რადიო თავისუფლება გემის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს, ბათუმელ მეზღვაურს გიორგი გოგიტიძეს ესაუბრა
რადიო თავისუფლება: გიორგი, როგორ შენიშნეთ ოკეანეში დაკარგული ადამიანები?
კაპიტნის უფროსი თანაშემწის, თენგიზ დიასამიძის დამსახურებაა, მან შენიშნა ნავი ოკეანეში... გემის კაპიტანმა ალეკო სურმანიძემ კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბორტის მიღმა აღმოჩენილი ადამიანები გადაერჩინა; მე გადარჩენის ამსახველი კადრები ტელეფონით გადავიღე, რადგან არ ვიცოდი, ვინ იყვნენ და როგორ განვითარდებოდა მოვლენები.
რადიო თავისუფლება: ინსტრუქციის მიხედვით როგორ უნდა იმოქმედოს მეზღვაურმა, როცა ბორტის მიღმა ადამიანები შველას ითხოვენ?
საერთოდ, არ შეიძლება ასე უცხო ადამიანის გემზე აყვანა. ჩვენ კი ძალიან დიდ რისკზე წავედით, როცა უცნობი ადამიანი გემზე ავიყვანეთ. მაგრამ როცა ვუყურებდით, განწირული ახალგაზრდა ბიჭი საცვლების ამარა შველას ითხოვდა და დახმარება სჭირდებოდა, განსაცდელში ხომ არ მივატოვებდით?
ჩვენი გემის კაპიტანმა ეკიპაჟის წევრები გემბანზე აგვიყვანა და გვითხრა, უნდა დავეხმაროთო. 9 ადამიანი პატარა რეზინის ნავზე იყო. ერთი კი წყალში აღმოვაჩინეთ, რომელიც ჩვენი გემის მიმართულებით მოცურავდა. მაისურებს და ხელებს გვიქნევდნენ, დახმარებას ითხოვდნენ.
ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას. იმიტომ რომ მეზღვაური ვარ და ხვალ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე რომ ასე მიჭირდეს, როგორ მინდა მომექცნენ? ამ ახალგაზრდა კაცს, ალბათ, ჩემსავით ოჯახის წევრები ჰყავს... ამაზე მეფიქრებოდა.
რადიო თავისუფლება: თქვენ მხოლოდ ერთი მიგრანტი აიყვანეთ გემზე?
ჩვენი გემი ძალიან დიდია, ამიტომ ემიგრანტების პატარა ნავთან ახლოს მისვლა და მათი გემზე აყვანის მცდელობა სახიფათო იყო, ზიანს მივაყენებდით, ტალღებს შევქმნიდით და საფრთხეში ჩავაგდებდით, ამიტომ დინებას გავყევით, რომელსაც ნავი მიჰქონდა. თან ვცდილობდით, მხედველობიდან არ დაგვეკარგა.
შემდეგ დავინახე, რომ ღია წყალში ერთი ადამიანი იყო და შევატყობინეთ ეკიპაჟს. ყველაზე დიდ საფრთხეში ეს ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ მისკენ წავედით, ახლოს მივედით, ჩავუშვით ტრაპი, თავადაც მოცურა ჩვენკენ და ჩავედით.
ისეთი შეშინებული იყო, რომ ისევ ნავისკენ წავიდა. ვეძახდით, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა და დახმარებას ვთავაზობდით. ასე ამოვიყვანეთ გემის ბორტზე.
რადიო თავისუფლება: რა დახმარება გაუწიეთ ადგილზე და რა გითხრათ?
ეკიპაჟის წევრებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს ბორტზე აყვანილ კაცს. მცირე ნავზე დარჩენილ 9 ადამიანს კი მიაწოდეს სასმელი წყალი და საკვები. დაუკავშირდნენ სამაშველო ეკიპაჟს ესპანეთში, რომლებმაც გვითხრეს, რომ ადგილზე მალე მივიდოდნენ.
ბორტზე ამოყვანილი ისეთ სტრესში იყო, ფეხები უკანკალებდა და გაუგებრად ლაპარაკობდა. საკაცე მოვამზადეთ, წნევა და სიცხე გავუზომეთ. წყალი ფრთხილად დავალევინეთ.
როცა დამშვიდდა, გვითხრა, რომ მაროკოდან 15 აგვისტოს წამოვიდნენ ესპანეთის სანაპიროსკენ. გზაში კი ძლიერი წვიმა დაიწყო, ქარი ამოვარდა და დინებამ სხვა მიმართულებით წაიღო მათი პატარა ნავი. სამი ადამიანი იყო 2006-2007 წელს დაბადებული. დანარჩენები - 1995-96 წლებში.
