ქვიარები თავშესაფრის მოლოდინში – 5 ქვეყანა, 5 ამბავი

საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთია რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას ლგბტქ ადამიანების მიმართ. ამის მიუხედავად, ქვიარ ადამიანების თვითგამოხატვა ხშირად ფიზიკურ აგრესიას, დაცინვას და დამცირებას აწყდება.

2013 წლის 17 მაისს, ეკლესიის წინამძღვრებისა და მრევლის მხრიდან ლგბტქ ადამიანებზე მასობრივი ძალადობის შემდეგ, საქართველოში ქვიარ საკითხებთან დაკავშირებული ყოველ შეკრებას თან ახლავს ეკლესიის წარმომადგენლებისა და ნეო-ნაცისტური ჯგუფების მუქარა. 2017 წლის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 93%-სთვის ჰომოსექსუალობა მიუღებელია.

საქართველოში მძვინვარე ძლიერი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო, ზოგიერთი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანი იძულებული ხდება სამშობლო დატოვოს.

ეს არის ამბები ქვიარ ემიგრანტებისა, რომლებიც დასავლური ღირებულებების იმედით, ევროპულ ქვეყნებში ეძებენ უსაფრთხო გარემოსა და ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას.

ზურა, 31 წლის

პირველად თავშესაფარი ითხოვა 2017 წელს, გერმანიაში

საქართველოდან 2017 წლის ივლისში წავედი. ლგბტ აქტივისტი ვიყავი. ვმუშაობდი აივ დადებით ადამიანებთან. ნეო-ნაცისტებისთვის მე ვიყავი “სოროსის გამოგზავნილი”, რომელსაც უნდოდა, მათი შვილები გაერყვვნა. ბოლო წლებში, 17 მაისის პერიოდში, რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გამოვდიოდი. ჩემი ვიდეოები ვრცელდებოდა და კომენტარებში ხალხი გასატყავებლად მეძებდა.

დეპორტირების საფრთხე ემოციურად ძალიან მძიმეა. ჩემი ფეხით უკან არ დავბრუნდები

მე თვითონ აივ დადებითი ვარ და ქვეყანა ამის მიხედით ავარჩიე. სხვა არავისთვის არაფერი მიკითხავს, არაფერი გამირკვევია. თავი უნდა გადამერჩინა. ჩავალაგე ტანსაცმელი და წავედი.

იმ პერიოდში წასვლა ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო. საქართველოში, თბილისში გავატარე მთელი ცხოვრება და ყოველი კუნჭული მიყვარს. კარგად ვიცოდი, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო. გერმანიაში კაცი-შვილი არ დამხვედრია. ბერლინში რომ ჩავედი, პირველი შეგრძნება მქონდა, რომ სამყაროში არავინ მყავდა და სრულიად მარტო ვიყავი. დაუცველობის შეგრძნება, შიში ერთად დამეუფლა.

მხოლოდ ქართული და რუსული ვიცი. მივადექი ადგილობრივ ლგბტ ორგანიზაციას. იმ დღესვე მაპოვნინეს სასტუმრო და ცოტა დავმშვიდდი.

ცენტრალურ ქუჩაზე დავინახე გერმანიის, ევროკავშირის და გვერდზე ლგბტ დროშა. იქ შეიცვალა ჩემთვის ყველაფერი. ამხელა ქალაქში რომ გაივლი და 16 სართულიანი შენობის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს, უკვე სხვა სამყაროში ხარ. პირველი კულტურული შოკი მივიღე, როცა პარკში გავედი, გავიხედე და უამრავი ადამიანი წევს დედიშობილა.

ჩასვლიდან სადღაც ერთ თვეში, ბერლინში უკვე მეტ-ნაკლებად დალაგებული ვიყავი, როცა თავშესაფარზე განაცხადი გავაკეთე და მითხრეს, რომ დრეზდენში უნდა წავსულიყავი , ისევ უნდა შემეცვალა გარემო. დეპრესია დამეწყო, ვენებიც კი გადავიჭერი. დამიდგინეს სტრესის ფონზე ნერვული აშლილობა. წამლების მიღება რაც დავიწყე, ბევრი რამე დალაგდა ჩემ გარშემო.

ვინაიდან მე ენა არ ვიცოდი, თავშესაფრის მიღების პროცედურებს, ყველაფერს ლგბტ ორგანიზაცია აგვარებდა. გერმანული ხალხთან ურთიერთობით ვისწავლე. სოციალური სამსახური თავიდან 320 ევროთი გეხმარება, რაც არაფერია.

