რა არის სტამბოლის კონვენცია?
სტამბოლის კონვენცია, იგივე „ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და წინააღმდეგობის შესახებ“ - ეს არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად აცხადებს და მიზნად ისახავს როგორც ქალთა მიმართ, ისე ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას.
ეს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი სახელმწიფოებს ავალდებულებს ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომლითაც შეძლებენ ქალთა მიმართ ძალადობის შეჩერებას, მსხვერპლთა დაცვას და შედეგიან სამართლებრივ რეაგირებას.
სად და როდის მიიღეს ეს კონვენცია?
სტამბოლის კონვენციას ხელი მოეწერა 2011 წელს, თურქეთში, სტამბოლში (კონვენციის სახელწოდებაც აქედან მოდის).
დოკუმენტი ხელმოსაწერად 2011 წელსვე გაიხსნა და ძალაში 2014 წლის აგვისტოში შევიდა.
ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, ხორვატია, დანია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლატვია და ლუქსემბურგი იყვნენ პირველი ქვეყნები, ვინც პირველებმა მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება.
კიდევ რამდენი ქვეყანაა ხელმომწერი და ვის აქვს რატიფიცირებული ეს კონვენცია?
საჯარო წყაროებში არსებული მონაცემების თანახმად, 2025 წელს სტამბოლის კონვენცია რატიფიცირებულია 39-მდე ქვეყანაში.
კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების რაოდენობა არის 46 - მათ შორის, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთი მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.
სტამბოლის კონვენციას ხელს არ აწერს რუსეთი, არც აზერბაიჯანი.
რატიფიცირება ნიშნავს, რომ ქვეყანა ოფიციალურად იღებს კონვენციის სამართლებრივ ვალდებულებებს.
ხელმოწერა ნიშნავს მხარდაჭერას, მაგრამ არ აღიარებს სამართლებრივ ვალდებულებებს სრულად.
რას ავალდებულებს კონვენცია ხელმომწერებს?
კონვენცია სახელმწიფოებს, ვინც მისი რატიფიცირება მოახდინა, ავალდებულებს:
- დაიცვას მსხვერპლები;
- შექმნას მათთვის თავშესაფრები, ცხელი ხაზები;
- დაეხმაროს სამართლებრივად თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერით;
- იმუშაოს მოძალადეებთან;
- ეკონომიკურად გააძლიეროს ქალები.
ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს პირს ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და დისკრიმინაციისთვის.
გარდა ამისა, კონვენციით გათვალისწინებულია განათლება სკოლებში, ტრენინგები პროფესიონალებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი კამპანიები, მედიის წახალისება პასუხისმგებლობიანი გაშუქებისკენ და ა.შ.
საქართველო როდის შეუერთდა სტამბოლის კონვენციას?
საქართველომ “სტამბოლის კონვენციის” ხელი 2014 წელს მოაწერა, ხოლო რატიფიცირება 2017 წლის მაისში მოახდინა და გახდა 23-ე ქვეყანა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა ქვეყნისთვის პრიორიტეტია.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა მაშინ აცხადებდა:
“სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებებისა და პრევენციის ყოვლისმომცველი მექანიზმების გაძლიერებას”.
2017 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 24 კანონში.
გამოვა საქართველო სტამბოლის კონვენციის შეთანხმებიდან?
ეს ჯერ უცნობია, თუმცა:
“თუ სტამბოლის კონვენციასთან მიმართებით არსებობს კითხვის ნიშნები, მზად ვართ ამ საკითხზე ვიმუშაოთ. გპირდებით”, - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მარტს პროსამთავრობო ტელეარხ “იმედზე” გამართული დებატების დროს.
კობახიძემ ასე პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი "ალტ-ინფოს" და "კონსერვატიული მოძრაობის" წევრის, აშშ-ს მიერ სანქცირებული, ზურაბ მახარაძის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, "თუ რატომ არის საქართველო ისევ სტამბოლის კონვენციის წევრი" და რატომ არ ტოვებს აქამდე ამ კონვენციას, რომელიც, “პირდაპირ არის გაწერილი, რომ ტრადიციული როლები ქალის და კაცის არის პრობლემა და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეგ ჩანაცვლდეს”.
მახარაძე აცხადებდა, რომ საქართველოში შობადობის კლების მიზეზი “იდეოლოგიური საკითხია” და ამას სტამბოლის კონვენციის გაუქმება უშველის.
ქალთა უფლებადამცველები განმარტავენ, რომ სტამბოლის კონვენციაა სწორედ ის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოებს ოჯახების გაძლიერებას ავალდებულებს. იქ, სადაც ოჯახი არ არის ძლიერი, სადაც ქალებს არა აქვთ მხარდაჭერა, ხოლო ოჯახური ღირებულებები ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე არ დგას, სწორედ ასეთ ქვეყნებს აქვს დემოგრაფიული პრობლემები და შობადობის კრიზისიც.
