ქვეშეთი-კობის გზას, სადაც მიწის ჩამოშლას 4 მუშა ემსხვერპლა, ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს

კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობა

კვირას, 23 ნოემბერს ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებს ოთხი დასაქმებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა „საყურადღებოა“.

ქვეშეთი-კობის გზის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს ჩინეთის 2 სახელმწიფო კომპანია - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ China Railway 23rd Bureau Group Co (CR23), და „China Railway Tunnel group Co., Ltd“. ზედამხედველია თურქული კომპანია UBM-ი.

განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე პასუხად თავდაპირველად დაადასტურა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდა მონაკვეთზე, სადაც კონტრაქტორი „23-ე ბიუროს ჯგუფი“ იყო და გზების დეპარტამენტი მისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვის „მაქსიმალურ გამკაცრებას“ ითხოვდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დეპარტამენტიდან გვაცნობეს, რომ „ინციდენტის ადგილმდებარეობა დაზუსტდა“ და იქ მშენებლობას არა , „23-ე ბიუროს ჯგუფი“ არამედ მეორე სახელმწიფო კომპანია „China Railway Tunnel group Co., Ltd“ აწარმოებდა. შესაბამისი შესწორებები აისახა სტატიის საბოლოო ვერსიაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ჩინეთი სახელმწიფო კომპანიების წარმოებული სამუშაოებისას დასაქმებული დაიღუპა ან დაშავდა.

წლებია, საქართველოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინეთის სახელმწიფოს კუთვნილი სხვადასხვა კომპანია აშენებს. არაერთის მიმართ არსებობს კითხვის ნიშანი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების მიმართულებებით.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა, ფოტო არქივიდან

ოთხი დაღუპული, ერთი დაშავებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, - რომელიც არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, - 23 ნოემბერს გაავრცელა ცნობა წკერესთან მომხდარის შესახებ.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, - სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, - სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი მოჰყვა ჩამოშლილი მასის ქვეშ.

ეს თანამშრომლები თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

ოთხი ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, ერთი კი გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს.

24 ნოემბრის დილით კლინიკის წარმომადგენელმა - თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ბეჟან ხოზრევანიძემ განაცხადა, რომ „პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო“ და ის „ინტენსიური მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ რჩება“.

ასევე ნახეთ ოთხი ადამიანი დაიღუპა ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო.

პირველადი დათქმით, სამუშაოები 2023 წელს უნდა დასრულებულიყო, - და უკვე დასრულებულია 9-კილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, - თუმცა პროექტის მშენებლობა ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტს ორი კონტრაქტორი ჰყავდა, ორივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანია:

  • „ჩინეთის რკინიგზის გვირაბის ჯგუფი“ (CRTG - იგივე China Railway Tunnel Group Co. Ltd) - მან გაჭრა 9 კმ-იანი, 15მ დიამეტრის გვირაბი TBM ტექნოლოგიით. ეს არის საქართველოში ყველაზე გრძელი და მთავრობის შეფასებითვე, „მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი“.
  • მეორე კომპანია კი არის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ (China Railway 23rd Bureau Group Co (CR23).


საავტომობილო გზების დეპარტამენტმა იმავე დღეს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითა, რომ იგი „კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას“.

2025 წლის 17 ნოემბერს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" წერდა, რომ პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია, ხოლო „მშენებლობის დასრულება, ეტაპობრივად, 2025-2026 წლებშია დაგეგმილი“.

ზედამხედველი კომპანია - UBM

რადიო თავისუფლებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში უთხრეს, რომ პროექტის ზედამხედველი კომპანია არის UBM-ი.

ეს არის თურქული კომპანია, რომლის სრული დასახელებაცაა UBM ULUSLARARASI BİRLEŞMİŞ MÜŞAVİRLER MÜŞAVİRLİK HİZMETLERİ A.Ş.

კითხვაზე, თუ რას მოიცავს ზედამხედველობა, დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ საზედამხედველო ჯგუფი ობიექტზე ახორციელებს:

  • „სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს პროექტთან მიმართებაში,
  • გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას,
  • შესაბამისი ლაბორატორიული ტესტირების ჩატარებას,
  • ხარისხის კონტროლს,
  • სამშენებლო სამუშაოების მეთოდოლოგიების შეთანხმებას,
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკების შემოწმებას, შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმებასა და დამტკიცებას,
  • სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე კონტროლს, გარემოს და სოციალური საკითხების შესწავლას
  • სამუშაოების მიმდინარეობისას და შესაბამისი მონიტორინგის გაწევას,
  • შრომის და უსაფრთხოების შესაბამისობის კონტროლს სამუშაოების მიმდინარეობისას,
  • ყოველთვიურად ანგარიშების მომზადებას, ტექნიკური დოკუმენტაციების (ნახაზების, საინჟინრო ანგარიშების) შემოწმებას/დამტკიცებას“.