გასაუბრება, რა თქმა უნდა, სტრესული იყო. გიწევს ყველა დეტალის თავიდან გახსენება, თავიდან გავლა. რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ითვლება, თითქმის ყველა აპლიკაციაზე უარი მოდის. ჩემზეც ასე მოხდა და წავედი სასამართლოში.

სასამართლო პროცესს ველოდი ორი წელი. ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი იმედია, ეჭვია, ყველაფერზე გეფიქრება, როგორ და რა იქნება. ცუდიც იყო, კარგიც იყო. ვისწავლე ენა, დავიწყე მუშაობა სანიტრად საავადმყოფოში, მქონდა ჩემი სახლი, ვიხდიდი გადასახადებს.

კინოთეატრის შენობა, ხედი ზურას სახლის ფანჯრიდან. ბერლინი, 2018 წელი.

მოსამართლე მეუბნება, კი წარადგინე ყველა დოკუმენტი, დაამტკიცე, რომ შენს ქვეყანაში იყავი დისკრიმინაციის მსხვერპლი, მაგრამ მაინც უნდა დაბრუნდე უკან, ან მოგვიწევს შენი დეპორტაცია. ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი - იმედგაცრუება. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.

სასამართლომდე, ერთი ადამიანი აქ დაქორწინდა და ქორწინებიდან ორ კვირაში დაადეპორტეს. ამიტომ სასამართლოს შემდეგ პარანოია დამეწყო. ეს იყო სრული შოკი. ღამეები არ მეძინა. კორპუსის ეზოში რომ მანქანა შემოდიოდა ფანჯრიდან ვაკვირდებოდი, ვინ იყო.

მერე წამოვედი სამსახურიდან. დავწერე გერმანიის დატოვებაზე თანხმობა. შემომთავაზეს ბილეთს გიყიდითო, მაგრამ ჩემით ვიყიდე - არა საქართველოს მიმართულებით. ბელგიაში წამოვედი.

ახლა, 2 წელიწადნახევარის შემდეგ, ისევ თავიდან დავიწყე თავშესაფრის ძიების პროცედურა. საქართველოში ცხოვრებას ანტარქტიდაზე ცხოვრება მირჩევნია.

ქეთი მისრიაშვილი, 22 წლის

2018 წელს თავშესაფარი ითხოვა იტალიაში

დედაჩემს ვუთხარი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. როცა გაიაზრა, მითხრა, არ გინდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაო. მეც აღარ შემეძლო იმ გარემოში - მეზობლები, ნათესავები. რაგბიზე დავდიოდი და გუნდშიც ვმალავდი. ჩემმა კაპიტანმა გამაფრთხილა, არ თქვაო. თუ ვიტყოდი გამაგდებდნენ. კი, დავდიოდი ხოლმე ისეთ ადგილებში, საქსესში და გალერიში, სადაც ჩემნაირი ხალხი იყო ხოლმე. მხოლოდ იქ ვგრძნობდი, რა იყო თავისუფლება. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, როცა გარეთ ვერ გახვალ ისე, რომ საყვარელ ადამიანს ხელი ჩაკიდო, აკოცო. ამიტომ გადავწყვიტე, დამეტოვებინა საქართველო. “ლიჟბი” აქედან წავიდეო, რომ იტყვიან ხოლმე - გავრისკე და წავედი. უკან ერთი წამითაც არ მომიხედავს.

რაც წამოვედი, უფრო ვაღიარე, უფრო მივიღე საკუთარი თავი

დედაში გამიმართლა, მხარი დამიჭირა და ჩემთან ერთად წამოვიდა, მარტო ვერ გამომიშვებდა, 19 წლის ვიყავი.

იტალია ავირჩიე იმიტომ, რომ აქ ნაკლები კონტროლია საბუთებზე, ნაკლებად გაჩერებენ, ნაკლებად გზღუდავენ. თან ბავშვობიდან მომწონდა. მიყვარს ზღვა. აქ სახელმწიფო არ გეხმარება, შენ უნდა გააკეთო ყველაფერი, შენით უნდა გადარჩე.