იუსტიციის სამინისტროს ვკითხეთ, ხომ არ განიხილება სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლის საკითხი საქართველოში, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
სტამბოლის კონვენციის მნიშვნელობასა და საქართველოს მიერ მისი დატოვების საფრთხეზე სახალხო დამცველსაც ვთხოვეთ კომენტარი. პასუხი ჯერჯერობით არც მისგან გვაქვს.
იგივე კითხვით მივმართეთ და სტამბოლის კონვენციის მნიშვნელობაზე ვკითხეთ “ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს.
მან გვიპასუხა, რომ ამ საკითხის (კონვენციიდან გამოსვლის) საქმის კურსში არ არის, თუმცა კითხვის მეორე ნაწილზე გვირჩია, "ვიხილოთ “ქართული ოცნების” მოტივაცია და კომენტარები როცა საქართველო კონვენციას უერთდებოდა და რატიფიკაციას გეგმავდა".
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წელს, საქართველოში 12 ქალი მოკლეს და 21 ქალის მკვლელობა სცადეს.
რას ამბობდა “ქართული ოცნება” (და თეა წულუკიანი) სტამბოლის კონვენციის მიღებაზე?
იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებდა:
„სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება ისაა, რაც მხოლოდ ჩვენმა მთავრობამ მოახერხაო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში ავიდა და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა”, - ესეც წულუკიანის სიტყვებია.
თუ საქართველომ მაინც უარი თქვა სტამბოლის კონვენციაზე, რა მოჰყვება ამას?
"სტამბოლის კონვენციის გარეშე, საქართველოში ისედაც მიუწვდომელი მართლმსაჯულება ქალებისათვის საბოლოოდ დაიხურება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ გაბოძე, PHR-ის ხელმძღვანელი.
მის მსგავსად, ქალთა არაერთი უფლებადამცველი თანხმდება, რომ კონვენციის გაუქმება:
- მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას;
- ძალიან ბევრი ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დადგება კითხვის ქვეშ;
- დაასუსტებს ქალებს, გოგონებს (მათ შორის, შშმ ქალებს);
- გაქრება ქალების გასაძლიერებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა;
- ძალადობისგან დაცვის სისტემა მოიშლება;
- საქართველოს აღარ ექნება არანაირი ვალდებულება და ქვეყანა, ამ კონვენციაზე უარის თქმით, დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.
“სტამბოლის კონვენციაში ჩამოთვლილია არაერთი საკითხი, რომლის წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯები. ეს არის იძულებითი ქორწინება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაული უნდა ყოფილიყო. ასევე ადევნება. გაუპატიურების ცნება უნდა ყოფილიყო სხვაგვარი კანონში (ეს ისევ გამოწვევად რჩება), ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების აკრძალა, იძულებით აბორტზეც იყო მითითებული სტამბოლის კონვენციაში, სექსუალურ შევიწროებაზე… ეს ყველაფერი არის პასუხისმგებლობა. თუმცა, როგორც ჩანს, ქალების უფლებების დაცვა დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას", - შენიშნავს თამარ გაბოძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ვინმემ თუ თქვა აქამდე უარი სტამბოლის კონვენციაზე?
კი, ასეთი ქვეყანა არის თურქეთი, რომელმაც 2021 წელს ოფიციალურად დატოვა კონვენცია (ამ პროცესს ჰქვია დენონსაცია - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტა) და ამ გადაწყვეტილების მოტივად თურქეთის ხელისუფლებამ დაასახელა წინააღმდეგობა „ოჯახურ და კულტურულ ფასეულობებთან”.
თურქი კონსერვატორები ამტკიცებდნენ, რომ კონვენციის პრინციპები, რომლებიც გენდერული თანასწორობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება, ძირს უთხრიდა “ოჯახურ ღირებულებებს და ხელს უწყობს ჰომოსექსუალობას”.
მეორე ქვეყანა, სადაც სტამბოლის კონვენციას სკეპტიკურად უყურებენ, უნგრეთია - გენდერული იდენტობის და სექსუალური განათლების საკითხების ნაწილში უნგრეთი კონვენციის გარკვეულ ნორმებს შეზღუდულად ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკაში ის არ აღასრულებს კონვენციის ყველა ვალდებულებას.
უნგრეთის მთავრობაც აცხადებს, რომ იქ ჩაწერილი გენდერული იდეოლოგიის პრინციპები “ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირებულებებს, კულტურასა და კანონებს”.
ამის გამო უნგრეთი არაერთხელ მოხვედრილა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებში.
სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს „გენდერული იდენტობის“ კონცეფციას – ანუ მამაკაცისა და ქალის როლების სიმბოლური განაწილების ნაცვლად, კანონში აღიარებულია გენდერული თანასწორობის პრინციპი.
ასევე, 2025 წლის შემოდგომაზე, ლატვიის პარლამენტმა კენჭი უყარა და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სტამბოლის კონვენციის დენონსაციას ითვალისწინებს. თუმცა პრეზიდენტმა პროცესი შეაჩერა და საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ გადაიდო. ამიტომ ეს საკითხი ლატვიაში დროებით გაყინულია.
ფორუმი