაცს შორის თანაბრად ნაწილდება.
მაგრამ როგორც წესი, კულტურული ნორმები და ტრადიციები კანონზე მაღლა დგას - ოჯახი ქალიშვილს მზითვის ამარა ტოვებს ( ან უბრალოდ, მის მომავალ ქმარზე ამყარებს იმედს).
მზითვი, თუ ის არსებობს, როგორც წესი, მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნივთებისგან შედგება: ავეჯისგან, თეთრეულის და ტანსაცმლისგან, რომლის ღირებულება ვაჟებისთვის განკუთვნილი მიწის, სახლისა თუ ქონებასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ:
• ქალების უმრავლესობამ არ იცის, რა უფლებები აქვთ ქონებრივი დავების დროს;
• მათ აქვთ შეზღუდული წვდომა სამართლებრივ რესურსებზე;
• არ არსებობს მხარდასაჭერი ქსელები;
• მათ მემკვიდრეობის საკუთარი წილის მოპოვებაში ხელს უშლის კულტურული და სოციალური ნორმები.
ვაჟი აღიქმება, როგორც ხანდაზმული მშობლების მთავარი მარჩენალი და მხარდამჭერი და, შესაბამისად, ოჯახის აქტივების მთავარი მემკვიდრეც, თუმცა არცთუ იშვიათად, ასაკში მყოფი მშობლების მოვლა მაინც ქალიშვილებს უწევთ. ან, უბრალოდ, ქალებს - რძლებს.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები ხუთჯერ მეტ დროს ხარჯავენ ანაზღაურებად მზრუნველობაზე, ვიდრე მამაკაცები, აქტიურად ასრულებენ მზრუნველის როლს ოჯახებსა და თემებში (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2022).
ასევე ნახეთ „ხან მეცინება, ხან მეტირება“ - შრომა უფასოდ, ქალების უთქმელი დარდიმემკვიდრეობის არათანაბარი განაწილება ქალებს ეკონომიკურად ასუსტებს და დამოუკიდებლობას ართმევს - მათ არ შეუძლიათ კრედიტის აღება, ვერ იწყებენ საკუთარ ბიზნესს, ვერ იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს და სხვაზე დამოკიდებულები ხდებიან.
ეს „სხვა“ ძალიან ხშირად, შესაძლოა, მოძალადე ქმარი აღმოჩნდეს.
უთანასწორობის მიღმა: რატომ იღებენ კაცები მეტს?
ამის მიზეზი სოციალური დამოკიდებულებებია, რომლის თანახმად, რესპონდენტთა 45% მიიჩნევს, რომ ქონება, მემკვიდრეობით ვაჟებმა უნდა მიიღონ. მაშინ როდესაც მხოლოდ 1%-ა ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ ის ქალიშვილებს უნდა გადაეცეთ. დანარჩენი აცხადებს, რომ ქონება თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის.
მომხრეთა შორის, როგორც წესი, მეტია ქალი.
2024 წელს, 2019 წელთან შედარებით, კავკასიის ბარომეტრის მიხედვით, (CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული კვლევა) გაზრდილია იმ კაცების რაოდენობაც, რომლებიც მხარს უჭერენ ბიჭისთვის ქონების გადაცემას, რაც, გაეროს მოსახლეობის ფონდის შეფასებით კონსერვატორული შეხედულებების გაძლიერებაზე მიუთითებს.
ასევე ნახეთ "თუ გიყვარვარ, დამეხმარე“ - როგორ სძალავენ ქალებს სამკაულებს, ხელფასს, ქონებას„ასე ცხოვრობდა მთელი საქართველო“ - ხანდახან უარს ქალიც ამბობს
ასეც ხდება: ხანდახან, თავად ქალია უარზე „ძმებს გაუყოს ქონება“.
ამ სტატიაზე მუშაობისას სოციალური ქსელების რამდენიმე დახურულ ჯგუფში ქალებს ვკითხეთ, ჰქონიათ თუ არა მათაც მსგავსი შემთხვევა და საერთოდ, მიაჩნიათ თუ არა მემკვიდრეობის ვაჟების სასარგებლოდ გადანაწილება პრობლემად.
2021 წლისგან განსხვავებით, როცა რადიო თავისუფლება ამ თემაზე მუშაობდა, ქალებისგან მცირედ განსხვავებული პასუხები მივიღეთ. ისინი გვწერდნენ, რომ „დღეს მათ ეს პრობლემა არ უდგათ“. „ძმას რა უნდა გავუყო, ერთი სახლია და ხომ არ გავჭრიდი“ - ასეთი პასუხიც მივიღეთ.
ჩოხატაურში მცხოვრები ირმა (მისი სახელი შეცვლილია) გვიყვება, რომ მის მშობლებს მისთვის არასოდეს უთქვამთ, გათხოვდი და სახლიდან წადიო, თუმცა მათგან არც ოჯახის ქონების და-ძმებს შორის გაყოფის საკითხი დამდგარა ოდესმე. ირმას თავისი ოჯახი არ შეუქმნია. არც წილი მიუღია მამისეული სახლიდან.
„წლების შემდეგ, როცა მამაჩემი გარდაიცვალა, მე თავად გადავწყვიტე, რომ სახლი ძმებს დარჩენოდათ და მე გავცლოდი მაგ სიტუაციას... ბავშვობაში მამაჩემი კი ამბობდა ხოლმე ხუმრობით, მამა, მთელი უძრავი და მოძრავი ქონება შენ გეკუთვნისო, მაგრამ სერიოზულად ეს თემა ოჯახში არასოდეს წამოჭრილა. ასე ცხოვრობდა მთელი საქართველო... განა მაწყენდა ის ჩემი წილი, მაგრამ გააზრებულად ამაზე არ მიფიქრია და თან, არცაა ისეთი ქონება გაყოფად რომ ღირდეს“.