პირველი მკვეთრი ბედნიერება ვიგრძენი, როცა ნაპოლში მთავარ ქუჩაზე მივდიოდი და დავინახე გოგოები ხელჩაკიდებული, ჩახუტებული. დღემდე, ქუჩაში რომ ვხედავ გეი წყვილებს, ბედნიერებას მანიჭებს.

ქეთი იტალიის ქალაქ სალერნოს სანაპიროზე, 2019 წელი.

პირველი ექვსი თვე ვტიროდი, ნეტა როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, რა მელოდება მეთქი. უცხო გარემო, უცხო ქვეყანა, ძალიან რთულია. იტალიაში ქართველებს ვეკითხებოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, რომ სამუდამოდ დავრჩენილიყავი. ერთადერთი ქართველი გოგო დამეხმარა. სხვები ზემოდან მიყურებდნენ - ისეთიაო, ავადმყოფიაო, გოგოები მოსწონსო. შვილებს ეუბნებოდნენ, მაგასთან არ იმეგობროო. სულ ტყუილად ცდილობ, მაინც უკან გაგიშვებენ, მოგიწევს საქართველოში დაბრუნებაო.

7-8 თვე დამჭირდა, რომ გამერკვია, სად, როგორ რანაირად ხდება, ადვოკატისთვის თანხა რომ შემეგროვებინა. ამ პერიოდში ვიმუშავე ბარმენად, მიმტანად, ვრეცხავდი ჭურჭელს. ჩემი შრომით მინდოდა, რომ შემეგროვებინა ეს ფული.

არსად არ გავდიოდი. ვიყავი ჩემთვის, შეზღუდულად, რადგან მეშინოდა, არ დამიჭირონ და საქართველოში არ დამაბრუნონ მეთქი.

ფეისბუკზე ჯგუფი გვაქვს. მანდ ძალიან დამეხმარნენ - შევაგროვე კვლევები საქართველოში ლგბტ ადამიანების, ქალების მდგომარეობაზე. ადვოკატმა შეიტანა ეს დოკუმენტები და დამინიშნეს პატარა სასამართლოსავით. გასაუბრებაზე, დამხვდა თარჯიმანი, ქართველი. რომ დავჯექი ისე ავნერვიულდი, ისეთი კანკალი დამეწყო...

გასაუბრებაზე ელემენტარული კითხვები დამისვეს - როდის მიხვდიო, პირველად რომ აკოცე გოგოს რა იგრძენიო. ოჯახთან დაკავშირებით მკითხეს, ასევე რას ვსაქმიანობდი საქართველოში. ყველაფერი მკითხეს. სამი საათი ვიჯექი და ვყვებოდი ჩემს ისტორიას, როცა სხვები 20 წუთით შედიოდნენ. მომეცით შანსი, და სამაგალითო მოქალაქე ვიქნებით მეთქი.

გასაუბრების შემდეგ, თითქოს გულიდან რაღაც ლოდი მომეხსნა, როგორც ამბობენ, გული მოვიფხანე.

პასუხი რომ მომივიდა, 5-წლიანი ცხოვრების უფლება,იქვე ჩავიკეცე და 10 წუთი გაშეშებული ვიყავი. ყველა სტრესმა და ტკივილმა ერთიანად გამიარა. სამუდამო რომ მოეცათ და ეთქვათ, არ დაბრუნდეო, დავთანხმდებოდი.

ნიკა ბერიძე, 29 წლის

2018 წელს თავშესაფრის მოთხოვნით, მიმართა საფრანგეთს

გურიაში დავიბადე და გავიზარდე. 13-14 წლიდან გამომზეურებული ვარ. მეკიდა. იმდენი ცემა-ტყეპა გამოვიარე მაგის გამო. ჩემი მშობლები მუსლიმები არიან, მე - ათეისტი. დედაჩემის ნათესავებისგან იყო დიდი აგრესია. მერე, თბილისში რომ გადავედი, უკვე იქაურ კომფორტსაც მირღვევდნენ. წარამარა პოლიციაში სიარული არასასიამოვნო იყო. თბილისში საყურის გამოც მცემეს ვიღაცებმა.

თვენახევარი აეროპორტში მეძინა. გამიმართლა, თორემ წელიწადნახევარი ვიქნებოდი ქუჩაში. ემიგრაცია ცხოვრების 25 წელს გართმევს

არასდროს მიფიქრია ემიგრაციაში წასვლა. ძალიან მიყვარს საქართველო. ყოველთვის ვცდილობდით, მანდ შემეცვალა სიტუაცია. მერე გავიგე, რომ აივ დადებითი ვარ. ქრონიკული დაავადების გამო ბულინგი დიდია, მათ შორის, თემის შიგნითაც. ჩემთვის ეს მიუღებელია. ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი.