პატარა რეზინის ნავზე 10 ადამიანი იყო, ამ ნავს არც მოტორი ჰქონდა და არც არაფერი. ჩვენი უკანასკნელი შანსი იყავითო, გვითხრეს, მეცხრე დღე ვართ საჭმლის და სასმელი წყლის გარეშეო. მანამდე რამდენიმე გემმა ვერ შეგვამჩნია და ჩაგვიარაო.
ამიტომ ჩვენი ძალიან მადლიერნი იყვნენ. ეს ბიჭი, ბორტზე რომ ამოვიყვანეთ, მუხლებზე დავარდა და მუსლიმური ლოცვა დაიწყო. შემდეგ ხელებზე გვკოცნიდა, მადლობას გვიხდიდა, რომ გადავარჩინეთ. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ჩვენ ვამშვიდებდით, მე ვაყენებდი, ჩემი ხელით დავბანე, მარილიანი წყლით და მზის სხივებით დამწვარი კანი ჰქონდა, სპეციალური საცხი წავუსვით, რომ შვება ეგრძნო.
ძალიან სუსტად იყო, ჭამის ძალაც არ ჰქონდა, ამიტომ ჩემი ხელით ვაჭამე, ამაზე ისე ეტირებოდა, რომ ლუკმას ვერ ყლაპავდა. კაპიტნის თანაშემწემ თავისი ფეხსაცმელები ჩააცვა, მე ჩემი ტანსაცმელი გამოვუტანე.
საიდან ხართო, გვკითხა. საქართველოდან, ბათუმიდანო, ვუპასუხეთ. არასოდეს დამავიწყდება საქართველო და ბათუმიო, ღმერთმა გამოგვიგზავნა თქვენი თავიო, გვითხრა.
რადიო თავისუფლება: ვინ წაიყვანა მიგრანტები და რა იცით მათ შესახებ?
მიგრანტების დასახმარებლად ესპანეთიდან სამაშველო გემი მალევე მივიდა და ათივე ნაპირზე გაიყვანა, როგორც ამის შემდეგ გავარკვიეთ, მაროკოელები ესპანეთში კარგ პირობებში, უსაფრთხოდ იყვნენ.
მე კი ამ ადამიანის თვალები არასოდეს დამავიწყდება, სიკვდილს გადარჩენილი მადლიერებით სავსე სახე. ძალიან კეთილი თვალებით.
სიცოცხლე გვაჩუქეთო... იხსენებდა, ბოლომდე ვიბრძოდით სიცოცხლისთვისო.
ხან გვეძინებოდა და ვითიშებოდითო, მაგრამ არ ვკარგავდით იმედს და არ ვაკლებდით მცდელობებსო. ბევრმა გემმა ჩაგვიარა და თქვენი გემი ბოლო იმედი იყოო.
ჩვენც ყველა ვეფერებოდით და დამაიმედებელ სიტყვებს ვეუბნებოდით, რომ ახლა ყველაფერი კარგადაა და დახმარება მალე მოვა. შენი მეგობრები კი ნავზე კარგად არიან, წყალი და საკვები მივაწოდეთ-მეთქი. ვიდრე კარგად არ გახდები, არ გაგიშვებთო, ვუთხარით. გვინდოდა, რომ თავი მშვიდად და კარგად ეგრძნო.
რადიო თავისუფლება: სამაშველო ეკიპაჟს როგორ შეხვდით და გაქვთ თუ არა კონტაქტი თქვენ მიერ გადარჩენილებთან?
ესპანელმა პოლიციელებმა მადლობა გადაგვიხადეს... გმირები ხართ, ადამიანები გადაარჩინეთო.
ბორტზე ამოსვლის ნებართვა არ ჰქონდათ, ამიტომ გემთან რამდენიმე წუთი გაჩერდნენ და ასე გავცვალეთ ინფორმაცია.
იმ გადარჩენილ ადამიანს კი ახლაც ვეძებ ინტერნეტით, სახელი ვიცი, ჰამსა ჰქვია. ფეისბუკში ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე. მაგრამ ვიცი, რომ კარგადაა. მინდა ვიმეგობრო მასთან. საქართველოში დავპატიჟო, ბათუმში, ჩემს ოჯახში.
ეს ვიდეო, რაც გადავიღე, ჩემს ფეისბუკის გვერდზე დავდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა გემზე მყოფი მეზღვაურისთვის მეთქვა, იყავით ყურადღებით, შესაძლოა ზღვაში ვინმეს დახმარება სჭირდება. ჩვენ კი გვერდი არ უნდა ჩავუაროთ.
მეზღვაურობა ძალიან რთულია, ოჯახს დიდი ხნით ვშორდებით, მაგრამ მადლიერი ვარ ჩემი პროფესიის, ძალიან გამომადგა - ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე!