ქალთა ენთუზიაზმი და აშშ-ის შუალედური არჩევნები

ახალგაზრდა ქალები თეთრ სახლთან საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. 2016 წელი

მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, ქალები არჩევნებში რეკორდულად მაღალი რაოდენობით მონაწილეობენ, რაც მომავალი არჩევნების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

6 ნოემბრის არჩევნები გაიმართება წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435-ვე, მანდატისა და სენატის 35 მანდატისთვის, ასევე აირჩევენ 33 შტატის გუბერნატორებს და შტატების უმრავლესობის საკანონმდებლო ორგანოებს.

მხოლოდ კონგრესში, ქალი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად აჭარბებს წინა წლებისას, - იუწყება რატგერსის უნივერსიტეტში არსებული ამერიკელი ქალებისა და პოლიტიკის ცენტრი. წარმომადგენელთა პალატაში მოსახვედრად იბრძვის 239 ქალი, სენატში - 23. და ეს შთამბეჭდავი მონაცემები კიდევ არ ითვალისწინებს იმ ქალი კანდიდატების მზარდ ჯგუფს, რომლებმაც მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღეს პრაიმერიზებში, სადაც ამომრჩეველი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ესა თუ ის პარტია - როგორც წესი, დემოკრატები ან რესპუბლიკელები.​

ქალი კანდიდატების რიცხვის ზრდა ორივე პარტიაში აღინიშნა, თუმცა დემოკრატებთან ეს პროცესი უფრო გამოკვეთილია. დემოკრატთა კანდიდატებს შორის უფრო მეტი ქალია, ვიდრე ერთად აღებული ყველა ქალი, რომელიც კენჭს იყრიდა ბოლო შუალედურ არჩევნებში, 2014 წელს.

„წელს რეკორდი მოიხსნა, ამაზე ორი აზრი არ არის“, - ამბობს ჯინ სინზდაკი, ამერიკელი ქალებისა და პოლიტიკის ცენტრის ასოცირებული დირექტორი და დასძენს: „მხოლოდ ციფრებს თუ შევხედავთ, მნიშვნელოვნად ვუსწრებთ ყველა წინა მონაცემს“.

ისინი საუბრობენ ისეთ საკითხზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობის მათი უშუალო გამოცდილება. ლაპარაკობენ დედობაზე და იმაზე, თუ რაში დაეხმარებათ დედობის გამოცდილება კანონმდებლად ყოფნისას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკის შემუშავებისას...
ჯინ სინზდაკი

იმ 46 შტატის მასშტაბით, რომლებშიც ნოემბერში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ჩატარდება, 3381 კანდიდატი ქალია, რაც მნიშვნელოვნად უსწრებს 2016 წელს აღნიშნულ რეკორდულ მაჩვენებელს, 2649 ქალს. როგორც კონგრესის კანდიდატების შემთხვევაში, მათი უმრავლესობა დემოკრატია.

სინზდაკის თქმით, ქალთა შორის არსებული ენთუზიაზმი სხვა ფორმითაც გამოიხატება - ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ქალი იჩენს ინტერესს კურსების მიმართ, რომლებზეც ასწავლიან პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების გზებს, კამპანიის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კანონსა თუ რეგულაციას.

ცვლილება გამოიხატება თანხების მოზიდვაშიც. წარმომადგენელთა პალატისთვის გამართული პრაიმერიზების გამარჯვებულთა ცალკეულ დონორებს შორის ქალებმა უპირატესობა მიანიჭეს დემოკრატებს, განსაკუთრებით - დემოკრატ ქალებს, - იუწყება კვლევითი ორგანიზაცია მორეაგირე პოლიტიკა.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, პრაიმერიზების დროს ქალებმა მათთანაც უფრო მეტი თანხა მიიზიდეს, ვიდრე მამაკაცებმა, რაც, კამპანიის დაფინანსების პროცესის სპეციალისტთა თქმით, ირეკლავს ქალთა შორის არსებულ ზოგად ენთუზიაზმს.

თანხების მოზიდვის გარდა, ქალთა გააქტიურება ირეკლება საკუთრივ პოლიტიკური კამპანიების წარმოებაზეც, - ამბობს სინზდაკი. „ქალი კანდიდატები... საკუთარ თავს წარმოადგენენ და არ ცდილობენ რაიმე ყალიბს მოერგონ“, ამბობს ის და დასძენს: „ისინი საუბრობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსუალური ძალადობის მათი უშუალო გამოცდილება. ლაპარაკობენ დედობაზე და იმაზე, თუ რაში დაეხმარებათ დედობის გამოცდილება კანონმდებლად ყოფნისას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში პოლიტიკის შემუშავებისას“.