სადღაც დავწერე, წასვლა მინდა მეთქი და მომწერა ერთმა ტიპმა, მე ტულუზაში, სამხრეთ საფრანგეთში ვარო. ამიხსნა, რა მდგომარეობა იყო იქ. ვიყიდე ბილეთი და გავფრინდი ტულუზაში. ვიღაც ქართველი დამემგზავრა, რისთვის მიდიხარო მკითხა და მეც პირდაპირ მოვუყევი. თვითონ ჰეტეროსექსუალი იყო და მე რო ჩავბარდი, დამირეკა, მეც ჩავბარდიო. როგორ მეთქი და როგორც გეიო. მე რაც მოვუყევი, ყველაფერი საკუთარ ისტორიად გაასაღა. ისე გამოვლანძღე, დამბლოკა.

იმ მომენტისთვის იმ ბიჭს ტულუზაში - რომელიც ასევე გეი და თავშესაფრის მაძიებელი იყო - თავის მეწყვილესთან ჰქონდა უთანხმოება და აეროპორტში ეძინა.

თავშესაფრის მაძიებლებს აქ ყურადღებას არ აქცევენ. მარტო ფულს ურიცხავენ 450-მდე ევროს. მე რადგან აივ დადებითი ვარ, ეს იყო პრიორიტეტი. დიდი ხანი ქუჩაში არ უნდა გავეჩერებინე, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ ბიჭთან ერთად, აეროპორტში მეძინა მეც, სულ თვენახევარი. ჩვენს გარდაც ძალიან ბევრი ქართველი იყო. აქ კათოლიკურ ეკლესიას აქვს გახსნილი საზოგადოებრივი აბაზანები, უფასო სასადილოები.

თავიდან სულ მეტირებოდაო, ვერაფერს ვეგუებოდი. ვირუსი რადგან განულებული არ მქონდა და ამას სტრესი დაემატა, იმუნიტეტმა დაიწყო ვარდნა. პარალელურად, ბიჭი, რომელთან ერთადაც აეროპორტში ვიყავი პარიზში წავიდა. საერთოდ მარტო დავრჩი.

საბოლოოდ, ერთი ორგანიზაციის დახმარებით, გამოჩნდა ქალი, სახელად სანდღინა. ამ ქალმა როგორც კი დამინახა, მოვიდა, ჩამეხუტა და თურმე მეუბნებოდა დამშვიდდი, არ შეგეშინდეს, შენს გვერდით ვარო. ფრანგულად მეუბნებოდა, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. მასთან ვიცხოვრე 6 თვე. აღმოჩნდა სიკეთის განსახიერება. მიმიღო, როგორც შვილი, ოთახი გამომიყო, ფრანგული მასწავლა, კომპიუტერი მიყიდა, გადამყვა. თავის უზარმაზარ, უმდიდრეს სახლში სრულიად მარტო მტოვებდა. წარმოიდგინე, როგორ მენდობოდა. ჩემთვის სრულიად გასაოცარი იყო.

ნიკა სანდღინას სახლში, გუსთან ერთად. ოში, საფრანგეთი, 2018 წელი.

მოვიდა ჩემი დოსიეს განხილვის დღე. მე მქონდა ფოტოები, რომლებზეც ნაცემი, სისხლიანი ვარ და სასამართლოს ცინიკური გადაწყვეტილება, რომ არ დასაჯეს ის მოძალადეები. უცებ ინტერვიუერი მეუბნება, საქართველოში რომ დაბრუნდე საფრთხე გემუქრებაო? თარჯიმანს შევუბრუნდი და ვუთხარი, ეს დამიცინის მეთქი? მაქვს ყველანაირი დოკუმენტი, რომ საქართველოში ყველა ფეხის ნაბიჯზე დისკრიმინაციას და აგრესიას ვაწყდები. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და იქ რომ ხალხი არ მავიწროვებდეს არავითარ შემთხვევაში არ მოვითხოვდი თავშესაფარს მეთქი. რადგან თავშესაფარს ვითხოვ, არ ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა დავკარგე. ეს შეკითხვა შეურაცხმყოფელია ჩემთვის მეთქი.