მემკვიდრეობითი უთანასწორობა - რეგიონების მიხედვით
გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის თანახმად, კახეთისა და შიდა ქართლის გარდა, გენდერული უთანასწორობა აშკარაა:
- აჭარაში,
- იმერეთში,
- ქვემო ქართლში.
თბილისი, ამ მხრივ, გამონაკლისია, რადგან აქ ქალების მემკვიდრეობით მიღებული ბინების წილი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების - მემკვიდრეობით მიღებული ბინების 70% სწორედ ქალებზე მოდის.
ტრადიციული მემკვიდრეობითი წეს-ჩვეულებები უფრო მეტად ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ უმცირესობებშია შემორჩენილი, სადაც ვაჟები, როგორც წესი, ოჯახის ქონებას მემკვიდრეობით იღებენ, ხოლო ქალიშვილებს მზითვი ერგებათ.
ამ რეგიონებიდან კვლევის მონაწილე მამებისთვის მზითვი მემკვიდრეობის შემცვლელად აღიქმება. თუმცა დედებს ქვემო ამ ტრადიციის შეცვლა სურთ და მემკვიდრეობის თანაბარი განაწილების მიღწევას ცდილობენ.
სამცხე-ჯავახეთში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით შეხედულებები განსხვავებულია, ზოგი მხარს უჭერს თანაბარ განაწილებას, თუ ეს ფინანსურად გამართლებულია, ზოგი კი ტრადიციულ ნორმებს იცავს.
ასევე ნახეთ უი, მესამეც გოგოა? - „გამქრალი გოგოების“ ამბავისახელმწიფო დუმს
რამ უნდა შეცვალოს გენდერული მიკერძოება, რომლითაც მემკვიდრეობის განაწილებისას უპირატესობა მუდამ ვაჟებს ენიჭებათ?
ერთი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამების მენეჯერი, მარიკა ქურდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, ამ პროცესში სახელმწიფოს როლი - სოციალური დაცვის ეფექტიანის მექანიზმები შექმნა (მათ შორის, ხარისხიანი ჯანდაცვა და ღირსეული საპენსიო სისტემა) გადამწყვეტია.
მისი აზრით, ეს შეამსუბუქებდა ოჯახების ფინანსურ ტვირთს, შეამცირებდა მშობლების მხრიდან შვილებზე (როგორც ზრუნვის გარანტებზე) დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობდა მემკვიდრეობის განაწილების ვაჟების პრიორიტეტულობაზე დაფუძნებული პრაქტიკის შეცვლას:
“მნიშვნელოვანია საზოგადოება და პირველ რიგში, თავად ოჯახები იაზრებდნენ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობის არქონას ქალის ცხოვრებაზე - რომ ქონება ქალს აძლევს ავტონომიას, ზრდის მის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ამცირებს ძალადობის რისკს“.
ასევე ნახეთ „ოცნებამ“ მესამე მოსმენით მიიღო FARA, შეცვალა მედიის კანონი, ამოიღო „გენდერი“ და დააბრუნა „სამშობლოს ღალატის“ მუხლიქალთა უფლებადამცველები არ არიან იმედიანად - პლატფორმის “ქალები საქართველოდან” თანადამფუძნებელი იდა ბახტურიძე, მაგალითად, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მემკვიდრეობის განაწილების პრობლემაც იმ უკუსვლის ნაწილია, რომელსაც დღეს საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკა განიცდის.
„როდესაც ხელისუფლება კანონმდებლობიდან „გენდერის“ ცნებას შლის და უკვე საჯაროდ ჩნდება სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გამოსვლის რიტორიკა, მემკვიდრეობის უთანასწორობაც უფრო ნაკლებად აღიქმება როგორც სტრუქტურული დისკრიმინაციის, ეკონომიკური ძალადობისა და ქალთა უსაფრთხოების საკითხი. თუ ეს პოლიტიკური კონტექსტი გაგრძელდება, ეს პრობლემა კიდევ უფრო უხილავი გახდება“.
უფლებადამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, ტენდენცია, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც იცვლებოდა ქალების სასიკეთოდ, პროგრესი ავტომატურ რეჟიმში ვერ გაგრძელდება და დამოკიდებული იქნება იმაზე, იარსებებს თუ არა საერთოდ ამაზე საჯარო დისკუსია.
სხვაგანაც ასეა?
მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 25%-ში აქვთ ქალებს რეალურად (არა მხოლოდ კანონში) თანაბარი მემკვიდრეობის უფლება.
95-ზე მეტ ქვეყანაში ტრადიციები ან არაფორმალური წესები მაინც ვაჟებს ანიჭებს უპირატესობას.
80-ზე მეტ ქვეყანაში კანონი პროგრესულია, მაგრამ პრაქტიკა - პატრიარქალური.
ევროპასა და დასავლეთში მემკვიდრეობა სრულად გენდერულად ნეიტრალურია და შვილებს (ქალს და კაცს) აქვთ თანაბარი წილი.
თუმცა, აქაც არსებობს ე.წ. „რბილი უთანასწორობა“, როცა ქალები ხშირად „თავის ნებით“ თმობენ წილს ძმების სასარგებლოდ (ოჯახური წნეხი).
განვითარებადი ქვეყნებში - კანონი ბევრგან უკვე შეცვლილია და თანასწორობის პრინციპზე დგას (მაგალითად, ინდოეთში, აფრიკის არაერთ ქვეყანაში). თუმცა აქაც განსხვავებულია რეალობა - მემკვიდრეობა იქაც ხშირად მამაკაცის ხაზით გადადის.
ასევე ნახეთ გოგოების დაკარგული მემკვიდრეობა ანუ მეც შვილი ვარ!