პიუს კვლევითმა ცენტრმა აგვისტოში გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურის მოსურნე ქალთა რიცხვის ზრდა კარგი რამაა. მიმდინარე საარჩევნო ციკლში ქალი კანდიდატების გააქტიურებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა.

ქალების "გლობალური მარში" ტრამპის წინააღმდეგ

2016 წლის საარჩევნო კამპანიისას გავრცელდა 2005 წელს გადაღებული ვიდეო, რომელშიც ტრამპი თავს იწონებდა ქალების გენიტალიაზე ხელის წავლებით, ქალთა თანხმობის გარეშე. ამის შემდეგ ტრამპმა არჩევნებში გაიმარჯვა და დაამარცხა დემოკრატი ჰილარი კლინტონი. ტრამპის ინაუგურაციის დღის, 20 იანვრის შემდეგ დღეს ვაშინგტონში და სხვა ქალაქებში გაიმართა ტრამპის საწინააღმდეგო აქციები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო მილიონობით მოქალაქემ, მათ შორის ბევრმა ქალმა.

სინზდაკის თქმით, ქალები პოლიტიკური მოქმედებისთვის ასევე შთააგონა ინტერნეტში დაწყებულმა მოძრაობამ „ჰეშტეგი - მეც“, #MeToo, რომლის ფარგლებშიც ბევრმა ცნობილმა მსახიობმა ქალმა, სხვა ქალებმა საჯაროდ დაიწყეს ლაპარაკი განცდილ სექსუალურ ზეწოლასა და ძალადობაზე გავლენიან პოზიციებზე მყოფი კაცების მხრიდან. ამ მოძრაობას შედეგად მოჰყვა პოლიტიკოსების, მედიამაგნატების, ჰოლივუდის პროდიუსერების, ცნობილი ფიგურებისა და სხვების საჯარო შერცხვენა, პოსტებიდან გადადგომა ან დათხოვნა, სისხლისსამართლებრივი დევნაც კი.

ქალების გააქტიურების კიდევ ერთ მიზეზად სინზდაკი ასახელებს ტრამპის ადმინისტრაციის სკანდალურ გადაწყვეტილებას ერთმანეთს დააშორონ მშობლები და ბავშვები, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ.

მშობლებს იძულებით დაშორებული იმიგრანტი ბავშვების დროებითი თავშესაფარი ტეხასში, მექსიკის საზღვართან.

სულ ახლახან აშშ-ის სენატში გაიმართა მოსმენა უზენაეს სასამართლოში ტრამპის მიერ ნომინირებული ბრეტ კავანას საქმეზე. იმ პირობებში, როცა სენატს რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მისი დამტკიცება გარანტირებულად ითვლებოდა მანამ, სანამ ერთი ქალი, კრისტიკ ბლასი ფორდი, კავანას საჯაროდ დაადანაშაულებდა მასზე სექსუალურ თავდასხმაში სამ ათწლეულზე მეტი დროის წინ, თინეიჯერობის დროს.

ამას მოჰყვა 27 სექტემბერს გამართული არაორდინარული საჯარო სხდომა, რომელზეც ფორდმა ფიცის ქვეშ მისცა ჩვენება სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე, შემდეგ კი კომიტეტს წარუდგა თავად კავანა, რომელიც ჯიუტად უარყოფდა ბრალდებებს. სხდომას მილიონობით ამერიკელი ტელევიზიით ადევნებდა თვალს.

ბრეტ კავანა კომიტეტის სხდომაზე

„ყოველივე ამან, საერთო ჯამში, ბიძგი მისცა კულტურულ მოძრაობას, რომელსაც განსაზღვრავს ქალების იმედგაცრუება ძალაუფლების მქონე კაცების მიერ მათდამი მოპყრობაში“, - ამბობს სინზდაკი.

კავანას განხილვა ჩამოჰგავდა სენატში 27 წლის წინ გამართულ სხდომას, როცა უზენაეს სასამართლოში კლარენს ტომასის დამტკიცება გაართულა სექსუალურ ზეწოლაში ბრალდებებმა ანიტა ჰილის მხრიდან. იმ სხდომასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა მაშინ, აშშ-ის მასშტაბით.

შემდეგ წელს აღინიშნა საჯარო პოსტებისთვის მებრძოლი ქალების რიცხვის ზრდა, ისევე როგორც ქალების რაოდენობის ზრდა აშშ-ის სენატში.

იმ წელს, 1992-ს, ხალხში არაფორმალურად „ქალების წელიწადი“ ეწოდა.