ორ საათნახევარი გაგრძელდა გასაუბრება. მითხრეს, სამი კვირის განმავლობაში მიიღებო პასუხს. ერთი წელი მალოდინეს. ამ დროს მუშაობის უფლება არ გაქვს, არც ბინას გაძლევენ. მხოლოდ 440 ევროს იღებ. სანდღინასთან რომ არ მეცხოვრა, არაფერში მეყოფოდა.

6 თვეში სანდღინა სამუშაოდ ზღვისიქითა ტერიტორიაზე გადადის სამუშაოდ, სადღაც მადაგასკართან. მე მიტოვებს მისი და, ბაბეტი, რომელიც სულ ერთხელ მყავს ნანახი. ამ ქალთან ვიცხოვრე 10 თვე. შემიშვა თავის დაკეტილ რეზიდენციაში, მარტო.

ივნისში მივიღე 10-წლიანი დროებითი მოქალაქეობა და ნოემბერში მომცეს ბინა.

ახლა საქართველოში ვერ ჩავალ 10 წელი, რაც ჩემთვის ძალიან საწყენია. ქართული ენის ფილოლოგობა მინდოდა და ვოცნებობდი, ბავშვებისთვის გადამეცა ცოდნა. სახელმწიფომაც უარი მითხრა, ხალხმაც, ოჯახმა, ყველამ. აქაური მეგობრები მეუბნებიან, გეი ნაციონალისტი ხარო. სულ ვცდილობ, ჩვენი კარგი კულტურა წარმოვაჩინო ფრანგებთან.

ნათია, 30 წლის და სოფო, 31 წლის

2017 წელს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს ესპანეთის სახელმწიფოს

ჩემმა მშობლებმა გაიგეს. ძალიან რელიგიურები არიან. ხან ფსიქოლოგებთან მატარეს, ხან ეკლესიაში. მერე გამოვიქეცი სახლიდან და მომაგნეს. ცუდი რაღაცები გამოვიარე. მერე ცალკე ვცხოვრობდით. 8 წელია მე და სოფო ერთად ვართ. გარემოს ვეღარ ვიტანდით, ყველაფერი ერთად დაგროვდა.

ბოლომდე არავის ეგონა, რომ დავრჩებოდით, უკან გველოდებოდნენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო

დაახლოებით ერთი წელი წასასვლელად ვაგროვებდით ფულს, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ძალიან სპონტანური იყო. ვიყიდეთ ბილეთები და უბრალოდ წამოვედით. არც ვიცოდით, როგორ უნდა დავრჩენილიყავით. არავის ვიცნობდით აქ.

პირველი თვენახევარი საერთოდ არ გვიფიქრია მომავალზე. უბრალოდ ვერთობოდით. ბარსელონაში სულ ვმოგზაურობდი და მინდოდა, რომ აქ გვეცხოვრა. ბოლომდე არავის ეგონა, რომ დავრჩებოდით. სამი თვის მერე ყველა უკან გველოდებოდა, სამსახურებშიც კი.

პასპორტებისა და სამსახურის არქონის გამო, საცხოვრებლის პოვნა ძალიან გაგვიჭირდა. ოთახს ვეძებდით რაღაც საიტზე და გავიცანით ქართველი ტრანსგენდერი გოგო, რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობდა. ამ გოგომ აგვიხსნა, სად უნდა მივსულიყავით. მივედით, ავუხსენით რატომ ჩამოვედით, რომ წყვილი ვართ, ერთად ვართ ამდენი ხანია, და საქართველოში ვერ ვცხოვრობდით. 21 წლამდე ვსწავლობდი ესპანურს და ეგეც დამეხმარა, თორემ აქ ინგლისურად არც ერთ ორგანიზაციაში არ დაგელაპარაკებიან. ამ ქალმა მოგვცა მითითება, რომ უნდა დაგვეწერა ჩვენი ისტორია და 6 თვეში დაგვინიშნეს ოფიციალური განხილვა. მანამდე კი მოგვცეს რაღაც ქაღალდი, რომლითაც ქვეყანაში ლეგალურად ვიცხოვრებდით.

გასაუბრებაზე მახსოვს, როგორ მაკვირდებოდნენ მე, სანამ ის ელაპარაკებოდა და მერე ამას აკვირდებოდნენ. თარჯიმანი რაღაცნაირი ქართველი ტრადიციული ტიპი იყო. მის ნათარგმნში თანაგრძნობა ვერ დავინახე. არც რაღაცის დამატებით ახსნაში დამხმარებია.