რადიო თავისუფლება ცდილობს თურქულ კომპანიასთან დაკავშირებას კითხვით, გამოუვლენიათ თუ არა რაიმე დარღვევა CR23-ზე ზედამხედველობის ფარგლებში და რა კომუნიკაცია ჰქონდათ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე. კომპანიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ქვეშეთი-კობის 9კმ-იანი გვირაბის შესასვლელი

წარსულში მომხდარი ინციდენტები

ეს არ არის საქართველოში ჩინური სახელმწიფო კომპანიების მშენებლობაზე დასაქმებულების დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა. 2019 წელს ხარაგაულში მუშებს ხანგრძლივი პროტესტი ჰქონდათ კომპანია CR23-ის წინააღმდეგ.

ამ კომპანიას წარსულში მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ ტენდერებში მონაწილეობა 9 თვით ჰქონდა აკრძალული.

  • 2018 წლის ოქტომბერში ზვარეში გარდაიცვალა რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლი, 55 წლის კაცი. დაღმართით მიმავალი ერთი ავტომანქანა მეორეს დაეჯახა, რასაც ერთ-ერთის მძღოლის დაღუპვა მოჰყვა;
  • 2019 წლის 6 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში 41 წლის კაცი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ თანამშრომელი იყო. კომპანიამ განაცხადა, რომ ის დაიღუპა „ავტოსაგზაო შემთხვევის“ შედეგად.


„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ ინფორმაციით, მას კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა და 50 000 ლარით დააჯარიმა. „აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დამკვიდრება“, - აცხადებდა სახელმწიფო უწყება.

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ მაშინდელი განცხადებითვე, წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეული იყო „სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები“.

2018 წლის 22 იანვარს სოფელ ბეჟათუბანში მიმდინარე სამუშაოების დროს - გვირაბის გაყვანისას აფეთქების შედეგად სამი დასაქმებული დაშავდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პროფკავშირის განცხადებით, მუშები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ დაგეგმილი აფეთქებითი სამუშაოების შესახებ.

2019 წლის იანვარში ხარაგაულში 80-მდე დასაქმებული საპროტესტო აქციას მართავდა და საუბრობდა უსაფრთხოების წესების დაუცველობის პრობლემასა და მძიმე სამუშაო პირობებზე.

მსოფლიო ბანკმა 2019 წლის ივნისში 9-თვიანი აკრძალვა დააწესა ჩინურ კომპანიებზე - CR23-სა და CRCC International-ზე. აკრძალვა უკავშირდებოდა საქართველოში „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში გამოვლენილ გადაცდომებს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, გზატკეცილის მშენებლობის ხელშეკრულების წინასწარი კვალიფიკაციისა და ტენდერის ჩატარების დროს, პროექტში მონაწილე დასახელებულმა ჩინურმა კომპანიებმა არასწორად წარადგინეს ინფორმაცია პერსონალის, აღჭურვილობისა და წინა გამოცდილების შესახებ, რაც მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემამ თაღლითობის პრაქტიკად განიხილა.

გზების დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ კომპანიასთან კონტრაქტის დადებაზე გადაწყვეტილება 23 მაისს მიიღეს, - მსოფლიო ბანკის სანქციის გამოცემამდე ერთი თვით ადრე და მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი, ერთი წლით ადრე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ.

2023 წლის ივლისში საქართველომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოაცხადეს, რომ „სტრატეგიული პარტნიორები“ გახდნენ.

ასევე ნახეთ საქართველოს 6 პრობლემა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში

სამოქალაქო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, რომელიც ჩინეთის რბილ ძალასა და ინვესტიციებს იკვლევს საქართველოში, 2023 წლის ანგარიშში წერდა, იმ დარღვევების შესახებ, რომელიც სახელმწიფომ ჩინური სამშენებლო კომპანიის ინსპექციის შედეგად 2021 წელს გამოავლინა. .

ასევე ნახეთ სანქციები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ - აისახება საქართველოზე?

24 ნოემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ ზაბახიძემ განაცხადა: „გამოძიების დასრულების შემდგომ დადგინდება შემთხვევის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები“.