ეს გოგო სოფოს ეუბნება, გრაფაში, სადაც უნდა მონიშნო დაოჯახებული ხარ თუ პარტნიორი გყავს, არაფერი ჩაწეროო. სოფოს არ ესიამოვნა. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ შეყვარებული მყავს და ჩემს ქვეყანაში ვერ ვაღიარებ და აქ დამალვას არ ვაპირებო. ეს კაციც უფრო კეთილად განეწყო ამის გამო სოფოს მიმართ.

გაცნობის დღიდან ყველაფერი გამოგვკითხეს. მე ზოგადად საქართველოში არსებული სიტუაციაც შევაგროვე და მივიტანე, მაგრამ უკან გამომატანეს. თქვენი პირადი ისტორია გვაინტერესებსო. გასაუბრების შემდეგ თითის ანაბეჭდები დაგვატოვებინეს. მისამართი არ შეიცვალოთ და მოგივათ პასუხიო. სამი წელი გადის და ჯერ არაფერი მიგვიღია.

პირველი სტაბილურობის შეგრძნება გაგვიჩნდა შარშან, როცა სოფომ ე.წ. სამუდამო კონტრაქტით სექს შოპში დაიწყო მუშაობა. ანუ სანამ შენ არ წამოხვალ სამსახურიდან, ვერავინ გამოგიშვებს. დღემდე იქ მუშაობს და ძალიან კმაყოფილია.

პანდემიამდე მოგზაურობა იბიცაზე, ესპანეთში.

რაღაც მომენტში გეფიქრება, რომ სამშობლოში ყველაფერი გქონდა და სწორად მოიქეცი თუ არა. ახლა რომ მკითხო, კიდე სხვა ქვეყანაში წადი და თავიდან დაიწყეო, არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად ვარ მზად, რომ იგივე გავიარო. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ უკვე შევძელი და გავიარე. ახლა სრულფასოვნად ვცხოვრობ.

ესპანეთის სახელმწიფოსგან არანაირი ბენეფიტი არ მიგვიღია. შეგვეძლო თავშესაფარში წავსულიყავით, მაგრამ ჰომოფობია აქაცაა და არ ვიცოდით, სად გაგვიშვებდნენ. თან ჩვენ გვინდოდა რომ უბრალოდ აქ დავრჩენილიყავით და გვეცხოვრა. დახმარება არ გვითხოვია. გვსმენია მძიმე ისტორიები, მაგრამ ჩვენ მარტივად გადმოვედით საცხოვრებლად. დაგვეხმარა ის, რომ ორნი ვართ და ერთმანეთს ვაძლიერებთ.

საქართველოში ვერ ჩამოვალთ, სანამ აქ მოქალაქეობას არ მივიღებთ, რაც აქ ყოფნის 5 წლის შემდეგ მოხდება. ჩვენ 5 წელში მივიღებთ პასპორტებს, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც 15 წლის ელოდებიან.

თბილისში ყოფილა ქუჩაში შემთხვევები, რომ უგინებიათ და ხელიც დაურტყამთ. განსაკუთრებულად ცუდი გამოცდილება საქართველში არ მქონია, მაგრამ არასრულყოფილ ადამიანად ვგრძნობდი თავს. აქ ქუჩაში არავინ არ გიყურებს, არავინ არ გეძახის, ბიჭი ხარ თუ გოგოო. სრულფასოვან ადამიანად გრძნობ თავს.

გიორგი, 23 წლის

2020 წელს თავშესაფარი მოითხოვა ბელგიაში

დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში. იქ ლგბტ ადამიანებზე საერთოდ ინფორმაცია არ აქვთ. ერთი ღიად ქვიარი ადამიანიც კი არ არის. საერთოდ არც წარმოუდგენიათ, რომ მსგავსი ადამიანი შეიძლება არსებობდეს მათ გარემოცვაში. უნივერსიტეტში, ლექტორებს ჰქონდათ ზიზღი ქართველების მიმართ, რაც გამოიხატებოდა ქულებშიც. ჩემი ქცევების, მანერების გამო, ხშირად მაბულინგებდნენ. ამას ემატებოდა ქართველობა და ფაქტობრივად ორმაგი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი.

რაც წამოვედი, ჯერ ნერვიულობის გარდა ვერაფერს ვერ ვგრძნობ.  სულ რომ ცუდად დამთავრდეს ეს ყველაფერი და სახლში წასვლა მომიწიოს, ჩემს გულში დარჩება მოგონება, რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ჩვენ ცხოველები კი არა, ადამიანები ვართ

სკოლის დამთავრებამდე ორი წლით ადრე დავარქვი სახელები ჩემს სურვილებს და ემოციებს. მივხვდი, რომ პრობლემა საზოგადოებაში იყო და არა ჩემში. ამაში 99 პროცენტით ინტერნეტი დამეხმარა.

წარმოიდგინეთ ერთი საერთო საცხოვრებელი, სადაც ყველა ყველას იცნობს - ასეთია სოხუმი დღეს. უბრალოდ მინდოდა წავსულიყავი იქ, სადაც არავინ არ მიცნობდა და დამეწყო თავიდან ისე, როგორც მინდოდა.

თბილისში თავიდან ძალიან კომფორტულად ვიგრძენი თავი. არავის არ ვიცნობდი, უსაფრთხოება ვიგრძენი და ის, რომ არავის არ ვაინტერესებდი. დავიწყე საკუთარი თავის გამოხატვა. გავიჩინე მეგობრები, რომლებთანაც არ მიწევდა არაფრის დამალვა. სიტუაციას მოვერგე, ცალკე ვცხოვრობდი, ორგან ვმუშაობდი, თან ვსწავლობდი და გართობასაც ვასწრებდი.

თუმცა გარკვეული საზღვრების დაწესება მაინც მიწევდა. მაგალითად საყურით ფოტოს ვერ დავდებდი ფეისბუკზე. იმიტომ, რომ ამას ნახავდნენ ჩემი იქაური მეზობლები და დაიწყებდნენ ჭორაობას.

ერთხელ მე და ჩემი მეგობარი უნდა წავსულიყავით ჰორუმზე [ქვიარ ღამეების სერია]. ნასვამი ვიყავი, შორტი, გრძელი ზედა და რაღაც ბატინკები მეცვა. მეტროში ვართ და უცებ ვგრძნობ, რომ რაღაცა წრე იკვრება ჩემ გარშემო. აგვეკიდა სამი ტიპი, რომლებმაც ჩემი დაცინვა დაიწყეს. ფიზიკურადაც გამოიწიეს, მაგრამ პოლიცია იყო იქვე.

მე და ჩემი შეყვარებული ბინიდან იმიტომ გამოგვყარეს, რომ მეზობლებმა დაიჩივლეს, ბავშვები გვეზრდებიან და ამთთან ერთად ჩვენ ვერ ვიცხოვრებთო.

საბოლოოდ ვიფიქრე, რომ არ უნდა შემეწირა ცხოვრება ჰომოფობებისთვის. იმის პრეტენზიაც ვერ მექნებოდა, რომ აქტივისტი ვყოფილიყავი. ასე დამალულად ყოფნას, ვარჩიე წავსულიყავი.

წამოსვლამდე ერთი თვით ადრე ვიყიდეთ ბილეთები და დავიწყეთ ფულის შეგროვება. არც გვისაუბრია, არც მშობლებთან განმიხილავს. დაფიქრების, განსაზღვრის, დაგეგმვის გარეშე. ერთადერთი, წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე დავუკავშირდი ქართველს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩაბარდა აქ. ერთადერთი რაც მითხრა, ფსიქოლოგიურად თუ მზად არ ხარ, არ წამოხვიდეო. სხვა ინფორმაცია არ გვქონდა.

აქ რომ ჩამოვედით მინდოდა, ჩემ შეყვარებულთან ერთად ხელჩაკიდებულს მევლო, მაგრამ მაინც მქონდა კომპლექსი, ზედმეტად ახლოს არ მივდიოდი. არ ვიცი ამაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა როგორც და ვისთანაც გინდა ისე დადიხარ. უცხო ადამიანები გვიღიმიან, როცა წყვილს გვხედავენ.

მოვედით თავშესაფარში. ძალიან ბევრი ხალხი იყო. გვკითხეს მიზეზი, რატომაც თავშესაფარს ვითხოვდით. ჩვენ როგორც წყვილს, გამოგვიყვეს ცალკე ოთახი. წესით ინტერვიუ უნდა გვქონოდა ორ-სამ დღეში, მაგრამ კორონავირუსის გამო, მესამე თვეა ველოდებით.